თბილისი, საქართველო – საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების წინ ძლევამოსილი ახალი პრემიერ-მინისტრი დაასახელა, რაც ბიძგს მისცემს ფუნდამენტურ ცვლილებებს ქვეყნის მართვაში.
ახალი პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა ვეტერანი მინისტრი ვანო მერაბიშვილია, რომელიც სააკაშვილს გვერდში უკვე რვა წელია უდგას, მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. მერაბიშვილი ცნობილია მისი ამბციური რეფორმებით, რომლებმაც თავისი კორუმპირებულობით ცნობილი პოლიცია პროფესიულ ძალად აქცია.
2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრემიერ-მინისტრს დამატებითი უფლებები მიენიჭება, რომლებიც პრეზიდენტის უფლება-მოსილებებს გაუწევს კონკურირებას. მისი ამოცანა აღარ იქნება მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, პრემიერ-მინისტრს მიენიჭება კაბინეტის წევრების დასახელების, მათ შორის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის და პოლიტიკის ფორმირების უფლება. მაგრამ პრეზიდენტი ინარჩუნებს მთავარსარდლის ფუნქციას.
ცვლილებები ძალაში იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა. სააკაშვილს კანონით არა აქვს უფლება ამ არჩევნებში მონაწილეობისა, მაგრამ მას ჯერ არ უთქვამს, რას აპირებს, როდესაც პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. ის არ გამორიცხავს პრემიერ-მინისტრად დარჩენას, მაგრამ ეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან არასახარბიელო მსგავსებას შექმნის, პუტინთან, რომელმაც გასული ოთხი წელი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გაატარა, რათა მორგებოდა კონსტიტუციას, რომლის თანახმად პრეზიდენტს ზედიზედ მხოლოდ ორი ვადით შეუძლია პოსტზე დარჩენა.
სააკაშვილმა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთს დაუახლოვა. მისი მიზანია ოდესმე ნატოში და ევროპის კავშირში გაერთიანება. მას ისიც სურს, რომ ის განიხილონ და დაიმახსოვრონ, როგორც დემოკრატი რეფორმატორი. პუტინთან მსგავსება კიდევ უფრო არასასიამოვნოა იმიტომ, რომ 2008 წლის ხანმოკლე რუსულ-ქართული ომის შემდეგ, ორივე ლიდერმა ღიად გამოხატა მტრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.
პოლიტოლოგის, სოსო ცინცაძის აზრით, მერაბიშვილის დანიშვნა, რომლის შესახებაც სააკაშვილმა პირადად გააკეთა განცხადება შაბათს საღამოს, შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ სააკაშვილი ძალაუფლების გადაცემას მერაბიშვილისთვის აპირებს. თუმცა მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ნებისმიერი პროგნოზი ამ მიმართულებით სარისკოა.
მოსალოდნელია, რომ სააკაშვილის პარტია მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს ოქტომბერში და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის დანიშვნის უფლება ექნება.
მერაბიშვილი სააკაშვილის მოკავშირე იმ პერიოდიდანაა, რაც ის 2004 წელს პირველად აირჩიეს პრეზიდენტად. მას რამდენიმე მაღალი რანგის პოსტი ეკავა მანამდე, სანამ 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ჩაიბარა.
მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. გილაური ამ თანამდებობაზე 2009 წელს დაინიშნა. სააკაშვილმა გილაურს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან საქართველოს ეკონომიკის განმტკიცებისთვის გასწია და იმ ფონდის ხელმძღვანელად დანიშნა, რომელმაც უნდა გაზარდოს საგარეო ინვესტიციები.
foreignpress.ge