„ნაციონალური“ დემოკრატია

„ნაციონალური“ დემოკრატია

საქართველოს პრეზიდენტს გუშინ ისევ გახსენდა „ნულოვანი ტოლერანტობა“ და გუბერნატორებთან გამართულ შეეხვედრაზე ივანიშვილს, შეიძლება ითქვას, ღიად დაემუქრა - ეს, რაც გაშუქდა და ცნობილია, თუმცა შეხვედრის დახურულ ნაწილში გუბერნატორებს რა დავალება მისცა, ძნელი სათქმელია. ფაქტია, რომ სააკაშვილის მუქარის მეორე დღესვე „ნაციონალების“ აქტივისტებმა ივანიშვილზე შურისძიება გადაწყვიტეს. შეხლა-შემოხლის შედეგად კი რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.  

იღებს თუ არა მომხდარზე პასუხიმსგებლობას ხელისუფლება და ეს ყველაფერი რამდენად ჯდება დემოკრატიის ჩარჩოებში, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა.

ნუგზარ წიკლაური: როდესაც ამბობენ „ნულოვან ტოლერანტობას“, ამ წინადადებას არასდროს არ ამთავრებენ და აქ უნდა იყოს „ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ“. მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მართლაც ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულების მიმართ, რომელსაც სჩადიან სხვადასხვა ადამიანები თუ სხვადასხვა დაჯგუფებები. ასე რომ, ეს არის ძალიან სწორი განცხადება.

ერთი მხრივ, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და ქართველი ხალხის ინტერესი არის, რომ დაიცვას ყველა მოქალაქე და მათ კანონი იცავს. მეორე მხრივ კი კანონდამრღვევების მიმართ ქართული სახელმწიფო ტოლერანტული არასოდეს არ იქნება.

რაც შეეხება მერეთში მომხდარ ინციდენტს, მე დეტალებში არა ვარ გარკვეული, მაგრამ ცხადია, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტისპირა რეგიონებში ცხოვრობს და რომელმაც ყველაზე მეტად თავის თავზე გამოსცადა რუსული აგრესიის საშინელება, მიუღებელი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის პრორუსული განცხადებები.

ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ეს პოლიტიკური ძალა არის რუსეთის ხელისუფლების მარიონეტი და, შესაძლოა, სწორედ ამით იყოს განპირობებული მათი მძაფრი რეაქცია.  

რა თქვა ასეთი ივანიშვილმა, რომ ასეთი რეაქცია გამოიწვია, მით უმეტეს, რომ მას მოსახლეობასთან შეხვედრის საშუალებაც კი არ მიეცა?

- კარგად არის ცნობილი, რომ ისინი ახმოვანებენ რუსეთის ხელისუფლების ინტერესებს. კერძოდ, ირაკლი ალასანიას განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, თითქოს, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებენ, ცხადია, რომ ყველამ კარგად გაიგო, რომ ეს იყო რუსეთისთვის და მათი მარიონეტებისთვის გადაგდებული ბურთი.

ამიტომ, ცხადია, რომ ადამიანებს აქვთ ასეთი მძაფრი განწყობა ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ სრულიად ლოგიკური რეაქცია იყო. თუმცა, მეორე მხრივ, ნებისმიერი ტიპის ფიზიკური შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება ვნებს პოლიტიკურ პროცესს და ჩემთვის სრულიად მიუღებელია.

ეს ადამიანები რიგითი ადამიანები იყვნენ თუ ნაცმოძრაობის წევრები და საჯარო მოსამსახურეები?

- ვერ გეტყვით. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს თავიანთი პროტესტი და ადამიანებს აქვთ უფლება, მხარი დაუჭირონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და ამავე ადამიანებს აქვთ უფლება, გამოხატონ თავისი დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლების მარიონეტების მიმართ, რაც გააკეთა კიდეც მერეთის მოსახლეობამ.

