ნულოვანი ტოლერანტობით, წინ, დიქტატურისკენ

ნულოვანი ტოლერანტობით, წინ, დიქტატურისკენ

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების სამართლიანად ჩატარების გარანტორობა იკისრა, ასევე მიხეილ სააკაშვილია იმის გარანტი, რომ ყველაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გასამარჯვებლად.

ჩვენ გვინახავს როგორია მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის გამარჯვების (არა ომში) პირობას იძლევა, ყოველი წინასაარჩევნო პერიოდი დაგვამახსოვრდა დარბეული აქციებით, დაპატიმრებული მომიტინგეებით, ზოგიერთ შემთხვევაში გვამებითაც, ხოლო ამ ყველაფრის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებს ძნელია, უწოდო სამართლიანი.

გუბერნატორებთან შეხვედრისას სააკაშვილმა განსაცხადა, რომ პირადად უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სამართლიანად ჩატარებას.

„ეს არჩევნები თითოეულ ჩვენგანს, ხელისუფლების ყველა საფეხურზე პრეზიდენტის დაწყებული, თითოეული თქვენგანით დამთავრებულს გვავალდებულებს, რომ უპირობოდ, დემოკრატიულობისა და სამართლიანობის პრინციპით უზრუნველყოთ, რომ ის საარჩევნო პროცესი მართლაც სამაგალითო იყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის განცხადებით, ის პირადად უზრუნველყოფს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, დღეს გარკვეული ძალები გამოდიან ლოზუნგებით, თითქოს საქართველოში ვინმეს აჩუმებენ და ქვეყანაში არის ავტოკრატია. 

„რა ავტოკრატია, მართლა ხომ არ ბნელა, რომ ღია კარებს ვამტვრევთ. სად არის საქართველოში თავისუფალი აზრის შეზღუდვა? გაქვთ თქვენი აზრი? - გამოთქვით. გინდათ მიტინგის ჩატარება – ჩაატარეთ. გინდათ ვიღაცის გალანძღვა? - მლანძღეთ რამდენიც გინდათ. აბსოლუტური იმუნიტეტი გამოვიმუშავე ყველანაირი შეურაცხყოფის მიმართ. არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყოველთვის ვუსმენ კრიტიკულ აზრს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ამ განცხადებებიდან ერთი დღის შემდეგ ამომრჩეველთან შესახვედრად მისულ „კოალიცია ქართულ“ ოცნებას მოსახლეობასთან დალაპარაკების საშუალება არ მისცეს, თუმცა სააკაშვილი გვპირდებოდა, რომ პირადად უზრუნველყოფდა, ყველა საარჩევნო ძალას თანაბარი პირობები  ჰქონოდა.

შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გორის რაიონში, სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშილი მივიდა და ერთ-ერთმა მოქალაქემ მისი სოფელში მისვლა გააპროტესტა. 

როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამაზ შიოშვილი ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენელთა გაღიზიანება, სოფელ მერეთში ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიასთან შეხვედრაზე მისული მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. 
„სოფელ მერეთში დაახლოებით 450-500 კომლი ცხოვრობს. 300 კაცზე მეტი კი შეხვედრაზე იყო გამოსული. აქედან გამომდინარე, „ზონდერ დაჯგუფება“, რომელიც ხელისუფლებამ კუდ-ის და სხვადასხვა გაურკვეველი უწყებების მეშვეობით შექმნა, მოვიდა და პირდაპირ ჩხუბი დაიწყო. სცემეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს“,  - განაცხადა შიოშვილმა. 

მისივე განმარტებით, დაპირისპირებაში გორის სამაშველო სამსახურის უფროსი და მისი თანამშრომლები მონაწილეობდნენ და არა ადგილობრივი მოსახლეობა. 

„თავიდან 20 კაცი დაგვახვედრეს, პედაგოგები და 10-მდე ახალგაზრდა იყვნენ. მაგრამ, როდესაც დაინახეს, შეხვედრაზე ზღვა ხალხი იყო მოსული, დაიწყეს რეკვა და გორიდან სამაშველო სამსახური გამოიძახეს, ვითომ ხანძარი ყოფილიყოს“,- აღნიშნა შიოშვილმა. 

„ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან ჩაიშალა, რადგან პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით ირაკლი ალასანიამ და ბიძინა ივანიშვილმა მერეთი დატოვეს.

„თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის უფროსის, ვაკო ავალიანის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილას, სამოქალაქო ფორმაში გადაცმულ კუდის დანაყოფი იყო მობილიზებული და გაღიზიანებაც სწორედ, შეხვედრაზე მისულმა მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია.

„სამოქალაქო ფორმაში მობილიზებული კუდის დანაყოფი იმ შეძახილებს და ფრაზებს აჟღერებდნენ, რომელსაც ნუგზარ წიკლაური ხშირად ახმოვანებს. სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ბევრი ხალხის დანახვისას შენაერთის გაძლიერება მოახდინეს და როდესაც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია გამოჩნდა, ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ სოფლის აბსოლუტური უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს“, - განაცხადა ავალიანმა.

