ერთი დაჭერით ხელისუფლება მეორე დაკავების საქმეს „აპრავებს“

ერთი დაჭერით ხელისუფლება მეორე დაკავების საქმეს „აპრავებს“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოალიცია „ქართული ოცნების“ აფხაზეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი პერტენავა და პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ აფხაზეთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ფიფია დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი პერტენავა და ზურაბ ფიფია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ოპერატიული თანამშრომლის კახა ბაღათურიას „გადმობირებას“ ახორციელებდნენ.

„ბაღათურიასთან საუბარში ზურაბ ფიფია, რომელიც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელია, ფინანსური ანაზღაურებისა და უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ სთხოვს მას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის მოწოდებას დაგეგმილი და მიმდინარე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების თაობაზე.

კიდევ ერთი საუბრის დროს, ირაკლი პერტენავა ბაღათურიას ატყობინებს, რომ ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით მათ შემოტანილი აქვთ სხვადასხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებში („ბრელოკი“, გასაღები, ქამრის ბალთა...) ჩამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მერაბიშვილის უწყებამ ამასთან დაკავშირებით ვიდეო-მასალაც გაავრცელა, სადაც ეს საუბრებია აღბეჭდილი.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მოხდა პოლიციის თანამშრომლის მოსყიდვა. მოსყიდულ პოლიციელს, კასპის რაიონის იგოეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ, ლაშა კურტანიძეს დაევალა თავისი კოლეგების ფარული ჩაწერა. კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით განხორციელდა შეხვედრების სიმულირება, რომლის შედეგადაც დადასტურდა ფარული ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი.

გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მის მიმართ მოპოვებული მტკიცებულებები. მან აღიარა დანაშაული და გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. იგი ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში და მოახდინა დანაშაულის შემკვეთის, ზაზა ჭელიძის ფარული ჩაწერა. მოგვიანებით კურტანიძემ დაარღვია შეთანხმების პირობები, გააფრთხილა ჭელიძე და მიიმალა. ამჟამად ჭელიძე დაკავებულია, ხოლო კურტანიძეზე გამოცხადდა ძებნა.

მაშინ ამ ფაქტთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ კოალიციას ინფორმაციის მოსაპოვებლად პოლიციელების გადაბირება არ სჭირდება და ამას ისედაც ახერხებს.

„ხელისუფლების საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ საჭიროებს რაიმე ჩანაწერებს და, მით უმეტეს, მათი მოპოვების ორგანიზებაში მონაწილეობას. ჩვენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი, თუ რა განწყობა სუფევს საჯარო სამსახურში, მათ შორის პოლიციაში. ასეთი ტიპის უამრავი ინფორმაცია შემოდის ყოველდღიურად კოალიციაში მხარდამჭერების და მოხალისეების მხრიდან, რაც ქმნის აბსოლუტურად ნათელ სურათს საჯარო სამსახურში არსებული მდგომარეობის შესახებ“, - აღნიშნული იყო განცხადებაში.

მაშინ ასევე გაირკვა, რომ ზაზა ჭელიძე „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი სესიაშვილის მეგობარია და გაჩნდა ვერსია, რომ ეს ყველაფერი სწორედ სესიაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. დღეს ირაკლი სესიაშვილი უკვე ფიქრობს, რომ ვინაიდან ჭელიძე-კურტანიძის საქმე მთლიანად შეთითხნილია და მათ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი მტკიცებულებები არ ჰქონდა, მას ამ საქმის რაიმე სხვა ფაქტით გამყარება ესაჭიროებოდა და სწორედ ამიტომ მოხდა 27 ივნისს ირაკლი პრეტენავასა და ზურაბ ფიფიას დაკავება.

„ჭელიძე და კურტანიძე რომ უდანაშაულოები არიან, ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებმა ძალიან კარგად იციან. ერთი ოპერმუშაკი გაქცეულია, იგი ამბობს, რომ მას პროვოკაციის მოწყობა და არარსებული ფაქტების შეასახებ ჩვენების მიცემა აიძულეს. მეორე, ანუ ჩემი მეგობარი დაპატიმრებულია. ჩემი აზრით, ისიც აიძულეს, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება და დაესახელებინა ფაქტები, რომლებიც არ მომხდარა. გარდა ამისა, საქმეში  ჩემი სახელი და გვარი ფიგურირებს. მე სამართალდამცავებს დასაკითხადაც კი არ დავუბარებივარ და ალბათ, არც დამიბარებენ, რადგან ყველა კითხვაზე მათ პასუხი იციან“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ზაზა ჭელიძის ადვოკატი რამდენჯერმე ეცადა მასთან შესვლას, მაგრამ მას ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა დაბრკოლებები შეუქმნეს და ბოლოს განუცხადეს, რომ ზაზა ჭელიძეს მისი ნახვა არ სურდა. სესიაშვილი ამბობს, რომ როდესაც ადამიანს არარსებულ ფაქტებზე ალაპარაკებენ, მას წესით ადვოკატთან შეხვადრის სურვილი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ცოტა არ იყოს საეჭვოა, რომ ჭელიძეს ადვოკატის ნახვა არ სურდეს.