მასთ ქერის პროექტთან დაკავშირებით უკვე ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. შესაძლებელია, რომ კიდევ შეიცვალოს

- ეს არის ინიცირებული პროექტი და, ცხადია, პარლამენტში, შესაძლოა, სხვადასხვა მოსაზრება იქნას გამოთქმული და ამაზე მსჯელობა გაიმართება. ეს იქნება კანონპროექტის განხილვის ჩვეულებრივი პროცესი.

მთავარი გახლავთ ის, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან არჩევნების დღემდე არის ორთვიანი პერიოდი და ამ ხნის განმავლობაში, საკაბელო კომპანიებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ გადასცენ საქართველოში ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებლის სიგნალი ამ კანონის შესაბამისად.

მიგვაჩნია, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ამის განხორციელება მოსახლეობას საშუალებას მისცემს იყვნენ ინფორმირებულნი და გააკეთონ მოტივირებული არჩევანი.

ამ პროექტით ვერ მოხდება კავკასიის და ტვ25-ის მთელი საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობა

- ეს არის საერთო მაუწყებლებზე და, თუ რომელიმე ტელევიზიის ლიცენზია მოქმედებს რომელიმე განსაზღვრულ ადგილას, ამ ადგილას არსებულმა საკაბელო მაუწყებელმა უნდა გადასცეს მათი სიგნალი.

მაგალითად, „25-ე არხი“ თუ მაუწყებლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში, აჭარის ტერიტორიაზე რა საკაბელო მაუწყებლებიც ფუნქციონირებენ, ექნებათ ვალდებულება, რომ გადასცენ სიგნალი. 

თუკი რომელიმე კომპანია არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, მაშინ რა სანქცია შეიძლება ამოქმედდეს და რა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ეს შეასრულონ? ან ხომ არ მოხდება ამის ორმაგი სტანდარტით გამოყენება, რადგან სანქცია კანონში არ არის გაწერილი?

- ეს არის კანონი და ზოგადად კანონის შეუსრულებლობის გამო არსებობს გარკვეული სანქციები. რა რეგულაციები არსებობს ამასთან დაკავშირებით, ეს არის სხვა ადგილას გაწერილი და ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ იქნება.

სად წერია?

- არ ვიცი. იურისტებს კითხეთ.

კანონში წერია, რომ ეს პრინციპი იმოქმედებს არჩევნების დღემდე. არჩევნების დღე ან მისი შემდგომი პერიოდი, ვიდრე, არჩევნების შედეგები გამოცხადდებასაზოგადოებას არ სჭირდება ინფორმაცი?

- ჩვენი მოტივაცია, როდესაც ეს კანონპროექტი შემოგვქონდა, გახლდათ ის, რომ ჩვენ ამომრჩეველს ჰქონოდა ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის საშუალება და სხვადასხვა არხების სიგნალების გადაცემა საშუალებას მისცემს, მოისმინოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების პროგრამები, პლატფორმები და მათი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ორიენტირები და გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მის პოლიტიკურ მისწრაფებებს.

არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს უნდა მოქმედებდეს არამხოლოდ ორი თვის განმავლობაში, არამედ შემდეგაც. მაგრამ მიმაჩნია, რომ კერძო ბიზნესის დავალდებულება, რომ ესა თუ ის სატელევიზიო არხი გადასცეს, არ იქნება სამართლიანი.

ამ შემთხვევაში ამ ორთვიან პერიოდთან დაკავშირებით მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი არსებობდა და ეს არის იმის მსგავსი, როდესაც საარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიებს უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვების ვალდებულება აკისრიათ.     

რაც შეეხება არჩევნების დღეს, ამ დღეს არანაირი აგიტაცია აღარ მიმდინარეობს ისევე, როგორც წინა დღეს და ამ ორი თვის განმავლობაში თუ ვინმეს რაიმეს თქმა უნდა, ექნება სრულფასოვანი შესაძლებლობა, საზოგადოებას თავისი სათქმელი გააგებინოს და ეს არის მაღალი დემოკრატიული სტანდარტის ნიმუში.