წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატიულობის მანტია მოირგოს, ხოლო ოპოზიცია, განსაკუთრებით „ქართული ოცნება“ მონსტრებად, მექრთამეებად და მოძალადეებად წარმოაჩინოს. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით ამის გაკეთება მათ ცოტა არ იყოს, უჭირთ, მაგრამ როგორც ჩანს საქართველოს საზღვრებს გარეთ ჩვენი ხელისუფლების ყალბი რიტორიკა მაინც ჭრის. ასეთი ვარაუდის საფუძველს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის მონათხრობი იძლევა. კერძოდ, წულუკიანი ამჟამად სტრასბურგში იმყოფება და ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ხვდება, რათა მათ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. როგორც თეა წულუკიანი სტრასბურგიდან გვატყობინებს, საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს წევრებს რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის და წულუკიანის მონათხრობიდან მათთვის ბევრი რამ სიურპრიზი იყო. ამიტომაც თეა წულუკიანი თვლის, რომ მის ამ ვიზიტს ევროპელების ინფორმირების თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
სტრასბურგში ვიზიტისა და იქ გამართული შეხვედრების შესახებ for.ge-ს თეა წულუკიანი ესაუბრება.
თეა წულუკიანი: ევროსაბჭოში არის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საზაფხულო სესია და ეს არის ბოლო სესია საზაფხულო არდადეგებამდე. აქ ჩამოვედი, როგორც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შეხვედრები მქონდა თვითონ საპარლამენტო ასამბლეის ყველა საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, ასევე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენმდივანთან და რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, შეხვედრა მქონდა მონიტორიგნის კომიტეტთან და ორ მომხსენებელთან. ესენი არიან დენიელი დეპუტატი იენსენი, და ლატვიელი დეპუტატი, რომელმაც სწორედ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ალბანელი დეპუტატი ისლამ კასტრიოტი შეცვალა.
ძალიან საინტერესო იყო აგრეთე ადამიანის უფლებათა კომისრის აპარატის წევრებთან შეხვედრა, ანუ კონკრეტულად იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე მუშაობენ. სულ დაახლოებით 12-მდე შევხედრა მქონდა, საიდანაც ერთი რამ ცალსახად გამოიკვეთა, - ევროპაში კარგად ხვდებიან, რომ საქართველო გზაგასაყართან დგას და ოქტომბრის არჩევნები ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭო ყველა წევრ ქვეყანაში ყველა არჩევნებს არ აკვირდება, მათ გადაწყვიტეს, რომ ამ არჩევნებს დააკვირდნენ. ერთადერთი დასანანი ასპექტი ამ სადამკვირვებლო მისიის იქნება ის, რომ ეს არ იქნება გრძელვადიანი მისია. იგი ორ ნაწილად დააჯგუფეს და თქვეს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში წინასაარჩევნო დასამკვირვებლო მისია ჩამოვა, რომელშიც ყველა საპარლამენტო ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. ამ ჯგუფში ჩასვეს ასევე ორივე მომხსენებელი, როგორც ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად იცის, რა ხდება ადგილზე.
გარდა ამისა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა 31-კაციანი ჯგუფი, რომელიც უშუალოდ არჩევნების დღის ბოლომდე დარჩება საქართველოში. იქ დაისვა კითხვა, თუ როგორ უნდა განაწილდეს ყველაზე ეფექტიანად ეს ჯგუფი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ სურვილი იყო (რაც მათ გადავეცი), რომ დამკვირვებლები თბილისზე არ იყვნენ კონცენტრირებულნი, რადგან თბილისში ამის საჭიროება ისეთი მწვავე არ არის, როგორც რეგიონებში. მე დავაყენე ორი რეგიონის საკითხი, შიდა ქართლის და სამეგრელოს და, როგორც ჩანს, მათ უკვე გააზრებული ჰქონდათ, რომ რეგიონები უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე დედაქალაქი.
სულ ბოლოს შევხვდი იტალიელ დეპუტატ ლუკა ვოლონტეს, რომელიც საქართველოში ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი უნდა იყოს. მან აღნიშნა, რომ რეგიონებს აუცილებად მიექცევა დიდი ყურადღება. იგი თავად ჯერ სექტემბერში ჩამოვა და შემდეგ - ოქტომბერშიც. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ მან ძალიან ინფორმირებულის შთაბეჭდილება დატოვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების პრობლემა არსებობს.
საერთოდ რამდენად ინფორმირებულები არიან ევრობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?
