სამინისტროში მოსალოდნელია ბუნტი, სამინისტროში მოსალოდნელია წმენდა

სამინისტროში მოსალოდნელია ბუნტი, სამინისტროში მოსალოდნელია წმენდა

 

„გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან. მინისტრ ბ-ნ ბაჩანა ახალაიასთან ვერ ვიმუშავებ“, - ეს არის  განცხადების ტექსტიდან ამონარიდი, რომელიც შსს-ს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ორი დღის წინ დაწერა.

„ბაჩოსთვის იქნება ძალიან ძნელი მუშაობა. შენარჩუნებაც კი იმ დონის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო განავითარებს და დაამტკიცებს, რომ პოლიციაში გატარებული რეფორმა არის მტკიცე. მინისტრის ცვლილება არაფერს შეცვლის და ქართველი ხალხი დარწმუნდება, რომ მას ჰყავს პოლიციის ინსტიტუტი, რომელმაც განიცადა არნახული განვითარება და არის საამაყო თითეული ქართველისთვის, პატრიოტისათვის. დარწმუნებული, ვარ რომ ქართული პოლიცია კვლავაც იქნება ერთ-ერთი დასაყრდენი ქართული რეფორმების, საქართველოს სტაბილურობისა და განვითარების. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ვამაყობ რომ ვიყავი მთავრობის წევრი და შს მინისტრი“, - ეს ახალი პრემიერის სიტყვებია, რომელიც ექსპერტების აზრით გაფრთხილება და თითის დაქნევაა და არა თანაგუნდელისადმი რჩევის მიცემა ან მხარდაჭერის გამოხატვა.

ყველაფერი ხელისგულზე დევს - 2003 წლიდან დღემდე, სადაც კი ბაჩანა ახალაიას უმუშავია, ყველგან ბუნტი და დაპირისპირება მივიღეთ. იგივეს პროგნოზირებენ შს სამინისტროშიც და პირველი მაგალითიც სახეზეა - პოლიციის ჩინოსნები თანამდებობას მოტივირებულად ტოვებენ!

რა ხდება  იმ ძალოვან უწყებაში, რომელიც სააკაშვილისათვის უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი ძალა იყო? რატომ მიიღო ყველაზე კრიტიკულ მომენტში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე სააკაშვილმა მერაბიშვილის შს მინისტრობიდან გადაადგილების გადაწყვეტილება? რა შედეგს მოიტანს ახალაიას ნომერ პირველი პოლიციელობა? კითხვები, რომელსაც სხვადასხვა ვერსიებით პასუხობენ და კულუარული ინფორმაციები რომელიც For.ge–ს მოაწოდეს.

მივყვეთ თანმიმდევრულად: მინისტრის ცვლილებას მოსდევს ბუნებრივი პროცესი: ყველა თანამდების პირი, ვთქვათ ასე – ძველი მინისტრის კაბინეტის სრული შემადგენლობა, პატაკს წერს გადადგომის შესახებ. ახალი მინისტრი შეხედულებისამებრ ტოვებს ან ცვლის ჩინოსნებს, იქმნება ახალი კაბინეტი. ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც ნებისმიერ უწყებაში ხდება და შსს-ს სინამდვილეში სიახლე არაა. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი – ახალი მინისტრის ფაქტორი, რომელთანაც მუშაობა ვანო მერაბიშვილის არც ერთ ყოფილ თანამშრომელს (უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა „თანაგუნდელს“, მიუხედავად იმისა, რომ წესით ეს პოლიტიკური ტერმინი ძალოვან უწყებას არ უნდა ესადაგებოდეს) არ სურს!

ვანო მერაბიშვილის დანიშნული კადრების გადადგომის პროცედურა სულაც არაა „პროტოკოლით გათვალისწინებული“ საკადრო ცვლილება, ეს უფრო ბუნტის წინაპირობას გავს. როგორც არ უნდა გავაკრიტიკოთ მერაბიშვილი პოლიციაში არსებული განუკითხაობისა და კანონდარღვევების, პირდაპირ უნდა ითქვას – ჩადენილი დანაშაულის გამო, ფაქტია - პოლიციაში მერაბიშვილი უყვარდათ და თანამშრომლებს შორის კარგი ავტორიტეტითაც სარგებლობდა.

