რამდენიმე დღის წინ წყნეთში დევნილების გულის მოგებას ვაკეში „ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილი ცდილობდა. მაგრამ მას ვერც „ნაციონალებისთვის“ „საკადრისი“ გარემო დაახვედრეს და ვერც საკმარისი აპლოდისმენტები. დაპირებები კი, რა თქმა უნდა, უხვად გაიცა, რაც კონტროლის პალატას საერთოდ არ აინტერესებს.
კარბელაშვილი წყნეთში, დევნილების დასახლებაში მივიდა და, როგორც ჩანს, პირველი თვალში ის ეცა, რომ ერთ-ერთ კორპუსზე „ქართული ოცნების“ პლაკატები იყო გაკრული. ეს პლაკატები ცოტა ხნის წინ გააკრეს და, როგორც ჩანს, ხელისუფლება მის ჩამოხსნას ვერ ახერხებს, რადგან საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილასაა გაკრული.
ამიტომაც კარბელაშვილი იძულებული იყო, შეხვედრა ამ პლაკატების ფონზე ჩაეტარებინა. სხვა ვითარებაში ხელისუფლებას, შესაძლოა, ეს „ქვეყანაში არსებული მაღალი დემოკრატიის მაჩვენებლად“ გამოეყენებინა და ძალიან ბევრი ელაპარაკათ ამაზე, მაგრამ კარბელაშვილმა მხოლოდ ის მოახერხა, რომ ამ პლაკატებისთვის თვალი არ მოუშორებია.
„ნაციონალების“ აქტივისტი ქალები კი, რომლებიც ხელისუფლებას ყველგან ჰყავს, კარბელაშვილს თვალებში შესციცინებდნენ და ძალიან მონდომებით და აჟიტირებულად ცდილობდნენ მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველას დასანახად გაკრული „ქართული ოცნების“ პლაკატებისთვის თვალის მოშორება ხელისუფლებისთვის არც ისეთი ადვილია.
სამაგიეროდ, „ნაციონალების“ აქტივისტება ის მოახერხეს, რომ კარბელაშვილს დევნილების დასახლებაში აღარ დაახვედრეს წარწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ამ დასახლებაში არსებობს ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ლუკა კურტანიძის სახელობის საჭიდაო დარბაზი.
აქ ეს დარბაზი თავად ლუკა კურტანიძის გახსნილია დევნილი ბავშვებისთვის და დღემდე ფუნქციონირებს და აქამდე ეს წარწერაც ჰქონდა. თუმცა, კარბელაშვილის ვიზიტისთვის „ნაციონალებმა“ მისი ჩამოხსნა მოახერხეს.
როგორც ჩანს, შეხვედრაზე ბევრი ადამიანის მიყვანა ვეღარ მოხერხდა და სულ ოცამდე ადამიანი თუ ისმენდა კარბელაშვილის დაპირებებს.
ცხადია, აქ მისულ ადამიანებს არაფერი პრობლემა არ უნდა ჰქონოდათ, გარდა იმისა, რომ კარგად იყოს სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“.
წყნეთში მცხოვრები დევნილების რეალური პრობლემა კი ის არის, რომ ეს არის დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ერთადერთი ადგილი, სადაც ელექტროენერგიაზე მიბმულ დასუფთავებისა და წყლის გადასახადებს ახდევინებენ.
1 ინვრიდან შეპირებული განმრიცხველიანება დღემდე არ განხორციელებულა. თუმცა, მიუხედავად ამისა დევნილებს მოეხსნათ ელექტროენერგიის შეღავათები და საერთო მრიცხველებით მათ ელექტროენერგიის გადასახადთან ერთად, დასუფთავების გადასახადის გადახდაც მოსთხოვეს. იმის გამო, რომ 400-500 ლარის ოდენობით დაგროვილი გადასახადის დაფარვა დევნილებს უჭირთ, პრევენციის მიზნით მათ ორი დღით შუქი გაეთიშათ. სხვათაშორის, მათთვის ელექტროენერგიის გათიშვა იმ დღეს დაემთხვა, როდესაც „გ“ ზონაში მდებარე 27-ე კორპუსის თავზე „ქართული ოცნების“ პლაკატები გამოჩნდა.
დევნილები კი გადასახადის მოთხოვნის გამკაცრებას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებდნენ.
პრობლემა არსებობს წყლით უზრუნველყოფის კუთხითაც. მიუხედავად წინასაარჩევნო დაპირებებისა წყნეთს წყალი ისევ გრაფიკით – ყოველ მეორე დღეს რამდენიმე საათით მიეწოდება. მიუხედავად ამისა, რომ დევნილებმა წყლის ყოველთვიურ გადასახადს მრიცხველების დამონტაჟება ამჯობინეს, მათ უკვე მიუვიდათ ქვითრები. ამჟამად წყლის მრიცხველების დამონტაჟების პროცესი დაწყებულია და როგორც დევნილები აცხადებენ, 35 ლარიან მრიცხველებში მათ ხელშეკრულების თანახმად, განვადებით – 100 ლარის გადახდა მოუწევთ.
ხელისუფლებას კი ამის არც მოსმენა სურს და არც მოგვარება. სამაგიეროდ, „ნაციონალების“ აქტივისტების მიერ შეკრებილ რამდენიმე ადამიანს მინისტრები და მაჟორიტარობის კანდიდატები პირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ, რა თქმა უნდა, თუკი ნაციონალები იქნებიან ხელისუფლებაში და ამისთვის მათ ხმა ნაციონალებს უნდა მისცენ. კონტროლის პალატას კი ეს სულაც არ აინტერესებს რადგან მათ, ჯერ, ივანიშვილი ყავთ მისახედი.