„შეწყდეს საუბრები, რომ შესაძლოა, პრაგმატულმა მერაბიშვილმა ღამ-ღამობით, ჩუმ-ჩუმად დაიწყოს „ოცნება“.

„შეწყდეს საუბრები, რომ შესაძლოა, პრაგმატულმა მერაბიშვილმა ღამ-ღამობით, ჩუმ-ჩუმად დაიწყოს „ოცნება“.

საქართველოს პრეზიდეტნმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, ქვეყნის მთავრობა გადაყენებულად ითვლება, და პრემიერ-მინისტრის შეცვლის დროს ახალ მინისტრთა კაბინეტს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი.
ორშაბათს, პარლამენტში მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენისას, დასახელდება შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა, აგრეთვე, თუ ვინ იქნება დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, რომლის პოსტის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს შს მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია შეცვლის, შესაბამისად, ორშაბათს უნდა დასახელდეს თავდაცვის ახალი მინისტრიც და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი ცვლილების შემთხვევაში თავდაცვას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ჩაიბარებს.

რისთვის დასჭირდა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებამდე სამი თვით ადრე მთავრობის გადაყენება და მოვლენათა როგორი განვითარებაა მოსალოდნელი ამ თემებზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

ბატონო სოსო, რას ნიშნავს ეს ცვლილებები და როგორ ფიქრობთ, ამითნაციონალური მოძრაობისფრონტი უკვე სხვა მიმართულებით იხსნება?

- არ გამოვრიცხავ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეს თავად მერაბიშვილს, რადგან დარწმუნებული ვარ, მისთვის რაიმე კარდინალურ დაწინაურებას ეს არ ნიშნავს, რადგან ის რეალურად გახლდათ პრემიერ-მინისტრზე უფრო მეტი. და ასეთი სტატუსი მას გააჩნია პირველი დღეებიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ. მითუმეტეს, როდესაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სრულიად მკაფიო იყო, რომ კონტროლის პალატა, ეროვნული ბანკი განათლების, სპორტის, ჯანდაცვის სამინისტროები თავისი სასწრაფო დახმარებიანად გახდნენ სხვა არაფერი, თუ არა სტრუქტურული ქვედანაყოფები შინაგან საქმეთა სამინისტროსი და სწორედ ამ სამინისტროს ჭკუაზე იქცეოდა ყველა დასახელებული უწყების პირველი პირი. ამიტომ, ძალაუფლების მოხვეჭის თვალსაზრისით ეს უკანგადადგმული ნაბიჯია მერაბიშვილისთვის, რადგან ეს ითვალისწინებს მეტ პასუხისმგებლობას. ის იძულებული იქნება, გამოვიდეს ჩრდილიდან და საჯარო საქმიანობით დაკავდეს და არა საიდუმლო მოდულაციებით გამჭვირვალეობით ცნობილ შენობათა სარდაფებში.

შესაბამისად, ვერ გეტყვით, რომ სიამოვნების მომგვრელია, მითუმეტეს ასეთ ვითარებაში, როდესაც არჩევნებამდე სულ სამიოდე თვეა დარჩენილი და თავად სიახლე მთავრობის შემადგენლობაში შეიძლებოდა გამოცხადებულიყო არჩევნების შემდეგ.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი აღარ ენდობა ვანო მერაბიშვილს?

- ამ ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, ძალიან პრაქტიკულად, ამ გადაწყვეტილებით, სააკაშვილმა მერაბიშვილი ჩამოაცილა პოლიციის მართვის ფუნქციას, რადგან არსებული წესით პრეზიდენტი წარმართავს თავდაცვის და უშიშროების სფეროს და შს სამინისტროსაც. ამიტომ, პრემიერ-მინისტრს საქმე აღარ ექნება თავის ყოფილ უწყებასთან, ხოლო ასეთი პრემიერის ავტორიტეტი ქვეყანაში შეიძლება, ვივარაუდოთ იმ წინამორბედთა ბედით, რომელიც ასე უხვად იყო ამ თანამდებობაზე.

მოგეხსენებათ, საკმაოდ ხშირი იყო ცვლა პრემიერ-მინისტრების, მაგრამ რეალურად არც ერთი მათგანი ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებთა ათეულში არ მოიაზრებოდა. ეს ყველაფერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტარული ჯგუფის განკარგვის თემები და შესაბამისად, ეს სისტემა ყველაზე უკეთ თუ არა, ბევრზე უკეთ ბატონმა მერაბიშვილმა იცის.

კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მერაბიშვილთან ერთად აკონტროლებდა ყველაფერს და ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებთა არც თუ დიდ სიაში შედის, ზურაბ ადეიშვილია, როგორ ფიქრობთ, ახლა მერაბიშვილის ფუქციაც მას დააწვება?