როგორც მოგახსენეთ, ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ პერტენავასა და ფიფიას დაკავება ხელისუფლების მიერ შემუშავებული მორიგი სცენარია კურტანიძე-ჭელიძის საქმის გასამყარებლად.

„რაც შეეხება თავად პერტენავასა და ფიფიას, მე არც ერთ მათგანს არ ვიცნობ და წარმოდგენა არ მაქვს, ამ ვიდეო-მასალაში ისინი რა სახით მოხვდნენ, არ ვიცი, ეს იყო დაგეგმილი, დაუგეგმავი, თუ რეალური ფაქტები, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ამოცანა არ უდგას და არც სურვილი აქვს, რაიმე ტიპის ფარული ინფორმაცია მოიპოვოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა განწყობებია პოლიციაში თუ სხვა რომელიმე სამსახურში. ეს სრული აბსურდია ისევე, როგორც ის, რომ თითქოს რაღაც ტექნიკური საშუალებები შევიძინეთ. ამიტომ, როდესაც ამგვარ ჩანაწერებს ვუყურებ, თავისთავად ჩნდება განცდა იმისა, რომ ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის ხელისუფლების მიერ არის პროვოცირებული“, - ამბობს სესიაშვილი

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი ვიქტორ დოლიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ამგვარი ვიდეოჩანაწერები ბევრი გვინახავს და მათი პარტიის მხარდამჭერებზე ზეწოლა ყოველდღიურად ხორციელდება. ამაში იგულისხმება როგორც მათი დაშინება, დაპატიმრება, ასევე მათი ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და ა.შ. ვიქტორ დოლიძის თქმით, ეს ყველაფერი ხელისუფლების აგონიაში ყოფნაზე მიუთითებს. რაც შეეხება პერტენავასა და ფიფიას საქმეს, ამასთან დაკავშირებით დოლიძე კონკრეტულ დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, სანამ დაკავებულებს ადვოკატი არ მოინახულებს და არ გაესაუბრება, დეტალებზე საუბარი რთულია.

„სანამ დაკავებულებს ადვოკატი არ მოინახულებს, ჩემთვის ცოტა რთულია ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ სიტუაციაში. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ამგვარ ქმედებებს ახორციელებს, მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება აგონიაშია. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ისინი პოლიტიკური კალაპოტიდან ვერ ამოგვაგდებენ, ჩვენ გვაქვს მიზანი, გვაქვს გეგმა და ამ გეგმიდან ნამდვილად არ გადავუხვევთ. აუცილებლად გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, აუცილებლად მივატანთ ოქტომბრამდე და ოქტომბერში ქართველი ხალხი ხელისუფლებას განაჩენს გამოუტანს“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

მისი თქმით, შეიძლება ვინმეს ბუნებრივი ადამიანური ინტერესი ჰქონდეს, რა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო უწყებაში, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ეს აბსოლუტურად უმნიშვნელო და უინტერესო თემაა, რადგან კოალიციას დღეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა საქმეები აქვს. ეს არის მოსახლეობასთან შეხვედრა და მათთვის „ქართული ოცნების“ პროგრამის და სამომავლო გეგმების გაცნობა.

დღეს ჩვენთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თითოეულ ადამიანამდე ჩვენი მიზნებისა და პროგრამის მიტანა. სწორედ ამიტომაც ვართ ჩვენ რეგიონებში გასული და მოსახლეობასთან შეხვედრებს თავად ბიძინა ივანიშვილიც მართავს. ამიტომაც ძალიან საეჭვოდ მეჩვენება, რომ ჩვენი აქტივისტებისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა როგორც მოგახსენეთ, სანამ მათ ადვოკატი არ ნახავს, მანამდე გამიჭირდება იმის თქმა, იყო ეს პროვოკაცია, თუ რამე სხვა“, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.