დაახლოებით 7 თვის წინ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენიდან მალევე, გამოვაქვეყნე სტატია „ცუგცვანგის პირას“ – http://solomonternaleli.wordpress.com/2011/10/12, რომელიც დღემდე ყველაზე პოპულარულ სტატიად რჩება თქვენი მონა-მორჩილის ბლოგზე. სტატიაში ვწერდი, რომ იმ მომენტისათვის ორივე დაპირისპირებული მხარე ცუგცვანგის სიტუაციაში აღმოჩნდა, ნებისმიერი სვლა უფრო წამგებიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვიდრე, გარკვეულწილად – უმოქმედობა. დრომ დაადასტურა, რომ მართალი აღმოვჩნდი და მოიგო იმ ოპონენტმა, რომელმაც უფრო მშვიდი, გაწონასწორებული და შეიძლება ითქვას, ერთი შეხედვით, გარეგნულად ნაკლებეფექტურიც კი, კამპანია აწარმოა.
ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავდით ხელისუფლების სუპერაქტიურ ქმედებებს, რომლებიც თავისი საკმაოდ მტკივნეული უნდა ყოფილიყო ახალბედა პოლიტიკოსისთვის, ხოლო მეორე მხრივ საზოგადოებას თითქოს იმედი გაუცრუვდა – ბიძინა ივანიშვილი არ აღმოჩნდა მიშას დარი კაშკაშა, ექსტრავაგანატური და ცეცხლოვანი პოლიტიკოსი.
რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ გადადგა და ის შედეგები, რაც მათ მოიმკეს:
ა) საბანკო სფეროში დღემდე არნახული, დრაკონული კანონმდებლობის შემოღება, რომლის განხორციელებისას ქვეყნის ეროვნული ბანკი პროკურატურის ავანგარდად იქცა და ფიქტიური გაკოტრებების და ქონების ფიქტიური გადაფორმებების წყალობით ივანიშვილის ქართუ ბანკიდან 200 მილიონი ლარის აქტივების აორთქლებას შეუწყო ხელი. როდესაც ქონების ეს უკანონო ექსპროპრიაცია განახორციელა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სასწრაფოდ გააუქმა კანონი, რომელმაც საქმის შემსრულებელი მავრის როლი უკვე ითამაშა. ნებისმიერ სხვა ოპონენტს ასეთი საშინელი ფინანსური დარტყმა გაანადგურებდა. ნებისმიერ სხვას, ოღონდ… ივანიშვილმა ეს დარტყმა გადაიტანა, ბანკში დამატებითი აქტივები ჩადო და ვითომც არაფერიო, ისე გააგრძელა საქმიანობა. ამით ხელისუფლებამ სერიოზული უკუდარტყმა მიიღო. პოლიტიკა ძალიან ჰგავს აიკიდოს. და თუ მოწინააღმდეგის სერიოზულ ზეწოლას დროულად გამოეცლები და ხელსაც მიაყოლებ, იგი საკმაოდ იოლად შეიძლება საკუთარ მოძრაობაზე წამოიკიდო და დასცე… განხორციელებული „ოპერაცია“ ვერ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური, რომ ივანიშვილის ფინანსური იმპერია დაემსხვრია, ან ივანიშვილს პოლიტიკურ ზრახვებზე ხელი აეღო! სამაგიეროდ, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რა მასშტაბის კრიმინალურ ქმედებებში მიიღო მონაწილეობა ხელისუფლების ოთხმა სხვადასხვა შტომ: ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურმა პოლიციამ, პარლამენტმა და თავად პრეზიდენტმა. დამერწმუნეთ, რომ ხელისუფლებას ჯერ კიდევ წინ აქვს იმ უარყოფითი დივიდენდებით „ტკბობა“, რასაც მათ ასეთი ავანტიურა მოუტანს. ის, რაც სააკაშვილმა ჩაიდინა, მხოლოდ რობერტ მუგაბეს მსგავს „პოლიტიკოსებს“ თუ შეიძლებოდათ, ჩაედინათ. ხოლო რისი „შუქურის“ იმიჯი აქვს მსოფლიოში რობერტ მუგაბეს, ამაზე ლაპარაკი არ ღირს. თუმცა იმის გახსენება კი საჭიროა, რომ ერთ დროს მუგაბეც პროგრესულ პოლიტიკოსად ითვლებოდა, ასე რომ ნუ ეგონებათ ნაცმოძრაობის აპოლოგეტებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ჯორჯ ბუშის პერიოდში მოპოვებული „ნომინაციები“ ათწელულებს და საუკუნეებს გასწვდება. მარშალმა ბეტანკურმაც კარგად დაიწყო, მაგრამ როგორ დაამთავრა, თავადაც მშვენივრად მოეხსენება… (ყოველ შემთხვევაში დოჩანაშვილის უბადლო მცოდნედ ასაღებს თავს)
