„უბედური შემთხვევა – აღმაშფოთებელი ფაქტი“

„უბედური შემთხვევა – აღმაშფოთებელი ფაქტი“

2012 წლის 5 მარტს საქართველოს ნეობოლშევიკური ხელისუფლების ხერხემალმა და ერთადერთმა მარადიულმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ხაშურის რაიონული პოლიციის შენობაში მოქალაქე სოლომონ (სოსო) ქიმერიძის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს „უბედური შემთხვევა“ და „აღმაშფოთებელი ფაქტი“ უწოდა და მსგავსი ფაქტების მომავალში აღმოსაფხვრელად სპეციალური ღონისძიებები დასახა – კერძოდ, სადამკვირებლო ვიდეოკამერების გამართული მუშაობა (თურმე პოლიციის გამჭვირვალე შენობებში შიგნით რა ხდება, ამას არავინ აკონტროლებს!), პოლიციის შენობებში მოყვანილი „სტუმრის სტატუსის“ მქონე პირების უსაფრთხოების დაცვის საგანგებო წესების შემუშავება, ბადრაგირების წესების გამკაცრება და შესრულების კონტროლი და მომავალში პოლიციის შენობაში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე პოლიციის განყოფილების უფროსთა პერსონალური პასუხისმგებლობის შემოღება ბრძანა!..


მოკლედ, აღშფოთდა ვანო!..

ოღონდ, მომავალშიო… არც იფიქროთ, რომ ახლავე ორგანიზაციულ ზომებს გავატარებ და ვინმეს ფაქტზე პასუხს ვაგებინებო! ანუ, ეს აღშფოთება მომავალ განუსაზღვრელ დროში, ანუ როგორც ჩვენი პოლიგლოტი მარშალი იტყოდა – future indefinite time-ში გადაიტანა…

მაგრამ მერე რაღაც მოხდა და ეს განუსაზღვრელი indefinite უკვე 24 საათში დადგა: 6 მარტს იმავე შსს-მ (დაფარული, მაგრამ ღრმა მწუხარებით) ხაშურის პოლიციის უფროსის, ვინმე გიორგი ხარჩილაძის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ გვამცნო…

რა მოხდა?

რატომ დაიხია უკან ჩვენმა მარშალმა და მისმა გახევებულმა ხერხემალმა?

მათ ხომ გორის სპრინტის შემდეგ უკან არ დაუხევიათ?

ისინი ხომ საქართველოს მოქალაქეების ცემას, წამებას, უკანონო დაკავებას, დაშინებას, მკვლელობას, მკვლელობის დაფარვას, მკვლელების ხელისდაფარებას, დანაშაულის ჩაფარცხვას – არასოდეს ერიდებიან?

კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, რაც მოხდა… 45 წლის სოლომონ ქიმერიძე სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველად რამდენიმე წლის წინ ჯართის ქურდობის ბრალდებით გაასამართლა და დააპატიმრა, ციხიდან ოფიციალურად დაწესებული გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ქიმერიძე რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში არ შესულა, თუმცა სოზარ სუბარის განცხადებით, „პირდაპირ გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას არსებული რეჟიმის მიმართ, ამიტომ ნაციონალებმა მოინდომეს მისი დაშინება და გაჩუმება!“ მე არ მაქვს არავითარი საფუძველი ვამტკიცო, რომ ეს სწორედ ასე იყო და გამიზნულ მკვლელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, თუ მინისტრ მერაბიშვილისთვისაც კი ეს აღმაშფოთებელი ფაქტი წინასწარ დაიგეგმა, მაშინ მისი განხორციელების დღე ძალიან ნიშანდობილივი ჩანს – 2012 წლის 28 თებერვალი. დღე, როდესაც ქართველი ხალხის ნერონმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს სწორედ რომ განუსაზღვრელად (ისევ indefinite time), რომ ყველაფერს გააკეთებს ნაციონალური მოძრაობის გასამარჯვებლად, რომ გუდიანი დეიდები და ბიძიები მას ვერ მოიპარავენ, რომ ნებისმიერ კრიტიკოს ოპოზიციონერს ტალახში ჩაწვენას და გვერდების დაზელვას ჰპირდება, რომ რადგან მას 15 წლის მოზარდი კრიმინალად და ხულიგნად მიაჩნია, ამას სასამართლოს ჩატარებამდეც ხმამაღლა იტყვის და რომ ჰყავს კრისტალურად გაღლეტილი მინისტრები, რომლებიც მამების აშენებულ სახლებს ერთ აგურსაც ვერ ამატებენ, და რომ ამ სახლებში ბათქაში ცვივა და … ის დაავიწყდა, ოღონდ აეხსნა, რატომ აქვს დედამისს ასე სერიოზული წილები უამრავ სასწავლო დაწესებულებასა, შენობებში, სასადილოებსა და მამულებში, როგორ გამდიდრდნენ კეზერაშვილი და არველაძე, როგორ შეიძინა მისმა კლასელმა „რუსთავი2“, და ხმა არ ამოუღია არც სოლომონ ქიმერიძის იმ დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე – გამჭვირვალე პოლიციის რეფორმირებული კიბიდან გადმოვარდნის აღმაშფოთებელ ფაქტზე… როგორც გახსოვთ, პრეზიდენტმა პარლამენტში იმ დღეს თავისი ლუსტრაცია იმით დააგვირგვინა, რომ let’s move away-2 მოაწყო და ადამიანს, რომელსაც „კლოუნი“ ეძახა, ისე გაექცა, რომ კურდღლის მოწონებული!..

რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას დღეს იმიტომ დასჭირდა ამ ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული ფაქტის – მიხეილ სააკაშვილის საპარლამენტო სტრიპტიზის და სოლომონ ქიმერიძის პოლიციაში აუხსნელ გარემოებებში სიკვდილის – ერთმანეთისგან დაშორება, რომ ერთი მათგანის აღმაშფოთებლობაზე ლაპარაკით მეორე მათგანის, როგორც ქართველი ერის კიდევ ერთ დიად გამარჯვებაზე და ნაციონალური მოძრაობის დემოკრატიულ ბუნებაზე – მოგვითითონ…

28 თებერვალს პოლიციელები სოსო ქიმერიძის სახლში დაახლოებით დილის 11 საათზე მივიდნენ და იგი პოლიციაში წაიყვანეს. შსს-ის მიერ გავრცელებულ პირველ განცხადებაში (პრაიმ-ტაიმი, GHN.ge, ჟურნალი „ტაბულა“) პირდაპირ არის ხაზგასმული „ბინის ქურდობაში ბრალდებული… ადრე ნასამართლევი“… ასე რომ ხელისუფლება და მისი ვაგლახ-რეფორმირებული, გარედან ვითომგამჭვირვალე და შიგნიდან სრულიად გაუმჭვირვალე პოლიცია თავიდანვე შეეცადა საზოგადოებისათვის ჩაენერგა სტერეოტიპი – „ქურდი, ნასამართლევი, რეციდივისტი…“

თუმცა საინტერესოა, რომ ხაშურის პოლიციაში, სადაც ქიმერიძე უკვე 11:30-ზე მიიყვანეს, იგი არ გაუტარებიათ არც ბრალდებულად, არც ეჭვმიტანილად, არც მოწმედ! მასზე არ არსებობს არავითარი იურიდიული დოკუმენტი, სახალო დამცველის დასკვნაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული დოკუმენტების არარსებობის პირობებში, პოლიციელებს, ფაქტიურად, მისი დაკითხვის უფლებაც კი არ ჰქონდათ! სწორედ ამ სერიოზული პროცედურული დარღვევბის გამო შსს-მ შეცვალა თავისი პირვანდელი განცხადბა (ბრალდებული!) და ხერხემალი მერაბიშვილი იძულებული გახდა განეცხადებინა, რომ ქიმერიძე პოლიციის შენობაში „სტუმრის სტატუსით“ იმყოფებოდა!

განსაცვიფრებელი არ არის?

პოლიციამ წაიყვანა სახლიდან კაცი, რომელიც შსს პირველ განცხადებაში ქურდობაში ბრალდებულად იყო მოხსენიებული, ხოლო შემდეგ მინისტრი აცხადებს – ეგ ჩვენი სტუმარი იყოო!!

