მიხეილ სააკაშვილმა ორიოდ კვირის წინ მადლობა განუცხადა მოძმე რუსეთს, რომ მათი მხრიდან კრიტიკის გამო ქართული ღვინო, რომელიც არაფრად ვარგოდა, ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი გახდა!
ფაქტიურად ამ განცხადებით მან თქვა, რომ სწორი იყო გენადი ონიშჩენკო, როცა ქართული ღვინისათვის რუსეთის ბაზარი დაკეტა! და არასწორი იყვნენ როგორც ქართველი ღვინის მწარმოებლები, ასევე – თავად მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი მთავრობა – საგარეო საქმეთა მინისტრის თამადობით, როცა ამ ნაბიჯის პოლიტიკურ სარჩულზე და ტენდენციურობაზე, უსამართლობაზე ლაპარაკობდნენ! მიხეილ სააკაშვილს არ უთქვია, ჩემი მაშინ სანაქებო მინისტრი ოქრუაშვილიც მართალი იყო და სწორედაც რომ ფეკალურ მასებს ვყიდდით რუსეთშიო, მაგრამ ბევრი არ დაკლებია მაქამდეც!
თუმცა ეს მხოლოდ ყვავილები იყო, თურმე!
მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილმა, არცთუ ოფიციალურად, მაგრამ სრული სერიოზულობით (რამდენადაც მას შეუძლია, იყოს სერიოზული დღევანდელ მდგომარეობაში) განაცხადა – “მოდით ვაღიაროთ, სოხუმი ხომ არასდროს ყოფილა ჩვენიო!”
სოხუმი არასდროს ყოფილა ჩვენიო???
ანუ, ჩვენ რაღაც დროს დავიპყარით ეს სოხუმი და მერე არძინბამ გაანთავისუფლა?
ჰოჰოჰო, რას გაიხარებდნენ ჯოჯოხეთში სუსლოვიც და არძინბაც? რა ზეიმი ექნებოდათ იმ დღეს პუტინს და ლავროვს???
მეტს კი არაფერს გვედავებოდნენ სეპარატისტები და მათი მფარველი იმპერიალისტები ეს ორი საუკუნეა, რომ სოხუმი არ იყო საქართველოს ნაწილი! და ახლა საქართველოს დე-ფაქტო პრეზიდენტმა “აღიარა”, რომ ეს ასეც იყო…
მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ეს იყო ძალიან ღია კოჭის გაგორება პუტინისათვის – “ოღონდ მაღიარე, ოღონდ ხელი ჩამომართვი, (ან – “შენს ხელზე მთხვევის უფლება მომეცი!”) და აგერ ვამბობ, რომ სოხუმი ჩვენი არ იყო და სოხუმის ამბავშიც ისევე მართლები იყავით, როგორც ონიშჩენკო იყო – ღვინის ამბავშიო!” მიხეილ სააკაშვილი ამით შეეხვეწა პუტინს, “ოღონდ დამტოვე, და შენი ვარ, შენი ვიქნები, გულით, სულით, და ორგანოებითო!”
და დღეს უკვე პირმშვენიერმა ნინო კალანდაძემ დაარღვია ოქროს მდუმარება (3 დღეა დავითგარეჯის კომპლექსის ნაწილს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დაეპატრონენ და საქართველოს ხელისუფლება აქამდე იდიოტურად თუ ბრძნულად დუმდა) და მეორე მიმართულებით გაშალა თავისი მადლიანი კალთა!
მან განაცხადა, რომ “დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ნაწილი სადავო ტერიტორიას არ წარმოადგენს და ის საბჭოთა კავშირის დროიდან აზერბაიჯანის ტერიტორიად ითვლება”. (ანუ ქ-ნმა ნინომ აქამდე დუმილი ამით ერთმნიშვნელოვნად იდიოტურად აქცია! გამოდის, რომ სანქცია აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს სწორედაც რომ სააკაშვილის ხელისუფლებისაგან ჰქონდათ მიღებული, თორემ აქამდე გაუბედავს ახლაც არ გაბედავდნენ)
და ეს ისე თქვა ახალგაზრდა დედამ (აბა, დიპლომატი ეგ არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება!), რომ ღაწვებიც არ შეფაკვლია, სათუთს!
