ოროსნები

ოროსნები

არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტს გაახსენდა, რომ მის ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე „ნაცმოძრაობის“ ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგე ყოფილა და მის „ბეჭებზე დასადებად“ თავისი ფალავანი გამოიყვანა. ძნელად პროგნოზირებადია, ამ სამ თვეში როგორ შეიძლება სოციალური პირობები ოდნავ მაინც გაუმჯობესდეს, მითუმეტეს, რომ ეს პრობლემა ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ სულ არ ახსოვდა, ან „არ იცოდა“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მის მიერ შედგენილ გეგმაში ზუსტად არის გაწერილი, თუ რას გააკეთებს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში.

„პრეზიდენტმა მომცა დავალება, უმოკლეს დროში შემემუშავებინა მთავრობის მოქმედების გეგმა და მე ვაპირებ დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტს წარვუდგინო მთავრობის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა, იმიტომ, რომ დრო არ ითმენს, რადგან საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემააა მოსაგვარებელი“, - განაცხადა გუშინ მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, „ის პირადად აპირებს შეებრძოლოს საქართველოში უმუშევრობას ისე, როგორც ებრძოდა კრიმინალს და კორუფციას წლების განმავლობაში. მე მინდა, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალო ვითარება ამ მიმართულებით“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

წლის დასაწყისში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში ობამასა და მისი გუნდის წევრებს თავს აწონებდა, კი ახსენა, რომ უმუშევრობა არსებობდა, მაგრამ ეს პრობლემა 16-17 პროცენტამდე შევამცირეთო. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი თავის წარმატებულ რეფორმებზე საუბარსაც არ მორიდებია და მსოფლიო ბანკმა წიგნიც კი გამოსცა იმის შესახებ, როგორ ააყვავა სააკაშვილმა საქართველო.

ახლა კი რატომღაც აღმოჩნდა, რომ უმუშევრობაც პრობლემა ყოფილა, ჯანდაცვაც, სოფლის მეურნეობაც და თუ ივანიშვილი განათლებაზე ალაპარაკდება, აღმოჩნდება რომ განათლებაშიც რამდენიმე მილიარდიან ახალ რეფორმას ჩაგვიტარებენ.

ჩნდება ერთი კითხვა, ნეტავ სააკაშვილის ფალავანმა, ამ წინასაარჩევნოდ აბდუშაჰილივით რომ გამოიყვანა მოედანზე, უმუშევრობა და სიღატაკე უნდა გააკრას ბეჭებზე თუ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ რაკი ქვეყნის პირველ პირს ივანიშვილის გვარის ხსენებაზე „სიჩუმის აღთქმა“ აქვს დადებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო ივანიშვილის ბეჭებზე დასადებად გახადა მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრი, თორემ სამ თვეში ეკონომიკას რომ ვერ გააცოცხლებენ, თვითონ ყველაზე უკეთესად იციან. თანაც აკაკი წერეთლის ნაწარმოებსაც სხვაგვარი ფინალი აქვს... 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიას და მის წინასაარჩევნო დაპირებებს დიდი გულისყურით ინიშნავს, ეს ყველაფერი კი როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილის 4-წლიან სამოქმედო პროგრამაში აისახება.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საერთოდ, საქართველოში წინასაარჩევნო პროგრამები ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ასე სიტყვა-სიტყვით მსგავსება მას იშვიათად უნახავს.

„თავის დროზე, ვარდების რევოლუციის დროს შალვა ნათელაშვილი ჩიოდა, სააკაშვილმა ლოზუნგები მომპარა და ახლა თვითონ იძახის, რასაც მე ვამბობდი ამდენი წლის განმავლობაშიო. ხდება პოლიტიკაში ასეთი რამ. თუ ნახავენ, რომ მომგებიანია ფორმულა, ამ ფორმულებით შეიარაღდებიან და პოლიტიკაში საავტორო უფლებების დაცვა არ არის მიღებული, ამიტომ ადვილად გადადის ხოლმე ერთი და იგივე პოზიცია აქეთ თუ იქით, მაგრამ პოლიტიკაში გადამწყვეტი არის ხოლმე ნდობა. სწორედ ამიტომ არის ხელისუფლების მიმართ ნდობის დეფიციტი, რომ 8 წელიწადია, სულ ერთი და იგივე ფორმულები ისმის. უმუშევრობა ერთ-ერთი პირველი თემა იყო, მაგრამ არაფერი კეთდება მისი შემცირებისთვის, ლაპარაკი და სიტყვა ჰაერში ეკიდება და რეალობის მოლოდინი სხვანაირია“,- ამბობს რამაზ საყვარელიძე.