საინტერესოა, რას აკეთებდა სტუმრის სტატუსით მყოფი სოლომონ ქიმერიძე 11:30-დან 17:30-მდე ხაშურის პოლიციის შენობაში, როდესაც მისი სიკვდილი დადგა? ამ 6-საათიანი მონაკვეთის განმავლობაში ცნობილია მხოლოდ ის, რომ ქიმერიძეს 10 წუთით პოლიციის უფროსი ესაუბრა. და რა ხდებოდა 5 საათისა და 50 წუთის განმავლობაში? სტუმარ-მასპინძლობის როგორ ადათ-წესებს მისდევდნენ რეფორმირებული პოლიციის ჩინოსნები?

17:30-ზე, როგორც პროკურატურის განმარტებაშია მოცემული, 3 სართულიდან კიბით ჩამოყვანისას ქიმერიძე კიბის მოაჯირიდან გადმოვარდა და პირველი სართულის იატაკზე დავარდნის შემდეგ მიიღო სხეულის მძიემ დაზიანება, რის გამოც საავადმყოფოში 23:40-ზე გარდაიცვალა!

რატომ იყო ქიმერიძე მესამე სართულზე, თუ პოლიციაში დაკითხვის ოთახები პირველ სართულზეა?

რატომ ხდებოდა ქიმერიძის ჩამოყვანა ისე, როგორც ეს შსს და პროკურატურის მიერ იქნა განმარტებული – რომ წინ მოდიოდა პოლიციელი და მას უკან მოჰყვებოდა ქიმერიძე? ჰქონდა თუ არა მას დადებული ხელბორკილი? „სტუმრის სტატუსი“, სავარაუდოდ, სწორედ ამისთვის არის მოგონილი, რომ ილაპარაკონ, ქიმერიძე ხელბორკილის გარეშე მოდიოდა, ამიტომ არც იყო აუცილებელი, რომ მას გვერდიდან და უკნიდან გამცილებელი პოლიციელი ჰყოლოდაო.

აი, რას ამბობს სოზარ სუბარი, რომლის წყალობით მოხერხდა გარდაცვლილის გვამისთვის დამოუკიდებელი ექსპერტიზის (გარეგანი დათვალიერების) ჩატარება – “სამედიცინო დათვალიერება ჩაატარა ბრწყინვალე სპეციალისტმა, ბატონმა ალეკო გეჯაძემ და გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. გარდაცვლილს აქვს დაზიანებები, რაც ვერ გაჩნდებოდა თავისუფალი ვარდნის რეჟიმში თუ სადმე კიბეებზე არ დაეცა – იქ ისეთი სტრუქტურაა, რომ კიბეზე ვერ დაეცემოდა – თუ გადავარდა, პირდაპირ ძირს დაეცემოდა. ქიმერიძეს გახეთქილი აქვს წარბი, გატეხილი აქვს ცხვირი და მოტეხილი აქვს ფეხი. დავუშვათ, ფეხი მოტყდა, თუ ეს ადამიანი ფეხზე დაეცა, ხოლო წაქცევისას დაარტყა შუბლი, ამ შემთხვევაში ცხვირი ვერ გაუსკდებოდა, ხოლო თუ ცხვირით დაეცა, მაშინ წარბი არ უნდა იყოს გახეთქილი. ეს ძალიან სერიოზულ ეჭვს ბადებს,. კერძოდ: სავარაუდოდ, ვიღაცამ მას ხელი დაარტყა ცხვირში ან წარბში, რასაც მოჰყვა ქიმერიძის გადავარდნა. გადავარდნილი რომ არის, ამაში ეჭვი არ შემეპარა. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, თუ საქმეში ვინმე არ არის გარეული – ანუ ადამიანი, რომელმაც ხელი ჰკრა, უბიძგა ან დაარტყა. უამრავი დეტალი და გარემოებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან”.

მაგრამ, კიდეც რომ დავუშვათ, რომ 17:30ზე ქიმერიძე კიბის უჯრედიდან გადმოვარდა, გაუგებარია შემდეგი:

- როგორ მოხდა, რომ ქალაქის ცენტრში პოლიციის გამჭვირვალე შენობაში კიბიდან ადამიანის გადმოვარდნის ფაქტი ვერავინ გაიგო? შენობის ახლო-მახლო ხომ ამ დროს მრავალი ადამიანი იქნებოდა და თუ ვერ დაინახავდნენ, ბენებრივად ატეხილ ჩოჩქოლს ხომ მაინც დააფიქსირებდნენ?

- როგორ და როდის მოხდა კიბიდან გადმოვარდნილი ქიმერიძის ტრანსპორტირება საავადმყოფოში?

