მინდა სამძიმარი გამოვთქვა ქუთაისში, პარლამენტის უდღეური შენობის მშენებლობაზე დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ.
„ადამიანები“-მეთქი, რომ ვთქვი, შეცდომით არ მითქვამს – მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფლიდი ხელისუფალი მხოლოდ ერთ გარდაცვლილზე საუბრობს, ასე მგონია, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია და თანდათან შემოგვაპარებენ. თუმცა, თუ გაუვიდათ, საერთოდ გადამალავენ კიდეც გვამებს. ეს ხომ სააკაშვილის ავაზაკურ ხელისუფლებას საკმაოდ ეხერხება…
საქართველოში, უბედური შემთხვევები ხდება და ხალხიც იღუპება.
ლამის ისევე, როგორც სხვაგან…
მაგრამ საქართველოში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან, არასოდეს ქვეყნის ხელისუფლება პასუხს არ აგებს იმაზე, რაც ხდება. მაშინაც კი, როდესაც მათი ბრალეულობა აბსოლუტურად ზედაპირზე ძევს, მიხეილ სააკაშვილს და მის ავაზაკთა ბანდას, რომელიც თავის თავს საქართველოს მთავრობას უწოდებს, ჰყოფნის უტიფრობა, ყველაფერზე მოიხსნას პასუხისმგებლობა და ყველაფერი სხვას გადააბრალოს. ხოლო თუ ამისათვის ფაქტების გაყალბება არის საჭირო, ამაზეც უკან არ იხევს.
გაიხსენეთ, როგორ მოკლეს ზურაბ ჟვანია და რა გვითხრეს ვანო მერაბიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა – რომ თურმე ეს გაზის გაჟონვის ბრალი იყო (მაშინ, როდესაც იმ ღამეს ავარიის გამო საბურთალოს იმ უბანში გაზი საერთოდ გათიშული იყო!), რომ თურმე ორმა ადამიანმა ისე ივახშმა, რომ არცერთ ნივთზე არცერთი ანაბეჭდი არ დატოვა! რომ თურმე რაულ იუსუპოვი ცალი ფეხსაცმლით იყო „მისული“ იმ ბინაში! რომ ექსპერტიზის ჩამტარებელი ლევან სამხარაული რამდენიმე დღეში თურმე 20 წლის უნახავმა მისმა ბავშვობის მეგობარმა მოკლა, და მერე ერთდროულად ორი პიტოლეტით თავიც მოიკლა! საქართველოს მთავრობის მესვეურებმა თავისი მასწავლებელი და უფროსი მეგობარი გაასაღეს, გამოძიება არ დაუმთავრებიათ, გამოძებაში არსებული ეს და მრავალი სხვა ფაქტები დღემდე თეთრ ლაქებად რჩება და ეს ყველაფერი იყო და არის იმის საწინდარი, რომ როცა დანაშაულის დამეგმავი, შემსრულებელი და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი დაუსჯელია, დანაშაული გაგრძელდება და გამრავლდება…
გაიხსენეთ, როგორ დახოცეს ათეულობით ახალგაზრდა ქუჩაში… თითოეულ მათგანზე როგორ აყალბებდნენ რეალობას – როგორ იძლეოდნენ ჩადენილ დანაშაულის ეჭვის საბაბით ეჭვმიტანილების ადგილზე განადგურების უკანონო ბრძანებას, როგორ უთვლიდნენ დანაშაულის განზრახვას უკვე დანაშაულის ჩადენად და ადგილზე ხვრეტდნენ, როგორ დებდნენ პოლიციის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდათა გვამების გვერდით იარაღს არაკაცები მათი ბრალეულობის შესათითხნად… არცერთ ამ შემთხვევაზე ხელისუფლებას პასუხი არ უგია და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გირგვლიანის საქმეზე დაკისრებული 50,000 ევრო რომ გადაიხადა, ისიც დაგვამადლა, ხოლო ხელახალი გამოძიების მოთხოვნა ფეხებზე დაიკიდა… ამიტომ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ეს შემთხვევა არ უნდა იქნას კლასიფიცირებული, როგორც უბედური შემთხვევა და/ან გაუთვალისწინებელ შემთხვევითი ქმედების შედეგი. და როცა სასამართლო ასეთი ტიპის უსერიოზულეს და რეციდივის ხასიათის მქონე კრიმინალს არ იძიებს, ეს სრული გარანტიაა, რომ უდანაშაულო ხალხის მკვლელობები გაგრძელდება…
