მიხეილ სააკაშვილის გუნდი ახალი ინიციატივით გამოდის - შეიქმნა ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც დასაქმების მინისტრი უხელმძღვანელებს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის შემდეგ სააკაშვილის გუნდი მიხვდა, რომ დასაქმების პრობლემა ქვეყანაში ისევ აქტუალურია და სავარაუდოდ, მათი ასეთი გამჭრიახობა მოახლოებულმა არჩევნებმა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ გამოიწვია. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი საარჩევნო პროგრამა გაახმოვანა, სადაც პრიორიტეტებად ჯანდაცვა, დასაქმება და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა განსაზღვრული, ხელისუფლებამ პრაქტიკულად ეს პროგრამა გადაამღერა და ოდნავ სახეცვლილი შემოგვთავაზა. სავარაუდოდ, დასაქმების მინისტრის აპარატის შექმნაც ხელისუფლების ამ ახალი სტრატეგიის ნაწილია.
კონკრეტულად რას გააკეთებს დასაქმების მინისტრი, ჯერაც ბუნდოვანია. ერთი, რაც ამ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ ცალსახად ითქვა, არის ის, რომ პრაქტიკულად ამ უწყების შექმნით ხელისუფლებამ დასაქმების კუთხით ეკონომიკის სამინისტროს წარუმატებლობა აღიარა. რა მეთოდებით შეებრძოლება დასაქმების სახელმწიფო მინისტრი უმუშევრობას, ამას ალბათ მომავალი გვიჩვენებს. ამ უწყების შექმნასტან დაკავშირებით კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა გააკეთა და არ გამორიცხა, რომ „შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან „შრომის“ კომპონენტი გამოცალკევდეს.
"შრომის კომპონენტს, დღეისთვის შრომის ბაზრის აღრიცხვის, უმუშევრობის სტატუსის, ან შრომის ბირჟის დადგენის ფუნქცია არ გააჩნია და შესაბამისად, სწორი იქნება, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ კომპონენტისგან გამოთავისუფლდება და სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში მოექცევა", - აცხადებს წერეთელი. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალ სახელმწიფო მინისტრს უმუშევართა აღრიცხვა და მათთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას შეუდგეს. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს პარლამენტმა ახალი შექმნილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შენახვისთვის ხარჯები დაამტკიცა და როგორც ირკვევა, სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება საგარეო ვალის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხებიდან მოხდება.
დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვანო მერაბიშვილმა ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე წარადგინა. ტრაპაიძე კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის" დაამარსებელია და 2010 წელს იგი სააკაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ის კომპანიაა, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით არაერთი ტენდერი აქვს მოგებული. მაგალითად, ამ კომპანიის შესრულებულია სატრანზიტო კვანძები და ხის საფეხმავლო ხიდი გმირთა მოედანზე, აჭარაში ქვემო სამება-ზემო სამების საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნატახტარი-აღაიანი-იგოეთის მონაკვეთი, ავტომაგისტრალი ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე, ანაკლია-განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე, მესტიის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, სპორტულ-დასასვენებელი კომპლექსი და რესტორანი ილიას ტბაზე, ასევე მთავრობის სახლის მშენებლობა ქალაქ ქუთაისში. ამჟამად კი „კავკასუს როუდ პროჯექტი“ თბილისში, მტკვრის მარჯვენა ესტაკადებს აკეთებს და ქუთაისში საქართველოს პარლამენტის შენობას აშენებს.
შეგახსენებთ, რომ აქ ჩამოთვლილი პროექტებიდან რამდენიმემ კრახი განიცადა. კერძოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზეიმოდ გახსნილი ანაკლია-განმუხურის 500-მეტრიანი ხიდი ქარმა წაიღო. მაშინ ითქვა, რომ ქარმა მხოლოდ ხიდის ნაწილი წაიღო, რადგან ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადების მეორე დღესვე ის დაშალეს და ერთი ნაწილი სვანეთში წაიღეს. აღმოჩნდა, რომ ტრაპაიძის აშენებული ხიდი პრეზიდენტმა დაიწუნა და მის ადგილას სხვა ხიდის აგება ბრძანა, მაგრამ რამდენადაც ცნობილია, ეს ბრძანება ჯერ არ შესრულებულა.