- მთლიანობაში ძალიან შემაშფოთა იმან, თურმე როგორ ინფორმაციას აწვდის ევროსაბჭოს კულუარებში ჩვენი ხელისუფლება ევროპელებს. პირველ რიგში გამოვყოფ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ახალგაზრდა თაობის პირდაპირი დისკრედიტაცია მიდის. ევროპელებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ეს ახალგაზრდები სოფელ-სოფელ დადიან და ამომრჩევლის მოსყიდვას ახორციელებენ და იქ მიშა მესხთან დაკავშირებული ცნობილი შემთხვევა დასახელდა. როგორც ჩანს, ჩვენმა ხელისუფლებამ ევროპელებს ამ შემთხვევის შესახებ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდა. მე მათ განვუმარტე, რომ ამ სამმა პირმა - მესხმა, ამაშუკელმა და ამბროლაძემ - შეცდომა დაუშვა, ამასთანავე ამბროლაძე სულ ორი დღის წინ იყო „ქართულ ოცნებაში“ მოსული.
ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ეს ახალგაზრდები „ქართული ოცნებიდან“ გავრიცხეთ და ისინი ამ გადაწყვეტილებით ძალიან დაინტერესდნენ, რადგან მათ თქვეს, რომ გარიცხვა თავისთავად იმას ნიშნავს, რომ ეს ახალგაზრდები „ქართული ოცნების“ მიერ მიცემული ინსტრუქციების შესაბამისად კი არ მოქმედებდნენ, არამედ თავად დაუშვეს ეს შეცდომა. ამდენად, როგორც ჩანს, ხელისუფლება ინფორმაციის მხოლოდ ერთ ნაწილს აწვდის ევროპელებს, რათა საკუთარი პოზიციები გაიმყაროს.
გარდა ამისა, ხელისუფლება ევროპელებს არწმუნებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერი მათზე დაკისრებულ ჯარიმებს იმსახურებენ, მაგრამ რამდენადაც მათ შევატყვე, ამის მაინცდამაინც არ სჯერათ და ცხადია, რომ ივანიშვილისთვის უკვე მერამდენედ გამოწერილი საოცრად დიდი ოდენობის ჯარიმა მათში გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
ყველაზე მეტად რამ გამოიწვია ევროპელების დაინტერესება?
- საერთოდ ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა დაისვა და მთელს ამ ისტორიაში ყველაზე მეტად „გლობალ TV“-ს საკითხით დაინტერესდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ეს კომპანია ივანიშვილმა კი არ დააფუძნა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, არამედ იგი 2005 წლიდან ფუნქციონირებს, წარმატებული ბიზნესია და ხელისუფლებამ „რუსთავი 2“ და „იმედი“ ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლის შემდეგ აიძულა „გლობალ TV“-ს ქსელიდან საკუთარი სიგნალის გათიშვა მოეთხოვათ. ამ ამბავმა ამ საკითხისადმი მათი სერიოზული დაინტერესება გამოიწვია, რადგან როგორც გითხარით, ხელისუფლებას მათთვის არასწორი ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული.
გამოდის, ევროპელებს აქამდე ეგონათ, რომ „გლობალ TV“ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დააფუძნა?
- შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მათ იცოდნენ ამბავი, მაგრამ არასრულად. მათ ჰქონდათ ის ინფორმაცია, რასაც კონტროლის პალატა ავრცელებს ხოლმე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი „გლობალ TV“-ს თავისი ინტერესების გასატარებლად იყენებს. მე მათ ავუხსენი, რომ ეს კომპანია 2005 წელს შეიქმნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ყველა ნაციონალურმა სატელევიზიო არხმა „გლობალ TV”-ს თავისი სიგნალის გათიშვა მოსთხოვა, რომ ამ კომპანიის მფლობელი არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ძმაა, არამედ რამდენიმე სხვა პიროვნებაც და მათ შორის ამერიკის მოქალაქე, რომელიც აეროპორტში დააკავეს იმისთვის, რომ კომპანიაზე ზეწოლა ამ მეთოდითაც მოეხდინათ. ეს არის ფაქტები და არა რაღაც შეფასებითი მსჯელობა და ამ ფაქტების შესახებ მათ ან საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია, ან ნაკლებად ჰქონდათ. როდესაც მათ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე, შეშფოთება გამოთქვეს, ასევე აღნიშნეს, იმისთვის, რომ არჩევნების ჩატარებას აზრი ჰქონდეს, გარემო კონკურენტული უნდა იყოს.
ამდენად, თქვენ ევროპელებს საქართველოში უკანასკნელ თვეებში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ?
- დიახ, ჩემი ფუნქცია სწორედ ის იყო, ხელისუფლებისთვის არ მიგვეცა საშუალება შეექმნათ მითი, რომ ოპოზიცია არის კანონდამრღვევი და ა.შ. რეალურად მათი მიზანი არის ის, რომ ისინი ქვეყნის გარეთ ქმნიან მითს და ცდილობენ იგი დამაჯერებელი იყოს. ჩვენი მხრიდან ამგვარი ვიზიტები სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ ქვეყნის გარეთ სრული სურათი ჰქონდეთ და ამბის ორივე მხარე იცოდნენ, რათა სწორი დასკვნები გააკეთონ.
