საქართველოში დიდი ამბავია ატეხილი იმ საუკუნის პროექტებზე, რასაც სააკაშვილის მთავრობა ლამის ყოველდღიურად ხსნის: იდება კვერცხები ბათუმში, და კვერცხებზე იდება შლიოპანცები, ხოლო არავის რომ არ ეგონოს, რომ ეს საქართველოს მთავრობის კვერცხებზე დაჭერილი რუსული შლიოპანცებია, მათზე ამაყად არის აღბეჭდილი საქართველოს დროშა… მერე დავით აღმაშენებლის ძეგლის ადგილზე დგამენ უშველებელ ველოსიპედს, რომელსაც ორი სკამი ერთმანეთისაკენ აქვს მიტრიალებული, რაც იმის ნიშანია, რომ ველოსიპედზე ამხედრებულები არა მის მართვას, არამედ, ალბათ, ზასაობას შეეცდებიან… მალე ბათუმშიც იქნება ველოსიპედის ძეგლი (გოგონა ველოსიპედზე), რომელიც სხვა პროექტებისაგან განსხვავებით ესთეტიურად ლამაზად გამოიყურება… ბათუმშივე შენდება გრანდიოზულ-ფალოსური ”ანბანის კოშკი”, რომლიდანაც სააკაშვილი ფიქრობს, რომ კარგ ამინდში ტრაბზონსაც დაინახავს და ოჩამჩირესაც…
რიყის პარკში მოვიდა და სკამზე ჩამოჯდა ედუარდ შევარდნაძის ძველი მეგობარი და ”დავერიაი, ნო პრავერიაი”-ს დოგმის ერთგული რონალდ რეიგანი, რომლის ძალისხმევით საქართველო 90-იან წლებში განთავისუფლდა. (ისე, აქ უმტყუნათ ნაც-სიმბოლიზმის მეტრებს კრეატიულობამ, თორემ რეიგანს ცალ ხელში ვარდი უნდა ეჭიროს და მეორეში – ნახევრად დაცლილი ჭიქა უშაქრო ჩაით, ხოლო სკამზე, თავისუფლების პატივისცემის სიტყვების მაგიერ, აჯობებდა წარწერა Misha is Cool!)… გაიხსნა რიკოთის გვირაბი, რომელიც ალბათ მსოფლიოში ყველაზე გაჩახჩახებული გვირაბია, სადაც მძღოლებს შავი საათვალეებით მოუწევთ მოძრაობა… 23 ნოემბერს ავრალურად გაიხსნა პლეხანოვ/აღმაშენებლის განახლებული გამზირი… ქუთაისში, ასევე დავით აღმაშენებლის ნაძეგლარზე გაკეთდება ქართული ეთნოგრაფიული განძეულის ფიგურებით დამშვენებული გრანდიოზული შადრევანი… გაჟღერდა სააკაშვილის სანუკვარი ოცნებებიც – საქართველოში მრავალი გვირაბის და, მინიმუმ ერთი, 200-სართულიანი შენობის აშენების შესახებ და იმაზეც, რომ სასწრაფოდ ახალი ოქროს თევზია მოსაძებნი ამ იდეების ხორცშესასხმელად!.. ძველი ოქროს თევზი ხომ პოლიტიკაში წავიდა…
ამ სიახლეებმა ბევრს დააწყებინა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ხელისუფალი ქვეყნის მართვაში არქიტექტურის და სკულპტურის გამოყენებას ცდილობს. ზოგმა, აჯანყებული გურულის ძეგლის საიდუმლოდ გასვენების ამბის შემდეგ გამოიტანა დასკვნა იმაზე, რომ საქართველოში ტრადიციული ხელოვნება კვდება და ”არტი” იბადება (ამის ნიშნები ადრეც ჩანდა ლექსენის, ბიჭოლას და დეფის გამეფების მცდელობებით). ხოლო ყველაზე პროზაულებმა ის დაასკვნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეს მორიგი გარდარეული ვნება იმის გზავნილია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს გუგენჰეიმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მსგავს მუზეუმს უმზადებს, მიშამ მთელი საქართველოს ცისქვეშეთის გუგენჰემიზაცია გადაწყვიტა – მთელი საქართველო უნდა გახდეს მიშას არტ-პერფორმანსის არენა – ”ნულოვანი ტოლერანტობიდან – ნულოვან გემოვნებამდე!”, რომელზეც ვერავინ იკამათებს (ნულოვანი ტოლერანტობის გათვალისწინებით, ცხადია!)
