ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ძმა, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური შვილი და მოქმედი პრეზიდენტის ნათელ-მირონი

ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ძმა, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური შვილი და მოქმედი პრეზიდენტის ნათელ-მირონი

გიორგი ბარამიძე იმ იშვიათ გამონალისთა შორისაა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ ქარტეხილს გაუძლო და ქვეყნის მმართველ ელიტაში დარჩა. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური ძმა და ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური შვილი მოქმედი პრეზიდენტის ნათელ-მირონია. ის და ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია მიხეილ სააკაშვილის პირველი შვილის ედუარდ სააკაშვილის ნათლიები არიან.

ზურაბ ჟვანიას უცნაური და ბურუსით მოცული გარდაცვალების შემდეგ ბევრი ექს-პრემიერის უახლოესი მეგობრისგან რადიკალურ ნაბიჯებს ელოდა, მაგრამ გიორგი ბარამიძე ჟვანიას საფლავის მოდარაჯედ და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრად და ნათელ-მირონად დარჩა!

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გიორგი ბარამიძე კვლავ სახელისუფლო ვერტიკალში აპირებს დარჩენას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს მეოთხედ იყრის. ის დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს 1995 და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში (მოქალაქეთა კავშირისა და ედუარდ შევარდნაძის ზეობის ხანაში), 2003 წელსაც დიდუბის რაიონიდან შევიდა პარლამენტში, 2008 წლის არჩევნები ”ჩააგდო”, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაბარგებული ბარამიძისათვის დიდუბის რაიონი ალბათ, საინტერესო აღარ იყო. როგორც ჩანს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დიდუბის რაიონში ბარამიძის გამარჯვებამ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ ბარამიძე კვლავ დიდუბეში მიდის.

გიორგი ბარამიძის ქონებრივ დეკლარაციას ცოტა ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი, “პირWელი” საჭიროდ მიიჩნევს ”ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის მრავლისმთქმელი პოლიტიკური ბიოგრაფია შემოგთავაზოთ:

1989 წლიდან გიორგი ბარამიძე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი და ცენტრალური საბჭოს წევრი იყო. 1990 წელს კი საქართველოს მწვანეთა პარტიის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ამ პარტიის პოლიტიკური კომიტეტის წევრი.

1992 წლიდან ბარამიძე საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს და გახდა ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი, აგრეთვე NATO-ს პროგრამაში "პარტნიორობა მშვიდობისათვის" საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი.

1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონიდან.

1995 წლის ნოემბიდან 1996 წლის მარტამდე ასრულებდა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივნის მოვალეობას.

1996 წლის მარტიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარედ. 1996 წლის სექტემბრიდან კი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირის" თავმჯდომარედ.

1998 წლის ივლისში ბარამიძე სმკ-ის ფრაქციისა და პარლამენტის ანტიკორუფციული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა.

1999 წლის ოქტომბრიდან აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრად დიდუბის რ-ნის #8 საარჩევნო ოლქიდან.

2000 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის აპრილამდე იყო არჩეული პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარედ.

2002 წლის ივნისში აირჩიეს საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" თავმჯდომარედ. ამავდროულად, იყო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ბალტიისპირეთში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარე.
2003 წელს კვლავ აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად დიდუბის რაიონის #8 საარჩევნო ოლქიდან.

2003 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად.

2004 წლის ივნისში დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრად.

2004 წლის დეკემბერში დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო მინისტრად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში და დღემდე ამ თანამდებობაზეა.

2006 წლის აპრილში დაინიშნა საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრად.

ქონებრივი დეკლარაცია:


2009-2011 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გიორგი ბარამიძემ აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით 275 960 ლარი აიღო.

როგორც “პირWელის” მიერ ბარამიძის 2009, 2010 და 2011 წლების ფინანსური დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, ვიცე-პრემიერმა 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღნიშნულ პოსტზე ხელფასის სახით - 66 830 ლარი აიღო, 2010 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 86 730 ლარი, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 122 400 ლარი გამოიმუშავა.