ბ) ხელისუფლებამ კონტროლის პალატა, რომელიც ისედაც არაფერს აკეთებს ბოლო წლებში თავისი ძირითადი დანიშნულების – საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტურობის შესამოწმებლად, გადააქცია ოპოზიციის ჯიბის მაკონტროლებელ და მისი ფინანსური დაწიოკების მთავარ სუპერინსტრუმენტად. შეიქმნა აბსოლუტურად გაუმჭვირვალე მონსტრი ორგანიზაცია, რომელსაც სათავეში მორიგი „მომხიბვლელი მუტანტი ქალბატონი“ ჩაუყენეს (საერთოდ ნაცმოძრაობის მუტანტი ქალბატონების როლი საქართველოს დაქცევაში მომავალში არაერთი საინტერესო კვლევის საგანი გახდება, ალბათ). მართალია, ქალბატონ მოგელაძის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ მოკვლევაში შეიძლება მართლაც იყოს გარკვეული ლოგიკა, მაგრამ ჯერ ერთი ეს ლოგიკა კვაზიეჭვიანობის ნიშნითაა დაღდასმული, და თან, რაც ყველაზე საინტერესოა, ქალბატონი მოგელაძე (რომელსაც მოსწრებულად „ქ-ნი მოგელანდე“ შეარქვეს) იმ მასშტაბის ცალ კარში თამაშს ახორციელებს, რომ ეს უტიფრობის ყველანაირ „ნორმებს“ ცდება. აშკარა გახდა არა მარტო კონოტროლის პალატის მხრიდან ფინანსური კონტროლის ეს პოლიტმიკერძოებული ფორმა, არამედ ისიც, რომ როცა ჯერ კიდევ ოქტომბერში ხელისუფლებამ საარჩევნო მიზნებით გამოყენებულ ფინანსურ რესურსებზე მკაცრი რეგულაციები დააწესა, და ოპოზიციურ პარტიებს სარეკლამო ხარჯების სახელმწიფო ჯიბიდან გადახდასაც რომ დაჰპირდა (ოღონდ ძალიან ხელმომჭირენდ და იმის გაფრთხილებით, – „ამაზე მეტი არ შეგიძლიათ თავად დახარჯოთო!“) – პარტიათა შორის მანამდე არსებული ფინანსური უთანაბრობის („სახელისუფლებო პარტიას უნდა ჰქონდეს გაცილებით მეტი სახსრები, ვიდრე ყველა ოპოზიციურ ძალას ერთად აღებულს!“) სტატუს-ქვოს შენარჩუნებას ემსახურებოდა. სააკაშვილის ხელისუფლების „ოქროს წესი“ ასეთია – თუ რეალურად ოპოზიციური პარტია სერიოზულ ფულს ხარჯავს, ეს უნდა შეიზღუდოს, ხოლო სახელისუფლებო პარტია ბევრ ფულს არც დახარჯავს, ამას მის მაგიერ თავად ხელისუფლება გააკეთებს ლოზუნგით „ჩვენ ყოველთვის ხალხზე ვზრუნავთ!“ საარჩევნო პერიოდში მოსახლეობისათვის საჩუქრებს დაარიგებენ არა პარტიული მუშაკების ქურქში გამოწყობილი ხელისუფლები, არამედ ხელისუფლების ქურქში გამოწყობილი პარტიული ბონზები, რაც მომენტალურად მათი ქმედების „გაპრავების“ საფუძველი ხდება… ყველაფერი გათვლილია, როგორც ეს ყოველთვის იყო სააკაშვილის და ნაცმოძრაობის ისტორიაში. მაგრამ არის ერთი მაგრამ… როცა ნათია მოგელაძემ ქართული ოცნებისაგან 5 მილიონზე მეტი ამოიღო, ხოლო მსგავს სიტუაციაში ნაცმოძრაობისაგან – მხოლოდ 90,000, როცა ქართული ოცნების 200-ზე მეტი მხარდამჭერი მთელს ქვეყანაში ერთდროული ეროვნული კრიმინალური ოპერაციის მსგავსად სასწრაფოდ დაიბარეს და არნახული ჩხრეკა და დაკითხვა მოუწყვეს, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ „ქართული ოცნების“ გაზეთები დაარიგეს, ან ამ კოალიციას საოფისე ფართი მიაქირავეს, ხოლო ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირების სახელებიც კი არ გაახმაურეს… როცა არსებობს დოკუმენტური მასალებით დამტკიცებული ფაქტები, როგორ ურიცხავდნენ ნაცმოძრაობას ათეულ ათასობით ლარს იმ პირთა სახელით, რომელთაც ვალები აქვთ და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობენ, და არაფერი იცოდნენ საკუთარი „ქველმოქმედების“ შესახებ, და ნათია მოგელაძის, (ახ, როგორი პრინციპული!) უწყება ამით არ ინტერესდება, ამით ხომ ძალიან აშკარა ხდება ამ ცალკარშიმოთამაშეთა „პრინციპულობის“ მოტივი?! მოკლედ, ნათია მოგელაძემ აშოვნინა მიშას და ნაცმოძრაობას კიდევ რამდენიმე მილიონი ლარი და კიდევ უფრო გაათახსირა მათი ისედაც ჩამოლაბორანტებული რეიტინგი. შედეგად მივიღეთ ის, რომ არასამთავრობო სექტორმა ძალიან მკაცრად და პრინციპულად აიმაღლა ხმა და უკან დაახევინა ხელისუფლებას იმ აბსოლუტურად დისკრიმინაციულ და ანტიკონსტიტუციურ საკითხში, რომელიც „პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული“ (ეს რაღა ჯანდაბა იყო?) ფიზიკური პირების გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავდა და მათ ფინანსურ დისკრიმინაციას ისახავდა მიზნად. ამ ნაბიჯით დაიწყო სულ უფრო გაფართოებადი მოძრაობა „ეს შენ გეხება!