„თუ „სახალხო კრების“ ბუმბერაზი ლიდერები ისურვებენ, კრებას დავტოვებ“, - აღნიშნა „თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა „სახალხო კრების“ წევრების ლუკა კურტანიძისა და სოსო ჯაჭვლიანის საპასუხოდ, რომლებიც აცხდებდნენ, რომ შაშიაშვილის კრებისგან გამიჯვნის საკითხს დასვამდნენ. ამის მიზეზი კი თემურ შაშიაშვილის განცხადება იყო, სადაც იგი ამბობდა, რომ პარლამენტში მსახიობებისა და სპორტსმენების ადგილი არ არის. ეს მაშინ, როცა თავად ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი ბიძინა ივანიშვილისგან შეთავაზებულ მაჟორიტარობას საქართველოსთვის გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდნენ და ამაში პირად ინტერესს გამორიცხავდნენ.
„სახალხო კრების“ ხუთსაათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ თემურ შაშიაშვილისგან გამიჯვნა არ მომხდარა. არც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს მოუწია ზედმეტი ძალისხმევის გამოჩენა მხარეთა შესარიგებლად. მეტიც, ბურჯანაძე სხდომის დაწყებამდე აცხადებდა, რომ თემურ შაშიაშვილს, ლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანს შორის წარმოშობილი დავა უბრალოდ გაუგებრობა იყო და იგი კრების შიგნითვე აუცილებლად მოგვარდებოდა.
მართლაც, „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომას თავად შაშიაშვილიც ესწრებოდა და ბოლომდე საკუთარი პოზიციის ერთგულებას ამჟღავნებდა - იგი კრების დასრულების შემდეგაც იმეორებდა, რომ სპორტსმენები, მწერლები და ხელოვანები პოლიტიკაში არ უნდა მოდიოდნენ. თუმცა თემურ შაშიაშვილი აზუსტებდა, რომ მისი სიტყვები - „პარლამენტში არ უნდა იყვნენ მსახიობები, სპორტსმენები და მსახიობები“, კურტანიძეს არ ეხებოდა:
„მართალია, ლუკა კურტანიძე სპორტსმენია, მაგრამ დიდი ხანია, პოლიტიკაშია და მას პოლიტიკოსად მივიჩნევ. თუ თავად ასე არ თვლის, ძალიან ცუდია.“
აქვე შაშიაშვილი აცხადებდა: ბიძინა ივანიშვილს არ უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ არც ფეხქვეშ უნდა გავეგოთ. ბიძინას მხარი უნდა დავუჭიროთ პრეზიდენტად, პარლამენტის თავმჯდომარედ, პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ვერ დავეთანხმები, რომ მისი კოალიციიდან პარლამენტში ბევრი შევიდეს.
თავად ნინო ბურჯანაძე კი უზომოდ გაჭიანურებული სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნავდა, რომ „სახალხო კრებიდან“ თემურ შაშიაშვილის გარიცხვაზე საუბარი არავის მხრიდან არ დასმულა და „სახალხო კრება“ ისევ ერთიან გუნდად დარჩა.
მისი თქმით, ეს საკითხი ამოწურულია და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ თანამშრომლობას. თუმცა ბურჯანაძისთვის უფრო მნიშვნელოვანია იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიცვლება არსებული ხელისუფლება.
„საქართველოში ელემენტარული სამართლიანობა რომ არსებობდეს, ძალიან ადვილია სააკაშვილის დამარცხება“, - ამტკიცებდა ნინო ბურჯანაძე.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მიერ „სახალხო კრების“ წარმომადგენლების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებას, ბურჯანაძის თქმით, თუ „სახალხო კრებასთან“ შეთანხმებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, „კრების“ წარმომადგენლები თავისუფლად შეძლებენ ბიძინა ივანიშვილის წინადადებას დათანხმდნენ. აქვე ნინო ბურჯანაძე აღიარებს, რომ მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა, ამა თუ იმ ფორმით, შედგა. უფრო კონკრეტულად, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ, თუ „სახალხო კრების“ რამდენიმე ლიდერი „კრების“ შუამდგომლობითა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით კენჭს იყრის, ეს ნიშნავს, რომ თანამშრომლობა „ქართულ ოცნებასა“ და „სახალხო კრებას“ შორის შედგა. თავად ნინო ბურჯანაძე კი „კრების“ ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია, რითიც ძალიან ამაყობს.
