29 ივნისს საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა წინასწარ დაწერილი ტექსტი წაიკითხა, თანაც, იქ დამსწრეთა დარწმუნებას შეეცადა, რომ ტექსტის ავტორი ნამდვილად თავად იყო („გარწმუნებთ, ეს ტექსტი ჩემია და არა ვინმეს ნაკარნახევი“) და დავით საგანელიძის შესახებ აღნიშნა, რომ მან დეპუტატთა ნდობა არ გაამართლა, უკანასკნელ პერიოდში მის ლექსიკაში სალანძღავი სიტყვები ჭარბობდა და სხვების მიმართ დესტრუქციული იყო. ამდენად, დავით საგანელიძე ვეღარ იქნებოდა თბილისის საკრებულოს თავ-მჯდომარის მოადგილე.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამჯერად ზაალ სამადაშვილს დავით საგანელიძე ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გათხრაში არ დაუდანაშაულებია.
საბოლოოდ დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. გადაწყვეტილებას საკრებულოს 33 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. ოპოზიციის წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. თავად დავით საგანელიძემ საკრებულოს სხდომაზევე განაცხადა, რომ საკრებულოს უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მისი გაწევრიანების გამო მიიღო.
„ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაგევალათ თქვენ, რის გამოც საკრებულოს სხდომაზე უნდა დააყენოთ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მოიგონოთ
გათავისუფლების რაიმე სხვა მიზეზი“, - მიმართა საგანელიძემ უმრავლესობის წევრებს და დასძინა, რომ სცადა კოლეგებისთვის ეს უხერხულობა თავიდან
აერიდებინა, ამიტომ თავადვე დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ. თუმცა, უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღება პროცედურულად მხოლოდ კენჭისყრით იყო შესაძლებელი. თავის მხრივ,
საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში დავით საგანელიძის მხრიდან გახშირდა არაკორექტული გამონათქვამები და უმრავლესობამ მის მიმართ ნდობა დაკარგა.
„ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენთან მოიყვანა. ამიტომ მან დაკარგა ნდობა, რაც ჩვენთან თანამშრომლობას შეუძლებელს ხდის“, - განმარტა ზაალ სამადაშვილმა.
For.ge დავით საგანელიძეს ესაუბრა.
ელოდით, რომ საკრებულოს სხდომაზე ასეთ სადამსჯელო ღონისძიებას მიმართავდნენ თქვენს მიმართ?
- რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ როცა განვაცხადე, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ავტომატურად ნიშნავდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დამატოვებინებდნენ. მართლაც, ეს საკრებულოს სხდომის პრეროგატივაა. უბრალოდ, იმ დღის შემდეგ სხდომა არ ჩატარებულა და კოალიციაში ჩემი შესვლის მერე ეს საკრებულოს პირველი სხდომა იყო. ამიტომაც, პირველსავე სხდომაზე გამოიტანეს ეს საკითხი. ელემენტარულად, არანაირი მოტივი და დასაბუთება არ ჰქონიათ.
ჩემს შესახებ ვერ იტყოდნენ, რომ არაპროფესიონალია, ან საქმიანობას ვერ გაართვა თავი. ორი თვის არჩეული გახლდით იმ პოსტზე.
მიზეზი მაინც მონახეს, რომ თურმე თქვენს ლექსიკაში სალანძღავი სიტყვები ჭარბობდა.
- ვიკითხე კიდეც, ერთი ჩემი სალანძღავი სიტყვა ვინმემ თუ მოისმინა-მეთქი. რა ვიცი, მე მგონი, ჩემზე კორექტული იმ საკრებულოში არავინ არის და ვინმეს თუ გაუგია ასეთ სიტყვები ჩემგან?! საცოდავად იყვნენ, მეტი რა ეთქვათ, აღარ იცოდნენ. ამიტომ, დღის წესრიგის პირველ საკითხად როცა ეს თემა ვნახე, მაშინვე განცხადება დავწერე სხდომაზე, მივეცი თავმჯდომარეს და ვუთხარი, ამ ხალხს რას ერჩით, ორ თვეში ერთხელ ხან უნდა ააწევინონ ხელი არჩევაზე, ხან - გადარჩევაზე. უხერხულია, ნუ გადააქციეთ რობოტებად, ეს უსახური და მათთვისაც მძიმე პროცედურაა. ადამიანურად, მათიც მესმის, ეს ამ ადამიანების შეურაცხყოფაა. თუმცა, მაინც ჩათვალეს, რომ ეს პროცედურა უნდა ჩაეტარებინათ. მართალია, არ მინდოდა მათთვის ჩემი გადარჩევის სიამოვნება მიმენიჭებინა, მაგრამ თვითონ მიინიჭეს ეს სიამოვნება.
თქვენ აცხადებთ, რომ კოლეგების დანდობა გსურდათ, რათა ისინი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდნილიყვნენ, მაგრამ ხომ არ ჯობდა, მათ გამოევლინათ საკუთარი თავი და დაგვენახა ის რეალობა, რაც იყო - საკრებულოს 33 წევრმა თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან თქვენს გადაყენებას მხარი დაუჭირა.
