NDI-ის დელეგაციამ დღეს წინასაარჩევნო ანგარიში წარმოადგინა. მასში ნათქვამია, რომ მიუხედავად ცალკეული დემოკრატიული და ეკონომიკური მიღწევებისა, ისინი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დამატებით რეფორმებს ელიან.
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კვლავაც დგას უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევების წინაშე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის განვითარება დასავლეთთან ინტეგრაციის გრძელვადიანი კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა. მომავალი საპარლამენტო არჩევნები ამ მხრივ მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს“, - ნათქვამია ანგარიშში.
დელეგაცია იწონებს წინასაარჩევნოდ გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა, არჩევნებთან დაკავშირებული ახალი ინსტიტუტების შექმნა, მაგალითად, ასეთია ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია და კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი, ასევე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისია.
დელეგაცია დადებითად აფასებს ე.წ. მასთ ქერის ნორმების გათვალისწინებას, თვლის, რომ საარჩევნო რეფორმის სხვადასხვა საფეხურზე პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ჩართული იყო დიალოგსა და მოლაპარაკებების პროცესში, რასაც რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა. დელეგაცია ასევე მიჩნევს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცნობით, ამ დრომდე ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა გამჭვირვალედ და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით მიმდინარეობს.
NDI-ის დელეგაციის ანგარიშში შენიშვნები და რეკომენდაციები რამდენიმე მამართულებით არის გამოთქმული, მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, სრულად გამოიყენონ ახალი ფინანსური წახალისება, რომელიც პარტიულ სიაში ქალი კანდიდატების ჩასმას ეხება.
გარდა ამისა, იგრძნობა გარკვეული გაფრთხილებებიც - NDI პოლიტიკურ პარტიებს ფინანსების უკანონო ხერხებით მოპოვებისა და დახარჯვისგან თავშეკავებას ურჩევს.
როგორც დელეგაციის ანგარიშშია ნათქვამი, პარტიებს პოტენციურ ამომრჩეველზე არასათანადო გავლენის მოსახდენად ფულის, საქონლისა და მომსახურების გამოყენებისგან თავშეკავებაც მართებთ.
„პარტიებმა აქტივისტებს უნდა გააცნონ რეგულაციები, რომელიც ზემოაღნიშნულ ქმედებებს კრძალავს. პარტიებმა საარჩევნო კამპანიის ყველა მონაწილისთვის უნდა შეიმუშაონ, გამოაქვეყნონ და დაიცვან პარტიის ქცევის კოდექსი. კამპანიის ყველა მონაწილე პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებზე და ვალდებულია ნებისმიერი დარღვევის დოკუმენტირება მოახდინოს. პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა უნდა დაგმონ საკუთარი მომხრეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები და მათ ინციდენტების გამოძიების მიზნით თანამშრომლობისკენ მოუწოდონ. პარტიებმა ამომრჩევლებს საკითხებზე ორიენტირებული კამპანია უნდა შესთავაზონ და ხშირად მიიღონ მონაწილეობა კანდიდატთა შორის დებატებში. საარჩევნო კამპანიის დროს დაპირისპირებისას პოლიტიკურმა ლიდერებმა და კანდიდატებმა ამორჩევლებს მკაფიოდ უნდა განუმარტონ ამ დაპირებების შესრულების ფინანსური წყაროები“, - ნათქვამია ანგარიშში.
როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, მთლიანი ტექსტიდან თუ გამოვალთ, ავტორები აშკარად ცდილობენ, რომ შენიშვნები ჰქონდეთ დაბალანსებული.
„ჩვენ ყური დამძიმებული გვაქვს, თითქოს ხელისუფლების ბრალდებით, თორემ შედარებით იშვიათად, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებისგანაც ისმის საჩუქრებზე და ა.შ. საუბარი, გაუმჭვირვალობის საკითხი კი უშუალოდ ხელისუფლების მისამართით არის ნათქვამი. ივანიშვილის მიმართულებით გაუმჭვირვალობის თემა არ არის პრობლემა და გაუმჭვირვალობა ხელისუფლებასთან არის. მე მაინც მგონია, რომ შენიშვნა ორივე მიმართულებით არი, ს გაკეთებული, ცდილობენ რომ ორივე მიმართულებით თანაბრად გამოთქვან შენიშვნები, ეს მათი საყვარელი ბალანსის სტილია“- ამბობს საყვარელიძე.