გაიხსენეთ, რუსთავი2-ის „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევა, რომელიც ქალაქის მერმა კატასტროფიდან რამდენიმე საათში საათში მოინახულა და თავისი „ავტორიტეტული დასკვნაც“ დადო. ხოლო მალევე მისულმა პრეზიდენტმა ათი დღის ვადაში ყველაფრის სრული გამოძიება მოითხოვა (რასაც 40 დღე დაჭირდამ, რადგან საჭირო ვერსიის შეთითხვნა და რეალობის ჩაფარცხვა არ აღოჩნდა ადვილი). თუმცა მას მერე, რაც გავიგეთ, რომ მშენებლობას გიგა ბოკერიას ცოლისდის რუსუდან ჩერგოლეიშვილის, და დავით კეზერაშვილის ცოლის – სოფიო ჩიქოვანის ფირმა – „არტიქსი“ აწარმოებდა, საზოგადოებისთვის გასაგები გახდა, რომ არც ამ ფირმას და არც მის მესვეურებს სააკაშვილის „ჯიბის მართლმსაჯულება“ არ დასჯიდა, მიუხედავად იმისა, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა. http://www.youtube.com/watch?v=5JUAKcMv4gs . საქმის მასალების ჟურნალისტური შესწავლით დადგინდა, რომ რუსთავი2-ის ორი მემონტაჟის – გიორგი გაბუნიას და ნიკა გელაშვილის სიკვდილი მართლაც უკანონოდ და არასწორად ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია. http://www.youtube.com/watch?v=G3mUZO5mvoQ . შუაღამისას შენობის ჩამონგრევიდან რამდენიმე საათში ქალაქის მერმა გიგი უგულავამ უკვე „იცოდა“, რომ „მზიდ კედლებთან შეხება არ ყოფილა და არტიქსი უბრალოდ კოსმეტიკურ რემონტს ატარებდა“. http://www.youtube.com/watch?v=-W40qwmgURk. ეს თითიდან გამოწოვილი განცხადება უგულავას მხოლოდ იმიტომ დაჭირდა, რომ ხელისუფლების პირების ცოლების და რუსთავი2-ის ხელმძღვანელობის დანაშაული დაეფარა. როცა ასეთი რამ ხდება, ეს არის სრული გარანტია, რომ მსგავსი მოვლენები გამეორდება! და უდანაშაულო ადამიანების დაღუპვისათვის სამსახურებრივი მოვალეობის და კანონების დამრღვევი მაღალჩინოსნები ისევ არ დაისჯებიან.
გავიხსენოთ საქართველოს ციხეებში მარტო ბოლო წლის განმავლობაში გარდაცვლილი 140-ზე მეტი პატიმარი, რომელთა შორის ზოგიერთს აშკარად წამების ან უყურადღებობის გამო სიკვდილის კვალი ეტყობოდა! და ის შემთხვევები, როდესაც ადამიანები პოლიციის შენობებში გარდაიცვალნენ საკმაოდ უცნაურ გარემოებებში, რომელთა სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ეწინააღმდეგება! http://www.youtube.com/watch?v=HxNEVMqrNa8 ომბუდსმენის და უფლებისდამცველ ორგანიზაციათა განცხადებები კი რჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა… განა გასაკვირი იქნება, რომ საქართველოს ციხეებსა და პოლიციის შენობებში საიდუმლო ვითარებებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობამ კიდევ უფრო იმატოს?
