„მეშინია, რომ ოქტომბრის შემდეგ უმძიმესი ამოცანის წინაშე დავდგებით“

„მეშინია, რომ ოქტომბრის შემდეგ უმძიმესი ამოცანის წინაშე დავდგებით“

კოალიციის ბიუჯეტის დაცარიელების მცდელობას ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე პარტიები უჩვეულო სიმშვიდით ხვდებიან, რაც ხელისუფლების კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს. საქალაქო სასამართლოს მიერ უკანონო შემოწირულობის მიღებისთვის დაკისრებული 2 მილიონ 383 ათას 072 ლარის ჯარიმის გადახდას კოალიციაში შემავალი შვიდი პარტია არ აპირებს და გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.

For.ge-ს ესაუბრა „რესპუბლიკური პარტიის“ აღმასრულებელი მდივანი გიგლა აგულაშვილი.

ანგარიშების დაყადაღების ფონზე როგორ გააგრძელებთ პოლიტიკურ აქტივობას?

- ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდებოდა, აქტივობა კიდევ მეტად გაიზრდება.

აქტივობა როგორ გაიზრდება, როცა ფინანსური ბერკეტები შეგეზღუდათ?

- არ არსებობს ამის შეზღუდვა, ეს იგივეა, ვინმემ სცადოს, მზის ამოსვლის შეფერხება.

მაგრამ ეს სიმბოლური ნათქვამია, რეალურად კი პოლიტიკურ პარტიებს ანგარიშების დაყადაღება ემუქრება.

- კარგად გამიგეთ, მაგრამ წინასწარ არ ვაპირებ, გამოვაქვეყნო ის ინფორმაცია, რათა მათ ახალი ბერკეტები შეიმუშავონ და ხვალ კიდევ დაგვიპირისპირდნენ. მილიონი საშუალება არსებობს - რეალური, კანონიერი, სამართლიანი და, ამავე დროს, ადვილად განსახორციელებელი. მე მგონი, ყველაზე მეტად ხელისუფლებას აცოფებს ჩვენი სიმშვიდე, არადა, მართლა მშვიდად ვართ.

ეს მართლაც იგრძნობა, ბიძინა ივანიშვილიც მშვიდადაა.

- ჯერ არ დაუყადაღებიათ, ჯერ მხოლოდ ჯარიმა დაგვაკისრეს, მაგრამ დააყადაღებენ ანგარიშს?! - დააყადაღონ. დაყადაღების დროს თანხა ვერც შემოვა და ვერც გავა, ანუ მე რომც მინდოდეს ჯარიმის გადახდა, ვერ შევიტან ანგარიშზე თანხას, რახან ანგარიში დაყადაღებული იქნება. მართალია, ღია ფორმით აცხადებენ, თითქოს პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვა, არჩევნების ჩატარება სურთ, მაგრამ, სინამდვილეში, არჩევნების მოკვლა უნდათ. ამის მიუხედავად, არჩევნები არ მოკვდება, რადგან ქართველი ხალხი, ამორჩეველი უფრო მეტი აქტიურობით გააკეთებს არჩევანს. ამდენად, ხელისუფლებას მადლობაც შეიძლება ვუთხრათ. მე მგონი, ისინი ჩვენზე მუშაობენ და ამით ამომრჩევლები გვემატება, არ გვაკლდება. სოლიდარობის განცდა ქართველში უდიდესია.

იცით, დაახლოებით საითკენ მივდივართ? მახსენდება 1989 წლის 10 აპრილის თბილისი, დილა რომ გათენდა და ხალხი ერთმანეთისადმი სოლიდარულად იყო განწყობილი. ზუსტად ამ სოლიდარობამდე მიიყვანენ ქართველებს და მათში კიდევ ერთხელ გააღვიძებენ ქართველობას.