ბურჯანაძემ აქვე განმარტა, რომ ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი „სახალხო კრების“ სახელით მოქმედებენ და მის წევრებად რჩებიან, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ისინი ერთიან პოზიციაზე არიან.
„სახალხო კრების“ თავმჯდომარე ნონა გაფრინდაშვილი კი აცხადებს, რომ წარმომადგენლობით კრებაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ იმ კანდიდატებზე, ვისაც „სახალხო კრების“ სახელით „ქართულ ოცნებას“ წარუდგენენ. მართალია,
რამდენიმე კანდიდატზე იმსჯელეს, მაგრამ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულან და საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ მიაწვდიან საკუთარ სიას. ნონა გაფრინდაშვილის თქმით, საერთო მაჟორიტარების საკითხი მხარეებს შორის პოზიტიურადაა გადაწყვეტილი და უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილთან კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
For.ge ლუკა კურტანიძესა და თემურ შაშიაშვილს ესაუბრა.
ლუკა კურტანიძე მიიჩნევს, რომ ადამიანის სიტყვა და საქმე ერთი და იგივე უნდა იყოს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს. ამდენად, ლუკა კურტანიძის სიტყვით, გასაგებია, რომ სრულიად „სახალხო კრებამ“ მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებას, რომელიც არა მარტო ერთი კოალიციის ლიდერია, არამედ, მთლიანობაში, უპირობო ლიდერია. ამის დასტურად ლუკა კურტანიძეს თბილისის, ქუთაისისა და ოზურგეთის აქციები მოჰყავს, რამაც დაადასტურა, რომ ივანიშვილის, როგორც ლიდერის, გარშემო უნდა შეიკრიბოს მართალი საზოგადოება.
„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის, რომელი ორგანიზაციის წევრია ესა თუ ის პიროვნება. შესაძლოა, პარტიის წევრი არც იყოს და, უბრალოდ, მართალი ადამიანი იყოს, რომელიც იმისთვის იბრძოლებს, რომ, პირველ რიგში, სამშობლო გადავარჩინოთ და, შემდეგ, მართალი სახელმწიფო ავაშენოთ. ამას მხარს უჭერდა „სახალხო კრება“ და თითოეული მისი წევრი, ამ თანამშრომლობის შესახებ უკვე დიდი ხანია, ვაჟღერებთ. საზოგადოებამაც, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ჩვენი მესიჯები კარგად გაიგო და ყოველივე ამის შემდეგ ის, რაც ბატონმა თემურმა 21 ივნისის ბრიფინგზე განაცხადა, წინააღმდეგობაში მოდიოდა.
დღევანდელ სხდომაზეც ჩვენ დავილაპარაკეთ ისე, როგორც ეს ქართული ადათიდან, წესიდან გამოდინარეობდა, გავარკვიეთ საკითხები და, მე მგონი, ეს ის პრეცენდენტია, როცა „სახალხო კრება“ ერთსულოვანია თავის გადაწყვეტილებაში - რომ სიტყვა და ქმედება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ არ უნდა მოდიოდეს“, - გვითხრა ლუკა კურტანიძემ.
იგი მიიჩნევს, რომ ინციდენტი ამოწურულია. ხოლო მომავალში, თუ სიტყვა დაამახინჯებს ქმედებას, ან პირიქით, ქმედება დაამახინჯებს სიტყვას, მაშინ, ალბათ, ყველანი ერთობლივად, მიიღებენ კატეგორიულ გადაწყვეტილებას, რაც „ამა თუ იმ თანამებრძოლის შეუსაბამობას მის მოქმედებასთან გამიჯნავს“.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სახელით მის მაჟორიტარად დასახელებას, ლუკა კურტანიძე აცხადებს, რომ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან სამუშაო რეჟიმში იმყოფება და ეს რეჟიმი გაგრძელდება მანამ, სანამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ერთობლივად არ მიიღებენ.
For.ge-სთან საუბარში თემურ შაშიაშვილი აცხადებს, რომ „სახალხო კრებიდან“ მისი გამიჯვნის საკითხი არ დამდგარა. უფრო მეტიც, ასეთი შეფასება გადაჭაბებულია და ვიღაცას აწყობდა დაძაბულობის შეტანა ყველა რგოლში, მათ შორის, „სახალხო კრებაშიც“. შაშიაშვილის თქმით, სინამდვილეში, „სახალხო კრება“ ერთიანობის სიმბოლო, დიდი ქართული სივრცეა და საქართველოში ვისაც ღირსება გააჩნია, უნდა იამაყოს, რომ „სახალხო კრება“ განსხვავებულთა ერთობაა.
„ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ საქართველოსთვის ბრძოლაში ერთიანობას ვინარჩუნებთ. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ფრონტია საჭირო, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება არ არის ქართული საქმე და ამას „კრება“ არ გააკეთებს. ჩვენ დავადასტურეთ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთიან პოლიტიკურ ალიანსში ყოფნის არავითარი სურვილი არ არის, მაგრამ ჩვენ პატივისცემით ვეკიდებით ბატონი ბიძინას წინადადებას დეპუტატების კანდიდატებთან მიმართებით, „სახალხო კრების“ სახით.
მე ვამბობ, რომ აქ არის განსხვავებული მოსაზრებები, კერძოდ, თუ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩვენ არ გვინდა არცერთი კანდიდატურის დასახელება და მხარი დავუჭიროთ ბიძინა ივანიშვილს, ან კიდევ, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ შეიქმნას ქართული ერთობა და მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა“, - აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
აქვე მან განმარტა, თუ რატომ არის სასურველი მათი მხრიდან არჩევნებში მონაწილეობა. კერძოდ, მისი თქმით, ვერაგმა ხელისუფლებამ „სახალხო კრებას“ მიაკერა იარლიყი, თითქოს მათ რევოლუცია და გადატრიალება სურთ, ამიტომაც მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები არ მონაწილეობენ არჩევნებში. შაშიაშვილის განმარტებით, მათ სულაც არ სჭირდებათ ასეთი იარლიყი. ამიტომაც, მათი პოზიცია იყო და რჩება, რომ საჭიროა, შეიქმნას პოლიტიკური ერთობა, ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და არც ვაშინგტონს გაეგება ფეხქვეშ, არც რუსეთს. ამ ძალას ეცოდინება, რომ ამერიკასთანაც კარგი ურთიერთობაა საჭირო, ევროპასთანაც და, ამავდროულად, ურთიერთობის მოწესრიგებაა საჭირო რუსეთთან.
„ახალი პოლიტიკური ძალა არ უნდა ამბობდეს, რომ ნატო არ გვინდა, მაგრამ იმას კი უნდა აცხადებდეს, რომ ნატოში დემოკრატიული საქართველო უნდა შევიდეს. ჩვენს კონგრესს ჩავატარებთ 7-ში, სადაც ჩვენს მოსაზრებებს ჩამოვაყალიბებთ. ამასთან, შევთავაზებთ მთელ რიგ პიროვნებებს, რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორც პოლიტიკური ერთობა. თუ ბატონი ივანიშვილი პრეზიდენტად, პარლამენტის თავმჯდომარედ, პრემიერ-მინისტრად დააყენებს საკუთარ კანდიდატურას, ეს ერთობა მას მხარს დაუჭერს, მაგრამ ჩვენი ერთობა თავადაც შეეცდება, რაც შეიძლება, მეტი კანდიდატი გაიყვანოს და რაც შეიძლება ნაკლები იყოს პარლამენტში ულტრალიბერალები. ამერიკელებს მოსწონთ ულტრალიბერალები, ისინი რუსეთშიც მოსწონთ, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ქართულია“, - აღნიშნა თემურ შაშიაშვილმა.
ამასთან, თემურ შაშიაშვილმა მესამე პოლიტიკურ ცენტრთან ამ ერთობის კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.
„ეს პოლიტიკურ ძალთა ერთობა უნდა იყოს, სადაც მარტო პოლიტიკოსები კი არა, სახელმწიფო მოღვაწეები და სხვა პირებიც იქნებიან. ახლა ბოკერია გამოდის და ამბობს, საქართველოს ბედი საქართველოში უნდა წყდებოდეს და არა ვაშინგტონშიო. ეს ნამდვილად ჰომეროსის ხარხარია. ვთვლი, რომ ფეხბურთელი, რომელსაც დღემდე არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადება ან მოჭიდავე, პირდაპირ პოლიტიკაში რომ შემოდის, სიკეთეს ვერ მოუტანს ქვეყანას. ეს საბჭოთა გამოცდილება იყო, როცა დიდი ექიმი, დიდი მეცნიერი პოლიტიკაში მიჰყადათ. რაც შეეხება ლუკას და სოსოს, გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს. „სახალხო კრებაში“ ყოფნა მათ ხელს არ უშლით, მიიღონ გადაწყვეტილება. ასეთი ერთობა სხვაგან არსად არაა, სოსომაც და ლუკამაც თავადაც იციან, რომ მათ მიმართ საუცხოო განწყობა მაქვს“.