ამასთან, დეკლარაციის ერთ-ერთი გრაფა “თქვენი, თქვენი ოჯახის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფული, რომლის ოდენობა 4000 ლარს აღემატება”, როგორც 2009, ისე 2010 და 2011 წლებშიც ცარიელია.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი ბარამიძეს 2009 წლის დეკლარაციის თანახმად, “საქართველოს ბანკში” მიმდინარე ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომელზეც ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 6 446 ლარი ერიცხებოდა. “ბაზის ბანკში” გახსნილ საკრედიტო ანგარიშზე კი ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 39 070 ლარი ჰქონდა დაფიქსირებული.

2010 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ვიცე-პრემიერს “საქართველოს ბანკში” ორი მიმდინარე ანგარიში ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც ნაშთის სახით 24 504 ლარი (კრედიტი) და 3 169 ევრო (კრედიტი) ჰქონდა დაფიქსირებული. “ბაზის ბანკში” გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე კი ბარამიძეს ნაშთის სახით 17 839 აშშ დოლარი (დებეტი) ერიცხებოდა. ამავე წელს ვიცე პრემიერ-მინისტრს ანგარიშები “თიბისი ბანკსა” და “ლიბერთი ბანკშიც” ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც შესაბამისად, ნაშთის სახით, 3 და 0 ლარი უფიქსირდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბარამიძის მეუღლეს ეკა ჯაფარიძეს “თიბისი ბანკში” მიმდინარე ანგარიში და ანაბარი ჰქონდა გახსნილი. ანაბარზე 100 000 აშშ დოლარი ჰქონდა, მიმდინარე ანგარიშზე კი - 7 000 დოლარი (დებეტი).

უკვე 2011 წლის დეკლარაციაში გიორგი ბარამიძეს “საქართველოს ბანკში” გახსნილ ორ მიმდინარე ანგარიშსა და ანაბარზე ნაშთის სახით, შესაბამისად, 3 024 ლარი (კრედიტი), 67 855 აშშ დოლარი (კრედიტი) და 215 151 ევრო (კრედიტი) უფიქსირდებოდა. რაც შეეხება “ლიბერთი ბანკსა” და “ბაზის ბანკში” გახსნილ მიმდინარე ანგარიშებს, ვიცე-პრემიერს აქაც შესაბამისად, 43 019 ლარი (კრედიტი) და 4.69 აშშ დოლარი (კრედიტი) ჰქონდა.

დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს ბარამიძის მეუღლეს ეკატერინე ჯაფარიძეს “თიბისი ბანკში” ხუთი დეპოზიტი ჰქონდა გახსნილი, რომლებზეც 130 000 აშშ დოლარი (კრედიტი), 100 000 აშშ დოლარი(კრედიტი), 40 000 აშშ დოლარი(კრედიტი), 60 000 აშშ დოლარი (კრედიტი) და 48 000 აშშ დოლარი (კრედიტი) უფიქსირდებოდა. ასევე ჯაფარიძეს “თიბისი ბანკში” გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე ნაშთის სახით (კრედიტი ან დებეტი) 1 035 აშშ დოლარი ერიცხებოდა.

ვიცე-პრემიერ მინისტრის უძრავ ქონებას რაც შეეხება, 2009 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ბარამიძეს თბილისში, ე.ახვლედიანის #6-ში 453 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ჰქონდა. ამავე მისამართზე მას 340 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი აქვს მითითებული. ასევე ბარამიძის საკუთრებაა თბილისში, უზნაძის #6-ში მდებარე 200 კვ.მ ფართობის ბინის 25%-იანი წილი, მეწილეებად კი აივენგო ბარამიძე და დავით ბარამიძე ჰყავს მითითებული.

