სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი მეზღვაურები განთავისუფლებულნი არიან!
ვულოცავ ამ ადამიანებს მათი ტანჯვის დასრულებას! მათ ოჯახებს ვუსურვებ ეს წელი ისევე ბედნიერი ყოფილიყოს მათთვის, როგორც დაებედათ!
ყველას გაგვიხარდა – მიშისტებსაც და ანტიმიშისტებსაც…
მაგრამ ერთი უცნაური კითხვა დამებადა – როგორ მოხდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის მხრიდან ორი წლის განმავლობაში მეზღვაურების თემაზე სრული იგნორირება უაზრო განცხადებებს ცვლიდა, როგორც იქნა, ინება და იკადრა ჩარევა. და თან როგორი ჩარევა!!! – პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეფონს არ შორდება! აჭარის ლომი ვარშალომიძე სკაიპში ესაუბრება სასომიხდილ მაგრამ უკვე ბედნიერ მძევლებს! საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, მეზღვაურების საკითხზე შექმნილი (თურმე!) უწყებათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი, მდგრადი ვერას მოადგილე - გიორგი კარბელაშვილი უკვე რამდენიმე დღეა, კენიასა და სომალიში იმყოფება და ადგილზე პირადად ხელმძღვანელობს განთავისუფლების პროცესს! (ლამის წამომცდა, სპეცოპერაციას-მეთქი! ისე, კი გავს კარბელაშვილი 007-ს (პირს ბროსნანს!) პროფილში… განსაკუთრებით, სათვალე თუ უფარავს დანისლულ მზერას!)
მერე ის გამახსენდა, ვაშაძე რომ 16 თვე არაფერს ამბობდა ამ თემაზე. ისიც, როგორც ცდილობდნენ ნაცოვიზიები ამ თემის დახურვას. ისიც, როგორ თანდათან იზრდებოდა გამოსასყიდის თანხა 1 მილიონიდან – 3-მდე (დღეს გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ამდენია გამოსასყიდი გადახდილი, თუმცა ქართველებმა გადაიხადეს თუ თურქებმა არავინ იცის – იქ 3 თურქიც იყო)… და საინტერესოა, რატომ 3-ზე გადაიხადეს, როცა უფრო ნაკლებზე უარს – ამბობდნენ – ტერორისტებთან ლაპარაკი რა ჩვენი საქმეაო! (სარკოზიც არ ჩაერთო, ბედი არ გინდა?!)
მოკლედ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქართველოს მთავრობამ სერიოზულად შეიტრიალა კეხი და ეს, ალბათ, ისევე როგორც ყველაფერი ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში – მოახლოებულ არჩევნებს და ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.
საქართველოს მთავრობა გაჰუმანურდა!
ხელისუფლებას დაეწყო წინასაარჩევნო სახადი – თან თუ ადრე მხოლოდ ცხვირზე და ლოყებზე გამოაყრიდა მსუბუქად, ახლა მთელ ტანზეა აფორაჯებული და ციებ-ცხელებაც აქვს – ხან კანონის რეტროაქტიულობამდე აუწევს ცხელება და ააკანკალებს, ხან კბილების გაპრიალება-ჩასმის ციებაზე აწაკწაკებს მოფამფალებულ ეშვებს!
და ეს სახადიანი მაღალი თან წითელი ქუდითაა მოსული… და თან წითელი ხურჯინიდან იმისთანა მოულოდნელი საჩუქრები ამოაქვს, რომ მიმიქარავს წმინდა კლაუსიც და კაპიტანი კლოსიც!
ა, თქვენ დაჩირებული იგლესიასი!
ა, თქვენ კუტუნიო ჩურჩხელა!
ა, ბატონო, მთელი გარნიტური ზედა და ქვედა ყბა!
ა, აგერ 3-, 6- და 15 -ადგილიანი კერძო საავადმყოფოები, სადაც მუზეუმის სტუმრებივით შეხვალ და დაათვალიერებ! შეიძლება სურათიც გადაიღო რენტგენის აპარატთან ხელიხელგადახვეულმა!
ა, ჩემი დონდლო ხელის ჩამორთმევის უნიკალური შანსი!
ა, საშობაო ლიტურგია გარდაბნის მორწმუნეებთან და „Waikiki“-ის პარკში გახვეული გელათის თაფლი მეუფე კალისტრატესაგან!
ა, თქვენ ვენეციის კომისიისაგან მოწონებული მაიმუნობები და ხაბაზის გამომცხვარი საშობაო კონსტი/პროსტიტუცია!..
