ვანო მერაბიშვილის შემცვლელად კულუარებში შაშკინსა და ახალაიას ასახელებენ

ვანო მერაბიშვილის შემცვლელად კულუარებში შაშკინსა და ახალაიას ასახელებენ

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს შს მინისტრის პოსტს, ასევე უცნობია ნიკა გილაურის პოლიტიკური კარიერაც.

აღნიშნული ცვლილების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია, თუმცა არსებული ინფორმაციით, კულუარებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინისა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას კანდიდატურები განიხილება, თუმცა ოფიციალური წყაროებით შაშკინისა და ახალაიას შესაძლო გამინისტრებაზე ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება.

ივანე (ვანო) მერაბიშვილი 1968 წლის 15 აპრილს დაიბადა სოფელ უდეში. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრია 2004 წლის დეკემბრიდან. 2002 წლიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი გენერალური მდივანი გახდა.

1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უმცროს მეცნიერ თანამშრომლად. 1995 წლიდანმიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟიშვილი.

1999 წელს მერაბიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2004 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს, 26 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა. ამავე წლის 7 ივნისი - 18 დეკემბერი - საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრია. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

2006 წელს მომხდარმა მოვლენათა ერთობლიობამ ეჭვქვეშ დააყენა მერაბიშვილის მმართველობა ახალ სამინისტროში. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნისთვის ოპოზიციის მთავარი საბაბი იყო, ვინაიდან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მინისტრი ეჭვმიტანილი იყო მკვლელობის ფაქტების დამალვაში.

სანდრო გირგვლიანი მკვდარი იპოვეს თბილისის გარეუბანში ინციდენტის შემდეგ, რომელსაც სამინისტროს მაღალჩინოსნები და ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ახალი სამთავრობო ცვლილებების შემდგომი დეტალების შესახებ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.