როდესაც ვაცლავ ჰაველის დასაფლავების კადრები ვნახე, ყველაზე უფრო უცნაურ მომენტად ჩავთვალე კუბოსთან წარბებშეჭმუხნული და სახეგაქვავებული მიხეილ სააკაშვილის ფიგურა (0:36-0:38).
წარმოვიდგინე, რა განცდები ექნებოდა, ალბათ, ერიხ ჰონეკერს, სახაროვის დასაფლავებას რომ დასწრებოდა, ან ალექსანდრე ლუკაშენკოს - მაჰათმა განდის მემორიალთან.
პრაღაში არ ჩასულა რუსეთის ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი. მხოლოდ სახალხო დამცველი ვლადიმერ ლუკინი ჩავიდა, როგორც კერძო პირი. და მართალი გითხრათ, რუსეთის ხელისუფლების პოზიცია გაცილებით უფრო გულწრფელი მგონია, ვიდრე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა.
ვაცლავ ჰაველი იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა კომუნიზმის და საბჭოთა სოციალისტური ბანაკის დანგრევაში. და ამ მხრივ, გასაგებია, რატომ არ მიაგეს მას პატივი პუტინმა და მედვედევმა და რატომ ჩაქანდა პრაღაში მიხეილ სააკაშვილი.
მაგრამ ვაცლავ ჰაველი, განსხვავებით მრავალი სხვა ანტიკომუნისტი დისიდენტისაგან (და მათ შორის – ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ზვიად გამსახურდიასაგანაც) მსოფლიო ისტორიაში დარჩება, როგორც ადამიანი, რომელმაც არანაკლები როლი შეასრულა სამოქალაქო საზოგადოების როლის გაცნობიერებაში და სწორედ ასეთი საზოგადოების განვითარებისთვის ბევრი რამ მსხვერპლად გაიღო თავისი სამშობლოს ტერიტორიული ერთიანობისა თუ, განსაკუთრებით, საკუთარი ძალაუფლების და ხელისუფლების „სიმაგრის“ დათმობის ხარჯზე. და ამ მომენტის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილი სჯობდა ისევე სახლში დატეულიყო, როგორც ვლადიმერ პუტინი დაეტია, რადგან ისინი – მიშა და ვოვა – ფრონტის ხაზის სწორედაც რომ მეორე მხარეს ერთად არიან – როგორც სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვის, განადგურების, სამოქალაქო უფლებების განუხრელი შელახვის და საზოგადოებრივი ინსტიტუტების რღვევის პიონერები და ლიდერები. რაც არ უნდა დიდი წუხილი გამოთქვას მიხეილ სააკაშვილმა და რაც არ უნდა სამარადისო კაეშნის ნიღაბი მოარგოს თავის არსებას, მას არასოდეს არავინ განიხილავს ვაცლავ ჰაველის იდეურ მემკვიდრედ, რადგან მოჩვენებითი სევდის რამდენიმე წუთი და ჰაველის მიმართ უხვად დაღვრილი დითირამბები, ან წმინდა გიორგის ორდენი ვერ გადაწონის 7 ნოემბერს, 6 მაისს, 26 მაისს, დანგრეულ სასამართლო სისტემას, მონოპოლიზირებულ და გაბახებულ მედიას, პოლიტიზირებულ პოლიციას, დატერორებულ ბიზნესს, ხისტად ცენტრალიზებულ სახელისუფლებო ვერტიკალს და იმ დაუსრულებელ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც მხოლოდ ერთს ემსახურება – საკუთარი პერსონის და საკუთარი პარტიის სამარადისო მონოპოლიის გამტკიცებას და სამოქალაქო საზოგადოების ყლორტების დასაბამშივე უმოწყალოდ განადგურებას…
რამდენიმე ციტატა ვაცლავ ჰაველის ბრწყინვალე გამოსვლიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „ჰაველი სხვაა, მიშა სხვაა, შუა უზის დიდი მზღვარი."