ამავდროულად, დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დიალოგის თითქმის არარსებობის გამო.
„პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. უფრო მეტიც, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის ენა კამპანიის დროს ჯერ კიდევ გვხვდება.
ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის და კამპანიის თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ასევე, ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ გრძელდება“, - ნათქვამია ანგარიშში.
დელეგაციის წევრები მართალია, შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ოპონენტებს შორის კონსტრუქციული დიალოგი არ მიმდინარეობს, თუმცა, როდესაც ამ საკითხს აყენებენ, საეჭვო ხდება, რამდენად ზუსტად აქვთ საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო აღქმული.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის სახელიც კი არ უხსენებია, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ივანიშვილს პირად მტრად აღიქვამენ, სახელისუფლებო ტელევიზიები კი მისგან რუსეთის აგენტისა და მტრის ხატის შექმნას ცდილობენ, ასეთ შემთხვევაში, ოპონენტებს შორის კონსტრუქციული დიალოგის გამართვაზე, ალბათ, რთულია ლაპარაკი.
რამაზ საყვარელიძე: „რა თქმა უნდა, ჩემი აზრით რეალობა ზუსტად აღქმული არ არის და ეს მცდელობა - თანაბრობა, რომ არიქა, დაჯექით და მოილაპარაკეთ საარჩევნო პირობებზეო გაუგებარია. რა საარჩევნო პირობებზეა მოლაპარაკება, როცა ხელისუფლება მთელი სიგრძე-სიგანით იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, მოლაპარაკება ამას როგორ შეცვლის. ხელისუფლებას არც უნდა კანონის დაცვა და თუ კანონის დაცვა არ უნდა, მოლაპარაკების პირობებს დაიცავს?
რაც შეეხება ეთნიკური უმცირებობების თემას, მე ვერ გავიგე საიდან იყო ეს რეპლიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ აღებული, ვინაიდან საარჩევნო კამპანიაში სწორედ რომ ძალიან ფრთხილობს ამ საკითხთან მიმართებაში ორივე მხარე. მე ყოველ შემთხვევაში, არ შემინიშნავს რაიმე გადაცდენა ამ მიმართულებით და ვერ გეტყვით, რა მასალიდან არის ეს აღებული“.
NDI-ის წარმომადგენლები სოფელ მერეთში მომხდარ ინცინდენტსაც ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მიუკერძოებელი გამოძიება უნდა ჩატარდეს და დამნაშავეები კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯონ.
დელეგაცია მიიჩნევს, რომ პროცესის სამართლიანობის მიმართ საზოგადოების ნდობა შეუძლია, გაზარდოს შემდეგმა დამატებითმა ნაბიჯებმა: პარტიების დაფინანსება, მედია-გარემო, კანონმდებლობის ზოგიერთი დებულება და მისი აღსრულება, ამომრჩეველთა სიების სიზუსტე, საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაზრდა, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები და ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა.
NDI-ი კონტროლის პალატასაც აძლევს რეკომენდაციებს:
„საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამჭვირვალე, თანმიმდევრული და სამართლიანი პროცედურები უნდა შეიმუშავოს, გამოაქვეყნოს და დაიცვას, მათ შორის, გამოძიების (მონიტორინგის) შესახებ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროობა. ყველა გამოძიება (მონიტორინგი) უნდა იყოს სიღრმისეული და მიუკერძოებელი. მონიტორინგის პროცესის დროს თანამშრომლებმა მედიასთან განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ. უფრო მეტიც, პროცედურებში გაწერილი უნდა იყოს შემთხვევების მონიტორინგის პრიორიტეტულობის განსაზღვრის წესი. სამსახურმა საკუთარი საქმიანობის შესახებ მკაფიო, გასაგები ინფორმაციის მიწოდებისა და უფრო გამჭვირვალედ მოქმედების გზით, მისი მიკერძოებულ ორგანოდ აღქმა თავიდან უნდა აიცილოს.