იმის მიუხედავად რომ  რეფორმებითა და უმუშევრობის შემცირებით უცხოეთში თავს იწონებს მმართვერლი პარტია, შიდა მოხმარებისთვის დასაქმება ყოველი არჩევნების წინ აქტუალური თემა ხდებოდა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად უცებ დატრიალდებოდა მმართველი გუნდი, ერთ კარგ დასაქმების პროგრამას „გამოაცხობდა“, ვიღაც-ვიღაცეებს ხელფასებს დაურიგებდა და ხმებიც ჯიბეში ჰქონდა, ბოლო 30-ლარიანი ვაუჩერი ხალხს რომ სიცილად არ ჰყოფნიდა, ახლა „ფსონი“ გაიზარდა და ყველას 1000-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება. სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილის ეს იდეა, ნორმალურ ქვეყანაში ამომრჩევლის მოსყიდვას უნდა ნიშნავდეს, თუმცა საქართველოში სახელმწიფოს მიერ ხალხზე ზრუნვად ფორმულირდება.

საქართველოში ყველა ოჯახი მომავალი წლიდან ოთხ წელზე გაწერილ ათასლარიან ვაუჩერს მიიღებს. მთავრობა აძლევს ოჯახებს შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება და ეს თანხა გამოიყენონ იმ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც მათ აწუხებთ.

„ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ათასლარიანი ვაუჩერით საქართველოს მოქალაქეებს შეეძლოთ დენის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური გადასახადების გადახდა, მედიკამენტების შეძენა, ბავშვებისთვის სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა. გლეხებმა შეძლონ სასუქის, საწვავის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, რათა ნებისმიერ დროს ადამიანს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ თუ მას გარკვეულ მომენტში დაუდგა პრობლემა, რომელიც არ არის ასახული ჩვენი მთავრობის საერთო გეგმაში, მას ჰქონდეს გარანტია, რომ ამ პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხადა მერაბიშვილმა. მისივე თქმით, ამ პროექტის დახვეწისთვის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად შემუშავდება მკაფიო გეგმა, თუ რაში შეიძლება ოჯახებმა ათასლარიანი ვაუჩერი გამოიყენონ.

მოსახლეობასთან ერთად მოიფიქრებენ თუ მათ გარეშე ეს ფული რაში გამოიყენონ, ფულის დარიგების დაპირებაც კანონის თანახმად, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება.

„ეს უკვე სასამასრთლოს გააჩნია, როგორი სასამართლო გყავს, როდესაც ისეთი სასამართლოა, როგორიც ჩვენ გვყავს, ჩვენს თემიდას მარტო ერთი მიმართულებით აქვს თვალები ახვეული, მეორე მიმართულებით არა და ყოველთვის ტენდენციურია, მაშინ რა აზრი აქვს ასეთ ბრალდებას, სასამართლო ყოველთვის გადაწყვეტს მის სასარგებლოდ, ვინც მას ტელეფონზე ურეკავს“- აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ახალი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველი არჩევნების თუ რაიმე ახალი პროგრამის განხორციელების წინ თავის ბიზნესმენებს კარგა საფუძვლიანად აწიოკებს, რომ როგორმე საჭირო თანხები შეაგროვოს. 4 მილიარდი სოფლის მეურნეობაში, 3 მილიარდი ჯანდაცვაში, თითოეულ ოჯახს - 1000 ლარი - საქართველოსთანა ღატაკი ქვეყნისათვის რომელსაც 10 მილიარდამდე საგარეო ვალი აწევს კისერზე, ასტრონომიული თანხაა, საიდან მოიტანს მერაბიშვილი ამ ფულს ძნელი სათქმელია.

მოკლედ, ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ  მომავალი 4 წლის განმავლობაში ქართული სოფელი საქართველოს გაძლიერების საფუძველი გახდება. 

„ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ასევე იქნება სოფლის მეურნეობა. ვაპირებთ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ამ სფეროში 4 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდოს. მე ვდებ პირობას, რომ საქართველოს სოფელი გახდება საქართველოს გაძლიერების საფუძველი. მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოფელში იქნება წყალი, შევა შესაბამისი ხარისხის გზა, დასრულდება გაზიფიკაციის ყველა პროექტი და ყველა სოფელში იქნება ინტერნეტი“, - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო დამატებით 2 ათას ტრაქტორს და კომბაინს შეიძენს და ყველა მათგანი თითოეული გლეხისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 
„ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ 500 სასოფლო-სამეურნეო საწარმო ავაშენოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ჩემი ამოცანაა, რომ საქართველოში მინიმუს 90 ათასი ჰექტარი მიწა დამატებით მოირწყას და გაფართოვდეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

დასავლეთ საქართველოში ვაპირებთ მინიმუმ 30 ათასი ჰექტარი მიწა გამოვტაცოთ ჭაობს და გავხადოთ ის ხელსაყრელი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის.

ჩემი მიზანია, მომდევნო 4 წლის განმავლობაში გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის პროდუქციის რაოდენობა. თუკი ჩვენ ეს შევძელით, მივიღებთ იმას, რომ ქართველი გლეხი გაძლიერდება, რაც თავისთავად, ქართული სოფლის გაძლიერებას გამოიწვევს“- განაცხადა მერაბიშვილმა.

ჯანმრთელობის დაცვის მიზნით კი ბიუჯეტიდან 4 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ლარი გამოიყოფა, „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის დაცვის მიზნით საქართველოს ბიუჯეტმა 3 მილიარდი ლარი გამოყოს 4 წლის განმავლობაში. ეს თანხა მოხმარდება იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე იყოს დაზღვეული. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ სოციალურად დაუცველი ფენების დაზღვევას, ყველა დევნილის დაზღვევას, ყველა პენსიონერი და სკოლამდელი ასაკის ბავშვი პირველი სექტემბრიდან იქნება დაზღვეული, ასევე დაზღვეული იქნება ყველა პოლიციელი, სამხედრო. ყველას შეუნარჩუნდება დაზღვევა და კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 
მერაბიშვილი ამბობს იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის იყო ორიენტირებული და იქნება პენსიონერებისა და ასაკოვანი ადამიანების დახმარებაზე და 2013 წელს, პრეზიდენტის დაპირება 100-დოლარიანი პენსიის შესახებ შევა ძალაში.

ამ თანხების მოძიებას მხოლოდ  ამ რვა წელიწადში „ნაციონალების“ მიერ ნაშოვნი თანხა თუ ეყოფოდა, იმის ჩათვლით, რაც, როგორც ამბობენ, უცხოეთშიც აქვთ დაბანდებული. ამ ფულის უკან მომტანი რომ არც ერთი არ არის, ამას ვარაუდებიც არ სჭირდება, ხოლო საგარეო ვალის აღებას თუ აპირებენ, 2013 წლისთვის ისედაც ბევრი აქვს საქართველოს გასასტუმრებელი.

როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, „რა მნიშვნელობა აქვს შესრულებადია თუ არა, მათ ხომ არ აწუხებთ შესრულებადობა, მათ სჭირდებათ უბრალოდ, ამ წუთას თქვან და იქონიონ იმისი შანსი, რომ ვიღაცა დაიჯერებს, თორემ დანარჩენი შესრულდება-არ შესრულდება ამ წვრილმანებს არ აქცევენ ყურადღებას“.

მაინც რას რას ემსახურება ვანო მერაბიშვილის ფიგურის გადანაცვლება „ნაციონალურ“ საჭადრაკო დაფაზე, მალე გამოჩნდება, გაცილებით რთული სათქმელია, რამდენად აღუდგენს ეს სვლა დაკარგულ ნდობას მმართველ პარტიას.

რამაზ საყვარელიძე: „მერაბიშვილის მიმართ ძალიან დიდი ნდობაა იმ თვალსაზრისით, რომ მას თვლიან ძალიან კარგ მეურნედ, კარგ მენეჯერად კარგ ორგანიზატორად წარმოაჩინა, მაგრამ საზოგადოებრივი ღირებულებების დიდ დამცველად არ აღიქმება მერაბიშვილი. მის სახელთან არის დაკავშირებული გირგვლიანის საქმე, დარბევები, ბევრი გაუბედურებული ადამიანის ბედ-იღბალი, ასე რომ, მერაბიშვილის, როგორც ხელისუფლების იმიჯის გამომსწორებელი მე მგონი არ იქნება მომგებიანი ვერსია.   

