ბიძინა ივანიშვილს 74 მილიონიანი ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა გაუვიდა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს „პროგრეს ბანკში“. საინტერესო ის არის, რომ წილი, რომელიც ივანიშვილს ამ კომპანიებში დაუყადაღეს, რეალურად მისი აღარ არის. როგორც ცნობილია, მან ეს წილი პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ თავის შვილს, უტა ივანიშვილს გადაუფორმა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ბანკი ქართუსა“ და სს „პროგრეს ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ს ფლობს სს „ქართუ ჯგუფი“, რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს.
„ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომერციული ბანკის წილის შესაძენად პირი ვალდებულია, ამის შესახებ დადგენილი წესით აცნობოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული წესის დაუცველობის შემთხვევაში, წილის განკარგვის თაობაზე გარიგება ბათილია. ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი“, - ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში, რომელიც მან ამ საკითხთან დაკავშირებით გაავრცელა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ აქციები ივანიშვილს არ ეკუთვნის და რომც ეკუთვნოდეს, დაყადაღებული ქონების ღირებულება ივანიშვილისთვის დაკისრებულ ჯარიმას ბევრად აღემატება. მიუხედავად ამისა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არც იმას გამორიცხავენ, რომ ყადაღა ბიძინა ივანიშვილის სხვა ქონებასაც დაედოს.
For.ge-ს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ესაუბრება, რომელიც განგვიმარტავს, თუ ვისი ქონება დააყადაღა აღსრულებამ და რა ბედი ელის მას.
არჩილ კბილაშვილი: „მოცემულობა ასეთია - არის სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“. ამ ბანკის აქციების 100% ეკუთვნის სს „ქართუ ჯგუფს“, ხოლო თავად „ქართუ ჯგუფის“ აქციების 100%-ის მესაკუთრე ოთხი უცხოური კომპანიაა და ვინ დგას ამ კომპანიების უკან, ჩვენ არ ვიცით. ქართული კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ ვინ არის ბენეფიციარი მესაკუთრე. ბენეფიციარი მესაკუთრე არის ის ადამიანი, ვინც ამ უცხოური ფირმების უკან სადღაც ბოლო რიგში დგას. ასეთი ბენეფიციარი მესაკუთრე იყო ბიძინა ივანიშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უცხოური კომპანიების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგა, ოღონდ ის იყო საქართველოს იურისდიქციის გარეთ.
მარტივად რომ განვმარტოთ - ბანკის აქციები ეკავა სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფს“ (ეს არის პირველი მესაკუთრე), მეორე მესაკუთრე არის ოთხი უცხოური კომპანია და მესამე მესაკუთრე (საზღვარგარეთ) ამ უცხოური კომპანიების უკან იყო ბიძინა ივანიშვილი.
მოდით ჯერ ამ ქონების უტაზე გასხვისებაზე არ ვისაუბროთ და ვთქვათ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. რადგან მისი საკუთრება უცხოურ კომპანიებშია, იქ ჩვენი აღსრულება ვერ მუშაობს. ამის ნაცვლად აღსრულებამ დააყადაღა პირველი და მეორე დონის აქციონერები, „ბანკი ქართუ“-ს აქციები დაუყადაღეს „ქართუ ჯგუფს“ და ამ უკანასკნელის აქციები დაუყადაღეს იმ ოთხ უცხოურ კომპანიას, რაც უკანონობაა.
ამას ემატება ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი საკუთრება ამ კომპანიებში გადაუფორმა უტა ივანიშვილს. ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. ამდენად, ახლა უკვე იურისდიქციას რომ თავი დავანებოთ, ივანიშვილი უკვე ფორმალურადაც აღარ არის მესაკუთრე. ეს ის ორი დეტალია, რომელიც უკანონობას უსვამს ხაზს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თუკი ეროვნულ ბანკს კომერციულ ბანკში წილის მესაკუთრის ცვლილების შესახებ ინფორმაცია არ მიეწოდა, ასეთი გარიგება ბათილად ცხადდება. აქ საუბარია წილის მესაკუთრეზე და რით განსხვავდება იგი ბენეფიციარი მესაკუთრისგან?
- ქართული კანონმდებლობის თანახმად, კომერციული ბანკის წილის გასხვისებისათვის საჭიროა, რომ ამის შესახებ ეროვნული ბანკი ინფორმირებული იყოს და ამაზე მისი თანხმობა არსებობდეს. ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში კი ეს ვალდებულება არ არსებობს. უბრალოდ ეროვნულ ბანკს წელიწადში ერთხელ უნდა მიეწოდოს მის შესახებ ინფორმაცია და მიმდინარე წლის 30 აპრილს ეს ასეც მოხდა. მოცემულ შემთხვევაში კომერციული ბანკის წილი არ გასხვისებულა, „ბანკი ქართუს“ აქციების 100% როგორც ეკუთვნოდა „ქართუ ჯგუფს“, ასევე ეკუთვნის დღესაც. ამიტომ ბუნებრივია, არ არსებობდა ეროვნული ბანკის ინფორმირების საფუძველი.