ჰაველის სიტყვა “ვაცლავ ჰაველის სახელობის სამოქალაქო საზოგადოების სიმპოზიუმზე”
(მაკალესტერის კოლეჯი, მინეაპოლისი/სენტ პოლი, ამერიკის შეერთებული შტატები, 1999 წლის 26 აპრილი)
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარება… ძალიან რთული პროცესია – არა მარტო ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, … არამედ იმის გამოც, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ან გულგრილია სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის იდეის მიმართ, ან ეწინააღმდეგება კიდეც მას. როგორც კი იგდებენ ხელში ძალაუფლებას, მაშინვე ითავისებენ სახელმწიფოს ზოგად სურვილს, არაფერი დათმოს იქიდან, რაც მოუპოვებია. პარადოქსია, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრი დემოკრატი თუ ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი იცავს სახელმწიფოს გადამეტებულ ძალაუფლებას, რაც კომუნისტური ეპოქის გადმონაშთია.
კონსერვატიზმს არაფერი აქვს საერთო იდეოლოგიასთან. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს იდეოლოგიური გამართლება უპოვოს საკუთარ სურვილს, არ დაუშვას სახელმწიფო ძალაუფლების შემცირება, ისინი, ჩვეულებრივ, ასეთ რამეს ამბობენ: `ხალხმა ჩვენ აგვირჩია; მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ გვემართა სახელმწიფო. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი იერიშია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაზე. რესურსების სოციალური გადანაწილება სახელმწიფოს მოვალეობაა და ეს ფუნქცია არ უნდა დაეკისროს სხვებს. პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბების და მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობა, რაც პოლიტიკურად ცენტრიდან არ კონტროლდება, საპარლამენტო დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენების ტოლფასია.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოშობს ჭეშმარიტ პლურალიზმს, ხოლო პლურალიზმი, ბადებს რა კონკურენციას, ქმნის ხარისხს. ამ მხრივ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკას შორის მსგავსებაა. რაც უფრო მრავალფეროვანი და დამოუკიდებელია ფართო მასებიდან წამოსული, ყველა სფეროში მოქმედი ინიციატივები, მით უფრო დიდია შანსი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამოვლინდეს ამ ინიციატივებს შორის საუკეთესო. მინდობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისა თუ ცენტრალური პოლიტიკური ორგანოების უნარზე, მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უკეთესი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ნიშნავს, რომ ძალაუფლება და ჭეშმარიტება გააიგივო ერთმანეთთან. ჩვენ ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა შედეგი მოჰყვება მსგავს დამოკიდებულებას. ეს რეგრესია.
რაც უფრო მრავალფეროვანი და წარმატებულია სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მყარია შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ეს გასაგებიც არის. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს პოლიტიკური ძალაუფლების შიგნით მომხდარი ცვლილებების ზემოქმედებისგან. შედარებით დაბალ დონეებზე ის ისრუტავს ასეთი ცვლილებების შედეგებს, გადაამუშავებს მათ და აწესრიგებს კიდეც. ამ გზით ის ამსუბუქებს პოლიტიკურ ცვლილებებს ან იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები არ იყოს საბედისწერო. მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები არ უნდა აღიქმებოდეს ქარიშხლად, რომელიც ყველაფერს მიწასთან ასწორებს. მაგრამ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის საკმარისად განვითარებული, პოლიტიკურ ცენტრში აღმოცენებული ყველა პრობლემა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ილექება, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები აღწევს ხელისუფლებამდე და ამიტომ მას (ხელისუფლებას) ისეთი საკითხების გადაწყვეტა უხდება, რომელთა მოგვარება სხვა შემთხვევაში არ მოუწევდა – და ეს იმ პრობლემების მოგვარების ხარჯზე ხდება, რომლებიც სწორედ რომ ხელისუფლების გადასაჭრელია, ვინაიდან ის არის მათზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება არა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსისგან დამცავი საუკეთესო საშუალებაა, არამედ ავტორიტარული ძალების აღზევებისგანაც გვაზღვევს – ეს ძალები ყოველთვის მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც საზოგადოებაში რაიმე ძვრები ხდება ან საზოგადოება თავს დაუცველად გრძნობს. რაც უფრო მეტი ძალაუფლება უპყრია ხელთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მით უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნება ასეთ ძალებს იმისათვის, რომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარონ.“
2029
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85