“, რომელიც საკმაოდ წააგავს 2003 წლის მთავრობის გასაკონტროლებლად ჩამოყალიბებულ არასამთავრობოთა ალიანსს. საინტერესო დამთხვევა ისაა, რომ ამ მოძრაობას სულ უფრო კოჰერენტულად უერთდება ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციათა და დიპკორპუსის ხმები. ის, რომ ამის გასახმოვანებლად პირველად ამერიკის ელჩმა ფეისბუქის გვერდი აირჩია, სადაც „მოგელანდეობით“ შეშფოთება გამოხატა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოცდილი დიპლომატის პირადი აზრი იყო… უფრო მეტიც, ამით აშკარა გახდა ის, რაც ქვეცნობიერად ისედაც ვიცოდით – რომ მიშას ჯერ ტკბილად და საიდუმლოდ უთხრეს, შუქურა ასე არ უნდა ბრჭყვინავდესო, მერე ხმამაღლა და გასაგონად გაუმეორეს, არჩევნებს როგორც ჩაატარებ, „იმას მოგიცხებთ პირზეო“, მერე ელჩმა ფეისბუქზე დაწერა ოპოზიციური პარტიების შესაზღუდად მიმართული კონტროლის პალატის ეს „შემოქმედება“ ძალიან მაშფოთებსო, მერე სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ უფრო კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა, ახლა ელჩი უკვე გაზეთ „რეზონანსში“ წერს საკმაოდ ღიად და უკვე დაუფარავად, თანაც უკვე ერთ კონკრეტულ საკითხზე კი არ არის შეშფოთებული, არამედ მრავალზე – ციხეებში პატიმრების მდგომარეობიდან, ოპოზიციაზე ზეწოლიდან და სასამართლო დამოუკიდებლობიდან დაწყებული, და მედიის სამთავრობო კონტროლირებით დამთავრებული. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ ელჩი, რომელიც, სამთავრობო კორიფეების აზრით, რუმინეთის ელჩზე მეტად არ უნდა ლაპარაკობდეს და თავისთვის ჩუმად ჩემოდანს უნდა ალაგებდეს, უკვე რეკომენდაციებსაც იძლევა და თან რა რეკომენდაციებს! რომ საქართველოში საკაბელო კომპანიები განურჩევლად ყველა ლიცენზირებულ ტელევიზიას უნდა აძლევდნენ მათი პროგრამის ჩართვის საშუალებას. რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს და ვინმეს ახირებით არ უნდა ხდებოდეს რეგიონებში მოსახლეობის აზრის და სიმართლის წვდომის კონტროლირება და მოდელირება!
გ) არადა, ამ მხრივაც – მედიის კონტროლის კიდევ უფრო გასაძლიერებლად – როგორ აქტიური იყო ხელისუფლება, რამდენი იღვაწა?! ეროსი „მაესტროს“ ღობეზე, „მაესტროსათვის“ უკანონოდ დღემდე წართმეული ოფისი და აპარატურის ნაწილი, მფლობელებისათვის წართმეული „გურია ტვ“ და „პირველი სტერეო“, უნიათო მენეჯმენტისათვის საეჭვო ვითარებაში და საეჭვო ქონებრივი გაცვლის სქემებით გადაცემული ბათუმის „25-ე არხი“, სერიოზული პრობლემების შექმნა გორში ტელეკომპანია „თრიალეთისათვის“, და რაც მთავარია, არნახული წნეხი „გლობალ-ტვ“-ზე და იმ მოსახლეობაზეც კი, რომელსაც „გლობალ ტვ“-ის ანტენა აქვს დამონტაჟებული… 21-ე საუკუნეში იმ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლება თავს „დემოკრატიის მიმდევრად“ და ლამის შუქურად თვლის, ხალხს აშინებენ პენსიის და დახმარების წართმევით, რომ უარი ათქმევინონ ინფორმაციის მიღების თავისუფლებაზე! ამით სააკაშვილის ნაცმოძრაობა ცინიკურად ეუბნება ხალხს (ძირითადად, რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც აქამდე წრეგადასული სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლი იყვნენ და ალტერნატიულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა) – „თქვენ რომ გაიგოთ, რა ცუდადაა საქმე ქვეყანაში, თქვენ არასოდეს არ მოგივათ თავში ჩვენთვის ხმის მოცემა, ამიტომ თქვენ არ უნდა უყუროთ იმ ტელევიზებს, სადაც სიმართლეს დაგანახებენ! თუ მაინც გაბედავთ, ჩვენ მოგიხსნით დახმარებას, პენსიას და სხვამხრივადაც სამაგალითოდ დაგსჯითო!“