ასე ხდება ხოლმე, როდესაც “თვითმფრინავის გოგოდ” და “მტვირთავად” დაბადებული ადამიანი დაიჯერებს, რომ დიპლომატია!
ამას მოჰყვა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას განცხადება, რომ “დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი უდაბნოს მონასტერი, სამწუხაროდ, აზერბაიჯანს ეკუთვნის”!
ასე ხდება ხოლმე, როცა ყოფილი უკანონო შეიარაღებული ფორმირების გამორჩეული წევრი კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრად ინიშნება. (მაინტერესებს, ისე, ჯაბა რას ეტყოდა თავის სანაქებო მოწაფეს).
დავითგარეჯის ტერიტორია ნამდვილად იყო საკამათო ტერიტორია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ნამდვილად არ ყოფილა შეთანხმება საზღვრის ამ მონაკვეთის შესახებ, მაგრამ, როგორც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამბობს “…სამწუხაროა და სამარცხვინო, როცა მინისტრის მოადგილემ არ იცის განსხვავება “დაუდგენელი საზღვრის მონაკვეთისა” და ” ჩვენ საზღვრებში არშემავალ ტერიტორია”-ს შორის!!! სკანდალურია, როცა ხელისუფლების მთავარი დღევანდელი საქმე იმაში მდგომარეობს, რომ არც სოხუმი და არც დავით-გარეჯა საქართველოს ტერიტორიაში არ შედიოდა… ხან ომით ასხვისებენ ტერიტორიებს და ხან სიტყვით…. მოღალატეობა სხვა კი არაფერია!”
კიდევ უფრო საშიში ისაა, რა სარჩულით ითხოვს აზერბაიჯანული მხარე უდაბნოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიას. იმას კი არ ამბობენ – მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ტერიტორიას ჩვენი მეცხვარეები საძოვრად იყენებდნენ და ამ დროიდან ჩვენიაო! არა, იძახიან, ეს მონასტერი “ალბანური კულტურის ძეგლიაო”! ანუ როცა აშენდა, უკვე იქედან (ლამის 15 საუკუნეა!) ჩვენი იყო ეს მიწებიო! და თუ ამას საქართველოს მთავრობა ეთანხმება, ისიც ხომ ძალიან ადვილი მისახვედრია, რომ სულ მალე იგივე “ალბანური კულტურის ძეგლობის” არგუმენტს აზერბაიჯანული მხარე ახლა უკვე დავითგარეჯის ძირითად კომპლექსსაც მიუყენებს?! მერე რას ვიზამთ! მიშა სააკაშვილის, ნინო კალანდაძის და ნიკა რურუას ხელში რასაც იზამს საქართველოს მთავრობა, ხომ ადვილი წარმოსადგენია!
სააკაშვილის მთავრობის მხრიდან სწორედ ახლა “აღიარებული” (და ვინ იცის, უკვე ხელმოწერილი?!) ეს ტერიტორიული დათმობა უკვე ილხამ ალიევისკენ გაკეთებული რევერანსი – შენი ვარ, რასაც გინდა მოგცემ, ოღონდ ახლა დამეხმარეო…
ილხამისგან დახმარება კი ორი სახის შეიძლება იყოს – ა) რამდენიმე დღეში უნდა გაკეთდეს ოფიციალური განცხადება ევრო-2020 ფეხბურთის ჩემპიონატის მასპინძლობაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ერთობლივი განაცხადის შეტანის შესახებ. დღემდე აზერბაიჯანი საკმაოდ გულგრილი იყო ამ პერსპექტივის მიმართ, მაგრამ თუ აქამდე სადავო და სტრატეგიულ ტერიტორიას უცებ და უმტკივნეულოდ გაიფორმებს, რატომაც არა! – მით უფრო, რომ განაცხადის შეტანა არაფერს ავალდებულებს!