სულიერი სენტენციები რომ გამოვრიცხოთ, რეალურად რა მოხდება, ფინანურად რა პრობლემები შეექმნება კოალიციას? დავუშვათ, ხალხს სურს ფული ჩარიცხოს თქვენს ანგარიშზე, სად ჩარიცხავენ თანხას?

- ახლა 7 სუბიექტის, მათ შორის, „რესპუბლიკური პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ფორუმის“ დაჯარიმება, შეიძლება, კიდევ გამეგო, რადგან იმ ხელშეკრულებების მონაწილენი ჩვენ ვიყავით. ანუ, ერთ მხარეს ჩვენ ვიყავით, როგორც ხელშემკვრელი მხარე, სამი სუბიექტი, მეორე მხარეს - შპს. „მენეჯმენტსერვისი“. სხვათაშორის, როცა „მენეჯმენტსერვისი“ დააჯარიმეს და მათი პროცესი იმართებოდა, ჩვენ არ ჩაგვრთეს მხარედ. წარმოიდგინეთ, როგორი აბსურდული ამბავია. ვიღაცამ თუ შემოწირულობა განახორციელა , ამ შემთხვევაში - „მენეჯმენტსერვისმა“, ხომ არსებობს ამ შემოწირულობის მიმღებიც?! მაგრამ, ჯერ მათი სასამართლო პროცესი გამართეს და მხოლოდ შემდეგ გამართეს ჩვენი პროცესი. მთელი პროცესის განმავლობაში რა ხდებოდა, იცით?! სასამართლო გადაწყვეტილებას პრეიუდიციული, ანუ ისეთი მნიშვნელობა აქვს, რახან ის უკვე დადგინდა, მიიღეს კიდეც. თავისთავად, ასეთი დაჩეხვა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ მოერიდათ, რადგან ჩვენი არგუმენტები უფრო ძლიერი იქნებოდა. რაც შეეხება ამ 7 სუბიექტს - 6 პარტიას და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“, ისინიც დააჯარიმეს.

კონტროლის პალატის წარმომადგენლებს ერთ-ერთი არგუმენტად ასეთი რამ ჰქონდათ, რახან იქ წარწერა წერია „კოალიციაო“, ამიტომ ჯარიმდებითო. დაახლოებით ეს ისეა, ახლა მე რომ ჩავიცვა მაისური, რომელსაც ზურგზე აწერია ლიონელ მესის, არგენტინელი ფეხბურთელის სახელი, მე ვინმე გადამიხდის მესის ჰონორარს ან ვინმე მაღიარებს ლიონელ მესიდ?! მოკლედ, აბსურდამდე მიდიან.

თუ ანგარიში დაყადაღებული იქნება, რა თქმა უნდა, მოქალაქე ვერ შეძლებს კანონით არსებული 1-დან 60 ათას ლარამდე თანხის გადახდას, ანგარიშზე ვერ შემოიტანს თანხას. მაგრამ მოქალაქეს, პასუხისმგებლიან პირს, რომელსაც ქვეყნის ბედი და მომავალი აინტერესებს, გპირდებით, რომ, ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოზიცია გამოხატოს, თანაც ოქტომბრამდე, საარჩევნო ყუთთან მისვლამდე. ასე რომ, არჩევნები უკვე ტარდება. არჩევნები არჩევნებამდე ტარდება და მოქალაქეების პოზიციების გამოხატვა იმდენად მასობრივი გახდება (ამაში მცხეთაც დაგვარწმუნებს), რომ კიდევ უფრო მცდარ ნაბიჯებს გადაადგმევინებს ხელისუფლებას.

ანუ, მოსახლეობა პირადად შემოიტანს შემოწირულობას, თუ ეს დაჯარიმებადია?

- მე ვცდილობ, ამ თემაზე კონკრეტულად არ გიპასუხოთ. თუმცა გეტყვით, რომ, თუ მე მჭირდება ავტოკალამი და, შემომწირველი ანგარიშზე ფულს ვერ შემოიტანს, რომ ეს ნივთი შევიძინო, იგი მარტივად იყიდის საკანცელარიო მაღაზიაში ამ ავტოკალამს და გადმომცემს შემოწირულობის სახით.

