შაბათს, საქართველოს პრეზიდენტმა მისი ძლევამოსილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ახალ პრემიერ-მინისტრად დაასახელა, რაც შემოდგომაზე დაგეგმილი მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ მოულოდნელი ნაბიჯი იყო.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილს წარადგენს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, თანამდებობაზე, რომლის უფლებამოსილებაც დღემდე შეზღუდულია, თუმცა პოლიტიკურად ის წამყვანი პოზიცია ხდება კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის აღმასრულებელ ძალაუფლებას ზღუდავს მომავალი წლიდან.
„ვანო ის კაცია, რომელმაც ჩვენთან ერთად დაამარცხა კრიმინალი და კორუფცია“, – განაცხადა სააკაშვილმა სატელევიზიო გამოსვლაში.
ივანე მერაბიშვილი 2004 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრია და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია.
ის ხელმძღვანელობდა პოპულარულ და საერთაშორისოდ აღიარებულ პოლიციის რეფორმას, რამაც აღკვეთა მექრთამეობა, თუმცა ის იმავდროულად ოპოზიციის მკაცრი კრიტიკის ობიექტია 2011 და 2007 წლებში საპროტესტო დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევების გამო.
„ჩემი მთავარი მიზანი იქნება ძალიან კონკრეტული – მეტი სარგებელი ხალხს“, განაცხადა მერაბიშვილმა ტელევიზიით მისი დანიშვნის შემდეგ.
„დადგა დრო, რომ საქართველოში ჩვენი განვითარების და მოდერნიზაციის შედეგი უშუალოდ იგრძნოს თითოეულმა ქართულმა ოჯახმა“, განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, წინა პრემიერ-მინისტრი, ტექნოკრატი ნიკა გილაური, ამიერიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
აქცენტს აკეთებს რა არჩევნების წინ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ახალი პრემიერ-მინისტრი კავკასიის ამ გაღატაკებულ ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემებით დაკავდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის დაამარცხებს ჩვენს მთავარ მტერს – უმუშევრობას“, – თქვა სააკაშვილმა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე.
დასავლეთის მოკავშირე საქართველომ შემოდგომაზე ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს და ამ ფონზე მთავრობა სერიოზული გამოწვევის წინაშეა მილიარდერი მაგნატის ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა და რომელმაც პირობა დადო, რომ სააკაშვილის პარტიას დაამარცხებს.
სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის „ვარდების რევოლუციით“ მოხვდა, 2013 წელს უნდა გადადგეს, რადგან ამ დროს მისი მეორე და ბოლო საპრეზიდენტო ვადა იწურება.
foreignpress.ge