- წინააღმდეგი ხმა ყველას არ მოუცია. საკრებულოს წევრი სულ 50-ია, მათ შორის, 11-მა ოპოზიციონერმა დატოვა სხდომათა დარბაზი და ისინი არ იყვნენ დარბაზში, უმრავლესობიდანაც ბევრმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში. მართალია, ფარული კენჭისყრა ჰქვია, მაგრამ ყველას უყურებენ, თუ ვინ რას შემოხაზავს. უბრალოდ, ვინც მონაწილეობა მიიღო, არავის ეყო იმის ვაჟკაცობა, რომ განსხვავებული პოზიცია დაეფიქსირებინა. ერთგან ვთქვი კიდეც, ძალიან კარგია, რომ ერთიც არ აღმოჩნდა ისეთი, ვინც წინააღმდეგი წავიდოდა, თორემ მერე, ალბათ, ყველა იტყოდა, რომ ის ერთი მე ვიყავი და თქვენს გადაყენებას მხარი არ დავუჭირეო. ეს სათქმელი რომ არ აქვთ, ძალიან კარგია.
სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დამთრგუნველი და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სხდომის დასრულების შემდეგ თვალებში არცერთი არ მიყურებდა, ისე გაიძურწნენ იქიდან.
საკრებულოს იმ ნაციონალმა დეპუტატებმა, რომლებმაც კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, თქვენს გამო გადაწყვიტეს ამ გაუგებრობისგან თავის არიდება?
- უბრალოდ, იქ იყო რამდენიმე ადამიანი, ისინი ჩემს გვერდით იდგნენ და თქვეს, მე არ ავიღებ ბიულეტენს და არ შემოხაზავ. მათ გვარებს, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ, მაგრამ, ადამიანურად, მათი მადლიერი ვარ, რადგან საერთოდ არ აიღეს ბიულეტინი. ამიტომ, მათ შორისაც არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერ იმ სისაძაგლეს გრძნობენ, რაც გარშემო ხდება.
მოგეხსენებათ, ზურაბ აბაშიძემ (საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე) და ვიქტორ დოლიძემ საკრებულოში თქვენი მსგავსი გზა გაიარეს რამდენიმე თვის წინ და მათი გადაყენების შემდეგ მათდამი ბრალდებებიც უსუსური იყო, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებდნენ.
- სხვათაშორის, პროტესტის ნიშნად მაშინ მე მომიწია დარბაზის დატოვება. გუშინ კი დარბაზის დატოვება მათ მოუწიათ. ხელისუფლებას სხვა სქემა არ აქვს, სხვა იდეა თავში არ მოსდით, საფუძველიც არ აქვთ, რა უნდა თქვან, რითი უნდა იმართლონ თავი?! უბრალოდ, სამარცხვინოა მათი პოზიცია. ერთხელ კიდევ აჩვენეს, რომ პრაგმატიზმს უფრო მეტ პატივს სცემენ, ვიდერე ზნეობას. სამწუხაროდ, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ზნეობის ფორმა სამადაშვილმა მართლა დაკარგა, როდესაც მთელი ღამის ნაჯახირები, რაც დაავალეს, ხელის კანკალით წაიკითხა.საკრებულოს არჩეულ თავმჯდომარეს უნდა გქონდეს შენი ნება, შენი ძალა, შენი უფლება და არა, - რასაც დაგავალებენ, მერე ამას საცოდაობით წაიკითხავ.
ზაალ სამადაშვილი აცხადებს, რომ ტექსტი მისი დაწერილი იყო და არავის არ უკარნახებია.
- თავისი დაწერილი თუ იყო, ზეპირად მაინც წაეკითხა, მაგრამ სხვის დანაბარებს კითხულობდა, რომელიმე სიტყვა რომ არ გამორჩენოდა. სამარცხვინოა, რომ ჩემს საუბარში მან ლექსიკა არ მომიწონა. ახლა მისი მოსაწონი ლექსიკა ნამდვილად ვერ მექნება, რადგან მე სამადაშვილის გემოვნებაზე ნამდვილად არ მაქვს არაფერი გათვლილი, არცერთი სიტყვა, არცერთი ნაბიჯი.
ზაალ სამადაშვილისგან, როგორც მწერალი კაცისგან, მოულოდნელი ხომ არ იყო თქვენდამი გაკეთებული ასეთი განცხადება, რომ თურმე მეტ ფულს დახარბდით და სხვა?
- მე არ შევეხები მაგის მწერლობას, ეს საზოგადოებამ შეაფასოს. მისი დაწერილი გუშინ საკრებულოს სხდომაზე მოვისმინე. მაგრამ ერთს ვამბობ, ადამიანს, პირველ რიგში, საკუთარი თვითმყოფადობა უნდა ჰქონდეს. საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც მარჯვნიდან მარცხნივ ახტუნავებენ, არ მიმაჩნია საკრებულოს თავმჯდომარედ. ძალიან მრცხვენია, რომ საკრებულოს ასეთი თავმჯდომარე ჰყავს.
სათქმელად მაინც ხომ დასჭირდებათ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოპოზიციონერი კანდიდატი ჰყავთ? ამდენად, ოპოზიციიდან ვინ დაიკავებს თქვენს პოსტს?
