“თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია! თუ გვინდა არმია, ავღანეთში უნდა ვიყოთ!” (მიხეილ სააკაშვილი)
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში მრავალჯერ უამაყია იმით, რა როლს ასრულებდნენ ქართველი საჯარისო ფორმირებები ჯერ ერაყში და ახლა – ავღანეთში. ავღანეთში ქართული კონტიგენტი მალე 937-დან 1700-ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს.
ISAF-ის შემადგენლობაში მყოფი ქვეყნების წვლილი (ცხრილი)
ამჟამად საქართველო მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება 1 მილიონ მოსახლეობაზე გაგზავნილი ჯარისკაცების რაოდენობით (აშშ – 291, საქართველო – 219, დიდი ბრიტანეთი – 153, დანია – 136, ესტონეთი – 117, კანადა, ნორვეგია, რუმინეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, მაკედონია – 80-85… ნატოს წამყვანი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, იტალია მეორე ათეულში არიან. როდესაც ქართული კონტიგენტი 1700-მდე გაიზრდება, ამერიკა 90,000-დან 68,000-მდე შემაცირებს თავის კონტიგენტს, საფრანგეთი 3,600-დან – 2,000-მდე… და ამ დროს საქართველო მოსახლეობის მიხედვით გაგზავნილი ჯარის ოდენობით ISAF-ის ლიდერი ქვეყანა იქნება და მისი მაჩვენებელი 397/1,000,000-ზე გახდება! ანუ საქართველო დაეწევა და გადაუსწრებს ამერიკას! ამერიკის მიერ დაწყებულ ომში მთავარი კონტრიბუტორი საქართველო გახდება…
ეს ყველაფერი სისხლის ფასად მოდის!.. ქართველი ჯარისკაცების სისხლის ფასად.
პრეზიდენტს ბევრი უწუნებდა იმას, რომ ამდენი წლების განმავლობაში, აღლუმებისა და სამხედრო ანტურაჟებისადმი მისი დაუოკებელი სიყვარულის მიუხედავად, ვერასოდეს „ვერ მოიცალა“ და არ ჩასულა არც ავღანეთში და არც ერაყში.
და აი, ორი დღის წინ პრეზიდენტი ბაჩო ახალაიასთან ერთად მოულოდნელად ჰელმანდის პროვინციის ქართულ ბაზა „შუკვანში“ გამოჩნდა. ქართული საზოგადოება სახტად დარჩა, როცა სპორტულ ბაზებსა, ძეგლების და საავადმყოფოების გახსნასა და კონცერტის ნაცვლად ახლა მართლაც მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში იხილა მთავარსარდალი, რომელიც ტრადიციულად ჯარისკაცებთან სადილს არ დააკლდა და მათ სიტყვითაც მიმართა.
რატომ ჩავიდა სააკაშვილი ავღანეთში?
უფრო სწორად, რატომ ჩავიდა სწორედ ახლა?
სავარაუდოდ, ეს არჩევნებს უკავშირდება. 2011 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ერთ ნაბიჯს არ დგამს ისე, რომ ეს არჩევნებს არ უკავშირდებოდეს. ალბათ, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მოახლოებული არჩევნების წინ ქართველის ხალხის თვალწინ თავისი „გმირული და უშიშარი სულის“ დემონსტრირება მოეხდინა და დიდ ქართველ მხედართმთავრებს – ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, შალვა და ივანე ახალციხელებს, გიორგი სააკაძეს, გიორგი XI-ს, ერეკლე II-ს… გატოლებოდა! «Vene, Vidi, Vici!»…
მაგრამ სწორედ ამ „ვიდი-სთან და „ვიცი“-სთან არის პრობლემა…
სააკაშვილის ჩასვლას 2 დღეში სამი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამოცხადება მოჰყვა. სააკაშვილი ახლა უკვე ერის მჭმუნვარე მამის როლში ვიხილეთ – დაღუპულთა ოჯახების თანამგრძნობელი. თან კაეშნით გულგანგმირული და თან, როგორც თავად თქვა – უზომოდ ამაყი:
„გუშინდელი ამბავი, რა თქმა უნდა, მძიმე იყო ჩემთვის. გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება. ყველაზე მეტად მათ ოჯახებზე მაქვს აქცენტი, ამდენი წელია, პრეზიდენტი ვარ და ეს დღემდე ყველაზე მძიმეა ჩემთვის – ის, რასაც ვერასდროს შევეჩვევი, არის ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაციის გაგება, მით უმეტეს, მსგავს გარემოებებში, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მათ ვესტუმრე.“
კარგად დააკვირდით ამ კადრებს და ამ სიტყვებს. სააკაშვილი ზის, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქალბატონისა და ელჩისაგან სამძიმარს იღებს და ყვება იმაზე, რაც ყველაზე მძიმეა მისთვის…
„…გუშინწინ ვიყავით ავღანეთში და ჩვენი ბიჭები ვნახეთ. ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება...“
ანუ, თურმე გუშინწინაც (ორშაბათს, 20 თებერვალს) დებდნენ თალიბები ნაღმს!