გარდა ამისა, ეს უშუალოდ არჩევნებს არ ეხება, მაგრამ რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ელჩთანაც მქონდა შეხვედრა და ჩემი მიზანი ამ შემთხვევაში მათთან ენუქიძის და გირგვლიანის საქმის განხილვა იყო, რადგან მინისტრთა კომიტეტში, რომელმაც ჩვენს ხელისუფლებას ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება უნდა აღასრულებინოს, სხედან ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ან თუ ისინი არ ჩამოდიან, მაშინ მათ მაგივრად ელჩები ჩამოდიან. ამ ელჩებიდან რამდენიმეს შევხვდი, ამ საქმის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ. როგორც ჩანს, მათ ეს საქმე გაძლიერებულ კონტროლზე ჰყავთ ეს საქმე აყვანილი და საქართველოს ხელისუფლებისგან ელოდებიან უფრო დეტალურ გეგმას, თუ როგორ აპირებენ ამ საქმის თავიდან გამოძიებას.
თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებისგან მისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდება. რამდენად მოახერხეთ მთლიანად მოგეცვათ ის უწყებები, ვისთვისაც სასურველი იყო რეალური ინფორმაციის მიწოდება, ანუ რამდენად გასწვდა თქვენი ვიზიტი ამ ამოცანას?
- ის შეხვედრები, რაც ზემოთ ჩამოვთვალე სწორედ იმ ადამიანებთან მქონდა, ვისთავისაც საქართველოს შესახებ რეალური ინფორმაცია საჭიროა იმისთვის, რომ ამ ყველაფერზე რეალური წარმოდგენა შეექმნათ. მთელს ევროპაში არის სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობები - მემარჯვენეები, მემარცხეენი და ა.შ. ევროსაბჭოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ისინი საპარლამენტო ჯგუფებად არიან დაჯგუფებულები.
ჩემი ვიზიტის ფარგლებში ამ საპარლამენტო ჯგუფების ყველა ხელმძღვანელს შევხვდი, რაც იმას უდრის, რომ ჯგუფები უკვე ინფორმირებულები არიან, რადგან ჯგუფის ლიდერი შემდეგ ინფორმაციას ქვევით გადასცემს. ასევე მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენმდივანთან და მომხსენებლებთან, რომლებმაც უნდა დაწერონ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და თვითონ არჩევნები. ასევე შევხვდი მომავალი სადამკვირვებლო მისიის ხელმღძვანელს, რამდენიმე ელჩს და ადამიანის უფლებათა კომისიის აპარატის წარმომადგენლებს, ვინც საქართველოზე მუშაობს. ვინც, მაგალითად, უკრაინაზე მუშაობს, იმასთან შეხვედრა ჩემი მიზანი არც იყო, რადგან მათ ჩემი მიწოდებული ინფორმაცია არც გამოადგებოდათ. ამდენად, შევხვდი ყველა იმ პირს, ვისაც საქართველოს შესახებ ინფორმაცია სჭირდება.
ჩვენი ხელისუფლების ევროსაბჭოში წარმომადგენლებს მაინცდამაინც ბედნიერება ვერ შევატყვე, როდესაც მე იქ მხედავდნენ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა.
ევროპელებმა მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით რაიმე პოზიცია თუ დააფიქსირეს?
- ჩემს მონათხრობთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შემხვედრი შეკითხვები. ჩემს იქ ვიზიტს მერეთის ინცინდენტი დაემთხვა და რა თქმა უნდა, ამაზეც გავამახვილე ყურადღება. მათ არ ევალებათ შეფასებებების გაკეთება და ალბათ არც შეიძლება ჩემთან წინასწარი შეფასება გააკეთონ, ისევე, როგორც ალბათ არც ხელისუფლების წარმომადგენლებთან აკეთებენ შეფასებებს. ერთადერთი პოზიცია, რაც ამ ადამიანების ალბათ ასივე პროცენტმა გამოხატა იყოს ის, რომ რა აზრი აქვს თავისუფალ არჩევნებზე საუბარს, თუ წინასაარჩევნო პერიოდი არ არის გამჭვირვალე, მშვიდობიანი, თუ რეგიონებში მედია არ არის ხელმისაწვდომი და ა.შ.
ამასთანავე, ყველამ ღიად გამოხატა პოზიცია, რომ არჩევნები საქართველოსთვის დღესდღეობით არის ერთ-ერთი მთავარი თემა (თუ არა წამყვანი საკითხი). სხვათა შორის, აქ რომ დავაკვირდი, რა ინფორმაციას აწვდის ხელისუფლება ევროსაბჭოს წარმომადგენლებს, დავასკვენი, რომ ხელისუფლება ძირითადად საუბრობს რუსეთ-საქართველოს ომზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა ჩვენთვის, რადგან ოკუპანტი დღესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დგას, მაგრამ ხელისუფლება ცდილობს, რომ იქაური ორგანიზაციები სხვა თემებზე დააფიქროს. მე კი შევეცადე, რომ ამის გარდა სხვა თემებზეც ვაფიქრო ისინი და ომის თემამ არ გადაფაროს ყველა ის საკითხი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.