მაგრამ, ძვირფასო მუზეუმის ჯერ კიდევ მაცხოვრებლებო (არ გაგიკვირდეთ! არაა გამორიცხული მუზეუმში ცხოვრება შეიზღუდოს, როგორც, მაგალითად შუშის ხიდის მოაჯირზე ჩამოყრდნობა ან რიყის პარკის სკამებზე შეყვარებულისთვის ხელის გადახვევნა არის შეზღუდული!), – სინამდვილეში, ამ კულტუროლოგიური მონუმენტალიზმის მიზეზი, ყოველ შემთხვევაში – ძირითადი მიზეზი – გაცილებით მარტივია! და როგორც სხვა შემთხვევებში, მარქსიზმის კლასიკოსების მიერ არის განსაზღვრული:
- ფული, ბაბა,ფული!.. ბევრი ფული, ბაბა!…
თუ მიაქციეთ ყურადღება, ინფარქტგადატანილ მეგზევე მინისტრს რა დაუჯდა ევროპაში საუკეთესო რიკოთის გვირაბი (სხვათაშორის, ”იმედის” რეპორტაჟში ”რიკოთის გვირაბი გაიხსნაო!”, ისე გვახარეს, ვითომ ეს გვირაბი მიშას და ნიკოლეიშვილს გაეჭრათ წელს!)
46 მილიონი ლარი!
როგორ გგონიათ, სინამდვილეში ამდენი დაჯდებოდა 1750 მეტრი სიგრძის და 9.5მ სიგანის გვირაბი? ანუ დაახლოებით 2800 ლარის ხარჯი – გზის 1 კვ.მ-ზე? რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურის განახლება არაა იაფი სიამოვნება, თუ ამას ნორმალურად აკეთებ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სწორედ იმიტომ იყო გვირაბი ბროდვეიზე მეტად გაჩახჩახებული, რომ მარტო თვალები კი არა, ტვინიც დაგვბრმავებოდა და არ მოგვეკითხა, რაშია დახარჯული ფული! აგერ ვარ მე და აგერ – ეგ გვირაბი და ვნახავთ გაზაფხულამდე რამდენი წყალი ჩამოვა მის გაჩახჩახებულ კედლებზე – არა მგონია ერთი წელი იფუნქციონიროს დახურვის გარეშე…
როგორც ბათუმის ნაციონალური მთავრობა ამბობს, შლიოპანცების და კვერცხების ქანდაკება სულ რაღაც 160,000 ლარი დაუჯდათ, თუმცა სავარაუდოდ, ეს მხოლოდ თავად მოქანდაკე ფანტოცისათვის გადარიცხული თანხაა და მისი ტრანსპორტირების და მონტაჟის გათვლით კომპოზიციის სრულ ხარჯებად 800,000 ლარი გაიწერა.
78,000 ლარი დაჯდა ოფიციალური ცნობებით რესპუბლიკის მოედანზე დავით აღმაშენებლის ჩამნაცვლებელი გიგანტური ველოსიპედი, რომელიც თავიდან – მოქანდაკის ”საჩუქრად”გამოცხადდა. თუმცა გაჟღერდა ისიც, რომ ამ ძეგლის მხოლოდ მონტაჟი დაჯდა 36,000 ლარი, ხოლო მის სრულ ღირებულებად ფანტასმაგორიული ციფრი - 7 მილიონი ლარი სახელდება. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო და თბილისის ბიუჯეტები, ისევე როგორც საპრეზიდენტო და სამთავრობო ფონდები სრულიად გაუმჭვირვალეა, ძნელია, რაიმე კომენტარი გააკეთო…
მაგრამ ეს თანხები სრულად ფერმკრთალდება 64 მილიონ ლართან, რაც ბათუმის ”ანბანის კოშკი” დაჯდება… არავინ ამბობს, რა დაჯდა პლეხანოვის ახალი სიცოცხლე… გაგიკვირდებთ, რომ 1 მილიარდი დაეხარჯათ? მე არ გამიკვირდება, კაცმა ბავშვობის ნატვრა აიხდინა და მილიარდის დედაც!.. მით უმეტეს, იმ მილიარდის, რომელიც მანამდე სახელმწიფოსი იყო და ახლა სანახევროდ შენი ხდება (ამაზე – ქვემოთ!)