გაიხსენეთ სულ ახლახანს თბილისში მოსული წყალდიდობის შედეგად მიყენებული მრავალმილიონიანი ზარალი და ხუთი გარდაცვლილი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. ხელისუფლებამ მთლიანად აიცილა პასუხისმგებლობა, ყველაფერი დააბრალა მოულოდნელ წვიმას, მიუხედავად იმისა, რომ აშკარა იყო თბილისის მერიის სრული უმოქმედობა, სანიაღვრე სისტემების და წყლის კოლექტორების სრული უწესრიგობა, ხოლო ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების უკონტროლო ხარჯვა და ფლანგვა. მაშინ, როდესაც მრავალი თვითმხილველი და ექსპერტი ფიქრობს, რომ ორთაჭალაში ხალხის დაღუპვა და მასიური ნგრევა შეიძლება ხელოვნური ტბის გასაწმენდი კოლექტორის უწესრიგობის შედეგად ტბის გადმოსვლის და წყლის მოვარდნის შედეგი იყო, ისევ ღამის 4 საათზე ისევ გააკეთა კომენტარი ყველაფრის ექსპერტმა გიგი უგულავამ, რომელმაც დაგვამშვიდა, ტბის ბრალი ნამდვილად არაფერია, ეს ხალხს მოეჩვენა, სინამდვილეში მტკვარი გადმოვიდა ნაპირებიდანო! როგორც პირველ – „ვარსკვალვების აკადემიის“ ნგრევის შემთხვევაში ცრუობდა უგულავა, ისე – ახლაც. მისი სასწრაფო გამოჩენა კატასტროფის ადგილზე, სწორედ იმას ემსახურება, რომ დანაშაულის კვალი წაიშალოს, რადგან ახლაც სწორედაც რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნის დაფარვას ისახავდა მიზნად – ტბა თურმე კახა ბენდუქიძის საკუთრება ყოფილა… როგორც მაშინ, ახლაც ხელისუფლების მთავარი საზრუნავია დანაშაულის ადგილზე არ დაუშვას მიუკერძოებელი ჟურნალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საქართველოს ხელისუფლების მარადიული საზრუნავი ხომ რეალობის დამახინჯება და გაყალბებაა… სააკაშვილმა ყასიდად კი გამოთქვა მწუხარება და იქვე აღნიშნა, ბარაკები უნდა დავანგრიოთ ყველგანო. იმავე საღამოს კი სასწრაფოდ სლოვენიაში გადაფრინდა, სადაც ბედნიერი სახით ფეხბურთის ტრიბუნაზე ყელყელაობდა, ხოლო მეორე დღეს მილანის ცენტრში უძვირფასეს საათების მაღაზიებში „იშოპინგა“…
დაბოლოს, ყველას გვახსოვს, როგორ და რითი დაიწყო ქუთაისის უდღეური პარლამენტის მშენებლობა. დაიწყო აბსოლუტურად უმეცარი და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით, რომ უნდა მომხდარიყო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მონუმენტალური ძეგლის – მერაბ ბერძენიშვილის „დიდების მემორიალის“ დემონტაჟი რათა იქ საქართველოს პარლამენტი აშენებულიყო! ამას დაემატა სულსწრაფი ავანტიურისტი უზურპატორის დაჟინებული მოთხოვნა, რომ მემორიალის დემონტაჟი ქუთაისში მის ჩასვლამდე, ანუ 19 დეკემბერს უნდა მომხდარიყო (თუმცა დემონტაჟისათვის სამუშაოების მწარმოებელი ფირმა კიდევ ერთ კვირას ითხოვდა). ასაფეთქებელი სამუშაოების სასწრაფოდ დაგეგმვას და არასათანადო სიფრთხილის ზომებით განხორციელებას კი მოჰყვა უდანაშაულო მსხვერპლი. თავისი საცხოვრებელი სახლის წინ დაიღუპა დედა-შვილი ჯინჭარაძეები. http://www.youtube.com/watch?v=rC9HgaVwc18&feature=related