ასევე დეკლარაციის მიხედვით, ბარამიძის მეუღლეს ეკატერინე ჯაფარიძეს ეკუთვნის თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის #21-ში მდებარე 100 კვ.მ ფართობის ბინა, ყიფშიძის #6-ში მდებარე 95კვ.მ ფართობის ბინა და თბილისში, გორგასლის 1 შესახვევში, #8-ში 105 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

უკვე 2010 წლის დეკლარაციაში კი გიორგი ბარამიძის სახელზე გაფორმებულ უძრავ ქონებას არაფერი შემატებია. ეკატერინე ჯაფარიძეს კი მის სახელზე არსებული უძრავი ქონების გრაფიდან ჭავჭავაძის გამზირის #21-ში მდებარე 100 კვ.მ ფართობის ბინა არ უფიქსირდება.

აღსანიშანავია, რომ 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის თანახმად, ბარამიძის პირად უძრავ ქონებას არც არაფერი შემატებია და არც დაკლებია. ეკა ჯაფარიძეს კი თბილისში, გორგასლის 1 შესახვევში, #8-ში 105 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და ამავე მისამართზე 120 კვ.მ ფართობის მშენებარე საცხოვრებელი სახლი აქვს მითითებული.

რაც შეეხება მოძრავ ქონებას, (თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულადი თანხის გარდა) 2009-2011 წლების დეკლარაციის შესაბამის გრაფაში ბარამიძეს კედლის საათი აქვს მითითებული!

ამასთან, რაც შეეხება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ვიცე-პრემიერის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას, 2009-2011 წლების დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბარამიძე 1999 წლიდან დღემდე შპს “სანდოს” პარტნიორია, საიდანაც 2009 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 10 916 ლარის შემოსავალი მიიღო, 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში - 19 660 ლარის, 2011 წელს კი - 10 916 ლარი.

ასევე დეკლარაციის მიხედვით, ბარამიძის მეუღლე 2006 წლიდან დღემდე შპს “ოპერას” დამფუძნებელია, საიდანაც 2009 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 160 000 ლარის შემოსავალი მიიღო. 2010 წელს – 0 ლარი, 2011 წელს კი 2 800 აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, არც ბარამიძეს და არც მის მეუღლეს 2009-2011 წლების განმავლობაში ფასიანი ქაღალდები არ გააჩნდა.

დეკლარაციას თუ ვენდობით, 2009-2011 წლების განმავლობაში ვიცე-პრემიერს 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქარი არ აუღია.

ასევე დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში - “თქვენი ან თქვენი ოჯახის წევრის ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომლის ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 1500 ლარს და არ არის მითითებული ამ დეკლარაციის სხვა ფურცლებზე”, 2009 წელს ბარამიძეს გასავალში შვილის - ანა ბარამიძის სწავლის საფასური - 9 360 ლარი აქვს მითითებული. ასევე მოცემულ პერიოდში ვიცე-პრემიერმა სესხის დასაფარად 3 227 აშშ დოლარი დახარჯა, წყენთის სამთავრობო აგარაკის ქირაში - 3 600 ლარი, სარემონტო სამუშაოში 1 700 ლარი, სარემონტო სამუშაოებში კი - 12 500 ლარი.

2010 წლის დეკლარაციაში, ანალოგიურ გრაფაში გიორგი ბარამიძემ შვილის სწავლის საფასურისთვის 4 000 ევრო გადაიხადა. რაც შეეხება შემოსავალს, მისმა მეუღლემ ბინის გაყიდვით 125 000 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, საბანკო დივიდენდის სახით კი - 3 600 აშშ დოლარი.

უკვე გასული წლის დეკლარაციის თანახმად, ვიცე-პრემიერმა შვილის სწავლის საფასურისთვის ისევ 4000 ევრო გადაიხადა. ეკა ჯაფარიძემ კი შემოსავლის სახით "საქართველოს ბანკიდან" საბანკო დივიდენდი - 9 592 ლარი, "ლიბერთი ბანკიდან" კი - 1 205 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, გიორგი ბარამიძის ოჯახი მეუღლის – ეკა ჯაფარიძის და შვილის – ანა ბარამიძისგან შედგება.