- ადეიშვილი იყო არის და იქნება, ვიდრე არსებობს სააკაშვილი. შეიძლება გარკვეული შეფასებებისას დავუშვათ ისიც, რომ არც თუ კარგად შენიღბულ დაპირისპირებაში ადეიშვილსა და მერაბიშვილს შორის გაიმარჯვა პირველმა, მაგრამ პარალელური კითხვები მაინც ჩნდება.

რატომ ჩათვალა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ საკუთარი ოცნება უნდა აისრულოს ივნისის ბოლო დღეს და არა ოქტომბერში? არ გვიკვირს მისგან სულსწრაფი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ არ შეიძლება, მისგან რაიმე საბაბის გარეშე მომხდარიყო ასეთი წინასწარ დაუგეგმავი ნაბიჯის გადადგმა.

ძალაუნებურად მიჩნდება მეორე კითხვა, კვირას, პირველ ივლისს, ტარდება ხალხმრავალი აქცია „ქართული ოცნების“, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა მოთხოვნილი აქციის უსაფრთხოების დაცვა და ეს თხოვნა გაკეთებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მისამართით.

რა გაიგო ამისთანა მერაბიშვილმა, ან რას აპირებს ვინმე სხვა, იმისთანას, რომ  შეიცვალა მინისტრი ამ უწყების, სწორედ ამ თარიღის წინა დღეს, ყოველგვარი დამატებითი ახსნა- განმარტებების გარეშე?

როდესაც პრეზიდენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი წარადგინა, ერთი სიტყვა არ თქმულა, ვინ იქნება მისი შემცვლელი. ფაქტობრივად ორშაბათამდე ქვეყანას არ ჰყავს არა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრი, არამედ, მთავრობა. ეს ხომ არ შეიძლება იმ კონტექსტში, რომ კვირას ხალხმრავალი აქცია იგეგმება რაიმე საფრთხის შემცველი იყოს?

- ერთადერთი საფრთხე ის გახლავთ, რომ კვირას, პირველ ივლისს ახალი მინისტრები სამსახურში არ მიდიან და ძალაუნებურად მეხსიერებაში ტივტივებს ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობიდან წასვლის პერიპეტიები.

დარჩება თუ არა რეალურად პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მერაბიშვილი, ამას რამდენიმე დღეში გავიგებთ, ჯერჯერობით კი, ვარსებობთ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი „უიკენდის“ პირობებში და ცხადია, ეს ქვეყანას მდგრადობის კომპონენტს არ უმყარებს.

როგორც კულუარებში გავრცელდა ინფორმაცია, შინაგან საქმეთა მინისტრობის შესაძლო კანდიდატებად ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინს განიხილავენ, რამდენად არის შესაძლებელი რომ მართლაც რომელიმე მათგანი ვიხილოთ ამ უწყების ხელმძღვანელად?

- ძალიან მწირი არჩევანი აქვს ბატონ პრეზიდენტს, უნდა იყოს დარწმუნებული, რომ კანდიდატი ამ თანამდებობაზე იქნება აბსოლუტური მანქურთი, არ ექნება არასოდეს საკუთარი აზრი და იქნება მონური მორჩილების გამომხატველი პრეზიდენტის.

ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ბატონი პრეზიდენტი აფასებს ამ ნიშნით, ფაქტობრივად,  ცალ ხელზე არსებული თითებით შემოიფარგლება.

რაც შეეხებანაციონალური მოძრაობისსიის პირველ ნომერს, ამ ცვლილების შემდეგ რამდენად გამოიკვეთა - ეს ვინ შეიძლება იყოს, პრემიერ-მინისტრობა მერაბიშვილს ამის უფრო მეტ შანსს ხომ არ აძლევს?

- ამ ვითარებაში შეიძლება უმალ ვისაუბროთ არჩევნების ყოფნა-არყოფნაზე, ვიდრე რეალობაზე, ამ სიაში მერაბიშვილის ლიდერობისა, რადგან მერაბიშვილი მინისტრის თანამდებობიდან გახდებოდა პირველი ნომერი თუ პრემიერ-მინისტრის, ამას არც ერთი ამომრჩევლისთვის მნიშვნელობა არ აქვს.

მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს მორიგი მცდელობაა ორი კურდღლის გაკიდებისა, ერთი, რომ გაათავისუფლოს პოლიცია მერაბიშვილის გავლენებისგან ბატონმა პრეზიდენტმა და მეორე, გახადოს სრულიად საჯარო ის პასუხისმგებლობები, ქვეყანაში, რომელიც აკისრია პრემიერ-მინისტრს. პარალელურად კი შეწყდეს საუბრები იმაზე, რომ შესაძლოა, პრაგმატულმა მერაბიშვილმა ღამ-ღამობით, ჩუმ-ჩუმად დაიწყოს „ოცნება“.

თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტმა სხვაგვარად ახსნა მერაბიშვილის გაპრემიერების მიზეზი და როგორც მან თქვა, ორშაბათიდან ვანო მერაბიშვილმა მთავარი მოწინააღმდეგე - უმუშევრობა ბეჭებზე უნდა დადოს. ისიც საინტერესოა, ახლა გაახსენდათ, რომ ქვეყანაში უმუშევრობა მძვინვარებს?

- ახლა მაგაზე საუბარი ადრეა, მაგრამ მერაბიშვილს გააჩნია ერთი ისეთი სფერო დასაქმებისა, რომელსაც მშვენივრად ფლობს  და აქვს საშუალება, ბეჭებზე ციხის საწოლზე რამოდენიმე კაცი გააკრას, ამით თუ იქნება დაძლეული უმუშევრობა და მთელი წარმოება გადავა პატიმრების კისერზე, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ  ჩვენ გვეყოლება მართლაც წარმატებული პრემიერი.

ბატონო სოსო, ხომ არ ვარაუდობთ, რომ შს მინისტრის პოსტის გათავისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში, შესაძლოა არეულობისა და ქაოსის შექმნას ემსახურებოდეს და მომიტინგეების დარბევის და სხვადასხვა გზით არჩევნების ჩაშლისკენ იყოს მიმართული?

- ასეთი ვერსიები უკვე განიხილებოდა კარგახანია და არა მერაბიშვილის ამ თანამდებობაზე მოსვლით გაჩნდა, არახალია ეს საკითხი, მაგრამ როდესაც ეს ხდება არჩევნებამდე სამი-ოთხი თვით ადრე, ძალაუნებურად მაფიქრებინებს ამ თემაზე, რომ ამის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიღას სჭირდება არჩევნები, რაც არის, არის, ერთი პატარა საგანგებო მდგომარეობა და არჩენები ჩაიშლება, ყველა თავის ადგილას რჩება - პარლამენტი გაიგრძელებს საკუთარ უფლებამოსილებას, პრემიერ-მინისტრიც გვეყოლება და კრება, მათ შორის, „სახალხოც“ დარჩება მხიარული.

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ამას საზოგადოებამ რამე დაუპირისპიროს თუ, უბრალოდ, გამოუვალი სიტუაცია იქმნება?

- გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, რადგან ქვეყანაში არსებობს არა მარტო ხელისუფლება, არამედ არსებობს ხალხიც. არ არის საჭირო ქუჩაში სირბილი, ყველას შეუძლია, საკუთარ ეზოსა და სადარბაზოში დაამყაროს იდეალური წესრიგი, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. სიტუაცია გამოუვალი არ მეჩვენება, რადგან თუ უფრო ფართოდ შევხედავთ საკითხს, რეალურად ქვეყანაში არაფერი იცვლება. ვნახოთ, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმ საკითხზე რისკენაც არაერთხელ მოუწოდა ქართულ ხელისუფლებას აშს-ს სახელმწიფო დეპარტამენმა, რომელსაც ამჯერად NDI ახმოვანებს, ისევე, როგორც ახმოვანებს ამერიკის ელჩი, ანუ ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლებამ ხელი აიღოს ძალადობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება არა მხოლოდ შეგონებები ოკეანის გაღმიდან, არამედ კონკრეტული საკითხებიც.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენისთანავე კულუარებში ვრცელდებოიდა ხმები, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ოპოზიციის მხარეს გადასულიყო. შესაძლოა, ამას ხელი იმ ფაქტმაც შეუწყო, რომ ივანიშვილმა მერაბიშვილი სხვებთან შედარებით პოზიტიურ კონტექსტში მოიხსენია, ხომ არ თვლით, რომ მისი გაპრემიერება სწორედ ამ ისტორიის გაგრძელებაა?

- ყოველ შემთხვევაში ასეთი საფრთხე, როგორც ჩანს, მთლად უსაფუძვლო არ არის ჩვენი პრეზიდენტისთვის. ბიძინა ივანიშვილი ეკუთვნის ადამიანთა იმ მცირე წრეს, რომელიც კარგად იცნობს მერაბიშვილს არა მისი პოლიციური მოღვაწეეობის შეფასებებით არამედ პიროვნული ხასიათიდან გამომდინარეც. არ მგონია, ივანიშვილს სჩვეოდეს სიტყვების ცაში გასროლა, ამდენად უსაფუძვლო მისი განცხადებები არ იქნებოდა. სწორედ ეს გახლავთ ერთ-ერთი არგუმენტი იმისა, რომ სააკაშვილს სურს, კიდევ უფრო ახლოს იყოლიოს მერაბიშვილი და არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას მასთან დაპირისპირება. ასეთი გაკვეთილი მან მიიღო უკვე ოქრუაშვილის გათავისუფლებით თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, ამიტომ, რაღაც გაკვეთილებს საკუთარი პრაქტიკიდან როგორც ჩანს, პრეზიდენტიც ითვისებს.