NDI-ს ანგარიში – რას გვეუბნება გურუ

NDI-ს ანგარიში – რას გვეუბნება გურუ

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI-მ) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიში წარმოადგინა, რომელიც მისურის შტატის მდივნის რობინ კარნაჰანის, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრის სემ გეჯდენსონის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელის პერ ეკლუნდის, NDI-ს პრეზიდენტ კენეთ ვოლაკისა და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის ლუის ნავაროს მიერ მომზადდა.

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდელი პერიოდის შეფასებისას NDI-ს დელეგაცია მივიდა დასკვნამდე, რომ ოქტომბრის არჩევნები საკმაოდ გაცხოველებული კამპანიით აღინიშნა და, რომ დამდეგი არჩევნებისთვის უკვე გაცილებით მეტი ფული იხარჯება, ვიდრე წინა წლებში. ამასთან, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად ჯარიმები და სანქციები ბევრად მეტია. თუმცა, NDI-ს შეფასებით, ეს ალბათ, განპირობებულია იმ მონიტორინგით, რასაც ახლადშექმნილი სტრუქტურები ახორციელებენ.

გარდა ამისა, დელეგაცია შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის კონსტრუქციული დიალოგის არარსებობის გამო; პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისგან მტრის ხატის შექმნა კი ჩვეულ პრაქტიკად იქცა. NDI-ს თანახმად, ინფორმაცია პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლისა და კამპანიის თანხების არასწორი ხარჯვის შესახებ, ასევე ბრალდებები საჯარო მოხელეების მოქრთამვის მცდელობისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ კვლავაც გრძელდება. უფრო მეტიც - NDI-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ “რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ კამპანიის დროს სიძულვილის ენა ჯერ კიდევ გვხვდება”. 

თუმცა, ერთი კია - NDI-ს დელეგაციის ანგარიშში რატომღაც სიძულვილის ენაზე გამახვილდა ყურადღება, მაშინ, როცა ყურადღების მიღმა დარჩა კონტროლის პალატის შერჩევითი სამართალი, კონკრეტული ფაქტები- ცხვრებითა და ღვინით ამომრჩევლის მოსყიდვა რუსთავის საკრებულოს წევრის მხრიდან, ასევე, მსგავსი  ფაქტები და ყველაფერ ამ ფონზე, ყოველ ჯერზე „ქართული ოცნების“ კოალიციის დაჯარიმების შესაშური ოპერატიულობა. ამ შემთხვევაში, NDI მხოლოდ ზოგადი რეკომენდაციებით შემოიფარგლა.

მოლოდინის მიუხედავად, კონტროლის პალატის საქმიანობის შეფასებისას NDI-ს წარმომადგენლები ზედმეტ თავშეკავებას იჩენდნენ. ამასთან, მიზეზად იშველიებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საგამომძიებლო ფუნქცია და, ამდენად, ვერ განსაზღვრავდნენ რომელიმე უწყების მიკერძოებულობას, თუმცა იმას კი აღნიშნავდნენ, რომ, „თუ სადმე გადაცდომა მოხდა, ეს გამოძიებული უნდა იქნას და ხალხის ნდობის მოსაპოვებლად ახლადშექმნილმა უწყებებმა გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და სამართლიანად უნდა იმუშაონ“.

მსგავს „რეკომენდაციებს“ ქართული საზოგადოება შეჩვეულია, თუმცა NDI-ს რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისთვის“ წევრი ირაკლი მელაშვილი დაუფარავად აცხადებდა, რომ კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების გაცილებით მეტი ინფორმირებულობაა საჭირო და მათ უნდა განემარტოთ დაჯარიმებებთან მიმართებით არსებული ცალმხრივობა. ირაკლი მელაშვილსაც ასეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ზეპირსიტყვიერად ძალიან თავშეკავებული იყო NDI-ს დელეგაციის პოზიცია.

„ნუ ველოდებით პირველივე დამკვირვებლისგან, რომ იგი აღმოჩენას გააკეთებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მიმართებით და მკაცრ დასკვნას დადებს. მათი მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. ჩემი აზრით, არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია კონტროლის პალატის ქმედებებთან დაკავშირებით“, - აცხადებს ირაკლი მელაშვილი. თუმცა დანარჩენ საკითხებში NDI-ს პოზიციას რეალისტურად მიიჩნევს.   

„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ეს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მხარეების მიერ გახმოვანებულ პოზიციას მოიცავდა და ამდენად, კონკრეტულ ფაქტებზე ყურადღება გამახვილებული არ ყოფილა. თუმცა აღსანიშნავია, რომ NDI-ს რეკომენდაციით, პრობლემატურად გამოიყო კონტროლის პალატის საქმიანობა და მათ მეტი გამჭვირვალეობისა და მათი მოღვაწეობის მეტად დასაბუთებულობისკენ მოუწოდეს. ასევე, აღინიშნა, ადმინისტრაციული რესურსების სათავისოდ გამოყენების შესახებაც. ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებულია.

