სოლომონის ფიქრები Without Justice there will be No Peace!

სოლომონის ფიქრები Without Justice there will be No Peace!

საქართველოს სახელმწიფო კიდევ ერთ ნომინაციით შევიდა გინესის წიგნის საპატიო გრაფაში – „პირველად მსოფლიოში“.

პირველად მსოფლიოში (ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე!) საქართველოს მიშკურთხეულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ასევე, საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი უმაღლესი რანგის პირი – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე - შეიძლება გახდეს უცხო ქვეყნის (ევროკავშირის და, სავარაუდოდ, ასევე - აშშ-ის) მოქალაქე, რომელიც არის დაბადებული საქართველოში, მიაღწია 21 წელს და 10 წელი მაინც იცხოვრა საქართველოში.

ეს ყველაფერი კი მოჰყვა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს ხინჯად ჩაუთვალეს ის, რომ იგი ნატურალიზაციის განაცხადის შეტანის მომენტში ჯერ კიდევ იყო სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე და მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე შეტანილი ჰქონდა განაცხადი ამ მოქალაქეობის დატოვებაზე, ფორმალური და ყურით მოთრეული მიზეზით უარი უთხრეს ნატურალიზაციაზე!

სწორედ აქ არის აბსურდი.

სუპერაბსურდი!

თან ისეთი მასშტაბის სუპერაბსურდი, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში ჯერ არავის გაუგონია და ვერავის მოუგონია!

არა, არის შემთხვევები, რომ საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები ორი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები პარიტეტულ საფუძველზე ერთი ქვეყნიდან – მეორის, და პირიქით, არჩევნებში მონაწილეობენ, მაგრამ საქმე პასიურ საარჩევნო უფლებას ეხება და არა – სხვა ქვეყნის პარლამენტის წევრად, ან, მით უფრო, უმაღლესი რანგის პირად არჩევის უფლებას!

ის, რომ ნაცმოძრაობის ბონზებს კარგად ესმით, რა ნეხვშიც ჩადგეს ფეხი ივანიშვილისთვი მოქალაქეობაზე უარის თქმით, იმითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის კანონის მუხლი, რომელსაც დაეყრდნო რეესტრი ამ გადაწყვეტილების მიღებისას! მეტიც, არამცთუ სააკაშვილმა არ გამოსცა განკარგულება ამ გადაწყვეტილებაზე, რაც მას კანონით ეკისრება, არამედ ამ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერს არც რეესტრის უფროსი ვაშაძე. მხოლოდ მის მოადგილეს, ვინმე გიორგი გაბრიელაშვილს გაახმოვანებინეს ეს აბორტის მსხვერპლი გადაწყვეტილება…

სამაგიეროდ, ახლა მოძებნეს დიადი გამოსავალი – კონსტიტუციის ახალი ჭრა-კერვა!

„ამით ყველა ბარიერი იხსნებაო!“ – ტრადიციულად ღიმილით განაცხადა ქვეყნის ოფიციალურად მეორე პირმა და ევროპის 200-ეულის ინტელექტუალმა დავით ბაქრაძემ.

„გიჟი თავისუფალიაო!“ – ამბობენ ჩვენს ხელისუფლებაზე, უკვე არა მარტო იმერეთში…

ფორმალური მიზეზით – კანონს ვერ დავარღვევთო! – არ მისცეს მოქალაქეობა და მერე გადაწყვიტეს ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის გადაკეთება, რაც თავისთავად მრავალი კანონის ცვლილების აუცილებლობას იწვევს! ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქე იყოო და ნატურალიზაციას როგორ მოვახდენდით, დაუშვებელიაო, და ევროკავშირის ყველა საქართველოში დაბადებული მოქალაქისთვის დაუშვეს ფორმალურად საქართველოს უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლება! ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქე გახდაო და იმიტომ ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა, ახლა კი ევროკავშირის და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ათასობით ადამიანს, ისე, რომ მათ საქართველოს მოქალაქეობა არ ექნებათ – აძლევენ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის ლეგალურ შანსს!

ქვეშიდან გამოძრომა ჰქვია ამას!