ამის წამკითხველს, სავარაუდოდ, მაშინვე იმის განცდა შეიპყრობს, რომ თალიბები, რომლებმაც გაიგეს, რომ ქართველთა ბაზას კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და ამერიკელთა ერთ-ერთი უდიდესი მეგობარი სტუმრობდა, დაუყონებლივ გადაწყვიტეს ბომბის დადება, მაგრამ მთავარსარდლის იქვე ყოფნით გულანთებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა ეს არ დაუშვეს, სავარაუდოდ, სწორედ მთავარსარდლისა და მისი მხარდამამშვენებელი თავდაცვის მინისტრის თვალწინ მოახდინეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ნაღმის გაუვნებელყოფა და ცეცხლითაც უპასუხეს თალიბებს… მაგრამ მერე, როცა მთავარსარდალი და მინისტრი წამოვიდნენ… მერე თალიბებმა, როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება…
ეს არის ერთი ვერსია… ბატონი პრეზიდენტის მიერ მოყოლილი… და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორი “ანკარა წყაროსავით სიმართლეს” ჰყვება ხოლმე ბატონი პრეზიდენტი… განსაკუთრებით, როცა ეს მის შორეულ თუ ახლო წარსულს ეხება…
ახლა წარმოვიდგინოთ სხვა ვარიანტი, რომელიც რეალობასთან შეიძლება ისე ახლოს იყოს, რომ მეტი არ შეიძლება. ორი ცნობილი ავანტიურისტი, ერთი, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გირგვლიანის მკვლელების დაფარვასა და გამოძიების ხელის შეშლაში, ხოლო შემდეგ – ციხის ბუნტის პროვოცორებასა და სისხლიან ჩახშობაში, რისთვისაც დამსახურებულად აშშ სახ. დეპარტამენტის წლიურ მოხსენებაში მოხვდა, და მეორე, რომელმაც სახელი გაითქვა უამრავი დიდი და უდიდესი პროვოკაციების და თეატრალური თუ სისხლიანი სპექტაკლების დადგმით (ჟვანიას გაგუდვა, სვანეთის სპეცოპერაცია, 7 ნოემბერი, 7 აგვისტო, 6 მაისი, მოდელირებული ქრონიკა, 26 მაისი…) წინასაარჩევნო პერიოდში ჩადიან იქ, სადაც ქართველი ჯარისკაცები ხვდებიან. თავის გამოსაჩენად ენთუზიასტი მინისტრი სთავაზობს პატრონს, რომ ანახოს ქართველ ჯარისკაცთა მიერ მოწყობილი სპეცოპერაცია იმ მიწაზე, სადაც ქართველები ოდითგან იბრძოდნენ. სპეცოპერაცია ტრაგედიით სრულდება. მთავარსარდალი და მინისტრი სასწრაფოდ ტოვებენ ავღანეთს და ორი დღის შემდეგ ცხადდება სამი ჯარისკაცის გარდაცვალების ამბავი. ყოველგვარი დეტალების გარეშე… არ ამბობენ, როდის და როგორ დაიღუპნენ ეს ჯარისკაცები… სამაგიეროდ, პრეზიდენტი ბუნდოვნად იხსენებს:
„… ამ ასაფეთქებელ მოწყობილობას გუშინწინაც დებდნენ, მაგრამ მაშინვე აღმოაჩინეს ჩვენებმა და ცეცხლით უპასუხეს… როგორც ჩანს, მაინც მოახერხეს დადება…“
ხომ არ გაგონებთ ეს დეტექტივებში ნანახ სცენებს, როდესაც ეჭვმიტანილი, რომლის ანაბეჭდები დანაშაულის ადგილზე ნახეს, ამბობს: „- ჰო, ვნახე გარდაცვლილი… მაშინ არაუშავდა… მესაუბრა, იცინოდა კიდეც… მაგრამ რაღაც აგზნებული იყო და ლოგინთან ალესილი ხანჯალი ედო… ეტყობა, რომ წამოვედი, მაინც მოახერხა…“
მეორე ვერსია.