- ვერ გეტყვით, „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ თავმჯდომარის ერთი მოადგილე ჰყავთ, დანარჩენები, თითქმის სუყველა, „ქართული ოცნების“ კოალიციაში ვართ. გამორიცხულია, რომ მათ „ქართული ოცნების“ წევრი აირჩიონ. ერთადერთი, კახა კუკავა დარჩა, ანდა, ბოლოს და ბოლოს, თავისი რიგებიდან გახდიან ვინმეს ხელოვნურ ოპოზიციონერად და იმას აირჩევენ.
საკრებულოს სხდომაზე სამადაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უფრო მეტი შესთავაზეს დავით საგანელიძესო.
- კარგი გამოთქმაა, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. მათი მორალი ამაზე მეტად ვერ მიდის. თუ ჰგონიათ, რომ ახლა მე იქ თუ ძალიან მაღალი ხელფასი მქონდა, მანქანა მემსახურებოდა, მძღოლი მყავდა, დიდი კაბინეტი, ლამაზი სავარძელი და კიდევ ათასი სხვა პირობები მქონდა, ამ ორი თვის განმავლობაში თურმე გადავირეოდი ამის გამო და ასე შეცვლიდნენ დათო საგანელიძის მენტალიტეტს. ალბათ, ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდ შემოთავაზებაში გავცვალე და, რეალურად, რაში გავცვალე, ეს ჩემმა სინდისმა თქვას და საზოგადოებაც დაინახავს ამას. მათ მეტი კრიტერიუმი არ გააჩნიათ, ამიტომაც მხოლოდ თავიანთი საზომით ზომავენ, მათთვის ზნეობა არ არსებობს, მათთვის მხოლოდ პრაგმატული შემოსავლები არსებობს. ვერ წარმოიდგინეს, რომ მე უზნეობას ვერ დავუჭირე მხარი და უარი ვთქვი იმ შეღავათებსა თუ პრივილეგიებზე, რასაც ეს პოსტი მანიჭებდა.
საერთოდ, რამდენად გიღირდათ ეს პოსტი? თავიდანვე ხომ იცოდით, რომ თქვენს მიმართ ანტაგონისტურად განეწყობოდნენ?
- როგორ ფიქრობთ, ცხოვრებაში მათზე ბევრად უკეთესი კაბინეტიც მქონია, სავარძელიც, მანქანაც და ბევრად მეტი შემოსავალიც, როცა ბიზნესში ვიყავი. ცხოვრებაში იმდენი რამ მაქვს ნანახი, რომ მაგათ არც მოელანდებათ და ვერც გაიგებენ. ეგენი ვერც ჩემს ზნეობამდე მოვლენ, რადგან შორს არიან იმისგან, რაზედაც მე ვსაუბრობ.
მაინც რატომ დათანხმდით ამ პოსტს თავიდანვე, ხომ იცოდით, რომ ამ თემას საჯილდაო ქვად აქცევდნენ?
- როცა არსებობდა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტის სახით, და იყო შემოთავაზება, უნდა დავთანხმებულიყავი, პირიქით, ეს პოსტი მაქსიმალურად გამოვიყენე იმისთვის, რასაც ოპოზიციური ჰქვია და ეს არ მოეწონათ. მათ ეგონათ, რომ ამ პოსტს ოპოზიციური პოზიციისთვის არ გამოვიყენებდი, იმ ტრიბუნად არ გამოვიყენებდი, რაც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, არამედ მომეწონებოდა და საერთოდ გავჩუმდებოდი. ეს არ გამოუვიდათ, ეგონათ, ამით მომისყიდდნენ. ეს პოსტი ოპოზიციური უფრო დიდი ტრიბუნისთვის გამოვიყენე, რაც არ მოეწონათ.
საუბრობენ იმაზეც, თითქოს „ქართული ოცნების“ სახელით ონის მაჟორიტარობას აპირებთ.
- მე არაფერს ვგეგმავ და არც არაფერზე კატეგორიულ წინააღმდეგობას არ გამოვხატავ. კოალიციაში გადაწყდება, თუ სად სჯობს, როგორ სჯობს, საერთოდ, ვიყარო მაჟორიტარად კენჭი თუ შტაბის საქმიანობას მივყო ხელი. როგორ გადაწყვეტილებასაც გუნდი მიიღებს, გავიზიარებ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ საჭიროა, სადმე ვიყარო კენჭი, თბილისში ან სადმე... რატომ მაინცდამაინც ონში?! მე ონიც მოვიგე და თბილისიც, ორჯერ - დიდუბეც და ვაკეც. სადაც ვიყრი კენჭს, იქ მოვიგებ კიდეც, რადგან მართალი ვარ.
ამჟამად საკრებულოს რიგით დეპუტატად განაგრძობთ მოღვაწეობას?
- დიახ, საკრებულოს რიგითი დეპუტატი ვიქნები. საკრებულოს წევრობიდან ვერავინ გადამირჩევს, რადგან ხალხმა ამირჩია და არა - ამ ხელისუფლების „უმრავლესობამ“.