„კავკასუს როუდ პროჯექტის“ მეორე წარუმატებელი პროექტი ქუთაისში მშენებარე პარლამენტის შენობაა. შეგახსენებთ, 7 ივნისს პარლამენტის მშენებარე შენობის ხარაჩო ჩამოინგრა და ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო მშენებლობაზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მაშინ პროკურატურამ ტრაპაიძის კომპანიის საქმის მწარმოებელი დავით ქავთარაძე დააკავა, ხოლო სახელმწიფო სამსახურებმა მომხდარზე ყველანაირი პასუხისმგებლობა მოიხსნეს. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ თავად კომპანიის დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე მინისტრად მოგვევლინება. ამდენად, მას „დამსახურებები“ დაუფასეს და ამ თანამდებობით დააჯილდოვეს.
გარდა ზემოთხსენებული საქმიანობისა, „კავკასუს როუდ პროჯექტს“ ხის გადამამუშავებელი საამქროც აქვს და ე.წ. „ფინური სახლების“ მსგავსი ნაგებობების მშენებლობითაც არის დაკავებული.
რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები ახალი უწყების შექმნაზე, რამდენად ეფექტიანი იქნება იგი, და საერთოდ, რას უკავშირდება ეს ინიციატივა, ამასთან დაკავშირებით for.ge ექსპერტებს ესაუბრა.
ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი ლადო პაპავა ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს. მისი თქმით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი თავის საჯარო გამოსვლებში მუდმივად ხაზს უსვამს მცდარ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში სააკაშვილის გუნდი ატარებდა და ივანიშვილი ხალხს დასაქმებას და სოფლის პრობლემების გადაჭრას პირდება, ექსპერტის აზრით, ახალი მინისტრის თანამდებობის შექმნა ამაზე ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯია.
„პრაქტიკულად სააკაშვილმა ივანიშვილის თამაშის წესები მიიღო. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ დღეს ახალი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილს ახალი, უფრო მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებაში ეჯიბრება. ამდენად, გაიმართა აუქციონი, ვინ მეტს დაასახელებს, მაგრამ სანამ ამ დასახელების უკან კონკრეტულ გათვლებს არ ვნახავთ, მანამდე არც ერთი ასეთი განცხადება არ შეიძლება სერიოზულად იქნას შეფასებული. მე ველი პროგრამებს, უფრო მეტად ივანიშვილის გუნდისგან, რადგან ვიცი, იქ ეკონომისტები არიან. ნაკლებად ველი ამას მთავრობისგან, რადგან რვა წელია მათ პროგრამა არ დაუწერიათ და რაღა მაინცდამაინც ახლა დაწერენ? თუმცა თუ დაწერენ, ძალიან გამიხარდება“, - აცხადებს ლადო პაპავა for.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის სამინისტროს პრეცენდენტი მსოფლიოში არსებობს. ლადო პაპავა აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში შრომის რეგულირების ფუნქციები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქვს და ახლა საუბარია, რომ ეს ფუნქციები დასაქმების მინისტრის აპარატს გადაეცემა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ეს სამინისტრო რაიმე ეფექტიანს ვერ გააკეთებს.
„საქმე იმაში გახლავთ, რომ ახლა პარლამენტს მხოლოდ ერთი სასესიო კვირა დარჩა, ისიც - მხოლოდ რიგგარეშე სხდომისათვის. დიდი ალბათობით, აგვისტოში პარლამენტი არ შეიკრიბება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები ოქტომბერშია, სესიები შემოდგომაზეც არ იქნება. ასე რომ, რაიმე სერიოზული დატვირთვა ამ სამინისტროს უბრალოდ ვერ ექნება“, - აცხადებს ლადო პაპავა.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ სამინისტროს შეუძლია გააკეთოს, შრომის კოდექსის შექმნაა, მაგრამ ახალი შრომის კოდექსი რომც დაიწეროს, ეს პარლამენტი მის დამტკიცებას ვერ მოასწრებს, არჩევნების შემდეგ კი შეიძლება სულ სხვა კონფიგურაციის პარლამენტი მივიღოთ და მთავრობაც შეიცვალოს. ამიტომ ექსპერტი ამ ეტაპზე ამ სახელმწიფო მინისტრის რაიმე განსაკუთრებულ ფუნქციას ვერ ხედავს.
