საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სამინისტროების შერწყმის პარალელურად რიგი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გაუქმებას არ გამორიცხავს.
კითხვაზე, სამინისტროების შერწყმასთან ერთად მოხდება თუ არა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების გაუქმება, დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, რომ „გაუქმება, ალბათ, მოსალოდნელია კონკრეტული სსიპებისა და ა(ა)იპ-ების და კონკრეტულის კი - არა“.
"ეს უკვე შემდგომი ნაბიჯია. ახლა ამ ეტაპზე მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბიუჯეტის პროექტმა უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაც სამთავრობო სტრუქტურებში იგეგმება.
"კონკრეტულად ამ მიდგომას გააჩნია თავისი პრაქტიკული დანიშნულება, თავისი ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ მოხდეს გარკვეული სამინისტროების გაერთიანება. რა თქმა უნდა, აქ არა მხოლოდ ხარჯების დაზოგვის მიმართულება და შიგთავსი უნდა დაინახოს საზოგადოებამ, თუმცა ამის გარდა ხარჯების დაზოგვასაც ექნება ადგილი. ჯერჯერობით ჩვენ ბიუჯეტის პროექტი არ დაგვბრუნებია. ბიუჯეტის პროექტმა უნდა ასახოს ის ცვლილებები, რაც სამთვრობო სტრუქტურებში იგეგმება. ოპტიმიზაციის ეს გამოცდილება საუკეთესო ევროპული პრაქტიკიდანაა მიღებული. სავსებით ვენდობით ჩვენ სამთავრობო ცვლილებებს და გუნდს. დარწმუნებული ვართ, მთავრობა ყველა იმ გეგმას განახორციელებს, რასაც "ქართული ოცნება" საზოგადოებას დაჰპირდა", - განაცხადა მათიკაშვილმა.