ვინ ზრუნავს პრეზიდენტის ჩაცმულობაზე?!

ვინ ზრუნავს პრეზიდენტის ჩაცმულობაზე?!

(იბეჭდება შემოკლებით)

ჰყავს თუ არა მიხეილ სააკაშვილს პირადი დიზაინერი და მიუთითებს თუ არა მას ვინმე ჩაცმის ეტიკეტის დაცვაზე.

პიარის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკოსის ჩაცმის სტილში ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმაც კი შესაძლოა გამოუსწორებლად გააფუჭოს ან სულაც თვალის დახამხამებაში გააკეთოს საქმე. ვფიქრობ, პრეზიდენტის ჩაცმის სტილზე უთუოდ უნდა ზრუნავდეს ვინმე. სხვა საქმეა, როგორ ზრუნავენ, ან რამდენად იღებს მათ რჩევებს ბატონი პრეზიდენტი.

შევეცადეთ ფოტოების მიხედვით ტანსაცმლის ფერებსაც დავკვირვებოდით და დაგვედგინა, რის თქმას ცდილობდნენ პრეზიდენტის ჩაცმულობის სტილით მისი პიარისტები.

ერთ-ერთ ფოტოზე მიხეილ სააკაშვილს ყვითელ მაისურზე ცისფერი პერანგი ჩაუცვამს, ერთგან ცისფერ მაისურზე წითელი და თეთრზოლიანი პულოვერი და ყავისფერი ქურთუკი აცვია. საზოგადოების განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია პრეზიდენტის ფოსფორისფერმა მწვანე სპორტულმა კოსტიუმმა, რომელსაც მუქი, შინდისფერი ელვით გაწყობილი შავი ჟაკეტი ამშვენებდა. ალბათ პრეზიდენტის თინეიჯერულ სტილზე ყურადღება ასე არც გამახვილდებოდა, რომ იგი ამავე სამოსით ოფიციალურ შეხვედრაზე არ გამოცხადებულიყო.

ბოლო დროს, განსაკუთრებით კი 7 ნოემბრის და ოპოზიციის გააქტიურების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ჩაცმის სტილი (ოფიციალური შეხვედრების გარდა, სადაც ეტიკეტი მკაცრად განსაზღვრულია) შესამჩნევად თავისუფალი და ყოველდღიურია. ამით, სავარაუდოდ, მისი პიარისტები ცდილობენ ხაზი გაუსვან პრეზიდენტის უშუალობას. შესაძლოა მწვანე სპორტულ კოსტიუმს და თხილამურებსაც ეს დატვირთვა ჰქონდა, თუმცა, გათვლა აშკარად არასწორი გამოდგა და ოფიციალურ კოსტიუმებში გამოწყობილ საზოგადოებასთან საქმიან საუბარში, მწვანეშარვლიანი პრეზიდენტი უფრო სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, სტილისტები (ან სულაც თვითონ) ცდილობენ 42 წლის პრეზიდენტს ძველებურად ძალიან ახალგაზრდული და ენერგიული იერი შეუნარჩუნონ, ამიტომაც ურჩევენ მას დასავლურ, თინეიჯერულ სტილს - კაშკაშაფერებიანი მაისურებით ან პერანგებით და მოკლე სპორტული ქურთუკებით სიარულს. ალბათ იმავე მიზეზის გამო ზოგჯერ უღებავენ თმასაც.

სასაცილოდ და გაუგებრად აღიქმება, როდესაც პრეზიდენტის მთელი გარემოცვა ჩაცმულია ოფიციალურად, ის კი სპორტულად და თანაც ეგზოტიკურ ფერებში გამოწყობილი მიდის შეხვედრაზე სერიოზულ თემებზე სასაუბროდ. ამასთან, საინტერესოა მისეული ფერთა შეხამება.

ისე, მოხერხებაც უნდა ასეთი ფერების სამოსელის შეძენას. მე ის უფრო არ მომწონს, სააკაშვილის გემოვნება რომ დამკვიდრდა მის გარემოცვაში, რაღაც მაზალო ფერის ჰალსტუხები უკეთია ყველას. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილს უნდა ჰყავდეს გვერდით მრჩევლები, რომლებიც ეტყვიან, რა ჩაიცვას. საქართველოში ბევრი გემოვნებიანი დიზაინერი და მხატვარია და თუ მოისურვებდა, პრეზიდენტს არ გაუჭირდებოდა მათი მოძებნა.