საზოგადოება არ დაუშვებს ახალ 1937 წელს

საზოგადოება არ დაუშვებს ახალ 1937 წელს

ხელისუფლების მხრიდან ფონდ „ქომაგის“ წინააღმდეგ წამოწყებული გააფთრებული ბრძოლა, როგორც ჩანს, კულმინაციას აღწევს. ფონდის ანგარიში დაარსების დღიდანვე დაყადაღდა, მაგრამ „ქომაგის“ ოფისში არ შეჩერებულა იმ ადამიანთა ნაკადი, ვინც ხელისუფლების მიზეზით აღმოჩნდა სრულიად უმწეო მდომარეობაში, პირდაპირი გაგებით, შიმშილის ზღვარზე. შექმნილ ვითარებაში ფონდმა მიმართა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, ყველა კეთილი ნების ადამიანს მსოფლიოში, რათა გვერდში დადგომოდნენ გასაჭირში ჩავარდნილ ოჯახებს და გაავრცელა განმცხადებელთა პირადი რეკვიზიტები.

გულისხმიერი ადამიანების მხრიდან მათს პირად ანგარიშებზე დაიწყო თანხების პირდაპირი ჩარიცხვა. აი, სწორედ ამას მოჰყვა სრულიად უკანონო, ანტიადამიანური კამპანია ხელისუფლების მხრიდან: დაყადაღდა პირადი ანგარიშები (მათ შორის, ზოგიერთი ის ანგარიშიც, რომელზედაც ადამიანები გროშიან საპენსიო დანაზოგებს ინახავდნენ), სამთავრობო ტელევიზიებმა ტელემაყურებელს ამცნეს „ახალი დანაშაულებრივი სქემის“ გამოაშკარავების შესახებ, დაიწყო ადამიანების დაბარება პროკურატურასა და „კუდში“. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გამომძიებლები დაჟინებით მოითხოვდნენ მოქალაქეებისაგან, ეღიარებინათ, რომ თანხა ევროპაში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციისაგან გადმოერიცხათ ფულის გათეთრების მიზნით.

აშკარაა, რომ სახალხო პროტესტის მასშტაბით შეშფოთებულ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია და სურს სრულიად აბსურდული, 1937 წლის მეთოდოლოგიით შეთითხნილი ბრალდებების გამოყენებით ფონდი „ქომაგი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს, მოახდინოს მისი ლიკვიდაცია და არ დაუშვას სახალხო სოლიდარობის პრეცედენტი მისგანვე რეპრესირებული, დამცირებული და საარსებო სახსარს მოკლებული ადამიანების მიმართ.

„ქართული აკადემია“ მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, მეგობარი ქვეყნების მთავრობებს, საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, ქართულ საზოგადოებას: ყველამ ერთად გამოვხატოთ პროტესტი ადამიანის უფლებათა ამ მორიგი უხეში დარღვევის გამო.

დარწმუნებულნი ვართ, რომ მოძალადე ხელისუფლების მცდელობა, დააბრუნოს 1937 წელი საქართველოში, სამარცხვინო კრახით დამთავრდება.