მცხეთაში “ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართული აქცია წვიმას გადაურჩა. იქ თბილისიდან მოსალოდნელთან შედარებით ნაკლები ხალხი იყო ჩასული - ბებრის ციხის ქვეშ, თეატრონის ტერიტორიაზე ძირითადად მცხეთა-მთიანეთის მაცხოვრებლები იდგნენ. ერთ-ერთი მათგანი, ახალგაზრდა კაცი განათების ბოძზე აძვრა და იქიდან ჩამოსულს, როცა ჰკითხეს დაახლოებით რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი, პასუხად მხოლოდ ეს თქვა - “მიშას დედა აღარ ჰყავს!“
აქცია შვიდ საათზე იყო დანიშნული და for.ge იქ ორმოცი წუთით ადრე მივიდა. “ქართული ოცნების“ სცენის წინ უამრავი ადამიანი დაგვხვდა. ბებრის ციხის გვერდიდან და მეორე მხრიდან ქოლგებით მომარაგებული ხალხი უწყვეტ ნაკადად მოდიოდა. მათ შორის იყვნენ, როგორც მოხუცები, ისე ახალგაზრდები, ბავშვები, შუახნის ადამიანები. პატრიოტული სიმღერები იყო ჩართული, ისევე, როგორც ოზურგეთში, ქუთაისსა და თბილისში გამართულ აქციებზე. ძალიან ბევრი სასულიერო პირი დავინახეთ. მათ შორის იყო მამა თეოდორე გიგნაძე.
სცენიდან დაახლოებით 300 მეტრის მოშორებით საპატრულოო პოლიციის ერთადერთი მანქანა იდგა, შიგნით ორი პოლიციელი იჯდა, მინები ჩაწეული ჰქონდათ. ჯერ პატრიოტულ სიმღერებს და შემდეგ ივანიშვილს უსმენდნენ. მანქანიდან არ გადმოსულან.
აქციაზე “ქართული ოცნების“ და ხუთჯვრიან დროშებთან ერთად ნატოს და ევროკავშირის დროშები ფრიალებდა. ლოზუნგები იგივე იყო, რაც აქამდე გამართულ აქციებზე. “ქართული ოცნების“ აქტივისტები თავიანთი ორგანიზაციის მიერ გამოცემულ გაზეთებს არიგებდნენ. აქციის მონაწილეებს საწვიმარებიც ჩამოურიგეს, მაგრამ მისი გამოყენება არავის დასჭირვებია - საკმაოდ გრილოდა, მაგრამ წვიმა არ წამოსულა.
ბიძინა ივანიშვილი თეატრონის ტერიტორიაზე ბებრის ციხის მხრიდან მოვიდა. ხალხი ტაშით შეეგება. ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის ამოქმედების პირობა დადო, აფხაზეთიდან და ცხინვალი რეგიონიდან დევნილებს კი საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას დაჰპირდა. მან თქვა ისიც, რომ ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ პენსიები გაიზრდება, ხოლო კომუნალური გადასახადები შემცირდება. მისი სიტყვიდან გავიგეთ, რომ 14 ივლისს ფშავში ჩავა და ვაჟაობას დაესწრება.
აქცია ზუსტად 45 წუთში დასრულდა და შემდეგ კონცერტი დაიწყო. ჯერ ბერა ივანიშვილმა იმღერა, შემდეგ “ქართული ხმების“ პირველმა თაობამ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანის “თავისუფლება“ შეასრულა.
აქციის მონაწილეებს შორის for.ge-მ ნახა და დაინახა: ლევან ყიფიანი, მურმან დუმბაძე, ავთო ბერიძე, ნანა კაკაბაძე, მედია–კავშირ “ობიექტივის“ წევრები წარწერებიანი მაისურებით “ობიექტივი“, თემო გოცაძე, თამაზ ჯოლოგუა, გელა დოლიძე, კოტე ჯანდიერი, სოზარ სუბარი, ავთო არაბული, მამუკა გიორგაძის “სახალხო პარტიის“ წევრები, ჯაბა ჯიშკარიანი, უცნობი, იგივე გია გაჩეჩილაძე, ზურაბ ტყემალაძე, ვიქტორ დოლიძე, გია ცაგარეიშვილი, დათო ონოფრიშვილი, ია მეტრეველი, თამაზ გველესიანი, გია ყარყარაშვილი, ავთო იმნაძე, ნუგზარ ნაჭყებია, გია კობახიძე, დიმა ჯაიანი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე, არჩილ კბილაშვილი.
ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მცხეთა– მთიანეთში “ქართული ოცნებიდან“ კენჭს იყრიან: მცხეთაში ექიმი დიმიტრი ხუნდაძე, თიანეთში ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთში ირაკლი ტრიპოლსკი და ყაზბეგში ექიმი მირიან წიკლაური. “ქართული ოცნების“ შემდეგი აქცია კი 15 ივლისს გორში გაიმართება.