დ) დაბოლოს, თავად პრეზიდენტის გამოუცხადებელი საარჩევნო კამპანია. ეს რაღაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ იყო. პრეზიდენტი, როგორც Duracell-ის კურდღელი შეუჩერებლივ დარბოდა მთელ საქართველოში, ხსნიდა საავადმყოფოებს (ხშირად დღეში 2-3-ს), სპორტულ დარბაზებს, გვირაბებს, სასადილოებს და სუპერმარკეტებს, გამოაცხადა ლაზიკიზაცია და ყოველგვარის გეგმის გარეშე დაიწყო ჭაობში მშენებლობა, მერე შარდენიზაციაც არ მოიკლო!.. ხშირად თავს იწონებდა კიტრებით („10 წელი ირანულ კიტრებზე ვიჯექით, ახლა საკუთარი გვაქვს“…), მაპზე უკეთესის კიდე უფრო გადასარევით!.. ბათუმის უნივერსიტეტით, რომლიც 35-ე სართულზე (ვაუ!) ეშმაკის ბორბალი იქნება (ავოიეეე!), ხოლო იმის ზევით ბიბლიოთეკა და კაფეტერია, რომ სტუდენტებმა ჯერ იკითხონ და მერე „იჭამონ“… მსოფლიოში საუკეთესო ჯანდაცვით, რომელიც თურმე პრომეთესავით მოსტაცა „იმათ“ და ხალხს „მოუყვანა“ (ეტყობა აერია, რომ ეს პრომეთე იყო სულიერი, და არა – ცეცხლი და ჯანდაცვა), განათლების რეფორმით, (რომელსაც ახლა მარტო ორი მეციხოვნე მინისტრ/მოადგილე და ათასობით მანდატური კი არა, უკვე გამოცდებს და ხარისხსაც მთლიანად პოლიციელები აკონტროლებენ (ამაზე ქვემოთ), და ყველგან, სადაც საჯდომს ველოსიპედზე დადებდა, ელანდებოდა, რომ სწორედ ეს ადგილი უნდა ყოფილიყო ბათუმის მომავალი: ბარსელონა, დუბაი, მონტე-კარლო დაბოლოს – მიჩიგანის ტბის სანაპირო – აი, ის რასაც აერთიანებს ბათუმი სეროჟას სიზმრებში…
მოკლედ, ეს იყო გრანდიოზული ცანცარის რვათვიური კარგად ნაცნობი სიმღერით „ფიგარო ზდეს, ფიგარო ტამ“! საქმე იქამდე მივიდა, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ წარმოუდგენელი სერიოზულობის ნიღბიანი უტიფრობით განაცხადა, ხომ იცით, მე ყველაფერს შეგისრულებთ, რამეთუ, რაც აქამდე დაგპირდით, ხომ ყველაფერი შევასრულეო…
ამის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მხოლოდ რამდენჯერმე მისცა ინტერვიუ, რამდენჯერმე შეხვდა ხალხს რეგიონებში, და ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა დიპლომატებთან. სამაგიეროდ გაიხსნა 60-მდე რეგიონული ოფისი, კოალიციის წევრები რეგულარულად ხვდებიან რეგიონების მოსახლეობას და ყველა შეხვედრა დიდი ინტერესის ფონზე ტარდება, ზოგიერთი მათგანი საერთოდ გადასახლდა კიდეც რეგიონებში, რითაც იქაური მოსახლეობის იმედი კიდევ უფრო გაიზარდა, უკვე ყოველკვირეულად გამოდის გაზეთი „ქართული ოცნება“, რომლის ტირაჟმა 130,000-ს მიაღწია, ამოქმედდა და რეგიონებთან საინტერესო კოორდინაცია დაიწყო ახლადგახსნილმა მე-9 არხმა, რომელიც სწრაფად იკრებს ძალას, სულ უფრო იზრდება რეგიონებში „გლობალ ტვ“-ს და სხვა სატელიტური არხებით გადაცემული ამ ტელევიზიისა და „მაესტროს“ მაყურებელთა რიცხვი… მოკლედ, თუ შევადარებთ სახელისუფლებო და წამყვანი ოპოზიციური შტაბების მუშაობას, ერთ მხარეს იყო ხარაბუზების და ბუზანკლების ფანტასმაგროიული ბზრიალ-ბზუილი და ფეირვერკობანა და მეორე მხარეს – ფუტკრების ენერგიული, თუმცა – ნაკლებ შესამჩნევი საქმიანობა. გამოსავალიც და ხალხისთვისა სარგებელიც სწორედ ისეთივეა, როგორც ბუზების და ფუტკრების შემტხვევაში. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როგორც მოსახლეობაში, ისე განსაკუთრებით უცხოელ დიპლომატებსა და მედიასაშუალებების მხრიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის უფრო ნაკლებხმაურიანი, მაგრამ უფრო სერიოზული მუშაობა მეტ ინტერესს იჩენს (გამონაკლისია ბატონი ნავარრო, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციაზე მეტად ლაზიკა აინტერესებს, რადგან ნაცმოძრაობის ხელიხელ საგოგმანებ „ფილდ-მუშაკებს“ ენდობა და ჰგონია, რომ ესაა ქართველი ხალხის პრიორიტეტი…)
მაგრამ მოვიდა მომენტი, როდესაც რაოდენობრივი ცვლილებები თვისობრივში გადაიზარდა და მოწმენდილ ცაზე მეხიც გავარდა…
ეს მოჰყვა 2თვიან საკონსტიტუციო ჭინთვებს, რომელიც ხელისუფლებისთვის საკმაოდ კატასტროფულად – აბორტით დამთავრდა!