საფრანგეთის მოქალაქე რომ არ ყოფილიყო ივანიშვილი და რუსეთის მოქალაქეობა რომ დაეტოვებინა, მაშინ რას იზამდით, მაშინ რუსეთის მოქალაქეებსაც მისცემდით სრულმასშტაბიან საარჩევნო უფლებასო? – ჰკითხა პალიკო კუბლაშვილს ეკა ბერიძემ „პირდაპირ საუბარში“ და მანამ არ მოეშვა, სანამ პალიკომ არ აღიარა, არ ვიციო… აქვე სხვა ძალიან სერიოზული კითხვები დასვა ჟურნალისტმა – რა დააშავეს თურქეთში მაცხოვრებელმა საქართველოში დაბადებულებმა, ან – სომხეთში ან – აზერბაიჯანშიო? თუ ის შენიშნა იუსტიციის სამინისტრომ, რომ ივანიშვილის მიერ საფრანგეთის საკონსულოდან მოტანილ წერილს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აპოსტილირება აკლდა და ეს ხარვეზი 3 დღეში გაასწორებინა, ის რატომ ვერ შენიშნა მაშინვე, რომ მომმართველი პირი თურმე “არასწორი გზით” მიდიოდაო? 3 თვე რატომ ალოდინეს იმის მოსასმენად, “არასწორი გზით” მოგვმართეო?

ამავე გადაცემის მეორე ნაწილში ბატონ ვასილ მაღლაფერიძემ თქვა, ამ აბსურდით ხელისუფლებამ ერთ დღეს გაბედა და უარი უთხრა ივანიშვილს, თქვენი გულისთვის კანონს ვერ დავარღვევო, ხოლო 24 საათში არამცთუ “კანონი დაარღვია”, მთელი კონსტიტუციის გადასინჯვა და გადასწორება დაიწყო, თან აბსოლუტურად უპრეცედენტო ფორმითო. ბატონი ვასიკო ფიქრობს, რომ ამით ხელისუფლებამ აშკარა გახადა საკუთარი გაფარჩაკება და რომ ეს რაუნდი ივანიშვილის წინაშე მათი საბოლოო კაპიტულაციის ტოლფასია, როცა უარი თქვეს ნოკდაუნის აღიარებაზე, მაგრამ, თავისდა უნებლიედ, აღიარეს სრული ნოკაუტი, მაგრამ მე ამ აზრს სრულად და ბოლომდე ვერ დავეთანხმები.

უფრო სწორედ, ლოგიკის ჭრილში და ფსიქოლოგიური ფენომენის გათვალისწინებით – “მიშამ გაბედა, მაგრამ მაინც შეეშინდა და ბოლოს მაინც ვერ გაბედა” – სიამოვნებით დავეთანხმებოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ ნაციონალური მოძრაობის და კერძოდ, მიხეილ სააკაშვილის, საკმაოდ სერიოზულად გამოხატული უნარი, რომ თავისთვის ძალიან წამგებიან ნაბიჯებშიც კი, კრიტიკულ და კატასტროფულ სიტუაციებში აღმოჩენისას, მონახოს თავისთვის მომგებიანი პოზიციები და თითქოს დათმობების უკან შენიღბოს ის უკეთურობანი, რომელთაც თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამ შენიღბვის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მახსოვს რეგიონული მედიისათვის დავალიანებების ჩამოწერის კამპანია, რომელიც ვითომ, ყოყმანის შემდეგ, ხელისუფლებამ გულმოწყალედ მიიღო და, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი 30 მილიონის უდიდესი ნაწილი შემდეგ პროსახელისუფლებო „რუსთავი2“-ის, „იმედის“ და საზოგადოებრივი არხის დავალიანებების (და პრემიების) დაფინანსებას მოხმარდა!

ამიტომ შევეცდები, გავთვალო ის პოტენციური საფრთხეები, რითაც ხელისუფლება ამ, ერთმნიშვნელოვანად სუპერაბსურდის, უკვე „გაგენიალურობას“ შეეცდება. და ამით იქნებ მივხვდეთ, ხომ არ არის ივანიშვილისთვის შეთავაზებული გზა, როგორც ია ანთაძემ მოსწრებულად აღნიშნა, „მაპზე უკეთესი“!