„საერთოდ, მე ყოველთვის სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ ბიზნესმენები ყოველთვის განსხვავებულად უყურებენ ეკონომიკის მართვას, ხოლო ეკონომიკის მართვას სჭირდება არა უბრალოდ პოლიტიკოსები, არამედ ძალიან კარგი სახელმწიფო მოხელეები. აქედან გამომდინარე, დასაქმების მინისტრის საქმიანობა (რომელსაც ძალიან კონკრეტული ფუნქციები დაეკისრება) რომელსაც შესაქმნელი ექნება შრომის ბირჟა, დასაქმების სააგენტო და ა.შ. ეს ყველაფერი ნაკლებად არის ბიზნესმენის გასაკეთებელი. აქვე აღვნიშნავ, რომ ნამდვილად არ ვიცი ბატონი ტრაპაიძე რამდენად არის ბუნებით მიზნესმენი, რადგან მას არ ვიცნობ“, - აღნიშნავს ექსპერტი.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე for.ge-სთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ როგორც წესი, ასეთ მინისტრს უპორტფელო მინისტრს უწოდებენ და ერთადერთი, რაც ასეთ მინისტრს შეუძლია, არის ის, რომ რეალურად აღრიცხოს უმუშევრები და ხელისუფლებას ეს რეალური მონაცემები წარუდგინოს. აქვე ექსპერტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ე.წ. თვითდასაქმებულთა შესახებ მის მიერვე შექმნილი პროპაგანდისტული ხერხი უნდა უკუაგდოს.
„ქვეყანაში რეალური დასაქმება არის მინიმალური, ბიზნესიდან ხელფასს მხოლოდ 398 000 ადამიანი იღებს, ამას თუ დავუმატებს სახელმწიფო სტრუქტურებს, უცხოელებს და ა.შ. მთლიანობაში 610 000 კაცი თუ იღებს ხელფასს. დანარჩენ 73%-ს არანაირი შემოსავალი არ გააჩნია“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
იგი ვარაუდობს, რომ ახალი მინისტრის ფუნქცია უმუშევრების სტრუქტურის, კატეგორიების დადგენა იქნება. შემდეგ დასაქმება არა ამ მინისტრმა, არამედ ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა უზრუნველჰყოს. გიორხელიძე ამბობს, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ხელისუფლებას არ ჰქონდა, ან ჰქონდა ეკლექტური და აბსოლუტურად არაეფექტიანი. ამიტომ ექსპერტი აღნიშნავს, რომ რას გააკეთებს ახალი პრემიერ-მინისტრი, მასზე და იმ გუნდზე იქნება დამოკიდებული, რომელსაც იგი პარლამენტში წარადგენს, თუ ეს გუნდი კვალიფიციური იქნა, მაშინ რაღაც დროში კარგი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება, მაგრამ დემურ გიორხელიძე არ ფიქრობს, რომ დღეს ხელისუფლება ისეთ გუნდს შექმნის, რომელსაც ეკონომიკაში რაღაცის გაკეთება შეუძლია.
„ეკონომიკაში კრიზისულ სიტუაციებში წარმატებას აღწევენ მხოლოდ პოლიტიკურად მოაზროვნე უმაღლესი კლასის პროფესიონალები. თუ ასეთი მთავრობა ჩამოყალიბდა, მაშინ პერსპექტივა არის, თუ არადა ვანო მერაბიშვილს კისერზე უმძიმესი ტვირთი აქვს აკიდებული და მხოლოდ პროპაგანდისტული ხერხებით პრობლემების გადაწყვეტა გაუჭირდება, თუმცა, რა თქმა უნდა, იგი ეცდება უფრო გინივრული ნაბიჯები გადადგას, ვიდრე წინა უდარდელი მთავრობა აკეთებდა“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
პოლიტიკური ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებისთვის, მისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში რატომღაც აუცილებელი გახდა დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეექმნა.
„ძალაუნებურად, ეს იმის განცდას იწვევს, რომ აქამდე ყველა მინისტრი უსაქმურობით იყო დაკავებული. საქმიანები და უსაქმურები წარმატებას ერთად იმ შემთხვევაში მიაღწევენ, თუ ისინი საერთო საქმეს ემსახურებიან, მაგრამ საკუთარ საქმიანობაში ყალბები არ არიან. მე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია ბატონი ტრაპაიძის შესახებ, მაგრამ გულწრფელად ვუსამძიმრებ, რომ მას ამ თანამდებობის დაკავება ისეთ კრიტიკულ მომენტში მოუწევს, როდესაც ხელისუფლება დაპირებების კორიანტელს აყენებს, მაგრამ მომდევნო წლები გვარწმუნებს, რომ ყველაფერი იყო ყალბი“, - ამბობს ცისკარიშვილი.
იგი არ გამორიცხავს, რომ ამ სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტი გახდეს თავად ტერმინ „უმუშევარის“ განმარტებაზე მუშაობა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა იმისთვის, რომ თუ ადამიანი თავად გამოდის ქუჩაში, ის უკვე დასაქმებულად ჩაითვალოს.
„როგორც ჩვენი საარსებო მინიმუმი იწევს ქვევით ქაღალდზე და ზევით რეალურ ცხოვრებაში, ასევე მოხდება მისჯა დასაქმებულობისა დაუსაქმებელი ადამიანებისთვის, და არა მათი რეალური დასაქმება“, - აღნიშნავს ექსპერტი.