აგერ თქვენ თანამეცხედრე ჩერგოლეიშვილის მარჯვენა ხელის, ზურაბ ჯაფარიძის და სანდროია ბომჟის თანამეინახე მიშა თავხელიძის „სუფთა პოლიტიკა“ – 3-ჯერ „არიელშია“ გარეცხილი 100 გრადუსზე… ამაზე სუფთა ბერლუსკონის ზეწრები არ იქნება…
ჯერ სად ხართ… ეს სამომავლო სპეცხურჯინი კარგა ხნის წინ შეიკერა და მის ფსკერზე იმისთანა რამეებია ჩაწყობილი, საუკუნის წინ ჩაძირული „ტიტანიკი“ მონაგონია… ახლა, ეს 15 გატანჯული მეზღვაური რომ ჩამოვა, ჯერ ბათუმში გამართავს მიშიკო სამხედრო-აღლუმს, მერე – ფოთში, მერე ანაკლიაში და ბოლოს – ლაზიკაში! ლაზიკაში პირველ ქუჩას დაექმევა გმირი მეზღვაურების და მათი მხსნელი მიშა პაბედანოსეცის სახელი… მერე სათითაოდ მივა თითოეულის ოჯახში, გადასცემს საჩუქრებს – მაცივარი, ტელევიზორი, ტრაქტორი, მანქანა… და ცალ ლოყაზე ცრემლისდენის ხომ ფესიტვალი გვექნება ისეთი, ბასტერ კიტონს რომ შეშურდებოდა! მერე ეს ყველაფერი გაამრავლეთ სამზე (მინიმუმ სამჯერ ხომ გვაჩვენებენ ჩვენი ნაციონალური დაქლიავების ტელეარხები, მერე რამდენჯერ გაწევენ და გამოწევენ პროფილი და ნანუკა! რამდენჯერ მიიწვევენ ნიჭიერში და რამდენჯერ ინერვიულებენ მათი ცოლები, თავის უნახავ ქმრებს ნაცშორენას გვერდზე რომ იხილავენ… მოკლედ, ისეთი შოუ დაიდგმება, ისეთი, პუტინი რომ გულზე გასკდეს! – მაგას არ ეღირსოს არცერთი განთავისუფლებული რუსი მეზღვაური მარტამდე! და უკუნითი უკუნისამდეც!.. ჰოდა, ამას რომ დაინახავენ სომალელი პირატები, მერე ნახე შენ, მაგათი თავში ხელის ცემა – რა იეფად დაგვითმიაო! და ქართველი მეზღვაურების მაზანდა მოგადიშოს ტყვეთა ბაზარზე მაგრად აიწევს – მიმიქარავს გილად შალიტი!
ახლა სხვა აღმოჩენებზე და დროულად გახსნილ-გამოხსნილ საქმეებზე…
ერთი თვის წინ 1994 წელს მინასიანების ოჯახის 3 წევრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა პირველი ნათლობა მიიღო და მკვლელები გაასამართლა. მართალია, როგორც ბრალდების, ისე მომჩივანი მხარე განაჩენით უკმაყოფილო დარჩა, სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილი იყო კმაყოფილი, რომ კიდევ ერთი გალოჩკა – „ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი“ შეუძლია თავის აქტივში ჩაიწეროს!
ამ დღეებში 2004 წელს მოკლული ორი ახალგაზრდის საქმეც გაიხსნა და მკვლელ ვასილ ხვედელიძეს მალე საკადრისი მიეზღვება. დარწმუნებული ვარ, აქავ ნაფიც მსაჯულებს გამოუშვებს რინგზე მიშ-თემიდა.
რა ნაფიცი მსაჯულები, რის ნაფიცი მსაჯულები?!