წარმოიდგინეთ, რა ენერგია ჩააქსოვეს მმართველი გუნდის და მასთან ასოცირებული ფსევდოპოზიციის როგორც უტვინოებმა (ნუგზარ წიკლაურმა, კობა ხაბაზმა, აკო მინაშვილმა, პადოშა თორთლაძემ), ასევე ტვინიანებმა (გიორგი თარგამაძემ, პალიკო კუბლაშვილმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა) იმაში, რომ ეს აბსოლუტურად დეგენერატული, და ნებისმიერი სახელმწიფოსათვის მიუღებელი და უზნეო ცვლილებები რამენაირად გაეთეთრებინათ!.. ჯერ 3 წელი უნდა ყოფილიყო საქართველოში ცხოვრების ცენზი, მერე – ჯამურად 10 წელი, მერე ბოლო 10 წელი და მერე, როცა ივანიშვილმა საკმაოდ აუღელვებლად სხვათაშორის თქვა, „მე რომ 10 წელი არ მიცხოვრიაო?“ სამთავრობო გუნდმა უკვე მეორე მოსმენით მიღებული კანონი სულ კბილების ღრჭენით „ჩაასწორა“ და 5 წელი დასწერა… ხან იმას იძახდნენ, ჩვენ ერთი კაცის გულისთვის კანონს ვერ შევცვლითო… მერე ერთი კაცის გულისთვის კანონი კი არა – საერთოდ კონსტიტუცია შეცვალეს… ხან თურმე ორი ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლებოდა პარლამენტის წევრი ყოფილიყო, ბოლოს კი გამოვიდა, რომ „ხელისშემშლელი ფაქტორი“ საქართველოს მოქალაქეობა ყოფილა (არა, ეს დემეტრაშვილი მაინც რამ გაათახსირა ასე, რომ პროფესიონალი კაცი ამას ყველაფერს კვერს უკრავს?) და რომ სულაც ევროკავშირის მოქალაქეს თურმე უნდა შეეძლოს არამცთუ პარლამენტარობა, არამედ საქართველოს უმაღლესი მმართველის ნებისმიერი პოსტის (მათ შორის პრეზიდენტის და მთავარსარდლის) დაკავება!
და ამის შედეგად ივანიშვილმა, საკონსტიტუციო ჭინთვების დასრულებიდან ზუსტად 50 წუთში (!) გააკეთა განცხადება – ეგ თქვენი უზნეო და ამორალური, აბსოლუტურად დეგენერატული ცვლილებები ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია და მაგ ცვლილებებით მე არ ვიმოქმედებო!!!
ეს იყო სწორედ ის პირველი ქიში, რაც ივანიშვილმა ხელისუფლებას გამოუცხადა და ამით იგი კატასტროფულად მძიმე სიტუაციაშია ჩააგდო!
ქართულ პოლიტიკაში არც ისე ბევრია მაგალითები, როდესაც პოლიტიკური ძალა მისთვის გაკეთებულ გამონაკლისზე უარს ამბობს! ივანიშვილმა ამ ნაბიჯით მორალური სილა გააწნა სააკაშვილის ხელისუფლებას და უთხრა – ეს თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც მუდმივად კონსტიტუციას ჭრის და კერავს, მაგრამ მე თქვენი ამ მიუღებელი ნაბიჯის შედეგით სარგებლობას არ ვაპირებო. დაახლეობით ეს იგივეა, ქურდი რომ სხვას ნაქურდალის გაყოფას შესთავაზებს და პასუხად უარს მიიღებს – მე ნაქურდალს არ გეახლებითო. თანაც, რომ აეცილებინა თავიდან იმაში ბრალდება, რომ სპეციალურად ასე მოიქცა, და გამოუვალი სიტუაცია შექმნაო, ივანიშვილმა იქვე მიუთითა შესაძლებელ უკეთეს გამოსავალზე – პრეზიდენტს უთხრა, ნუ ჩაიდენ უკანონობას, ნუ მოაწერ ხელს ამ აბსოლუტურად მიუღებელ და უგვან ცვლილებას და თანახმა ვარ, იმ გზით წავიდე, რასაც შენი ლაქიები მუდამ მიკიჟინებდნენ – ეს გზა უნდა აგერჩიაო: თავმდაბლად გთხოვო ორმაგი მოქალაქეობის თავიდან მონიჭებაო. ეს კი სააკაშვილს ისევ გამოუვალ სიტუაციაში აყენებს – მას არც უარის თქმა უნდა (ეტყობა, ვიღაცეებისთვის დაპირება აქვს მიცემული, ივანიშვილს საარჩევნო პროცესში სრულუფლებიანი მონაწილეობის უფლებას მივცემთო) და არც ის უნდა დაადასტუროს, რომ ივანიშვილის წინადადებას დაჰყვა, და ამით თარგამაძის მიერ გახმოვანებული საკუთარი გენიალური მიგნებაც დაასაფლავოს.
სააკაშვილმა ამ ქიშისაგან ნორმალურად დამალვა ვერ მოასწრო (არც ამერიკაში და არც შემდეგ არ უთქვამს, მოაწერს თუ არა ხელს მკვდრადშობილ საკონსტიტუციო ცვლილებებს). რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ახალი ქიში გამოაცხადა.
ეს იყო 27 მაისის მიტინგი. მინდა გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ამ მიტინგის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ხელისუფლებამ ჯერ ან ვერ გაიაზრა, ან გაიაზრა, მაგრამ თავზარდაცემული თავის თავსვე ვერ უმხელს.
