მერაბიშვილი ჯერ პრემიერმინისტრად დამტკიცებულიც არ იყო, რომ პარლამენტში პრემიერმინისტრის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ კანონპროექტი შევიდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კიდეც.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის თანახმად „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში რამდენიმე ცვლილება შედის.
ცვლილებების თანახმად, მთავრობის კანცელარიის უფროსის ნაცვლად, კანცელარიას პრემიერი უხელმძღვანელებს; მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების წესი კანონის ნაცვლად მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება; ცვლილებებით განისაზღვრა ასევე იმ უფლებამოსილებათა სახეები, რომელთა დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც ეძლევა პრემიერ-მინისტრს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ამბობს, რომ „მთავრობას სჭირდება ისეთი მექანიზმები, რომელიც უკავშირდება გადაწყვეტილებების სწრაფ, მოქნილ მიღებას“ და ეს ცვლილებებიც ამით არის განპირობებული.
„ჩვენი ხალხი ხელისუფლებისაგან სწრაფ მოქმედებებს ელოდება. ეს ცვლილებები ტექნიკურ, მაგრამ შინაარსობრივ საკითხებს უკავშირდება. შედეგად მთავრობის ფუნქციონირებისთვის სწრაფი და მოქნილი მექანიზმები ჩამოყალიბდება“, - ამბობს გია ხუროშვილი.
ექსპერტები კი ამბობენ, რომ „ეს ცალსახად პრემიერმინისტრის უფლებამოსილების გაძლიერებას ნიშნავს და იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ტოტალიტარიზმის ხაზი ძლიერდება“.
სწორედ ამიტომ დავინტერესდით, რას ფიქრობს ამაზე პარლამენტი და რატომ დათანხმდა ასე უპრობლემოდ ამ საკითხის გატანას. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ამ თემაზე საუბარი არ სურს და ძირითადად იმას იმეორებენ, რა განმარტებაც გია ხუროშვილმა გააკეთა.
პარლამენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი: პრემიერმინისტრის უფლებამოსილებები ვერ გასცდება იმ კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით და აქ არის ცალკეულ შემთხვევებში ოპტიმიზაციაზე საუბარი. ყოველ შემთხვევაში, იმ ნორმებზე, რომელიც არეგულირებს მთავრობის სხდომის გამართვის საკითხებს, ცალკეულ ტექნიკურ დეტალებს და ა.შ.
შესაბამისად, უფლებამოსილებები ისეთივე რჩება, როგორიც აქამდე ჰქონდა პრემიერს და მოხდება ცალკეული ნორმების გადასინჯვა იმისთვის, რომ უფრო ოპტიმალური პირობები არსებობდეს მთავრობის სხდომის გამართვისთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებისთვის და, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია მთავრობის ეფექტიანი საქმიანობისთვის.
თქვენ ამბობთ, რომ ეს არ არის იმ უფლებაზე მეტი, რაც დღეს გააჩნია პრემიერმინისტრს?
- აქ არ არის საუბარი კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილებების გაზრდაზე. პრემიერის უფლებამოსილებები რაც იყო, იგივე რჩება. უბრალოდ, ხდება ამ ნორმების ოპტიმიზაცია იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანი იყოს მთავრობის საქმიანობა. უფრო მარტივი იყოს მართვა და, ბუნებრივია, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის პროგრამა, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი, უფრო ეფექტურად განხორციელდეს.
კანონის ნორმა ხელს უშლიდა, რომ ეფექტიანი ყოფილიყო?
- არა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ხელის შეშლაზე არ არის საუბარი და საუბარია უფრო მოქნილ მექანიზმზე, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.
რამდენიმე წლის წინ მთავრობას ასეთივე ინიციატივა ჰქონდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა უარი უთხრა. ახლა რატომ გახდა ამის მიღება საჭირო?
- უი, არ მახსოვს, ეს როდის იყო?
*****
ეს იდეა მაშინდელ სახელმწიფო მინისტრს, კახა ბენდუქიძეს ეკუთვნოდა და უნდა ითქვას, რომ ამ იდეის ერთ-ერთი კატეგორიული მოწინააღმდეგე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე, ხათუნა გოგორიშვილი იყო.
ხათუნა გოგორიშვილი: თავისთავად რომ გაძლიერდეს, პრობლემა არც ეს არ არის, მაგრამ ამ კანონის მიხედვით ეს არ ხდება და ამის მიზანი არის ის, რომ მთავრობის მუშაობა უფრო მოქნილი იყოს.
ეს რაში გამოიხატება?
- მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მივიღეთ ელექტრონულ საქმის წარმოებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები და, შესაბამისად, მთავრობასაც უნდა გააჩნდეს ეს უფლება, რომ ელექტრონული მიმოწერით გადაწყვეტილების მიღება შეეძლოს. იგივე ის შემთხვევა, როდესაც მთავრობის სხდომის გარდა შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების სხვა შემთხვევაშიც მიღება.
ექსპერტები პრობლემას სწორედ ამაში ხედავენ, რომ გადაწყვეტილება უკვე ერთი პირის მიერ იქნება მიღებული და არა კოლეგიალურად. ასევე პრობლემას ხედავენ დელეგირების უფლებასთან დაკავშირებითაც.
- დელეგირების უფლების გადაცემაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული პერიოდით პრემიერმინისტრს ექნება უფლება, თავისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს, რაც ქმედითს გახდის. ანუ, როდესაც კონკრეტულ საქმეს სჭირდება გადაწყვეტილების მიმღები იყოს კონკრეტული ადამიანი, ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს და მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და ქმედითი და ნებისმიერი ბიუროკრატიული და ფორმალური ბარიერები არ უნდა არსებობდეს.
დელეგირების უფლების მინიჭება არ ნიშნავს პრემიერის უფლების გაძლიერებას?
- აქ საუბარი არის პრემიერმინისტის უფლებამოსილებაზე და ამაზე მთავრობა გადაწყვეტილებას არ იღებდა. ეს არასწორად არის გაგებული. თუ ნახავთ კანონპროექტს, ნახავთ, რომ აქ არის არა მთავრობის ფუნქციების დელეგირებაზე, არამედ პრემიერმინისტრის უფლებების დელეგირებაზე და ამის მნიშვნელობა არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში იყოს მოქნილი სისტემა.