მერე ამასაც დასჯად ქმედებად ხომ არ ჩაგითვლიან?

- არა, შემოწირულობა არსებობს ფინანსურიც და მატერიალურიც. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ობიექტი, სამოქალაქო სამართალში ამას უზურფრუქტი ჰქვია, რაც სასყიდლიანიც არის და უსასყიდლოც. ანუ, ამ შემთხვევაში, ქონების უსასყიდლოდ გადაცემა მოხდება. თუ ამ ქონების გადაცემის ფინანსური გათვლები არ აღემატება 60 ათას ლარს, იგი დასაშვებია. მაგალითად, მოქალაქემ ოფისი დაგვითმო და გვითხრა, არ მინდა ფული და ეს შემოწირულობად მიიღეთო. ჩვენ ამის დეკლარირებას მოვახდენთ, რომ ამა თუ იმ პირმა გადმოგცა, ვთქვათ, ქაღალდი, მერე ამ ქაღალდს წაიღებენ? წაიღონ. სხვა პირი მოვა და უფრო მეტს მოგვიტანს.

თქვენ ბრძანეთ, რომ ანგარიშების დაყადაღების მიუხედავად, მილიონი საშუალება არსებობს, რომქართული ოცნებისპოლიტიკური მოღვაწეობა არ შეფერხდეს. ნუთუ ხელისუფლებამ არ იცის, რომ დაჯარიმებულ შვიდ პარტიას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ხელეწიფება? ამით რას აღწევენ? ასეთ აბსურდამდე რატომ მიდიან?

- მე არ ვიცი, რას აღწევენ. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას, მაგრამ, მე მგონი, დაბნეულები არიან. 28 დეკემბერს სპეციალურად მიიღეს კანონი, სპეციალურად შექმნეს დამსჯელი უწყება, მდევნელი ადმინისტრაციული ორგანო, აღჭურვეს საშინელი უფლებამოსილებით, კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს. ჭაობში ჩავარნილი ადამიანებივით იქცევიან, რაც უფრო მეტს მოძრაობენ, უფრო იძირებიან. მართლა არ მინდა მათი ლეტალური შედეგი დადგეს, მაგრამ ამ გზით მიდიან.

თქვენ აცხადებთ, რომ, მართალია, 7 პარტიაზე ნაწილდება ჯარიმა, მაგრამ რესპუბლიკელები არ გადაიხდით.

- ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკელები გადახდას არ ვაპირებთ. ჯერჯერობით, არსებობს სამართლებრივი პროცედურა, რომელსაც მივყვებით, რადგან კანონმორჩილები ვართ. უკვე სააპელაციო სასამართლოსთვის  ვამზადებ სარჩელს, რათა გავასაჩივრო საქალაქო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება.

თუმცა სააპელაციოს იმედი არ გაქვთ.

- არ მაქვს, მაგრამ ამ ეტაპსაც გავივლით.

თუ მათ მართლაც განახორციელეს უძრავ-მოძრავი ქონების გაყიდვა და გაასახლესქართული ოცნებისწევრები ოფისებიდან, მაშინ რა არის გამოსავალი?

- მათ შეუძლიათ, დააყადაღონ ჩემს ბალანსზე არსებული ქონება, მაგრამ მე თუ დავიქირავე ვინმესგან ქონება, ის ჩემი არ არის და იქ დროებით ვარ.

ანუ, იმ პირს, ვინც ბინა დაგითმოთ, ქონებას ვერ დაუყადაღებენ?

- იმას ვერ დაუყადაღებენ ქონებას. მართალია, საკუთრების უფლება არაერთგზის შეილახა საქართველოში, მაგრამ ამდენს ესენიც კი ვერ იზამენ.