1) ეს იყო პირველი მიტინგი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაატარა და შეიძლება ითქვას, რომ თბილისის აქამდე ჩატარებული მიტინგებიდან მას მხოლოდ ერთი შეიძლება შეედაროს – 2008 წლის იანვრის იპოდრომის მიტინგი, ხოლო რუსთაველზე მობილიზებული ხალხის რაოდენობის მხრივ, იგი ალბათ უპრეცედენტო იყო. 110 ათასი სულაც არ არის მაქსიმალური ციფრი მიტინგზე დამსწრეთა ოდენობის შეფასებაში, რომელიც საკმაოდ ობიექტურ გაზომვებს კი ეყრდნობა, მაგრამ არ ითვალისწინებს იმას, რომ როცა ეს გაზმოვები ჩატარდა, ხალხი რუსთაველიდან თავისუფლების მოედნისაკენ ჯერ კიდევ მოდიოდა.
2) ეს იყო ერთერთი იმ იშვიათ მიტინგთაგანი, როდესაც რაიონებიდან ხალხი შეგნებულად არ ჩამოსულა! ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა თბილისის მხარდამჭერთა მუხტი გაეზომა და გაზომა კიდეც. ხოლო თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ არსებული შიშის ფაქტორის გამო დაახლოებით 2-3 ამდენი ხალხი კიდევ სახლში დარჩა, ეს იმას ნიშნავს, რომ თბილისში ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიცხვი თბილისის აქტიურ (საარჩევნო ხმის მქონე პირთა) მოსახლეობის 50%-ს უკვე უნდა ამეტებდეს.
3) ათეულათასობით ადამიანის მსვლელობა დედაქალაქის სამი წერტილიდან თავისუფლების მოედანზე და იქაური შეკრება ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ხელისუფლებამ სპეციალურად გააფრთხილა პატრული, რომ ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიეღოთ(!!!). ეს გაუთვალისწინებელ პრობლემებს ჰქმნის. მაგალითად ცენტრალური ქუჩების გადაკეტვისას იქ მოძრავ მძღოლებს, რა თქმა უნდა, პრობლემები ექნებათ და გაღიზიანებულები ცდილობენ კორდონი გაარღვიონ. მსგავსი პრობლემები უფრო ნაკლებ მოსალდნელია, თუ ქუჩის გადაკეტვას პატრული ახორციელებს. ხელისუფლების ეს შედარებით მცირე სიდამპლეც სწორედ ამაზე იყო გათვლილი, რომ სხვადასხვა ადგილზე დაპირისპირებები მომხდარიყო. თუმცა იმ დღეს, როცა ახლობელს ველოდებოდი, მომიწია სწორედ იმ ადგილზე გაჩერება 10-15 წუთი, საიდანაც მანქანებს უკან მიბრუნება უხდებოდათ და დაახლოებით 30-40 მანქანიდან არ ყოფილა არც ერთი მძღოლი, რომელსაც სერიოზული დაპირისპირება და კამათი მოსვლოდა აქციის მონაწილე მიტინგის ახალგაზრდა ორგანიზატორებთან, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ ყველა აზიარებდა მიმდინარე პროცესის მნიშვნელობას. ასევე აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მერიამ აქციის შემდეგ არც დასუფთავების სამსახურის მანქანები გამოგზავნა, რაც მათი მოვალეობაა, მიუხედავად ამისა, აქციაში მონაწილე ახალგაზრდებმა ძალიან სწრაფად და კვალიფიციურად მოახერხეს მიტინგის ნარჩენებისაგან და ნაგვისაგან თავისუფლების მოედნის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა. ITV-ის და რეალ-TV-ის ურნალისტების გულდასაწყვეტად, რომლებიც იმ დღეს მხოლოდ იმაზე იყვნენ გაფაციცებულები, “ქართული ოცნების” ძირს დავარდნილი დროშა ენახათ და მსხვილი პლანით გადაეღოთ…
4) იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება სააკაშვილთან შეხვედრებზე უკვე არასრულწლოვანების და მასწავლებლების გაკვეთილებიდან მოხსნასა და მანქანებით გადაყვანაზე გადავიდა, ხოლო პროფესიულად გაერთიანებულ ჯგუფებს (მასწავლებლებს, ექიმებს, მეწარმეებს) შეხვედრებამდე სახელობითი სიების გადაგზავნას თხოვს, „ქართულ ოცნების“ მიტინგზე ხალხი საკუთარი სურვილით მივიდა, ამისათვის მხოლოდ ორი რამ გახდა საკმარისი – ბიძინა ივანიშვილის თხოვნა და ის მძიმე სოციალური მდგომარეობა და ხელისუფლებისადმი აბსოლუტური იმედგაცრუება, რაც დღეს სრულიად ნათელი მოცემულობაა.