რაც შეეხება დელეგაციის ანგარიშის დანარჩენ დეტალებს, მასში ასახული იყო, რომ ვარდების რევოლუციიდან რვა წლისთავსა და რუსეთ-საქართველოს ომიდან თითქმის ოთხი წლისთავზე ქვეყანა კვლავაც დგას უსაფრთხოებისა და ტერიტორიალური მთლიანობის გამოწვევების წინაშე, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პრაქტიკის განვითარება დასავლეთთან ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა. მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა გაღრმავების შესაძლებლობას წარმოადგენს.

როგორც NDI-ის სადამკვირვებლო მისიის დელეგაციის წევრმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, მთავრობისა და პარლამენტის ვალდებულებაა, ხელი შეუწყონ ყველა მხარის თანაბარ პირობებში ჩაყენებას და საარჩევნო კანონმდებლობის თანაბარ გამოყენებას, პატივი სცენ საარჩევნო კანონმდებლობის მიზნებსა და ნორმებს, რათა ყველა პროცედურა იყოს გამჭვირვალე და საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის გაზრდას შევუწყოთ ხელი. საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით კი, NDI-ის წარმომადგენლები მთავრობას ურჩევენ, უზრუნველყოს კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის გამჭვირვალე, თანაბარი და კეთილგონიერი გამოყენება.

აქვე NDI-ს დელეგაციის შეშფოთება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში განსხვავებული შეხედულებების მქონე ჯგუფებს შორის ძალადობრივმა ინციდენტმა გამოიწვია, რომლის მიუკერძოებელ გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯასაც ისინი მოელიან.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, დელეგაციის ანგარიშში ასახულია, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა, რამაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ბრალდებების და საპასუხო თავდასხმების ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, ეს მაშინ, როცა NDI-ს კვლევით, საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსისთვის მოქალაქეობის აღდგენას ცალსახად მხარს უჭერს.

 

ამომრჩეველთა სიების სიზუსტე საქართველოს მოქალაქეების მიერ დასახელებული საარჩევნო პრობლემაა, რაც NDI-ს კვლევითაც დასტურდება, თუმცა ისინი მიესალმებიან სიების პარალელურად დამდგენი ნებისმიერი კომისიის მუშაობას.

NDI-ში იწონებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მასწავლებელთა დათხოვნა, გარდა დისციპლინარული დარღვევებისა, დროებით აიკრძალა.

Must Carry-სთან დაკავშირებით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოს მოსახლეობას არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებამდე სატელევიზიო ფართო არჩევანი მიეცემა. მეტიც, Must Carry რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა განსაზღვრულ 60 დღეში არხებს პრობლემები არ შეექმნას. გარდა ამისა, NDI-ს რეკომენდაციაა, რომ Must Carry არჩევნების გამოცხადების პერიოდსაც უნდა მოიცავდეს.

ამასთან, NDI-ს რეკომენდაცია მიიღო მედიამაც. კერძოდ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესაბამისად, უნდა მოხდეს არჩევნების გაშუქება. რჩევები მიიღეს  პოლიტიკურმა პარტიებმაც - მაჟორიტარ კანდიდატებად, რაც შეიძლება, მეტი მანდილოსანი დაასახელონ და ფინანსების არასწორი მოზიდვისა და ხარჯვისგან თავი შეიკავონ. ასევე, დაიცვან შიდაპარტიული ქცევის კოდექსი და საკუთარი მომხრეების დარღვევებზე რეაგირება მოახდინონ, ხშირად მიიღონ მონაწილეობა დებატებში და მკაფიოდ განუმარტონ ამომრჩეველს დაპირების შესრულების რეალური ფინანსური შესაძლებლობა.

NDI-მ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოსკენ მთელი რიგი დამკვირვებლები მოეშურებიან, მათ შორის, „ოდირი“ და ეუთო ყველაზე დიდ სადამკვირვებლო მისიას მოავლენენ. ივლისში კი თავად  NDI-ს სადამკვირვებლო მისია გვეწვევა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე კი დამატებითი მისია ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ ეს სადამკვირვებლო მისიები საქართველოში წარმოგზავნილ სხვა მისიებთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ.

შეკითხვაზე, რამდენად თანაბარი გარემოა შექმნილი არჩევნებისთვის, როცა მილიონობით ლარით ჯარიმდება ბიძინა ივანიშვილი და მის კოალიციაში შემავალი პარტიები, NDI-ს წარმომადგენელთა პოზიცია თავშეკავებული იყო და მათ არც მწვადი დაწვეს, არც შამფური.

„არის ახალი ინსტიტუტები, რომლებიც, ჩვენი აზრით, პოზიტიური ნაბიჯია, მაგრამ ძირითად გამოწვევასაც წარმოადგენენ, რადგან მათ მოკლე ხანში წესები უნდა დანერგონ და საზოგადოების ნდობა მოიპოვონ. ამ ახალი ინსტიტუტებიდან ზოგიერთმა მათგანმა ნდობა უკვე მოიპოვა, ზოგიერთის მიმართ ნდობა არაა, განსაკუთრებით მათ მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ჰქონდათ ნაკლოვანებები“.