1) ყველაზე მარტივი საფრთხე – პოლიტიკაში სრულფასოვანი ჩაბმის და საარჩევნო პროცესის დაგვიანება! ხელისუფლება ლამისაა ტყავში გაძვრეს, ისე ცდილობს, რომ ნებისმიერი თვე და კვირა, კი არა, რამდენიმე დღით მაინც გადადოს ის მომენტი, როცა ივანიშვილს სრულფასოვანი პოლიტიკური უფლებები მიეცემა. ამიტომ, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ რამდენადაც ადვილად „დათანხმდა“ ნაციონალური უმრავლესობა ქრისტიან-დემოკრატების ამ „ინიციატივას“ (ორივე ამ ძალას როგორ ამოდის მზე ივანიშვილის „ქართულ ოცნებაზე“, ხომ ცნობილია, და ის ფაქტი, რომ თარგამაძეს წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, რომ პალიკო და მისი რაზმი უკვე თანახმა იყო, ძალიან მრავლისმეტყველია!), იმდენად გაჯანჯლებული იქნება თავად პროცესი. იქნება ძალიან ჩაკირკიტებული პოზიციები, მოსმენების გადადებები, პარლამენტი ქუთაისში გადავა, და ვინ იცის, იქნებ შვებულებაშიც გავიდნენ დასიცხული დეპუტატები… მე პირადად, ასე მგონია, რომ ეს ძალიან რეალური საფრთხეა – ყველა უცხოურ ორგანიზაციას და მეგობარ სახელმწიფოებს სააკაშვილი განუცხადებს – მეტი რა გინდათ, თქვე დალოცვილებო, თქვენი ეჭვების მოსახსნელად ასეთ გაუგონარ ნაბიჯზე – კონსტიტუციის ცვლილებაზეც კი წავედით და ხომ იცით, არაა ეს ადვილი საქმეო! და იქეთ დაამუნათებენ, თქვენ რომ დაგეწყოთ კონსტიტუციის ცვლილება (გეგონება, ვინმემ დააძალა!), ხომ არ იჩქარებდით და ძაან რუდუნებით მიუდგებოთ ამ საპასუხიმგებლო საქმესო! არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე განსწავლულმა პარლამენტარმა (კობა ხაბაზის „იმედი მაქვს“ ძალიან და კიდევ მეტად გია თორთლაძის, რადგან ასეთი “ოპოზიციის” ხელის გასვრა უხდება ძაან ასეთი გასვრილი იდეების გახმოვანებას) რეფერენდუმის იდეაც კი წამოაყენოს, რაც სრულიად ლოგიკურია. აბა, ნიდერლანდებში ან საფრანგეთში ვინმე აბსურდისტებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქვეყნის უმაღლეს პირებად არჩევის უფლების მინიჭება რომ გაეხმოვანებინათ, ეს ამბავი ჩაივლიდა რეფერენდუმის გარეშე? არა, ბატონო, თქვენ პალიკოები ხომ არ ბრძანდებით! ჰოდა, აბა რა გაგიკვირდათ, დამაშვრალმა პალიკომაც რომ აღაპყროს თვალების ზეცისკენ – რა ვქნათ, ბატონებო, ოპოზიციონერი დეპუტატი, დემოკრატიული პარტიის ლიდერი პადოშა თორთლაძე აყენებს საკითხს და როგორ არ დავნიშნოთ რეფერენდუმიო? ასე რომ – ხაფანგი N1 – დრო! ამერიკის ელჩმა აღნიშნა, უნდა იქნეს მიღწეული თანასწორი პირობები არჩევნებში მონაწილეთათვის, და ეს უნდა მოხდეს უსწრაფესად! ჩემი აზრით, ნაცმოძრაობის გათვლა არის სწორედ ის, რომ პროცესი ივნის-ივლისამდე გაჭიმოს და სწორედ ამიტომ განაცხადეს დღეს უცხოეთიდან დამკვირვებლების მოწვევის ინიცირებაზე… სიფხიზლის მოდუნებაზე თამაშობენ ჩვენი შულერები.