მიხეილ სააკაშვილმა კი მთელი პასუხისმგებლობა სწორედ იმ კომპანიებს გადააბრალა, რომელზეც ხელისუფლება სასწრაფოდ აფეთქების ჩასატარებლად ზეწოლას ახორციელებდა, მაინც არ მოიკლო მემორიალის დანგრევით გამოწვეული სიხარულის აღნიშვნის სიამოვნება და მერე ქუთაისიდან ბათუმში წავიდა კონცერტის ჩასატარებლად. ვერაფერი ვერ უფუჭებს ხასიათს მიხეილ სააკაშვილს, პირიქით, როცა რაიმე უბედურებას – ომს, სიკვდილს, მიწისძვრას, სტიქიურ უბედურებას – შეესწრება, სასწრაფოდ უნდა გადაეშვას ქეიფსა და დროსტარებაში, სექსუალური, შოპინგის ან გასტრონომიული ჟინი უმდა მოიკლას, რათა ამით დაივიწყოს მისთვის უსიამოვნო წუთები და ის მოგონებებიც ჩარეცხოს, რომლებზეც პასუხისმგებლობას არავითარ შემთხვევაში არ აიღებს. მგონი, კანონად აქცია, რომ რაც უფრო დიდი ტრაგედია ხდება მისი გამოისობით, მით უფრო მეტად თავაშვებული ორგია უნდა მოიწყოს, რომ ჰედონიზმის ზეიმით მოიშოროს ხალხის მწუხარებით მოგვრილი მუცლის გვრემა…
ახლა კი ბოლო ტრაგედიას დავუბრუნდეთ და იქნებ გამიგოთ, რატომ მგონია, რომ ქუთაისში მსხვერპლი მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორც მას ყოველთვის ჩვევია, კატეგორიულად უარყოფდა ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე მომხდარ ტრაგედიას, შემდეგ ჭირმა თავი არ დამალა და მიხეილ სააკაშვილმა ოპერატიულობაში თავად დაასწრო თავის ყველა მორჩილად გაჩუმებულ ურნალისტს და ინფორმაცია გაავრცელა. (ვფიქრობ, იმიტომ, რომ ამ გავრცელებულ ინფორმაციაში საკმაო ოდენობითაა სიყალბე)
„საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანაში წლების განმავლობაში არ ყოფილა მსგავსი მასშტაბების მშენებლობა, მაგრამ “მშენებლობების დროს უსაფრთხოების ყველა წესი დაცული უნდა იყოს”.
“საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ამხელა მასშტაბის მშენებლობა, რაც ბოლო წლებში საქართველოში მიმდინარეობს, თან ეს ხდება ამდენი წლის არაფრის კეთების, უმუშევრობის ფონზე, მაგრამ მეორეს მხრივ, მე ყოველდღე ვურეკავდი რამაზ ნიკოლაიშვილს, და არა იმიტომ, რომ მეგონა, ვერ დაამთავრებდა დროზე, ვიცოდი – რომ მოასწრებდა… არამედ იმიტომ, რომ უსაფრთხოება მაწუხებდა და ვეუბნებოდი, რამაზ, შეხედე უსაფრთხოების წესებს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა ასევე პირველი კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისას ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვაზეც. მისი თქმით, პირველ საავადმყოფოში არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. “განათება არ იყო, ღობე არ იყო, ელემენტარული წესები არ იყო და ეს ტელევიზორიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.“ ეს განაცხადა მოსწავლეებთან შეხვედრაზე. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა ტრაგედიის შესახებ, მიხეილ სააკაშვილს არ მოსვლია აზრად მოსწავლეებთან შეხვედრა გადაედო და ტრაგედიის ადგილზე გადაფრენილიყო…
როგორ გგონიათ, რითი ინტერესდებოდა სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი რამაზ ნიკოლაიშვილთან საუბრებში? ეს წინადადება ხომ გადაბრალების ტიპიური ნიმუშია. ხომ ყველას კარგად გვახსოვს, როგორ პირდაპირ ემუქრებოდა სააკაშვილი იმ პირებს (მათ შორის ნიკალიშვილს – პირდაპირ ინფარქტით!), რომლებიც ტყავს არ გაიძრობდნენ და მის ულტიმატურ ხუშტურს 26 მაისს პარლამენტის სხდომის ქუთაისში ჩატარების შესახებ არ აასრულებდა? http://opinion.ge/?p=12188