სამი დღის წინ სამთავრობო საინფორმაციო საშუალებებმა – პრაიმტაიმმა, თბილისიონლაინმა და სხვებმაც განაცხადეს, რომ თბილისს ეწვეოდა „ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილე ვალანდერი“. ქვეტექსტები და სოციალურ ქსელებში პროსახელისუფლებო „ჩიირლიდერები“ აგზნებას ძლივს ფარავდნენ – აჰააა! ვაშინგტონში მიშას ვიზიტს უკვე მოჰყვა შედეგები… თავდაცვის მინისტრის მოადგილე გადმოცემული ამერიკული შეიარაღების პირველი პარტიის ჩამოსვლის დეტალებს დააზუსტებს…
სინამდვილეში ქალბატონი სელესტე ვალანდერი ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეა. იგი ევრაზიის საკითხებს კურირებს და საქართველოში რამდენჯერმე უკვე იყო, მათ შორის ბოლოს – 2 თებერვალს ბათუმში კადეტთა კონფერენციას დაესწრო. ქალბატონი ვალანდერი სააკაშვილთან ჯონ ბასთან ერთად მივიდა და სამძიმარი გამოხატა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. არ გამოვრიცხავ, რომ ეს შემთხვევითი დამთხვევა იყო და ვალანდერმა ქართველი სამხედროების დაღუპვა გზაში, ან – სულაც თბილისში გაიგო. და მაინც, რადგან არაფერი ვიცით იმაზე, კერძოდ, როდის დაიღუპნენ ქართველი სამხედროები, ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ჯერ კიდევ ამერიკელი სტუმრის წამოსვლამდე მოხდა და არც იმას, რომ მისი ვიზიტის ძირითადი მიზანი სწორედ პარტნიორი ქვეყნის მთავრობისათვის სამძიმრის გამოცხადება იყო! თუ ეს ასეა, მაშინ სავარაუდოდ, საქართველოს პიარ-გენია პრეზიდენტმა გადაწყვიტა, გადაჭარბებით აეთვისებინა გამოჩენილი სატელევიზიო შანსი, გაქანდა ჰელმენდის პროვინციაში და დაღუპული ჯარისკაცების გვამების გადმოსვენება საკუთარი ავღანური ვოიაჟით გააფერადა, ხოლო შემდეგ ქალბატონი ვალანდერისაგან სამძიმარი უკვე თავისი ავღანური შთაბეჭდილებების მოყოლის ფონზე მიიღო…
ამ ორივე ვერსიას (რა თქმა უნდა ერთი თუ შეუძლება იყოს სიმართლე) ეჭვად უდევს ის არასაზეიმო ფონი, რაც ჩვენი სწორუპოვარი მთავარსარდლის ავღანეთში ვოაიჟის კადრებში გამოსჭვივის. იქნებ მე მეჩვენება კიდეც (ობიექტურობაზე თავსე ვერ დავდებ!), მაგრამ ამ კადრებში ქართველი ჯარისკაცებიდან გაღიმებული და გახარებული არავინ ჩანს… საერთოდაც ისეა გადაღებული, რომ მაინცდამაინც არავინ ჩანდეს, მოზეიმე კურდღლის მეტი… მაგრამ როდესაც აქა თუ იქ ჩნდებიან ჯარისკაცები, მათ თვალებში სწორედ ის ბუნებრივი სევდა და დაბნეულობაა, რაც ნამდვილ სამძიმარს თან ახლავს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც ამ კადრებს იღებდნენ – ტრაგედია ან უკვე მომხდარი იყო, ან – იგეგმებოდა და ყველამ იცოდა, რა რისკი იყო ასეთ „თამაშებში“…
მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი ჰელმანდის პორვინციაში (პრეზიდენტის სამსახურის ვიდეოკადრები)
ვიცი, რა საშინელ აღშფოთებას გამოვიწვევ ამ ჩემი წერილით!
ვიცი, როგორ უკანსაკნელი სიტყვებით მაგინებენ გოგოტიშვილები, თავხელიძეები და ბერულავები… როგორ დამდებენ ბრალს ნაციონალური ფრონტის ფარისეველი მიშოხისტები ამორალობაში, მკვდრების სულების და სახელების პოლიტიკურ ანგაჟირებულობაში და ა.შ. ზოგიერთი მათგანი დღეს ცნობილ დემაგოგიურ „შერისხვას“ მიმართავდა ბლოგებზე – „ღმერთი არავის გაუწყრეს!.. არ გაბედოთ პოლიტიკურ მიზნებით…“ ამას ის ხალხი ამბობს, რომლებიც პოლიტკური მიზნებით ოთხი წელია საფლავში მკვდარს ატრიალებენ…
ღმერთი უკვე გამწყრალია, თქვე უღმერთოებო!
ვის ამუნათებთ, როდესაც ამას წერთ: – „მადლობა ღმერთს, რომ დღეს საბჭოთა კავშირი აღარაა და ყველა თავისი სურვილით მიდის ავღანეთში!“??