კონფლიქტის შესახებ შთაბეჭდილების თავიდან აცილების მიზნით, სამსახურმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც სამსახურის თავმჯდომარე, არც მისი მოადგილეები და თანამშრომლები არჩევნებში კენჭს არ იყრიან, ან რომელიმე პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ“, - ნათქვამია ანგარიშში.
ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელია, როდესაც უცხოელები კონტროლის პალატა იქნება ეს, პროკურატურა, სასამართლო თუ პარლამენტი დამოუკიდებელ ინსტიტუტებად აღიქვამენ, მაშინ, როცა რეალურად ყველა უწყება მმართველ პარტიას ემსახურება.
რამაზ საყვარელიძე: „ამასწინათ ვნახულობდი „ფორიენგპრესს“, სადაც უცხოელი ჟურნალისტების სტატიებია ქართულად ნათარგმნი. იქ ჟურნალისტები საკმაოდ ადეკვატურად აღიქვამენ მომხდარს. გინდ ლობისტებით იყოს ეს გაკეთებული და გინდ სხვა მექანიზმით, ფაქტია, რომ რეალურად აღქმა შესაძლებელია.
მე მაინც მგონია, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ცდილობენ, თავი უფრო გულუბრყვილოდ წარმოაჩინონ და ნაკლები სირთულეები შეიქმნან თვითონ, ვიდრე ის, რომ ობიექტურ რეალობას ჩაწვდნენ ბოლომდე“.
NDI-ს ანგარიშში, ასევე, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაცია - საარჩევნო ოლქების გათანაბრების მიზნით, მათი საზღვრების ხელახალი დადგენის შესახებ.
არჩევნებისადმი ნდობის განმტკიცების მიზნით, დელეგაცია პარლამენტსა და მთავრობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
1. არჩევნების სამართლიანად ჩატარების ვალდებულება - ხელი შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებასა და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას. საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებსა და ნორმებს პატივი სცენ, რათა ყველა პროცედურა გამჭირვალე იყოს და საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდას შეუწყოს ხელი.
2. საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსება – კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის გამჭვირვალე, თანაბარი და კეთილგონიერი გამოყენება უზრუნველყონ. წინასაარჩევნო პერიოდში აღნიშნული საკითხის აქტუალურობისა და მის გარშემო არსებული დისკუსიის გათვალისწინებით, ხელისუფლებამ უნდა გადახედოს და განიხილოს დამატებითი ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა და ამით ნორმების თანაზომიერად აღსრულების თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების წუხილს უპასუხოს. ასევე, ჩვენი რეკომენდაციაა, საარჩევნო კამპანიის პერიოდში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, არჩევნების შემდეგ სააარჩევნო კამპანიისა და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის მრავალპარტიულ ფორმატში განხილვა მოჰყვეს.
3. მედიის ხელმისაწვდომობა - „Must Carry“ პრინციპის კანონმდებლობაში დანერგვა პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც მედიის ხელმისაწვდომობას საქართველოს ბევრი მოქალაქისთვის გაზრდის. „Must Carry“ პრინციპის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდამდე ამოქმედება, ასევე მისი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელების შესაძლებლობის განხილვა უნდა მოხდეს.
4. საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულებით ანგარიშვალდებულების გაზრდა - საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი დამოკიდებულია პროცესში ჩართულობაზე, გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობაზე. კანონის აღმასრულებლებმა, პროკურორებმა და სასამართლოებმა, ისევე, როგორც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საკუთარი მოვალეობა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ და საარჩევნო კანონმდებლობის, ამომრჩევლისა და კანდიდატების უფლებების დამრღვევ პირებს პასუხი აგებინონ. არჩევნებში მონაწილეებმა კანონს პატივი უნდა სცენ და სადავო საკითხები სასამართლოში გაასაჩივრონ“, - ნათქვამია ანგარიში.
ეს ყოველივე ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა, თუკი საქართველოში არსებული სურათი შედარებით დემოკრატიული იქნებოდა და კანონთან მიმართებაში ყველა თანაბარი იქნებოდა, მმართველი გუნდიც და ოპოზიციაც.