ხომ გვახსოვს, იმ დროს, როცა მთელი საქართველოს სტიქიურ უბედურებათა ტალღამ გადაუარა, მხოლოდ ქუთაისის პარლამენტის შენობის დასრულება (ან – მიფუჩეჩებული და მოჩვენებითი დასრულება!) იყო საქართველოს ხელისუფლის მთავარი საზრუნავი და სატკივარი! ასე რომ, ძალიან თეთრი ძაფით არის ნაკერი სააკაშვილის დღევანდელი „აღიარება“, რომ თურმე ის უსაფრთხოებაზე იყო გადაგებული და ნიკოლაიშვილს ამაზე აფრთხილებდა. ყველას გვახსოვს, სინამდვილეში რაზე „აფრთხილებდა“ სააკაშვილი ნიკოლაიშვილს. გასაგებია, რომ სააკაშვილი მემორიალის აფეთქების მსგავსად, ახლაც ეცდება სამშენებლო კომპანიის წვრილფეხობას გადააბრალოს დანაშაულზე ბრალი… თუმცა, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ახლა თურმე მშენებელი კომპანია საკუთარივე „მაგი სტილია“! ვითომ დასჯიან კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კერძო ბიზნესს? თუ ისევ უგულავა გამოვა და დაგვარწმუნებს, არც არაფერი მომხდარა, იმ მუშებს კოლექტიური ინფარქტი დაემართათ და ხარაჩოებიდან იმიტომ ჩამოვარდნენო? არაა გამორიცხული იმის მცდელობა, რომ პარლამენტის შენობიდან დაღუპული გვამები სხვა ადგილებზე დაღუპულებად გამოაცხადონ და ამით „მსხვერპლის დივერსიფიკაციის“ ოპერაცია ჩაატარონ… ხომ აშკარაა, რომ ქუთაისის საავადმყოფოების ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ ინფორმაცია დამალონ! სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მოახერხა ჩამოეყალიბებინა არა მარტო ნაგავი ურნალისტები, არამედ ნაგავი ექიმი-ადმინისტრატორებიც, რომლებიც გაყალბების გროსმაისტერებად იქცნენ.
ძვირფასო ქუთაისლებო! ჩემო საყვარელო ხალხო! გაიგეთ, რომ ეს ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი, და მისი დანაშაულებრივი რეჟიმი არის ჩვენი ქვეყნის სახადი… ყოველი დღე, რომელსაც ეს ხალხი ხელისუფლებაში ატარებს, არის ახალი მსხვერპლის, ახალი ტრაგედიის და ახალი უბედურების საწინადარი!
უპასუხისმგებლო ავაზაკების ბანდა, რომელიც მხოლოდ თავისი დანაშაულების კვალის ჩაფარცხვითაა დაკავებული, ვერასდროს ვერ მოგვიტანს ვერც სიმშვიდეს და ვერც ბედნიერებას!
სისხლზე და დანაშაულზე დამყარებული „პროგრესი და ბედნიერება“ არ არსებობს! სისხლიან ადგილზე, უდანაშაულო დედა-შვილის სისხლზე ფუძეჩაყრილი უდღეური პარლამენტის შენობა ახალი უბედურების საწინდარი რომ იქნებოდა, ამას ბევრი წინასწარმეტყველებდა.
თუ არ გვინდა, რომ ჩვენთვის საყვარელი ადამიანები, მთელი საქართველო – ერთი კრიმინალი ავანტიურისტის და მისი დამნაშავე ბანდის მსხვერპლი გახდეს, გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ არ გვინდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხს სასიკვდილოდ იმეტებს და არასდროს არაფერზე პასუხს არ აგებს!
მჯერა, რომ 10 ივნისს ყველა ის ქუთაისელი, რომელსაც თავისი ოჯახის ბედნიერება უნდა, გამოვა და ერთად ჩაახედებს სააკაშვილს იმ სარკეში, სადაც მისი სიმახინჯეები პირუთვნელად ჩანს.
2292
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85