რაც მთავარია, შემთხვევის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები არ გამოჩენილან.  თუმცა, ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა. დეტექტივ გიორგი ბუხრაშვილის განცხადებით, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულია მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება.

ერთის მხრივ, პრეზიდენტის დაპირება ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების ქმედებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, „სააკაშვილი ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს. ხელისუფალი რასაც ფიქრობს, იმას უნდა ამბობდეს და აკეთებდეს, სამწუხაროდ, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად არის, სააკაშვილი თავის მომხრეებს და „ზონდერ ჯგუფებს“ აძლევს სრულ უფლებას, რომ მოსახლეობას დაერიონ და ძალადობა გამოიყენონ“.

ზურაბ აბაშიძე: „ახლა, მაგალითად, დუშეთის რაიონში ვხვდებით მოსახლეობას, დაგვყვება მანქანა და გვითვალთვალებენ, გვიღებენ ეს უკვე ჩვეულებრივი პროცესია, მაგრამ ამავდროულად ხალხს აშინებენ რომ არ გამოვიდეს შეხვედრაზე. როდესაც მერეთში დაინახეს რა რაოდენობის ადამიანები გამოვიდნენ და სააკაშვილს არც ერთი მომხრე არ ჰყავს, გადავიდნენ უკვე ძალადობაზე. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება და ეს დასრულება სწორედ ჩვენს მიზანმიმართულ და გონივრულ სვლებში მდგომარეობს. რაც ხდება, ამაში ჩვენთვის მოულოდნელი არაფერი არ არის, რადგან კარგად გვესმის, რა მოძალადე და მზაკვარ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე“.

ამ ყველაფერზე კი, ჯერჯერობით დასავლეთი, ვისთანაც სააკაშვილმა დემოკრატიული არჩევნების პირობა დადო, დუმს. როგორც ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს,  ეს ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილმა შესანიშნავადის იცის დასავლელი პარტნიორების ფსიქოლოგია, რომ მათთვის ნათქვამ სიტყვას აქვს მნიშვნელობა და მეტ-ნაკლებად სჯერათ, რომ ეს სიტყვა ასახავს პოლიტიკურ კურსს.

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია დემოკრატიაზე მზრუნველი დასავლელი პარტნიორების, მეგობრების პოზიციაა. თუ ისინი ასე გულუბრყვილოები არიან, რომ ვერ ხვდებიან რა გამონათქვამის დროს რა პროცესები შეიძლება დაიწყოს. როდესაც იქვე ითქვა ფრაზა, რომ ფაქტობრივად, ნულოვანი ტოლერანტობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართო, თუ ვერ ხვდებიან ეს რას ნიშნავს, იმ გამოცდილების ხალხი, რომლებსაც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში უნახავთ ანალოგიური პროცესები, მაშინ მათი ინტელექტის იმედი არ უნდა ჰქონდეს ადამიანს“.

ძნელი სათქმელია, ჩვენი უცხოელი პარტნიორები არ იმჩნევენ თუ არ სურთ დაინახონ, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, როდესაც „მასთ ქერიზე“ იყო ლაპარაკი, ევროკავშირის ელჩმა ბატონმა დიმიტროვმა შეგვაქო, როდესაც აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის პრაქტიკის გათვალისწინებას აპირებს, თუმცა ის ვინც ბოლო წლებია ქართულ პოლიტიკას ადევნებს თვალს, უნდა ხვდებოდეს, რომ დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლება ამბობს ერთს და აკეთებს მეორეს.

რამაზ საყვარელიძე: „ჩემთვის სულერთია, თუ ხედავენ, რომ რაღაც ცუდი ხდება და ამას არ იმჩნევენ, მაშინ კიდევ უარესია. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული ქვეყნებიდან წამოსული ჩვენი დასავლელი პარტნიორები ვერ ხვდებიან, რომ ამ შემთხვევაში დემოკრატიის და მათი პოლიტიკის დისკრედიტაცია ხდება. საქართველოში ნელ-ნელა მწიფდება ანტიდასავლური განწყობილება. თუ ეს არის მათი მიზანი, მაშინ მათი იმედი არ უნდა გვქონდეს“.