ხოლო 200 სართულიანი შენობის ფასი რომ რამდენიმე მილიარდი დოლარი იქნება, ეს გასაგებია…
ჩემი მოკრძალებული აზრით დასახელებული პროექტები 3 ფუნქციას ასრულებენ:
1) მთავრობა ხალხს აჩვენებს, რომ მხოლოდ მას შეუძლია ამ ქვეყნის იერსახის შეცვლა (კარგისკენ თუ ცუდისკენ, ეს არაა მნიშვნელოვანი!). ამის მოთხოვნილება მიშას განსაკუთრებით გაუმწვავდა მის შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის ყურადღება მთლიანად მთაწმინდაზე წამოჭიმულ ივანიშვილის სასახლეს აქვს მიპყრობილი და სააკაშვილის მხრიდან ამ ფაქტის გადასაფარავი ჭინთვები ხანუმას სახეზე ფერუმარილის ინტენსივობის მსგავსად იზრდება!
2) მთავრობა ცდილობს უცხოეთს დაანახოს, რომ იგი თანამედროვე ლიბერალური ღირებულებების და პოსტმოდერნისტული ტენდენციების მატარებელია, თუმცა ვერ ატყობს, რაოდენ უმსგავსოა მისი საქციელი, როდესაც მილიონებს არა სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ადამიანების ყოფის შესამსუბუქებლად და გამოსახსნელად, არა – ათასობით ცე ჰეპატიტით დაავადებულის სამკურნალოდ, არა – მილიონზე მეტი უმწეოს დასახმარებლად, არა – ლტოლვილებისათვის და პენსიონერებისათვის ყოფის გასაუმჯობესებლად ხარჯავს, არამედ – კვერცხებზე, კოშკებზე და შლიოპანცებზე!
3) და, რაც მთავარია, მთავრობა სწორედ იმიტომ არის დაკავებული მეგაპროექტებით, რომ მათზე გაწერილი მეგახარჯების ლომის წილი დანიშნულებისამებრ კი არ იხარჯება, არამედ სამთავრობო სამშენებლო და მუნიციპალური კომპანიების (კეზერაშვილის ცოლის, გიგა ბოკერიას მამის და ცოლისდის, შარანგიების კლანის, გიგი უგულავას საახლობლოს) ჯიბეებში ილექება, ხოლო იქედან შემდეგ ნაცონალური მოძრაობის საარჩევნო ყულაბაში მიედინება. რაც მეტად გრანდიოზული იქნება მშენებლობა, მით მეტ ფულს აახევს სააკაშვილი ჩვენი საშემოსავლოებით და ფულშეწერილთა საპროცესო გარიგებებით შევსებულ ხაზინას, მით უფრო მეტად გააღარიბებს თითოეულ ისედაც უპოვარ ადამიანს, მით უფრო გაიადვილებს საარჩევნოდ მათი ”იეფად” მოსყიდვის შესაძლებლობას და მით უფრო მეტი ექსპერტების, პიარ-კომპანიების (მო)სასყიდი თუ სარეკლამო თანხა დარჩება არჩევნებისათვის, რომ თავისი ოჯახის, საყვარლების და კლანის ბედნიერი მომავალი და ქვეყნის დანგრევა უზრუნველყოს!
თქვენ კი იძახით, ”არტი”-ო!
არტი არა, – კვატი!
2503
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85