გაქვს ახალი იდეა, რომელიც თბილისს უფრო უკეთეს ქალაქად აქცევს? გინდა, შენი იდეა უშუალოდ მე განვიხილო? მაშინ ნუ დაიზარებ და დღესვე დაარეგისტრირე შენი იდეა აქ www.chemitbilisi.com
ნაბიჯი N1: შექმენი შენი პეტიცია აქ www.chemitbilisi.com
ნაბიჯი N2: იაქტიურე ონლაინ და მოიპოვე ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა
ნაბიჯი N3: შენს წარმატებულ პეტიციას ჩვენ, თბილისის მერია, რეალობად ვაქცევთ!
გისურვებ წარმატებას!
ასეთი ინფორმაცია დევს თბილისის მერის, გიგი უგულავას facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამდენად, უგულავა მოსახლეობას ქალაქის მართვაში მონაწილეობას სთავაზობს. აქვეა განმარტებაც, თუკი შენს იდეას ამისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე განათავსებ და რაც შეიძლება მეტ like-ბს დააგროვებ, ქალაქის ხელმღძვანელობა მას განიხილავს და თუ საჭიროდ ჩათვლის, რეალობად აქცევს.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი იდეები გიგი უგულავას 2010 თვითმმართველობის არჩევნების წინაც აწუხებდა. მაშინ ნაციონალების აქტივისტები, რომლებიც მერიის სოციალური სამსახურის მუშაკებად გვეცნობოდნენ, კარდაკარ დადიოდნენ სპეციალურად შედგენილი კითხვარებით. კითხვარი იმგვარად იყო შედგენილი, რომ მოქალაქეს ეძლეოდა საშუალება თბილისის მერისთვის მიეცა რჩევა, რომელი სფეროსთვის უფრო მეტი ყურადღება მიექცია, რა უნდა გაეკეთებინა კონკრეტულ დარგში და ა.შ. ალბათ, ბევრ თქვენგანს ამგვარი კითხვარი შევსებული აქვს, მაგრამ სავარაუდოდ თავისი იდეის თბილისის მერიის მიერ განხორციელებით ბევრი ვერ დაიკვეხნის. ეს დაპირებები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველას მიავიწყდა.
იმედი ვიქონიოთ, რომ უგულავას მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტი მაინც იმუშავებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ბუნებას თუ გავითვალისწინებთ, რომელსაც ხალხი მხოლოდ არჩევნების წინ, ისიც რამდენიმე თვით ახსენდება, ხოლო შემდეგ თავისი დანაპირებიდან არაფრის შესრულება სურს, ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს პროექტიც ისევე მივიწყებას მიეცემა, როგორც ორი წლის წინანდელი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს დაანახონ, როგორი კარგები და ადამიანებზე მზრუნველები არიან. სამეგრელოში წყალდიდობის გამო პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბაქოში ვიზიტი შეწყვიტა და მუხლებამდე წყალშიც გაიარა, რათა ყველასთის ეჩვენებინა, როგორ გულთან ახლოს მიიტანა საკუთარი ხალხის გასაჭირი. ალბათ, ეს იმ სკანდალის შედეგი იყო, როდესაც ერთი თვის წინ თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და ხუთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პრეზიდენტი კი მეორე დღეს მილანში „შოპინგზე“ წავიდა.
ახლა კი სიტუაცია შეიცვალა, მაგრამ შეიცვალა ხალხის დამოკიდებულებაც საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის მიმართ. თუკი ადრე ნაციონალების მიერ გამართულ შეხვედრებზე ადამიანები, მართალია მათი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც მიჰყავდათ, ახლა როგორც ჩანს, უკვე ამასაც ვეღარ ახერხებენ.
თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ „ნაციონალებმა“ მოსახლეობის მოთაფლვა მოახერხეს, ახლა როგორც ჩანს, ეს აღარ ჭრის, რადგან მაშინდელი და ახლანდელი ოპოზიციური სპექტრი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. საზოგადოება მიხვდა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენით, ხელისუფლების რეალური ალტერნატივა გაჩნდა და შედეგებაც არ დააყოვნა.
For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ორი დღის წინ თემქის დასახლების მეათე კვარტალში მდებარე სტადიონთან „ნაციონალური მოძრაობის“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა, მაგრამ მის დასახვედრად არავინ გავიდა. ადგილობრივი მაცხოვრებლის თქმით, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, for.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ სიტუაცია იმდენად რთული იყო, სამადაშვილის დასახვედრად იქვე მდებარე საბავშვო ბაღიდან სასწრაფოდ გამოიყვანეს ბაღის თანამშრომლები, ძიძები, აღმზრდელები და ა.შ. მაგრამ როგორც ჩანს, საკმარისი არც ეს აღმოჩნდა და სამადაშვილის ერთ-ერთმა თანმხლებმა პირმა მობილური ტელეფონით რეკვა დაიწყო და ვიღაცეებს ავალებდა, ხალხის ადგილზე მიყვანას.
„როდესაც სამადაშვილი მოვიდა და ადგილზე საბავშვო ბაღის რამდენიმე აღმზრდელის გარდა არავინ დახვდა, მისმა თანმხლებმა პირმა სასწრაფოდ დაიწყო რეკვა და ვიღაცეებს ეუბნებოდა - რას მიშვებით, სასწრაფოდ მოიყვანეთ ხალხი როგორც გინდათო“, - აღნიშნავს თემქის მცხოვრები for.ge-სთან საუბარში.
მისი თქმით, რამდენიმე წუთში ადგილზე მართლაც მივიდა დაახლოებით 25-30 ადამიანი და როგორც ჩანს ჩაითვალა, რომ მოსახელობასთან შეხვედრა შედგა.
დაახლოებით ანალოგიური სიტუაცია ყოფილა რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მერაბ სამადაშვილი ნახალოვკის მოსახლეობასთან შესახვედრად მისულა. როგორც for.ge-ს ნახალოვკიდან შეატყობინეს, სამადაშვილთან შესახვედრად მხოლოდ ის ადამიანები მისულან, ვინც ამ უბანში ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით არიან ცნობილები. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე ოპოზიციურად განწყობილი ერთი პიროვნებაც მისულა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ამ ადამიანს უთქვამს, - „მიმიშვით ერთი მაგ კაცთან, უნდა ვკითხო, 12 წელი რომ ზის პარლამენტში, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში რაიონისთვის და ახლა კიდევ რომ უნდა მაჟორიტარ დეპუტატად მოგვევლინოს, ახლა ვითომ რამეს გააკეთებს“? მაგრამ ეს ადამიანი მერაბ სამადაშვილის თანმხლებ პირებს, მაჟორიტარობის კანდიდატამდე არ მიუშვიათ და ეს შეხვედრაც ასე ბედნიერად დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ სამადაშვილი უკვე მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია და სამივე შემთხვევაში მან საპარლამენტო მანდატი ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობით მიიღო. ახლა კი იგი კვლავ ნაძალადევის მაჟორიტარად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასახელებული. ამდენად, სამადაშვილი უკვე 12 წელია დეპუტატია და კიდევ ოთხი წლით აპირებს პარლამენტში მისი ყოფნის ვადის გახანგრძლივებას.