ჯონ ბასს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ შეხედულებებს შორის განსხვავების აღმოჩენა უჭირს

ჯონ ბასს საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ შეხედულებებს შორის განსხვავების აღმოჩენა უჭირს

ამერიკის შეერტებული შტატების ელჩმა ჯონ ბასმა საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარა, რომლის შესახებაც წინასწარ ითქვა, რომ ელჩი მომავალ საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრებდა. ამიტომ საზოგადოებაში ჯონ ბასის პრეს-კონფერენციასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი იყო. თუმცა როგორც ყოველთვის, ელჩი ისეთი ფრაზებით შემოიფარგლა, რომლებიც ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლება. მართალია, მან აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში არ უჭერს მხარს კონკრეტულ პირს, ან კონკრეტულ პარტიას, მაგრამ სავარაუდოდ, როგორც გვჩვევია, ახლა ამას მოჰყვება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან ჯონ ბასის სიტყვების სხვადასხვაგვარი განმარტებები.  

ელჩის თქმით, ის დახმარების პროგრამები, რომელსაც საქართველოში ამერიკის მთავრობა ახორციელებს, მიმართულია საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, დემოკრატიული კულტურის გასაღრმავებლად, ასევე საქართველოს მოსახლეობისთვის შესაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და წარმართვა. ამასთანავე, ელჩის თქმით, ეს პროგრამები ხორციელდება იმ სულისკვეთებით, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ თვითონ აირჩიონ საქართველოს მომავალი.

„მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომელიც საქართველოს საარჩევნო ციკლის წინაშე დგას, არის საქართველოს მოქალაქეების შეხედულებაში დემოკრატიული პროცესებისადმი და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის ამაღლება. ამ კუთხით, არჩევნებში ჩართულმა ყველა მოქმედმა პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უმნიშვნელოვანესია ის შთაბეჭდილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ინსტიტუტებისა და პროცესების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ექმნებათ. ეს გახლვთ ყველას პასუხისმგებლობა, რომ მოხდეს ამის გათვალისწინება, რაც კონკრეტული საარჩევნო პირადი მიზნების განხორციელებას აღემატება“, - განაცხადა ბასმა.

მისი თქმით, ამერიკა სწორედ ამ სულისკვეთებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ჯონ ბასი ამბობს, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მუშაობას, რასაც როგორც NDI, ასევე IRI აწარმოებს. ელჩმა ამ ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელები წარადგინა და აღნიშნა, რომ ამერიკა მხარს უჭერს აღნიშნული ორგანიზაციების მიერ წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებას, რაც არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელს საქართველოში განხორციელდება. NDI-ს საქართველოში წარმოადგენს კენტ ვოლაკი, IRI-ს კი ანდრეა კირბსი.

ჯონ ბასის თქმით, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ აშშ-ის მთავრობის მიერ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის გაღებული თანხა ორ მილიონ დოლარს მიუახლოვდება. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტიდან (NDI) ივლისიდან ოქტომბრამდე სამი გრძელვადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას, აგრეთვე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 12 გრძელვადიანი დამკვირვებლის არჩევნებამდე სამი თვით ადრე ჩამოსვლას. ელჩმა აღნიშნა, რომ არჩევნების დღეს NDI-ს საქართველოში დამატებით 20, ხოლო IRI-ს დამატებით 30 დამკვირვებელი ეყოლება.  

„მეორე ინიციატივა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში განახორციელებს, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ ინიციატივის ფარგლებში ამერიკის მთავრობამ 750 000 დოლარი გამოყო. ეს თანხა გადაეცემა კონსორციუმს, რომელიც NDI-ს, IRI-ს და IFES-ისგან შედგება. ეს კონსორციუმი ქალი კანდიდატების შესაძლებლობების განვითარებაზე იმუშავებს იმისთვის, რომ ისინი უკეთ იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში წარმოდგენილები“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

მისი თქმით, საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოებში ქალების პროცენტი ძალიან დაბალია და აქვე ჰილარი კლინტონის სიტყვები მოიშველია.

„როგორც არაერთხელ უთქვამს ჩემს უფროსს, სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს, პოლიტიკა უკეთესად კეთდება მაშინ, როდესაც მასში საზოგადოებაში გავრცელებული ხედვისა და შეხედულებების ფართო სპექტრია წარმოდგენილი, მათ შორის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ქალები, რომლებიც ამომრჩევლის 50%-ს წარმოადგენენ“, - აღნიშნა ელჩმა.