რამაზ საყვარელიძე: „ჩხუბი დისკომფორტია მაშინაც კი, როცა ჩხუბობ სიმართლისა და დემოკრატიისთვის და როცა სასწორზეა - საქართველოში ჩხუბი თუ დემოკრატია. შეიძლება, ჩვენი მეგობრები თვლიან, რომ დემოკრატია თუ მშვიდობიანად მოხდა, მათთვის უფრო სასარგებლო იქნება მშვიდად ყოფნა და შესაძლოა, დემოკრატიის დაცვაც ყოველთვის არ შედიოდეს მათ პირად ინტერესებში.
„მასთ ქერიზე“ მინიშნებული შენიშვნა რომ გასათვალისწინებელია, ეს ცხადია. კი ცდილობენ, რომ ორივე მხარეზე გადაანაწილონ შენიშვნები, მაგრამ არსად არ არის ისე, რომ ერთ მხარეს შენიშვნა იყოს და მეორე მხარეს არა. ყველგან ხელისუფლებასაც ეხება ნათქვამი და ოპოზიციასაც. შესაძლოა, ისეთი ნიუანსიც იყოს, რომლითაც უშუალოდ ხელისუფლებაზე აკეთებენ აქცენტს, მაგალითად, რომ მერეთის ინციდენტი რაც შეიძლება კარგად უნდა იყოს გამოძიებული. ეს რა თქმა უნდა, ხელისუფლების გასაკეთებელია.
ამ თანხმობის ფონზე დამრჩა შთაბჭდილება, რომ (ხშირად ხდება ეს, ეს იშვიათობა არ არის), ჩამოსული ექსპერტები ცდილობენ, არც მწვადი დაწვან და არც შამფური. მე მაინც მგონია, რომ ცდილობენ წარმოადგინონ ისეთი დებულებები და ისეთი პოზიცია, რომლის ფონზედაც მერე ორივესთვის ექნებათ სათქმელი, რომ ჭეშმარიტებას ვიცავდი და თქვენს მხარესაც ხომ ვთქვიო. ივანიშვილი თუ გაიმარჯვებს, იმ შენიშვნებს წამოწევენ წინა პლანზე, რომელიც სააკაშვილს ეხებოდა, თუ სააკაშვილი გაიმარჯვებს, იმ შენიშვნებს წამოწევენ წინა პლანზე, რომელიც ივანიშვილს ეხებოდა. ანუ, ჩამოვიდნენ ცოცხალი ადამიანები თავიანთი ადამიანური სიძლიერეებითა და სისუსტეებით, რატომ უნდა დაიცვან დემოკრატია ქვეყანაში, რომლიც მაცხოვრებლებიც თვითონ არ იცავენ დემოკრატიას და რატომ უნდა აიტკივონ აუტკივარი თავი“
NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას მხარს ცალსახად უჭერს.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებული განცხადების გაკეთებისთანავე მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ბრალდებების და საპასუხო თავდასხმების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. როცა მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები მოწინაღმდეგე მხარეებს შორის კვლავ დავის საგნად რჩება, NDI - ს მიერ ჩატარებული აზრის კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობა ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენას ცალსახად უჭერს მხარს“ - ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან აღნიშნულია, რომ ივანიშვილის მიერ მოქალქეობის აღდგენის წარუმატებული მცდელობის შემდეგ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია, რომლით სარგებლობაზეც ის უარს აცხადებს.
როგორც NDI-ს პრეზიდენტმა კენეთ ვოლაკმა აღნიშნა, ანგარიშის მომზადების პერიოდში მათ შეხვედრები გამართეს მმართველი გუნდისა და არჩევნებში მონაწილე ოპოზიცური პარტიების ლიდერებთან, ასევე, შეხვდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისის თავმჯდომარეს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, ამომრჩველეთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, არჩევნებზე დამკვირვებელ და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს.
როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, „უცხოელები ეცდებიან, რომ მინიშნებები გააკეთონ ყველა მიმართულებით, ოღონდ მინიშნებას გამოიყენებ თუ არა, ეს შენზეა დამოკიდებული. ისინი არ გააკეთებენ უფრო მეტ ზეწოლას ვიდრე მათი სტატუსიდან გამომდინარეობს. ისინი გადამწყვეტი ამ პროცესში არ იქნებიან, ყოველთვის ტოვებენ ადგილს იმისთვის, რომ თვითონ იყვნენ მხოლოდ მრჩეველები და გადაწყვეტილება მიიღოს ხალხმა“.