- რატომ არ ჩატარდა ადგილზე ელემენტარული მოკვლევითი სამუშაოები? რატომ არ გვაჩვენეს არც ერთი ფოტო შემთხვევის ადგილიდან? პოლიცია, რომელიც სიკვდილის ადგილის დათვალიერებისას ვალდებულია ნივთმტკიცებები მოაგროვოს, საკუთარ შენობაში რატომ იყო დილეტანტურად უმოქმედო? (სავარაუდოდ, მომავალში შსს პრესს-ატაშე ექს ჟურნალისტი უტიაშვილ-კვესიტაძისა გვამის მდებარეობის ცარცით გაკეთებულ ნახაზების ფოტოებსაც „აღმოაჩენს“ – ალბათ ისევე დაგვიანებით, როგორც ეს 2008 წლის 7 აგვისტოს როკის გვირაბშუ გამავალი რუსული ტანკების დამაფიქსირებელი საუბრის ჩანაწერების „მოძიებისას“ მოხდა)

- რატომ არ გააგებინეს ოჯახს ქიმერიძის ტრავმის შესახებ იმ 6 საათის განმავლობაში, როდესაც იგი საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და რატომ მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ჩააყენეს ახლობლები საქმის კურსში? ხომ არ ჰქონდა ადგილი ქიმერიძის მხრიდან რაიმე ინფორმაციის შესაძლო გაჟღერების აღკვეთას?

მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ამ შემზარავი ფაქტის მოხდენის შემდეგ იყო ის სიბეჯითე და ორგანიზებულობა, რაც ჩვენმა სახელოვანმა პოლიციამ და ნაცმოძრაობის მანქურთმა ზონდერბრიგადებმა გამოამჟღავნეს გვამის გადამალვასა, ოჯახის დაშინებასა და ოჯახში საზოგადოების წევრების და ჟურნალისტების არდაშვებაში! ხოლო ჩვენმა ცნობილმა ურნალისტებმა – სიმართლის დამალვასა და სიცრუის ტირაჟირებაში!.

ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როგორც რეი ბრედბერის ცნობილ რომანში „451 ფარენჰეიტით“ სახეშეცვლილი მეხანძრეების ფუნქცია ხანძრისგან დაცვა კი არ არის, არამედ – კაცობრობის საგანძურიდან შემთხვევით შემორჩენილი უკანასკნელი წიგნების დაუღალავი და ბოლომდე განადგურება, ასევე მერაბიშვილის პოლიციის მთავარი ფუნქცია არა – დანაშაულის გამოძიება, არამედ საზარელი დანაშაულის კვალის დაფარვაა! პოლიცია იქცა დანაშაულის ჩადენის ადგილად, პოლიციელები კი – ზოგი პოტენციურ მკვლელებად, ხოლო სხვები – კვალის ჩამფარცხველებად…

ვანო მერაბიშვილი მართალია – სახეზეა უბედური შემთხვევა და აღმაშფოთებელი ფაქტი.

უფრო სწორედ, სახეზეა აღმაშფოთებელი ფაქტების მთელი კასკადი:

- ზურაბ ჟვანიას მკვლელობა (გაყალბება და დაფარვა)

- ლევან სამხარაულის მკვლელობა (და გაყალბება)

- ბუტა რობაქიძის მკვლელობა (და გაყალბების მცდელობა)

- ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობა (და გაყალბება)

- სანდრო გირგვლიანის მოტაცება, უკანონო დაპატიმრება მკვლელობა (დამალვა და გაყალბება)

- როინ შავაძის მკვლელობა (და გაყალბება)

- გია კრიალაშვილის მკვლელობა (და გაყალბება)

- გიორგი გამცემლიძის მკვლელობა (და გაყალბების მცდელობა)

- ცინდელიანის, ცალანის, ფხაკაძის, თელიას, ჩაფიძის, კიზირიას, ბენდელიანის, ბაბუხადიას, ბერძენიშვილის, კოკაიას, ფხალაძის, კარაკოსიანის, ხოსიტაშვილის, კვეზერელის, ჩარჩხანიას და სხვა მრავალთა მკვლელობები…

და სახეზეა ძალიან დიდი უბედური შემთხვევა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურებაც და ჩვენი მომავლის ყველაზე დიდი საფრთხეც!