ამის შემდეგ ჯონ ბასმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. სულ სამი კითხვა დაისვა. პირველი ეხებოდა იმას, არჩევნების შემდეგ NDI და IRI ეუთოსთან ერთად ერთობლივ დასკვნას წარმოადგენენ თუ დამოუკიდებელ დოკუმენტს შეიმუშავებენ და რა ტერიტორიებს მოიცავს ამ ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები.

ამაზე ელჩმა უპასუხა, რომ NDI და IRI დამოუკიდებელ დასკვნებს დადებენ. ბასის თქმით, მართალია სადამკვირვებლო მისიებს შორის გარკვეული ურთიერთთანამშრომლობა არის, მაგრამ თითოეულ სადამკვირვებლო მისია თავის დამოუკიდებელ შეფასებას აკეთებს. რაც შეეხება დაფარვას, ამერიკის ელჩმა განაცხადა, რომ მისიები ეცდებიან მაქსიმალურად დიდი ტერიტორიები მოიცვან და ამასთანავე, არ მოხდეს მათ შორის გადაფარვა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ დიდი დასახლებები, სადაც მოსახლეობა ბევრია და ასეთ ადგილებზე შეიძლება ორივე ორგანიზაციამ ერთად იმუშაოს.

მეორე კითხვა შეეხო უკანასკნელ პერიოდში ოპოზიციაზე ზეწოლის ფაქტებს, თავდასხმას ოპოზიციის წარმომადგენლებზე, „გლობალ TV“ ანტენების დაყადაღებას, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებას და ა.შ. ტელეკომპანის „მაესტროს“ ჟურნალისტმა, შალვა რამიშვილმა ჯონ ბასს ჰკითხა, რამდენად ინფორმირებულია ამერიკის ხელისუფლება ამ მოვლენების შესახებ და როგორია ამასთან დაკავშირებით ამერიკის ადმინისტრაციის პოზიცია.

„საქართველოში საკმაოდ დიდი ხანია ვიმყოფები იმისთვის, რომ შემეძლო დამენახა, ხშირად ძალიან რთულია ფაქტებსა და შეხედულებებს შორის განსხვავების აღმოჩენა. თქვენს მიერ ჩამოთვლილ ზოგიერთ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მიმდინარე საუბრები სხვადასხვა მხარეებთან, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან. ასევე იმაზეც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკის ხარისხი იყოს უფრო მაღალი“, - ასე უპასუხა ამ კითხვას ჯონ ბასმა.

აქვე მან განმარტა, რომ ჩამოთვლილ ფაქტებთან ყოველგვარი პარალელების გარეშე სურს აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში პროცესები მაქსიმალურად დემოკრატიულად წარიმართოს, უზრუნველყოფილი იყოს ის მოლოდინი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან არსებობს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი წინასაარჩევნო კამპანია კონკურენტულ გარემოში და ისეთ პირობებში წარმართონ, როდესაც ისინი საქართველოს მოქალაქეებამდე, ანუ ამომრჩევლამდე საკუთარი შეხედულებების მიტანას შეძლებენ.

„მიუხედავად შეხედულებების განსხვავებისა, რომელიც საქართველოში პოლარიზებულ გარემოში ვითარდება, ჩვენ ველით, რომ პოლიტიკური პროცესები ძალადობისა და ძალის გამოყენების გარეშე წარიმართება“, - განაცხადა ჯონ ბასმა.

და ბოლოს, მესამე კითხვა, რომელიც ამერიკის ელჩს დაუსვეს, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. must carry-ს პრინციპის მიღებას ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, ჯონ ბასმა თქვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებამდე რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე მიიღოს ქვეყანაში არსებული შეხედულებებისა და მოსაზრებების რაც შეიძლება ფართო სპექტრი, შეიტყოს იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა და ასევე იმ პროგრამების შესახებ, რასაც მოსახლეობას პოლიტიკური პარტიები სთავაზობენ. ეს მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

ამერიკის ელჩმა აღნიშნა, ამ პრინციპის ამოქმედება ხელს უწყობს მოქალაქეებისათვის ფართო სპექტრის ინფორმაციის მიწოდებას და მას მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.