კიდევ ვიმეორებ, ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილება რომც არ მომხდარიყო, ჩვენს აღსრულებას ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული საკუთრების დაყადაღების უფლება არ ჰქონდა. ასე ივანიშვილს საფრანგეთშიც აქვს ქონება და მაშინ ისიც უნდა დაყადაღდეს.
როგორც ჩანს, არც ეს არის გამორიცხული, რადგან როდესაც ჩვენ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს ამ თემაზე მუშაობისას რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ, დავუსვით კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული აქტივებს დაედოს ყადაღა, მან გვიპასუხა, რომ ამასთან დაკავშირებით კანონში სპეციალური რეგულაციები არსებობს და იმ ეტაპზე ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა. გამოდის, რომ აღსრულებას ამის უფლებაც აქვს?
- ცალკე რეგულაციას რაც შეეხება, არის ორი გზა - სახელმწიფოებს შორის უნდა არსებობდეს ხელშეკრულება, რომელიც ამ წესს არეგულირებს და რომელიც ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს. ვინაიდან ასეთი ურთიერთობა არ არსებობს, არის ასევე ინდივიდუალური რეჟიმი, ანუ ჩვენმა იუსტიციის სამინისტრომ იმ ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს უნდა მიმართოს, ხოლო მან თავისი ქვეყნის სასამართლოს უნდა მიმართოს და ამ უკანასკნელმა ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა სცნოს.
ყველა ეს პროცედურა უნდა იყოს გავლილი იმისთვის, რომ ივანიშვილის უცხოეთში არსებული ქონება დაყადაღდეს?
- დიახ, და არა ისე, როგორც ეს „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ შემთხვევაში მოხდა, როდესაც პირდაპირ უცხოური კომპანიების ქონება ვერ დააყადაღეს და ყადაღა მათ საკუთრებაში არსებულ აქტივებს დაადეს.
ახლა თუ შეიძლება განგვიმარტეთ, როგორ შეიძლება მოხდეს აღსრულება. როგორც ცნობილია, აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს 30 დღის ვადაში დაყადაღებული ქონება აუქციონზე გაიტანოს. ამ პროცესს თუ ლოგიკურად გავყვებით, გამოდის, რომ „ქართუ ბანკის“ აქციები გავა აუქციონზე?
- ამ პროცესს რომ მივყვეთ, გამოდის, რომ „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებული „ქართუ ბანკის“ აქციები და ასევე იმ ოთხი უცხოური კომპანიის „ქართუ ჯგუფში“ არსებული აქციები უნდა იქნას აუქციონზე გატანილი. ამასთანავე აღსრულება ატარებს ექსპერტიზას ამ ქონების ღირებულების დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ გააქვს იგი აუქციონზე.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ დაყადაღებული ქონების ღირებულება რამდენჯერმე აღემატება იმ თანხას, რაც ივანიშვილს ჯარიმის სახით აქვს განსაზღვრული. ასეთ შემთხვევაში მაინც მთელი ეს ქონება უნდა გაიტანონ აუქციონზე?
- საერთოდ, აუქციონზე უნდა გავიდეს ის ქონება, რაც ვალდებულების დასაფარად არის საკმარისი, მაგრამ კანონში ასეთი კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს, ეს არის კანონის ლოგიკური ინტერპრეტაცია.
გამოდის, რომ შეიძლება აქციების 100-ვე პროცენტი გაიტანონ აუქციონზე?
- დიახ, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს უკანონო იქნება. აქვე აღვნიშნავ, როდესაც ვამბობ, რომ უკანონო იქნება, კანონის ლოგიკური განმარტება მაქვს მხედველობაში და არა პირდაპირი ჩანაწერის დარღვევა. ზოგჯერ არის შემთხვევა, როდესაც კონკრეტული ნივთის დანაწევრება არ შეიძლება. მაგალითად, თუკი ავტომანქანა უნდა გავიდეს აუქციონზე, ნახევარ მანქანას რა თქმა უნდა, ვერ გაყიდი, თუნდაც მისი ღირებულება ვალდებულების თანხას აღემატებოდეს. ჩვენს შემთხვევაში ეს პრობლემა არ არის, რადგან შეიძლება გაიყიდოს აქციების 1%, 0.5% და ა.შ.
თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ კანონში არ არსებობს ჩანაწერი, რომ ვალდებულების თანხაზე მეტი ღირებულების მქონე ქონების აუქციონზე გატანა არ შეიძლება. ამ დეტალს აღსრულების ეროვნული ბიუროც ხაზს უსვამს და როგორც ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ დაყადაღებული ქონება ჯარიმის თანხას აღემატება, შეიძლება რომ ივანიშვილის საკუთრებაში არსებული რაიმე სხვა ქონებაც დაყადაღდეს?
- როდესაც ექსპერტის შეფასება აჩვენებს, რომ დაყადაღებული ქონება ვალდებულებაზე მეტია, მაშინ უბრალოდ ლოგიკა აღარ იქნება იმისა, რომ დანარჩენ ქონებასაც ყადაღა დაედოს. აქ დაცული უნდა იყოს გონივრულობის და ადექვატურობის პრინციპი, რადგან სხვა შემთხვევაში მიზანი იქნება დასჯა და არა დავალიანების ამოღება.