სანდოობა ძალზე ფაქიზი რამ არის, თუ გვაინტერესებს, რომ რამდენად იქნება მერაბიშვილი იმისი სტიმული, რომ ვიღაც წავიდეს და ხმა მისცეს „ნაციონალურ მოძრაობას“,  შეიძლება ადამიანის ინტელექტს ენდობოდე, შეიძლება ენდობოდე იმაში, რომ გონიერი კაცია, მაგრამ თუ მის მორალურ მხარეს არ ენდობი,  მაინც არ მისცემ ხმას. თუ მის ინიციატივიანობას არ ენდობი, მაინც ჩათვლი, რომ ის ვიღაცის ხელში იარაღი იქნება და ა.შ. ხმის მიცემა როგორც ასეთი, ძალიან ბევრი ფაქტორის გაერთიასნებას გულისხმობს,  ერთ-ერთი არის ნდობა, თუმცა გადამწყვეტი არა.

სავარაუდოდ, მაინც მგონია, რომ მერაბიშვილის სავარძლის გათავისუფლება უფრო იყო ამოცანა ვიდრე მერაბიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის სავარძლის დაკავება. კაბინეტის დაკომპლექტება ცხადყოფს, სინამდვილეში რას ემსახურებოდა ეს სვლა. თუ ძალოვანები მერაბიშვილის ჯგუფის წევრებთან დარჩნენ, მერაბიშვილს უნარჩუნდება ძალოვანებზე კონტროლი, თუ გადავიდა სხვებთან, ე.ი. მერაბიშვილი ძალოვანებს მოაცილეს“.

რა და როგორ გადაჯგუფდება მმართველ პარიაში, უმოკლეს დროში გამოჩნდება, მანამდე კი მერაბიშვილი, საკმაოდ რიხიანად და საკუთარ ძალებში დარწმუნებით ქვეყნის შენებას გვპირდება.

„აშკარაა ის, რომ ეს გეგმა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის მოზიდვას ემსახურება, ამას მერაბიშვილი თვითონაც არ უარყოფს, მაგრამ მეორეა, რამდენად მოახერხებს ამას, მითუმეტეს რომ ჟურნალისტებმა უკვე გახადეთ სალაზღანდარაოდ, რომ ერთმანეთისგან იწერენ როგორც ოროსანი მოსწავლეებიო“, -ამბობს რამაზ საყვარელიძე.

რატომღაც ქართველ ხალხს არასოდეს არ ჰყოფნიდა ძალა, მმართველი პარტიისთვის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება მოეთხოვა, გასულ არჩევნებზე საპრეზიდენტო 50-დღიანი პროგრამა საპარლამენტო 50-თვიან პროგრამად ისე გადააკეთეს, სათაურის მეტი არაფერი შეუცვლიათ. ამ პროგრამაში კი ერთ-ერთი საკითხი იყო ის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლის შესახებაც სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ გაკვრით თქვა, რომ არ გაამართლა. იმ პროგრამაში დასაქმება, ჯანდაცვა თუ სხვა სოციალური საკითხებიც იყო ნახსენები, სოფლებში გაზისა და წყლის შეყვანაც და ტრაქტორების შეძენაც, თუმცა, რატომღაც „ნაციონალებს“ ძველი გემები აღარ მოსწონთ და დღეს კონკურენტის პროგრამის თავისად გასაღებას ცდილობენ, გასაკვირი არ იქნება კოალიციაში საარჩევნო პროგრამის მოსაპარად ჯაშუშებიც რომ შეაგზავნონ,  თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა პროგრამას წარადგენენ, მაინც იმ-50 დღიანი თუ 50-თვიანი პროგრამის ბედი ეწევა. თანაც მილიარდებით ისე ჟონგლიორობენ, ნაკლებად სავარაუდოა, კარგად ჰქონდეთ დათვლილი, რას ჰპირდებიან ხალხს, მითუმეტეს საეჭვოა, ეს ყველაფერი ვინმემ გულწრფელად დაიჯეროს.