5) სააკაშვილის მომხრეები თავიანთ შეხვედრებს უკიდურესი კონფიდენციალობის პირობებში ატარებენ. შეხვედრებზე დარგის სპეციალისტებს შესაბამისი მინისტრები კი არ ხვდებიან (თუმცა რამდენად არის დიმიტრი შაშკინი განათლების სფეროს „შესაბამისი“, ეს მეორე საკითხია!), არამედ მერაბიშვილი, უგულავა, გილაური, ბაქრაძე… ვანო მერაბიშვილი დემონსტრატიულად ზურგს აქცევს ქართველ ჟურნალისტებს და პასუხის ღირსადაც არ თვლის, რომ ახსნას, ვის და რა საკითხზე ხვდება. შეხვედრებზე შემთხვევით ჟურნალისტებს ძალის გამოყენებით ატოვებინებენ დარბაზებს, ართმევენ და უშლიან ფოტო და ვიდეო-მასალას, აყენებენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას. შეხვედრის ადგილებად არჩეულია რესტორნები, ხშირად შეხვედრები საღამოობით ტარდება…(მოგელაძე კი ამ ყველაფერს ვერ ამჩნევს, სათუთი!) ნაცმოძრაობის მხრიდან ამ ნეობოლშევიკური მეთოდების და „აქტივთან“ დახურული შეხვედრების საპირისპიროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ქვეყნებისათვის დამახასიათებელ შეხვედრებს ატარებს, სადაც ყველას შეუძლია შესვლა, მათ შორის პროსახელისუფლებო ურნალისტებსაც.
6) ბიძინა ივანიშვილის სიტყვა იყო სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოც და უცხოეთიც, სამწუხაროდ, მიაჩვია. არ ყოფილა ყვირილი, თვალების ბრიალი, უაზრო შედარებები და ტერმინები, აშკარა დაბოლებები, ნერვული ცახცახი. ივანიშვილი ხალხს დაჰპირდა საყოველთაო დაზღვევას, სამართლიანობის აღდგენას, მოვალეების კრიზისის გადაწყვეტას, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის რეფორმირებას… სავარაუდოდ, იყო მხოლოდ ერთი ფაქტობრივი შეცდომა, რომ დედათა და ბავშვთა სიკვდილობით საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პირველია და რასაც ქორივით ჩააფრინდა ხელისუფლების მოჩითული ვარსკვლავი თამარა ჩერგოლეიშვილი, რომელსაც რატომღაც მიშას აბსოლუტურად ყალბ და ფანტასმოგორიულ „სტატისტიკაზე“ რეაქცია არ აქვს ხოლმე… რამდენადაც ვიცი, საქართველო პირველი მართლაც არ არის, თუმცა „საპრიზო სამეულში“, მგონი, უნდა იყოს) და ორჯერ საკმაოდ სუსტი მცდელობა აუდიტორიისაგან „ბიძინა, ბიძინას!“ სკანდირება დაეწყოთ, რასაც მრავალათეულათასიანი თავყრილობისაგან და არც ბიძინა ივანიშვილისაგან მხარდაჭერა არ მოჰყოლია. იყო გარკვეული მოლოდინები, რომ ივანიშვილი დაასახელებდა რაიმე კონკრეტულ ციფრს, მაგალითად, ვრცელდებოდა ჭორები 300 ლარიან პენსიაზე, 4 თეთრიან დენსა და 6-თეთრიან გაზზე…არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე, გამართლებული მგონია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დეტალიზაციას თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ საქართველოში ხელფასიც, პენსიაც და დახმარებაც უნდა იყოს ისეთი, რაც ა) მეტი იქნება მინიმალურ საცხოვრებელი დონზე და ბ) საშუალებას მისცემს ამ ადამიანებს, თავი ირჩინონ, ხოლო დასაქმებულებმა – ოჯახები შეინახონ. … ჯერ ერთი, თუ ბიძინა ივანიშვილი რომელიმე ციფრს (მაგ. პენსიას) დაასახელებდა, მაშინ სხვები გულდაწყვეტილი დარჩებოდნენ , რომ მათთვის საინტერესო ციფრი დაუსახელებელი დარჩა, ხოლო მოხსენება, ძალიან თუ გაიწელებოდა, არ ივარგებდა. და მეორეც, ბიძინა ივანიშვილს აქვს უნიკალური უნარი (რაც წლების განმავლობაში მის უანგარო ქველმოქმედებას უკავშირდება), უფრო მეტი მოლოდინი გააჩინოს თუნდაც დეტალების გარეშე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს შეუძლია „სწორუპოვრად გაწერილი“ დეტალური სქემის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი. რადგან სააკაშვილს ნდობის რეიტინგი ძალიან დაბალი აქვს, ხოლო ივანიშვილს – ძალიან მაღალი. ივანიშვილი სიტყვის კაცია, ხოლო სააკაშვილი – სიტყვის მრავალჯერ (ლამის – ყოველთვის!) გამტეხი. ნუ ახლა იმას არ ვგულისხმობ, პარლამენტს გავხსნი 26 მაისსო, რომ დაჰპირდება ერს, და მერე ხალხს ეგვიპტელი მონებივით ქანცგაწყვეტამდე რომ ამუშავებს, რათა ფიქტიურად მოჩვენებითი დამთავრების იმიჯი შექმნას, რისთვისაც შენობას დროებით უხარისხო პლასტმასის ფილებით ხურავდნენ და არა – რეალურად საჭირო მინით… კიდევ ერთიცაა, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ბიუჯეტს თუ რამეს მიუმატებს, თორემ სახლში ბიუჯეტიდან არ წაუღია. (არ ევალებოდა კაცს და ბიუჯეტს 1 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა და, ვინ დაიჯერებს, რომ ახლა დაიწყებს ლტოლვილების და გაჭირვებულების ფულების თავისთვის ფლანგვას. ხოლო მიხეილ სააკაშვილის ხაზინა, რომ ფსკერგავარდნილია და ნაცმოძრაობა როგორმე საარჩევნოდ ფულის მოსაგროვებლად საკუთარ ბიზნესმენებს ტყავს აძრობს და საკუთარი ოფისების გარემონტებასა და ეგებ გაყიდვაზეა შეციცინებული, ასეთი ძალისგან დაპირებას ხომ ჩალის ფასი აქვს საერთოდ.