2) მეორე და უფრო სერიოზული საფრთხე – მორალური ხაფანგი + სხვა სატელიტების გამოყვანა ავანსცენაზე. მართალია, ნაცმოძრაობამ ასე ადვილად „დათმო“ ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმის უფლების მიცემა, მაგრამ არ დათმო მოქალაქეობა და არა მგონია, ეს მარტო სააკაშვილის კაპრიზს (წართმეულის უკან დაბრუნება, ისიც ივანიშვილის ქადილის ფონზე – სისუსტეში არ ჩამეთვალოსო!) უკავშირდება. როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებების ეტაპი გავლილი იქნება, ნაცმოძრაობის ხელშემწყობი პიარ-კამპანიის მთელი აქცენტი გადანაცვლდება იმაზე, როგორი სახიფათოა სხვა ქვეყნის მოქალაქეების უმაღლეს თანამდებობზე მოსვლის პერსპექტივა! რომ ასეთი ადამიანი სხვა ქვეყნის პრეზიდენტის და კანონების მორჩილია მხოლოდ და შეიძლება გადამწყვეტ მომენტში სწორედ სხვა ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაზე მაღლა! მართალია, ნაცმოძრაობაც და პირველ რიგში, ქრისტიან-დემოკრატები, როგორც ამ ინიციატივის მამები და მამინაცვლები (რომელი – ვინ, თავად გადაწყვიტეთ), ამ კამპანიის წინა ფლანგზე ვერ იქნებიან, მაგრამ აგერ არ არიან რეზერვში გადანახული მემარჯვენეები, რომელთა მხრიდან ივანიშვილზე დარტყმა არავის გაუკვირდება? აგერ არ არის პან გიმალაისკი თორთლაძე, რომელიც პატრიოტული აქტის ზეავტორია და რომლის პატრიოტული სიფრთხილე არავის გააკვირვებს? ბოლომდე მოხსნის გუდას თავს ბატონი შალვა ნათელაშვილი და კიდევ ერთხელ გააჭენებს ანტიამერიკულ და ახლა უკვე ანტიევროკავშირულ ულაყებს ბიძინა ივანიშვილისთვის დასავლეთიდან მართულობის დაბრალებით… და ბოლოს, აგერ არ არიან უძველესი პარტიის ლიდერები ბაჩუკი ქარდავა და გურამ ჩახვაძე? და თქვენ რა გგონიათ, უცხოეთში გადანახულ მანანა არჩვაძეს, ღვინოში ჩამბალ ლოთ ქობალიას და ზოგიერთ სხვა „ეროვნულს“ ვერ დააძრობს საიდუმლო რეზერვიდან მიხეილ სააკაშვილი? აქვე შეიძლება ვიხილოთ ზოგიერთი სასწრაფოდ შეწყალებული პირიც და მათ მიერ საარჩევნოდ გამომცხვარი ახალი სატელიტებიც… ისევე, როგორც ზოგიერთი ე.წ. „ოპოზიციური“ გაზეთები… სწორედ ისინი დაიწყებენ გნიასს და შექმნიან „უცხო ქვეყნებიდან მართული ძალების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ფრონტს“. კალისტრატესნაირი მამაოების იმედიც უნდა ჰქონდეს მათგან თაფლნაჭამ ხელისუფალს… თანაც თუ აქამდე რესპუბლიკელები, ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები და სხვები ხშირად ახსენებდნენ ხელისუფლებას მის მიერ თავის სასარგებლოდ კონსტიტუციის ხშირ ჭრა-კერვას, ახლა უკვე ხელისუფლება დაუბრუნებს საყვედურით ხურდას – თქვენს გამო დაგვჭირდა ასეთ მძიმე ნაბიჯზე წასვლაო!..

3) საფრთხე მესამე – „მინი/ფსევდო-ივანიშვილების კულტივაცია“. მაქვს ინფორმაცია, რომ დიასპორასთან მუშაობის სამინისტრომ (პირადად პაპუნა დავითაიამ) უკვე მიიღო დირექტივები საზღვარგარეთ მაცხოვრებელი მეტნაკლებ შეძლებული ქართველების ნაცმოძრაობაში რეკრუტირებისათვის. სააკაშვილს საქართველოში უკვე არ დარჩა მეტნაკლებად პოპულარული ადამიანი, რომელსაც იგი პარლამენტში წარადგენს და ეს ადამიანი არჩევნებს (მაჟორიტარულ ოლქში) მოიგებს… მაგისთვის გადაინახეს ანდრია ურუშაძეო, ითქვა… გაწიე, ერთი!.. ანდრია ურუშაძის მოგებული არჩევნების იმედზე იყოს ჩემი მტერი! თუ წინა არჩევნებზე სააკაშვილის მიერ დარაზმულმა ბიზნესმენებმა მართლაც მოახერხეს რეგიონებში და თბილისის ზოგ რაიონშიც მეტ-ნაკლებად ნორმალური საარჩევნო კამპანიის წარმართვა, დღეს არც ფრიდონ თოდუა, არც თემურ კოხოძე, და ვერც, მით უფრო, სხვა კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები – რუსუდან კერვალიშვილი, მაგალითად, მოახერხებენ არჩევნების მოგებას. ამ „ღვთისმოსავ“ ქალბატონს, საერთოდ, შეიძლება სულ ღერა-ღერა დააწიწკნონ „ისი-პარის“ სალონში..