რაო? თავისი სურვილითო?
და ვინ შეისწავლა ეგ ამბავი?
ქვეყანაში, სადაც თავისუფალი ბიზნესით და პატიოსანი პროფესიონალიზმით თავის გატანის და წელში გამართვის შანსი თითქმის ნულამდეა დაყვანილი, გასაკვირია, რატომ და რისთვის მიდიან ჩვენი ვაჟკაცები ავღანეთში?
ვინმემ გაარკვია, რამდენია მათგან მართლა მხედრული სულით აღტყინებული და თალიბებისაგან მსოფლიოს გაწმენდის მისიის მართლაც სამართლიანი საქმის ლეგიონერი, ხოლო რამდენი – ჯარში ხპეციალურად აკიდებული კრედიტებით გაწამებული, როდესაც ავღანეთში წასვლა ძლივს ნაყიდი ბინის ან სხვა სესხის დაფარვის ერთადერთ საშუალებად ქცეულა?! განა საიდუმლოა, რომ ახალაიამ ჯარი ერთ დიდ სატუსაღოდ აქცია, სადაც მთავარი მეციხოვნე და ჯალათი – საბანკო კრედიტია?
სარკეში ჩაიხედეთ, ჯიგრებო!
ვისი არ მჯერა? ვისი უნდა მჯეროდეს?- მსახიობი გურულის მიერ მუცლით გამოლოცილის? მუხრანის წყაროზე სახანძრო მანქანის მიერ მდინარის წყალის დამლევის? ასობით ობიექტის ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ უსირცხვილოდ გამხსნელი – „ატკრივალკა“ პრეზიდენტის? ადამიანის, რომელმაც კობა კობალაძეს აბსოლუტურად უსამართლოდ და უსაფუძვლოდ საქვეყნოდ ცილი დასწამა? რომელმაც მუხროვანის ჯანყი შეთხზა და ათობით პატიოსანი ოფიცრის კარიერა დაანგრია? ადამიანის, რომელმაც შავაძე და კრიალაშვილი სასამართლოს გარეშე დაახვრეტინა და ოთანაძე მთელი ოჯახის და მცირეწლოვანი ბავშვის დაპატიმრებით დააშანტაჟა? ადამიანის, რომელიც ქართველების სისხლით გაწითლებული რუსთაველი სასწრაფოდ მოარეცხინა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეზეიმა? ადამიანის, რომელსაც მტრის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან გვამები სპეციალურად არ გამოჰქონდა, ხოლო როდესაც ჩვენმა სამღვდელოებამ გმირების გვამები გამოიტანა, სასწრაფოდ ბულდოზერით ჩააყრევინა სანგარში და გადაასწორებინა, რომ საკუთარი დანაშაულის კვალი იმ ბულდოზერით დაეფარა?…
არ მჯერა მათი სიტყვის! არ მჯერა მათი ხელვნურად დაღვრემილი სახეების და ნიანგის ცრემლების!
არც არასოდეს დავიჯერებ, რომ მიხეილ საკაშვილს და ბაჩო ახალაიას ჯარისკაცების ბედი ანაღვლებს!
რომ ეგენი ქართველი ჯარისკაცის დაღვრილ სისხლს ნაღვლობენ!
სწორედ ქართველი ჯარისკაცების სისხლით აპირებენ ისინი და მისი მანქურთები საბატონო სკამის სამუდამო ლიცენზიის ყიდვას! და რაც მეტს დაღვრიან, მით უფრო რიხით ლაპარაკობენ საქართველოს შეუცვლელობაზე და წვლილზე (და ამაში საკუთარ შეუცვლელობას და „წვლილს“ გულისხმობენ)…
და ვერაფერს უფრო მეტს ვერ გავაკეთებდი მე (საუბედუროდ), იმ დაღუპული ვაჟკაცების სახელის მოსაგონრად და სულის პატივსაცემად, თუ არა ამ ორი ვაჟბატონის ჭეშმარიტი სახის სხვებისათვის დანახებას…
რადგან, თუ ისინი დარჩებიან ხელისუფლებაში, ათობით და ასობით, ვაითუ, იქნებ – ათასობით ახალ მსხვერპლს ნახავს ქართული ჯარიც და ქართული საზოგადოებაც… თანაც უაზრო მსხვერპლს! მსხვერპლს მხოლოდ იმისათვის, რომ ეს სკამსმიზრდილები სამუდამოდ ჩვენს მტანჯველ ბატონებად დარჩნენ…
არ ეგების ესე!
ამას კი დაღუპულ ქართველ გმირებს ვუძღვნი. ნათელში ამყოფოს! (“გაფრინდი, შავო მერცხალო” – ჰამლეტ გონაშვილი)
2060
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85