ერთი პოლიციელი For.ge–სთან საუბრისას იხსენებს: „ვანო მერაბიშვილის მსგავსი მინისტრი პოლიციას არ ყოლია. არავის ახსენდება, რომელიმე თანამშრომელი უყურადღებოდ დაეტოვებინოს და არ გეგონოთ, რომ ეს ყურადღება მაღალი რანგის თანამშრომლებს ეხებოდა. არა, მერაბიშვილი განურჩევლად რანგისა ყველა თანამშრომელს დიდ ყურადღებას აქცევდა. იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ერთმა რიგითმა, რომელსაც მინისტრისთვის მხოლოდ ტელევიზორში ქონდა თვალი მოკრული, ცოლი მოიყვანა და ქორწილის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. მერაბიშვილმა მას ქორწილი გადაუხადა. მსგავსი არა ერთი ფაქტი მომხდარა და ამიტომ აქვთ გლოვა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით დღეს პოლიციელებს“. სანაცვლოდ რას შესთავაზებს პოლიციელებს ბაჩანა ახალაი, ეს მომავლის საქმეა, მაგრამ ახალაიას კარიერიდან არის მაგალითების მთელი წყება, რაც პოლიციის პირად შემადგენლობას შეშფოთების მიზეზს აძლევს. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს არის „მოარული ხმები“ და ნაკლებად დასაჯერებელია, მაგრამ მერაბიშვილის გადაყენებამდე „მოარული ხმა“ იყო დათა ახალაიას კუდ-ის ხელმძღვანელად აღდგენის ინფორმაციაც, რომელსაც არავინ ადასტურებდა. ბაჩანა ახალაიას გამინისტრებისთანავე შსს-მ ოფიციალურად დაადასტურა ის რაც კარგა ხანია არაოფიციალურად ვიცით - დათა ახალაია კუდ-ის უფროსი იყო!

მერე რა, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმე დღემდე ალესილი ნაჯახივით ადევს არა მხოლოდ მერაბიშვლის, ახალაიას და სხევბს, არამედ – სახელმწიფოს! ბაჩანა ახალაია ნაცმთავრობის ყველაზე სკანდალური სახეა.

ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების სისტემაში დეპარტამენტის ახლადდანიშნულმა თავმჯდომარემ „მოახერხა“ და პატიმრების მანამდე უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. სასამართლომ განიხილა რამდენიმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, სადაც ათობით ადამიანის ჩვენება დევს და საიდანაც ვიგებთ, რომ „ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დეპატრამენტის თავმჯდომარემ პატიმრებს ცემა დაუწყო, ხოლო შემდეგ ავტომატის ჯერი გადაატარა“. ეს არის ფაქტი, ხოლო ციხის ბუნტზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა.

ეს არ არის ერთადერთი „საგმირო მაგალითი“, თუმცა მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი ახალაია ჩამოეცილებინათ სისტემისთვის და მეტიც დაეკავებინათ. მაგრამ ხდება საპირისპირო – საქართველოს პრეზიდენტს ახალაია თავდაცვის მინისტრად გადაყავს. იმ პერიოდში არსებული ინფორმაციით, რომელსაც ჩვენთან საუბრისას არაოფიციალურად ადასტურებდნენ კიდეც თავდაცვის თანამშრომლები, ბაჩანა ახალაიამ ყველა თანამშრომლის კაბინეტში მოსასმენი აპარატურა დაამონტაჟა და ისიც ცნობილია, რომ არაერთი თანამშრომელი უმიზეზოდ გააგდო სამსახურიდან. კულუარულად ისიც ცნობილია, რომ ახლადგამინისტრებულ ახალაიას სპეცრაზმელებთან დაპირისპირება მოუვიდა და მაშინ, როგორც ამბობდნენ, სამხედროების ბუნტი მისმა ერთ-ერთმა მოადგილემ (წინამორბედიდან გადმოყოლილმა) ააცილა თავიდან.