თქვენრესპუბლიკურ პარტიასწარმოადგენთ, მაგრამ დანარჩენი პარტიები რას აპირებენ? „მრეწველები“ აცხადებენ, ჩვენ საერთოდ რა შუაში ვართ, რატომ დაგვაჯარიმესო?

- „მრეწველების“ შეშფოთებას მეც ვიზიარებ, ისევე, როგორც კონსერვატორების. „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ეროვნული ფორუმი“ - მხოლოდ ჩვენ ვართ ხელშემკვრელი მხარეები, ხელშეკრულებები ჩვენ გვაქვს გაფორმებული, ბოლოს და ბოლოს, პირველი ოფისები გაიხსნა მარტის დასაწყისში, მრეწველებიკი კოალიციის წევრად გაცილებით გვიან დაფიქსირდნენ. როცა „მრეწველები“ გამოჩნდნენ, ახალი ხელშეკრულებები დავდეთ და 1-ლი ივნისიდან დადებულ ხელშეკრულებებში უკვე ექვსი ხელშემკვრელი მხარეა, მათ შორის, „მრეწველებიც“ და „კონსერვატორებიც“. ასევეა ახალი პარტია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. იმის გამო, რომ იმ დროისთვის ეს პარტია არ იყო რეგისტრირებული, იგი საერთოდ არ არსებობდა და ამ არარსებულ პარტიას ეუბნებიან, შემოწირულობა მიიღეო. ბავშვი არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენ. როგორ შეიძლებოდა, მიეღო არარსებულ პარტიას შემოწირულობა?!  კონტროლის პალატისა და ხელისუფლებისთვის, ასევე, სამწუხაროდ, სასამართლოსთვისაც, ეს არგუმენტები არ არსებობს.

მართალია, ახლა გვარწმუნებენ, სასამართლოს ნდობის ხარისხი გაიზარდაო, მაგრამ ეჭვი მეპარება. მეშინია, რომ ოქტომბრის შემდეგ უმძიმესი ამოცანის წინაშე დავდგებით, თუნდაც იმავე სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებით. ჩათვალეთ, არჩევნებში გამარჯვება გარანტირებულია, მაგრამ ამის შემდეგ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს ასაღები, რომ ქვეყანაში პროცესები სწორი მიმართულებით წარიმართოს. ახლა ამაზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე იმაზე, დამიყადაღებენ თუ არა ანგარიშს. დამიყადაღონ, თუ უნდათ, მეც დამაყადაღონ.

დანარჩენი პარტიებიც არ აპირებენ ჯარიმის გადახდას?

- ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩვენი პოზიციები ერთსულოვანია. როცა ჩვენს პოზიციებს სასამართლოზე ვიცავდით, ყველას პოზიცია ერთნაირი იყო.

პირადადრესპუბლიკელებსრამდენს გედავებიან?

- რაც შეეხება თანხას, დაგვაკისრეს სოლიდარულად. არა პროპორციულად, არამედ შესაძლოა, მთელი თანხა ამოიღონ, მაგალითად, „რესპუბლიკელებისგან“. თუმცა, რა უნდა ამოიღონ, როცა ბალანსზე ამდენი თანხა არ გვაქვს. დანარჩენები ერთმანეთში თვითონ მოაგვარებენ ურთიერთობასო, ასე გაიმარტივეს ცხოვრება. სადაც უფრო მეტ ქონებას ნახავენ, ეცდებიან, იმ ქონებაზე მიმართონ აქცენტი. სააღსრულებო კანონიდან გამომდინარე, ეს მათი არჩევანია. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ყველა პარტიისგან ამოიღონ თანხები. ასევე, შეუძლიათ თანხები ყველასგან თანაბრად ამოიღონ ან ერთი ან ორი დაჯარიმებული სუბიექტისგან მიიღონ და ამით განხეთქილების ვაშლის ჩაგდება სცადონ, მაგრამ არ გამოუვათ. უკვე სხვა ცხოვრებაა.