ამ «David Agmashenebeli 2.0»-მა კონსტიტუციაზე დაიფიცა – მედიას დავიცავ, სასამართლოს მიუკერძოებელს გავხდი, ბიზნესს ავაყვავებ და აფხაზეთს და სამაჩაბლოს, რომ დავიბრუნებ და დავიბრუნებო! და მის მერე იმ კონსტიტუციის ჭრაში და გადაკეთებაშია… თქვენ გჯერათ, რომ სადაც ათას ხიფათზე გადამხტარი და ნაწრთუნი ვაჰ-პროფესიონალ მოსამართლეები ვერ უსწორებენ თვალს მიშას რობოტ-პროკურორებს, იქ ნაფიცი მსაჯულები შეძლებენ სიმართლის დაცვას? ეს არის ყველაზე დამპალი ბლეფი, რაც კი ამ რეჟიმს გაუკეთებია… რომ საკუთარი მანქურთების მიერ გაბახებული და გარყვნილი სამართალი მერე ამ უბრალო მოქალაქეებს გადააბრალოს…
„პტიჩკების“ და „ბულეტების“ რაოდენობას აქვს მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა! როგორც არავინ კითხულობს – 93 გამჭვირვალე პოლიციაში რა შავბნელი საქმეები ხდება… როგორც არავინ მოიკითხავს სოკოებივით მომრავლებულ იუსტიციის სახლებში და სასახლეებში რა მაიმუნობები და სიყალბეები იგეგმება… როგორც არავის სჯერა ნაცოვიზიების საინფორმაციო დამოუკიდებლობის, ან ეროვნული მარეგულირებელი კომისიების მიუკერძოებლობის, ისეა ესეც… ეს თათარიახლად გაჩენილი საახალწლო საჩუქრებიც – საახალწლო-საარჩევნო ფეიერვერკივითაა – გამოჰკრავ, ბუთქავ, იკივლებს, იწივლებს, გაიშლება და ჩაქრება… და მერე დაგრჩება სიზმრები 18-ლარიან ხორცზე და მოგონებები 50-თეთრიან მარშრუტკებზე… სამაგიეროდ, ის „ჩაფიქსირებული“ მიღწევები უკვე ჰამურაბის სვეტივით იქნება მიშას დიდების მუზეუმში დაჩხაპნილ-უკვდავყოფილი…
ა, კიდო – სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს ფიროსმანის ნახატები „დაჭრილი ჯარისკაცი“ (2011 წ. ივნისში) და „მეარღნე“ (2011 წ. 31 დეკემბერს)
არ დაჭირდეთ, თორემ, მალე ალბათ თამარის საფლავსაც „მოიაგნებს“ და „გახსნის“ მერაბიშვილი მესტიაში… ან ახალაია – სამეგრელოში… დასწრებაზეა ყველაფერი… თუ დაჭირდათ, თავისი ლაზარეც ეყოლებათ გადანახული აღსადგენად და რომელიმე რაიონული საავადმყოფოს გახსნაზე მიშა აღადგენს კიდეც… გელათის თაფლის მერე მაგარ ჯანზეა თურმე… თავი ნაზარეველი ჰგონია… ან – „NAZARETH“-ელი… – ელი…
ჯერ სადა ხართ, გასახსნელი კიდევ ბევრია. ტყუილადაა მსოფლიოში ერთადერთი პრეზიდენტ-ატკრივალკა?
თან ისეთი მოლოდინი მაქვს, რომ ძირითადად 2004 წლამდე მომხდარი მკვლელობები და ძარცვა-ყაჩაღობები გაიხსნება (აბა საკუთარ გაუხსნელს ხომ არ გახსნიან ახლა!), ხოლო ამოღებების, პოვნის და მუზეუმში დაბრუნებების რიცხვი არჩევნების მოახლოების კვალობაზე სულ უფრო გაიზრდება და შეიძლება საშუალოდ დღეში იმაზე მეტი გახსნა განხორციელდეს უკვე, ვიდრე – 2010 წელს მთლიანად!
თან ეს მეზღვაურების განთავისუფლება დრაკონული კანონების მიღების შემდეგ განხორციელდა, როცა ქველმოქმედებაზე 3 წელი ციხეა უკვე გარანტირებული, (თანაც – ქველმოქმედების მიმღებზე!!), და შალვა ნათელაშვილი დღეში რამდენჯერმე საათის გუგულივით გადმოდგება და უკანასკნელ გაფრთხილებას აძლევს ივანიშვილს – 300-300 ლარი დაურიგე ყველა გაჭირვებულს, თუ არ გინდა, ლეიბორისტულად შეგრისხოთო! ჰოდა, იმ ფონზე, როცა ივანიშვილი 300 ლარსაც ვერ არიგებს, კარბელაშვილმა სუ შემოიხია და ვერას მიერ ჩულქებით გატანებული 3 მილიონი ჩაუჩხრიალა მეკობრეებს! არის ეს უმაღლესი პილოტაჟი? – რა თქმა უნდა, არის! შარშან რომ იგივე ექნათ 2 მილიონად, ექნებოდა ეფექტი? არა, ბატონო… შარშან რაში ენაღვლებოდათ? - არც არჩევნები ჰქონდა მიშას მოსაგები და, რაც მთავარია, არც ბიძინა იყო სცენაზე გამოსული…
ამიტომ, მას მერე, რაც მიშას ზურა ადეიშვილმა ზურგი მოუმაგრა დრაკონული კანონებით, მიშამ გადაიფიქრა არჩევნების ადრე გადმოტანა, ახლა უნდა ადრჩენილ 9 თვეში იმდენი ქველმოქმედება დაგვპირდეს, რაც ივანიშვილმა მთელი 15 წლის განმავლობაში აკეთა. თან ამას როგორც პრეზიდენტი განახორციელებს, და არა როგორც პარტიის ლიდერი (პარტიის ლიდერებს ხომ აუკრძალა!)
