ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის პროცესში კიდევ ერთი საერთშორისო ორგანიზაცია ჩაერთვება. „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიაში საჩივარი შეიტანა და კომისიისგან ამ საკითხზე რეაგირებას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას კოალიციის წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აკეთებს. მისი თქმით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებების პაქტი დაირღვა.
For.ge-სთან საუბარში თინა ხიდაშელი იმ პროცედურას განმარტავს, რაც ამგვარ საჩივარზე რეაგირებას მოჰყვება ხოლმე. ამასთანავე, იგი საუბრობს იმაზეც, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს საჩივრის განხილვა და რა გავლენა შეიძლება ამ პროცესმა ქართულ პოლიტიკაზე იქონიოს.
თინა ხიდაშელი: „საჩივარი შევიტანეთ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის საფუძველზე. მიზეზი გახლავთ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის უკანონოდ ჩამორთმევა, ვინაიდან ამით მისი პოლიტიკური უფლებები იზღუდება. გაეროს ადამიანის უფლებათა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების პაქტი პოლიტიკური უფლებების ნაწილში თანასწორობაზე და თანაბარ შესაძლებლობებზე ცალსახად საუბრობს. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში სწორედ ეს მუხლები არის დარღვეული.
თავად ადამიანის უფლებათა კომიტეტი ე.წ. „კვაზი სასამართლო“ ორგანოა. ეს არ არის მაგალითად სტრასბურგის სასამართლო, რომელიც სავალდებულო ხასიათის გადაწყვეტილებებს ღებულობს. ადამიანის უფლებათა კომიტეტი სარეკომენდაციო ხასიათის გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ დედამიწაზე ნაკლებად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელსაც მისი გადაწყვეტილება არ შეუსრულებია, თუ რა თქმა უნდა, ძალიან დიქტატურულ სახელმწიფოებს არ ჩავთვლით.
ეს ის ორგანოა, რომელსაც ჩვენ თავის დროზე (მე, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე) 2002-2003 წლებში სხვადასხვა უფლებების დარღვევის გამო მივმართავდით ხოლმე და ამ მექანიზმს საკმაოდ ეფექტურად ვიყენებდით. მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როდესაც „ბნელოდა“, შევარდნაძის ხელისუფლება საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც ამ უწყებიდან მოდიოდა. არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლებას ამ საჩივარზე რა რეაქცია ექნება, მაგრამ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ჟენევიდან ამ საქმის მიმართ დაინტერესება გაჩნდეს. თუ კომისია დროში ეფექტურად იმუშავებს და გადაწყვეტილებას ოქტომბრამდე მივიღებთ, მაშინ სრულიად ნათელია, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმავე დღეს, როდესაც ჩვენ ეს საჩივარი შევიტანეთ, ამავე კომისიაში სპეციალური მომხსენებლის მიერ საქართველოსთან მიმართებაში წარმოდგენილი იყო ანგარიში.
მომხსენებელმა ამ დოკუმენტში პირდაპირ გვარით და სახელით მოიხსენია ბიძინა ივანიშვილი და მის მიმართ პოლიტიკური უფლებების დარღვევზე ისაუბრა. ამიტომ თუკი გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული, სრულიად ნათელია, როგორი იქნება იგი.
ამდენად, კომისია განიხილავს თქვენს საჩივარს და სარეკომენდაციო ტიპის დასკვნას მიიღებს?
- კომისია იღებს ისეთივე ტიპის გადაწყვეტილებას, როგორიც ნებისმიერი ტიპის სასამართლოს გამოაქვს, თავისი ფორმით და შინაარსით. უბრალოდ, ვინაიდან ეს არის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისია, და არა სასამართლო, ამიტომ თავად ამ გადაწყვეტილებას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ფორმით და შინაარსით, მტკიცებულებებით, დასაბუთებით და ა.შ. ის ზუსტად ისეთია, როგორც ჩვეულებრიცი სასამართლოს გადაწყვეტილება. ამიტომაც, ამ კომისიას კვაზი სასამართლოს უწოდებენ.
საჩივრის განხილვა მხარეების თანდასწრებით ხდება?
- დიახ, პირველი, რასაც ეს ორგანო გააკეთებს, საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას დაამყარებს და სწორედ ამას ველოდებით ჩვენ. რამდენადაც სწრაფად მოხდება კომუნიკაციის საქართველოს ხელისუფლებისთვის მოწოდება, იმდენად მეტი შანსი გვექნება, რომ გადაწყვეტილება ოქტომბრამდე იქნეს მიღებული.
კომუნიკაციის ვადები არის განსაზღვრული?
- ვადები განსაზღვრულია და ის საკმაოდ დიდია, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ საჩივარი სტანდარტულად არ შეგვიტანია, იგი დაუყოვნებელი რეაგირებისთვის წარვადგინეთ სწორედ იმიტომ, რომ არჩევნები ოქტომბერშია. ჩვენ დაჩქარებულ განხილვას ვითხოვთ, ამ შემთხვევაზე ჩვეულებრივი კომუნიკაციის ვადები არ ვრცელდება და სხვა ათვლა ხდება. დაჩქარებული კომუნიკაციის ვადები დადგენილი არ არის. მისი არსიც სწორედ ის არის, რომ მხარე ხან ერთ თვეში განხილვას ითხოვს, ხან – ექვს თვეში და ხან – ერთ წელიწადში. ვადის განსაზღვრა ხდება იმის მიხედვით, თუ როდის ხდება ის ამბავი, რის გამოც დაჩქარებულ კომუნიკაციას ითხოვ.
თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ ამ კომისიის გადაწყვეტილებებს ასრულებს ყველა ქვეყანა, დიქტატურების გარდა. როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება თუ შეასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს?
- საქართველოს ხელისუფლების პირველ პირს რომ ვუყურებ, საერთოდ მგონია, რომ მას აღარაფერზე რეაქცია არ აქვს, მაგრამ საქართველო არ არის მხოლოდ ეს ერთი კაცი. ასევე საქართველოს ხელისუფლებაც მხოლოდ ეს ერთი კაცი არ არის და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის ჩაკეტვას და იმას, რომ საქართველო ფორმალური ნიშნებითაც ბელორუსის ან კუბის გზას დაადგეს, მხარს არ დაუჭერენ. სრულიად გულწრფელად ვამბობ, არ მგონია, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები (სააკაშვილს არ ვგულისხმობ) ამ განწყობაზე იყვნენ და ამ გზას დაადგნენ, რადგან მგონია, რომ ისინი ცოტათი მაინც წინ იყურებიან. თუმცა, შეიძლება ჩემი ეს ვარაუდი არც არაფერს ეფუძნება... არც ეს არის გამორიცხული.