ბ) როგორც „მაესტროზე“ ”სუბიექტური აზრის” ეთერში ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, მიშას კატასტროფულად დაჭირდება აზერბაიჯანელი მოსახლეობის ხმები, თანაც ისე, რომ ადრინდელისაგან განსხვავებით გაყალბების ნაკლები რესურსი გამოიყენოს, რადგან უცხოელ დამკვირვებელთა ინტერესი და დაკვირვება ამჯერად მეტი იქნება. ამიტომ, თუ ბაქოს ხელისუფლება აზერბაიჯანლებს ნაცმოძრაობის მხარდაჭერის სიგნალს მისცემს, ეს სააკაშვილს (2008 წელს, მისივე განცხადებით, „სულ რაღაც ორი რაიონის“ იოლად დამკარგავს) ნამდვილად უღირს რამდენიმე კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიად, თუნდაც მას “დავითგარეჯა” ერქვეს! ის სახელი, საიდანაც აღორძინდა ქართული ეროვნული მოძრაობა 70-იან წლებში და მერე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გადაიზარდა.
რაღა დარჩა?
ალბათ, მალე რომელიმე მინისტრი – ვანო მერაბიშვილი ან სულაც გიორგი ვაშაძე გამოვა და განაცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთიც არ ყოფილა საქართველოს ნაწილი… თქვენ როგორ გგონიათ, აზერბაიჯანისთვის სტრატეგიული სიმაღლის ასე უცებ ჩუქებას სომხეთის ხელისუფლება ასე ადვილად მოინელებს და არ მოინდომებს, რომ თვითონაც წაგვაგლიჯოს რამე ამ საყოველთაო წაგლეჯვაში, რომელიც საქართველოს სულ-გამყიდველი ხელისუფლების სრული კურთხევით მიმდინარეობს?!
და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონსულტანტს – თემურ ალასანიასაც, ალბათ, გაახსენდება მისი დის თურქოფილია და აჭარის, როგორც თურქეთის სახელმწიფოს ქვაკუთხედზე გააკეთებს დასკვნებს… ყაზბეგ-გუდაურის “ოსური კულტურის კერებად” ჩათვლასაც არ იუკადრისებენ ჩვენი ნორჩი ჭიპლომატები!
მოკლედ, ჩემი ძალიან სუბიექტური აზრით (მაგრამ არსებული ტენდენციების ჭვრეტით):
საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ტოტალურად ადგას სერგო ორჯონიკიძის „დიად“ გზას! ოღონდ თუ სერგო მხოლოდ რუსეთის იმპერიას და და მეორე სამშობლოს – აზერბაიჯანს წყალობდა, სააკაშვილი, ოღონდ კი ვინმეს რამე დაუთმოს და მისგან სკამის გადარჩენის პირობა მიიღოს და, - ყველას აძლევს სულ-მომღიმარი!
ბევრი ვეძებე და ვერსად ვნახე, დათითხნილი, კვერცხებით და წითელი საღებავით მოთხვრილი და ცხვირით მიწაში ჩარჭობილი სერგო ორჯონიკიძის ძეგლის ფოტო… გთხოვთ სადმე გამოაქვეყნოთ, თუ გაქვთ!
ძალიან საჭიროა დღეს ეს ფოტო!.. და იმაზე მსჯელობაც არ იქნება ცუდი, როგორ უსამართლოდ გვიან ასრულდა ქართველი მიწების გულუხვად გამჩუქებელი სერგო ორჯონიკიძის მიმართ ქართველი ხალხის სამართლიანი განაჩენი…
- ისე არ მოგივიდეთ, მოღალატეებო, სკამი გადაარჩინოთ და ზედ დასადები ”განძი” – ვერა…
P.S. დამავიწყდა შემეხსენებინა – და ეს ხალხი, მათ რომ კითხო, თურმე ოშკის გადარჩენაზე და აღდგენაზე ფიქრებში ათენებს და აღამებს!.. ))
აი, თქვე სულგაყიდულო ოღრაშებო, თქვენა! :(((
2161
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85