ამიტომ იმის შანსიც შემცირდა, რომ თანამდებობიდან გადადგეს და თავის თანაპარტიელების სიას ჩაუდგეს სათავეში… ძლივს ქერის ორმოში ჩავარდა, მიხეილ I ტყვეთამანთავისუფლებელი!. ის კი არა, იმის მეშინია, როგორც შენობებს ხსნის ორჯერ და სამჯერ, ეს მეზღვაურებიც არ დააბრუნოს უკან მეორე ზახოდზე!!! რავა, ჭკუა დოუშლის თუ კანონი?
მაინც, რა დიდებული საქმეა ეს არჩევნები?
როგორ ცამდე იზრდება სამართალდამცავების მარგი ქმედების კოეფიციენტი?! და როგორ ჯადოსნურად ბრუნდებიან ნახატები, რომელთა გაქრობაც კი მანამდე უცნობი იყო! არის ამაში რაღაც მისტიური, რომელიც გვაჯერებს, რომ ძალა, რომელსაც ასეთი მაგია გააჩნია, არჩევნების დღეს უცხოეთში წასულ და გარდაცვლილ ამომრჩეველთა ხმის მიცემასაც შესაძლებელს და, რაც მთავარია, დასაჯერებელს გახდის! კარგად დააკვირდით სიებს… არაა გამორიცხული, მუხიანში ლეონტი მროველი იხილოთ და ავლაბარში – ვარსქენ პიტიახში… ეგ მანდ ჩაწერილიცაა…
„არჩევნები აგვამაღლებს!“ – ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ…
შეხედეთ, აგერ, ხათუნა გოგორიშვილს ჰერბერტ ფონ კარაიანი ჩაუსახლდა სხეულში! თურმე რა ტალანტი იმალებოდა! რაში ხმარობდნენ ამ დიდებულ მაესტროს? – არჩევნების გაყალბებაში… და მერე რა უბადრუკი იყო ეს ადრინდელი გაყალბებები… წელს ნახეთ, მაესტრო ფონ გოგორიანი როგორ ზევსივით მეხს ისროდეს დირიჟორის ჯოხიდან!
ახლა, ისიც ვთქვათ, ზოგიერთი რამ ვერაფრით იქნება ამ სანტა კლაუსების და მაესტრო-„სნოუვაითების“ „გიფტ-არსენალში“…
არ არის გახსნილი ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე, უამრავი ლაფსუსია დაფიქსირებული ლევან სამხარაულის მკვლელობის საქმეში, თეთრი ძაფით არის ნაკერი გურამ შარაძის მკვლელელობის ვითომ გახსნილი საქმე, პოლიციამ ვერ შეძლო გაერკვია, ვის ურეკავდნენ და აბარებდნენ ანგარიშებს ყოველ 10 წუთში სანდრო გირგვლიანის მკვლელები მკვლელობის ღამეს. კონტროლის პალატას არ უჩნდება კითხვები იმ მაღალჩინოსანთა მიმართ, ვინც მრავალმილიონიანი სახლები აიშენა ან ათეულ მილიონიანი ღირებულების ტელეკომპანიების და ბიზნეს-კომპანიების შესაძენი თანხები დააგროვა 2004-2011 წლებში, მაგრამ…
მასგრამ … „რაღაცა ხომ კეთდება?
„კიდე კარგი, აქამდე არ იყვნენ განთავისუფლებული ეს მეზღვაურებიო!“
ეს ფრაზა მე არ გამიგონია, და სავარაუდოდ, მოდელირებული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი მოდელირების გროსმეისტერის მარგალიტისა არ იყოს – ძალიან მიახლოებული კია შესაძლო რეალობასთან… ის კი არა, კიდე უფრო მიახლოებულ ვარიანტს შემოგთავაზებთ, ა-ლა-მიშა:
“ეს მეზღვაურები რომ მძევლად არ აეყვანათ, ჩვენ თავად უნდა გამოგვეგონა მაგათი ტყვეობაო!”
“რიატომაც – არა?! რიატომაც – არა?!”
2485
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85