ასეთ ფონზე გასაკვირი არაა, ახალაიას მინისტრობა დიდად რომ არ გახარებოდათ შს თანამშრომლებს. მერაბიშვილის წასვლისთანავე სამსახური დატოვა უტიაშვილმა. პრინციპში, ეს იყო პროტესტის პირველი სიგნალი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უტიაშვილი, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებული იყო დალოდებოდა ახალი მინისტრის მისვლას და შესაბამისად – გადაწყვეტილებას. ეს არის აქსიომა და ძალოვან უწყების დოგმა. უტიაშვილი არ დაელოდა და სამსახურიდან ისე წავიდა, რომ ახალაიას მისი გათავისუფლების ბრძანებაზე ხელი არ მოუწერია, ანუ მინისტრს მისი საკითხი არ განუხილავს.

ახალაიას დასტურის გარეშე თანამდებობიდან წავიდნენ მესხელი და ხიზანიშვილი. ბუნტი არა მაგრამ პროტესტის გამოხატულება ეს ნამდვილად არის, მითუმეტეს –სისტემაში დანერგილი წესის ფონზე.

„პროტოკოლის“ მიხედვით ყველა მოადგილე, დეპარტამენტის თუ სხვა სამსახურის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან გადადგომის შესახებ პატაკი დაწრერონ. ეს ასეც მოხდა და ამაში სკანდალური არაფერია. სკანდალი სხვა რამაა – ჩვენი ინფორმაციით, ოთხშაბათს გვიან ღამით ახალაიამ ჩაატარა სახელდახელო (ოფიციალურს ვერ დავარქმევთ) თათბირი, სადაც განაცხადა: „ვისაც ჩემთან არ უნდა გზა ხსნილია, სადაც გინდათ წადით, გინდა – სახლში, გინდა – ვანოსთან... მე ჩემი წესები მაქვს და ამ წესებს უნდა დაემორჩილოს ყველა“. როგორც ამბობენ სწორედ გუშინ, ამ თათბირის შემდეგ დაიწერა ბევრი განცხადება შს სისტემიდან წასვლის მოთხოვნით.

For.ge–ს წყაროს ინფორმაციით, დღეს შს სისტემაში „დიდი წმენდა“ დაიწყება. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც პრობაციის სამსახურის ერთმა თანამშრომელმა მოგვაწოდა: „მასიურად ათავისუფლებენ იმ პატიმრებს, რომელებიც მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის იხდიდნენ სასჯელს და...მაშინვე ასაქმებენ. დღეს (ოთხშაბათს) ერთ პრობაციონერი მეუბნება, რომ მუშაობას იწყებს. ვკითხე – სად-მეთქი და, ბაჩო ახალაიასთანო. არ გაგიკვირდეთ და, მეტი არც არაფერი მიკითხავს და ვერც ვკითხავდი. სიმართლე გითხრათ, შოკში ჩავვარდი. ნარკოტიკების დიდი რაოდენობის შეძენა-გაყიდვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს, 2 წელზე მეტი არა აქვს მოხდილი და დღეს უკვე პრობაციონერია, თან – დასაქმებულია ძალოვან უწყებაში“.

კულუარულად უკვე ცნობილი ხდება, რომ ბაჩო ახალია თავდაცვიდან შსს-ში გადაიყვანს მეგის ქარდავას (როგორც ამბობენ მან უკე „ჩაალაგა ნივთები“), შტაბისა და ადმინისტრაციის უფროსებს, სპეცრაზმისა და სამხედრო პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, როგორ აიცილებს თავიდან ახალაია ბუნტს, ეს საკითხავია. ვინ ვინ, და ახალაიას ხასიათი სააკაშვილმა ნამდვილად იცის, თუ დავუშვებთ, რომ მერაბიშვილ-ახალაიას ტანდემს შორის შავმა კატამ გაირბინა (რაც, როგორც ამბობენ, პირად მოტივს უკავშირდება) მაშინ ორ მეტნაკლებად გავლენიან პირს შორის დაპირისპირება აშკარა გახდება და თქმა იმისა, თუ რას წარმოადგენს მერაბიშვილი პოლიციის გარეშე, სასაცილოც კი იქნება, თან – თუ თანამშრომლების განწყობას გავითვალისწინებთ.

ახალაიამ თითქმის ორი წელი შეწირა ოქრუაშვილის კადრებისაგან თავდაცვის სამინისტრო რომ გაეწმინდა, არჩევნებამდე კი რამდენიმე თვე დარჩა...