7) განსხვავებით წინა მიტინგებისაგან, ხალხს არ ჰქონდა მოლოდინი, რომ იმ საღამოს მიშა დამთავრდებოდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს საღერღელი აუშალა ამდენი მობილიზებული ადამიანის ხილვამ (თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა 30,000 მხარდამჭერით მოახდინა ვარდების რევოლუცია), რაც ზემოთხსენებული ტიპის ამოცანის „გადაწყვეტის“ წინაპირობას ნამდვილად ქმნიდა, მაგრამ ასეთი „რევოლუციონერი“ ადამიანებიც კი – ამ 7-თვიან ნელ-ნელა მუშაობის დღევანდელი შედეგების შემყურე დარწმუნდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ დახვეწილი გეგმა აქვს და რომ აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია (რისი მაგალითიც დღევანდელი – ორგანოებისგადამცვლელი პრეზიდენტია). მიტინგის ბოლოს გახმოვანებული ახალი ამოცანაც – მასშტაბური მიტინგი 7 ივნისს ქუთაისში და შემდეგ – სხვა რეგიონებში უკვე ახალი მზადების აუცილებლობას უკავშირდება და თონეში ჩაკრული პურიც არ გაცივდება.
8) დაბოლოს, რა ხდება მიტინგის შემდეგ? იქნება ხელისუფლება გონს მოეგო და უფრო ჭკვიანური თამაში დაიწყო? თქვენც არ მომიკვდეთ. პირველივე დღეს – 28 მაისს მაია მიმინოშვილის სამსახურიდან განთავისუფლება და გიგი წერეთლის კომენტარები იმაზე, რომ „საჯარო მოსამსახურეები ოპოზიციის მიტინგებზე არ დადიან!“ შაშკინის პირველი კომენტარი – „არ ვარ ვალდებული ჩემი გადაწყვეტილება აგიხსნათო!“ ხოლო იმის გაგებისას, რომ ეროვნული საგამოცდო ცენტრის თანამშრომლები თავინათუ უფროსის ერთგულების ნიშნად სამსახურიდან წასვლას აპირებდნენ, განათლების ცენტრში ჰიტლერის, მუსოლინის და გერინგის საუკეთესო ტრადიციებში შავი მანქანების თვალუწვდენელი ესკორტით მიგრიალება, და საბოლოო ჯამში მთელი საგამოცდო ცენტრის პოლიციის აკადემიით ჩანაცვლება უკვე იმდენად გროტესკული და სავალალოა, არც ვიცი, რა ვთქვა! ალბათ ისევ „ვაი! მიქელე, ვაი!“ შედეგად კი მგონი, საკმაოდ კარგი მოცემულობა მივიღეთ: აბსოლუტურად ურეიტინგო და სახელმოთხრილი ხელისუფლებიდან გამოუშვეს კიდევ ერთი იშვიათად შემორჩენილი პროფესიონალი, ადამიანი, რომლის ღვაწლი საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ცნობილია. ნაცმოძრაობას დააკლდა კარგი პროფესიონალი, რომლითაც სააკაშვილი ყოველთვის ამაყობდა. და დღეს უკვე ეს პროფესიონალი თავის გეგმებს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს, ეროვნული საგამოცდო ცენტრი პარალიზებულია 60 თანამშრომლის წასვლით, და მალე პოლიციის აკადემიის უდიდესი ექსპერტები „ჩაანაცვლებენ“! ისე, ლესლი ნილსენის და ო.ჯეი. სიმპსონის ჰოლოგრამებსაც თუ შექმნიან სასწრაფოდ, ალბათ, გამოადგებათ!. და ძეგლთა დაცვის ვაჩეიშვილსაც თუ მოხსნიან მალე (ეგეც ნორმალური ადამიანი და რა უნდა იმ აფერისტებთან, არ ვიცი) და ისიც ოპოზიციის მხარეს გადმოვა, ესეც ძალიან კარგი იქნება!
მოკლედ, ივანიშვილისგან გამოცხადებული ქიშები მომრავლდა, ხელისუფლებას ნორმალური ვარიანტები აღარც აქვს და თან ცაიტნოტშია…
ვნახოთ, ჰილარი კლინტონის ვიზიტი რა ნაყოფებს გამოისხამს.
ფაქტი ისაა, რომ 27 მაისის წარმატებული მიტინგიდან მეორე დღეს ივანიშვილმა იგრძნო ის ძალა, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა და ამიტომ, უკვე ჰილარი კლინტონთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სურვილია, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ივანიშვილმა ის გაახმაურა, მათთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილს იცნობს, საკმაოდ მნიშვნელოვანია.
დაველოდოთ… 5 ივნისამდე ბევრი აღარ რჩება.
P.S. ზურაბ აზმაიფარაშვილმა თქვა, მიშას ერთადერთი ნორმალური სვლა დარჩა და ეგ e4-e2 არისო
2490
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85