უმრავლესობას წამოსცდა, რომ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

უმრავლესობას წამოსცდა, რომ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ზუსტად ვინ უთხრა ხელისუფლებას, რომ მოსახლეობისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნოდ მაინც არის აუცილებელი, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მითითება ვიღაცამ აშკარად მისცა და ამას თავად ხელისუფლების პოზიცია ადასტურებს, როდესაც ჯერ კატეგორიულ უარს ამბობდნენ ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის განხორციელებაზე და მეორე დღეს განაცხადეს, რომ საარჩევნოდ განხორციელდებოდა.

პარლამენტი უკვე სათანადო კანონპროექტს იხილავს და ხვალ საღამომდე სამივე მოსმენით იქნება მიღებული. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს კანონპროექტი რამდენიმე ისეთ ხარვეზს შეიცავს, რომლის გამოსწორების გარეშე ამ პრინციპის განხორციელებას, თუნდაც მხოლოდ წინა საარჩევნი პროცესში, შედეგიანი ვერ იქნება.

ეს არის ტელეკომპანია „კავკასიის” საკითხი, რადგან არსებული ფორმულირებით მისი მაუწყებლობის გავრცელება არ განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან სატელიტით არ მაუწყებლობს. ეს კი არსამთავრობო სექტორს დისკრიმინაციულად მიაჩნია.

პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ის იზიარებს ამ მოსაზრებას და მეორე მოსმენისთვის თუკი ფორმულირება იქნება მოძებნილი, თუ როგორ შეიძლება „კავკასიის“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტრანსლირება მოხერხდეს, კანონში ჩაწერენ. არასამთავრობოები კი სთავაზობენ, რომ კრიტერიუმად განისაზღვროს მაყურებელთა რაოდენობა და, თუკი რომელიმე ტელეკომპანიას, რომელიც არ მაუწყებლობს სატელიტით და 20%-ზე მეტი მაყურებელი ჰყავს, საკაბელო მაუწყებლებს მათი სიგნალის ტრნასლირება დაევალოთ.

პარალელურად ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორი ნინო ჯანგარიშვილმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას „კავკასია“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით მიმართავს.

მეორე საკითხია კანონის ამ ნორმის არშესრულებისთვის სანქციების დაწესება. დღეს პროექტში არანაირი სანქცია არ არის გათვალისწინებული.

ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის შეთავაზება იყო ის, რომ პირველ ჯერზე დარღვევის შემთხვევაში დაწესებულიყო 25 ათას ლარიანი ჯარიმა, განმეორებით შემთხვევაში კი - 75 ათას ლარიანი. თუმცა, კუბლაშვილმა თქვა, რომ სანქციები აუიცლებლად გაიწერება. თუმცა, მისი განმარტებით, ფულად სანქციაზე ქმედითი გაფრთხილება და ლიცენზიის შეჩერება იქნება. შესაბამისად, სანქციად ეს პირობები ჩაიწერება და პროექტში მეორე მოსმენისთვის აისახება.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების წინადადება, რომ საკაბელო მაუწყებლებს კანონმა დაავალდებულოს ყველა ტელეარხის თანაბარი ხარისხით მაუწყებლობა, ხელისუფლებისთვის მიუღებელია და ამბობენ, რომ ამის კანონით რეგულირება წარმოუდგენელია, რადგან ეს მთლიანად მაუწყებელზეა დამოკიდებული და მათ ვერ დაავალდებულებენ, რომ დამატებითი ხარჯები გაიღონ ძვირადღირებული აპარატურის შესაძენად. თუმცა, კუბლაშვილი იმასაც ამბობს, რომ თუ ვინმე ხარისხს შეგნებულად გააუარესებს, ამაზე რეაგირება აუცილებლად იქნება.

ყველაზე მთავარ პრობლემად კი ამ ნორმის მოქმედების ვადები რჩება.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი ამ პრინციპის მუდმივად განხორციელებას ითხოვდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნოდ განხორციელებას დათანხმდა, ითხოვენ, რომ ეს ვადა არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელდეს, მაგრამ ხელისუფლება ამაზეც კატეგორიულ უარს ამბობს.

მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ეს პრინციპი ხორციელდება იმისთვის, რომ ამომრჩეველს არჩევანის გაკეთებისთვის ყველანაირი ინფორმაციის მიღების საშუალება ჰქონდეს და არჩევნების შემდეგ ეს საჭიროება აღარ იარსებებს.

ყველაზე საინტერესო კი ის რეალური მიზეზია, რაზეც ხელისუფლება ხმამაღლა ვერ საუბრობს, მაგრამ უმრავლესობის წევრებს პირად საუბრებში ეს მიზეზი წამოსცდათ. მათ თქვეს, რომ ისინი ვერ დაუშვებენ იმას, რომ არჩევნების შემდეგ მოსახლეობას მიმართონ, მოდით აქციებზეო და ეს რეგიონების მოსახლეობამ თავისუფლად მოისმინოს.

იმის გამო, რომ ეს მიზეზი პირადი საუბრისას იყო ნათქვამი, აუდიო ჩანაწერი არ არსებობს, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ამაზე საუბარი მაინც აუცილებელია.

ამ შემთხვევაში მთავარი ორი მომენტია. ერთი ის, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რეგიონების მოსახლეობამ მოისმინოს აქციაზე მისვლის მოწოდება, რაც თავისთავად ძალიან შემაშფოთებელია და, ცხადია, საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასა და აზრის თავისუფლებასთან. და მეორე, არჩევნების შემდეგ, ვიდრე არჩევნების შედეგები გამოცხადდება, აქციების ჩატარება და აქციაზე მისვლის მოწოდებები გაკეთდება იმ შემთხვევაში, თუკი ეს არჩევნები ან მისი შედეგები გაყალბდება და ხელისუფლებას არ სურს, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ჰქონდეს. ამიტომაც „მასთ ქერის“ პრინციპის განხორციელების ვადის 20 დღის გახანგრძლივებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.