გია ხუხაშვილი თვლის, რომ შესაბამისი განცხადებები იქნება, „თუმცა ვფიქრობ, რომ მათი მხრიდან მეტი აქტიურობაა საჭირო, მათ უნდა ესმოდეთ საკუთარი პასუხისმგებლობა მთელ ამ პროცესებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მათ მიერ ზედმეტი შექება ან რაღაცაზე თვალის დახუჭვა იწვევს ხელისუფლების კრიმინალიზაციას პირდაპირი გაგებით. შეიძლება ითქვას, ისინი იქცევიან პატარა ბავშვებივით, რომელსაც გასდის, და ყველაფერზე წამსვლელია. ამიტომ, დროა, დასავლეთმა მართლა იგრძნოს პასუხისმდებლობა იმ პროცესზე, რაც ქვეყანაში მიდის. სხვანაირად, როგორც  ფასეულობათა სისტემის, ასევე თავისი სტრატეგიული ინტერესების გაგებით, შესაძლოა, საქართველოში შეექმნათ ძალიან სერიოზული პრობლემა“,- მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

თუ  დღეს არსებულ მდგომარეობას გადავხედავთ, როგორც ჩანს, დასავლეთი რეაგირებას არ ჩქარობს, ამასობაში ხელისუფლება ყველა ბერკეტით ცდილობს, პოლიტიკური ოპონენტების ჩაძირვას.

ოპოზიცია, რომელსაც დასავლეთისგან ადეკვატური რეაგირების იმედი ჰქონდა, ფაქტობრივად, საკუთარი თავის იმედადაა დარჩენილი.

„ეს ყოველთვის ასეა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე: „ქვეყანა ყოველთვის უნდა დარჩეს საკუთარი თავის იმედად და საკუთარ თავში უნდა ეძებოს რესურსები, მაგრამ სამწუხაროა, როდესაც დასავლეთი აღიარებს დემოკრატუილ ღირებულებებს, საზოგადოებაში ჩნდება მოლოდინი, რომ  ის ამ ღირებულებებს თუნდაც ლიტონი სიტყვით დაიცავს, მაგრამ სრული სიჩუმეა დასავლეთის მხრიდან. მე ის კი არ მაწუხებს, მხოლოდ რომ ასეთი სიჩუმეა, არამედ ის, რომ ეს სიჩუმე უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს. თუ დასავლეთი იმას ვერ ხვდება, რა არის მის ინტერესებში და რა არა, ეს უფრო სავალალო სურათია, ვინაიდან თუ შენი მეგობარი ვერ ხვდება რა არის მისთვისვე სასარგებლო, ძალიან ძნელია მასთან ურთიერთობა“.

როგორც გია ხუხაშვილი ფიქრობს, „საბოლოო ჯამში ჩვენ გვესმის, რომ გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა და იმედი მაქვს, ყველაფერს თუ არა ბევრს გააკეთებენ მეტ-ნაკლებად ნორმალური კონკურენტული გარემოს ჩამოსაყალიბებლად და თუ ამას არ გააკეთებენ, მოსალოდნელი შედეგები ვიცით, რაც იქნება“, -ამბობს ხუხაშვილი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოში სიტუაცია მეტისმეტად დაძაბულია, შესაძლოა, დასავლეთს ქართული არჩევნებვისთვის არც კი ეცალოს, თუმცა რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამერიკამ ძალიან ბევრჯერ დაუშვა ინტელექტუალური შეცდომები დიდ პოლიტიკაში „მასშტაბურ მოვლენებს ვიტყვი მხოლოდ - მან დაკარგა, ირანი, კუბა და კიდევ ბევრი ქვეყანა, დაკარგა აღმოსავლეთის კეთილგანწყობა და ა.შ. ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ისე ხვდებიან დასავლეთს, როგორც საქართველოში. ამერიკელების მიმართ ყველგან მაქსიმალურად უარყოფითი დამოკიდებულებაა. დღეს უკვე ცხადი ხდება, რატომ არის ასეთი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ამერიკელები სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, სხვა ქვეყნებში როგორ უნდა მოიქცნენ და რა იქნება მათთვის უფრო სასარგერბლო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც ჩანს, სადავლეთის მხარდაჭერის იმედი საქართველოს ნაკლებად უნდა ჰქონდეს და ოპოზიციასა და საზოგადოებას მოუწევს საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს იმას, რასაც ხელისუფლება მოიმოქმედებს.

რამაზ საყვარელიძე: „ფორმულა უკვე ნათქვამია ხელისუფლების მიერ - ნულოვანი ტოლერანტობა. ეტყობა, იქნება ბრძოლა დაუნდობელი მეთოდებით, სპორტის სახეობა რომ არის ბრძოლა წესების გარეშე, ასეთ ბრძოლასთან გვექნება საქმე. არ ვიცი, როგორ ააგებს სტრატეგიას მეორე მხარე, მაგრამ ცხადია, ქვეყანას კარგს არაფერს არ უქადის ამ სტილზე პოლიტიკური პროცესების გადაყვანა“.

გია ხუხაშვილი: „ვფიქრობ, იმდენი რაღაც ხდება საქართველოში, რომ მგონია არ არიან ჩამოყალიბებულები. ერთი მხრივ, ხელისუფლება ყველა კუთხეში საუბრობს კონკურენტულ გარემოზე და ვფიქრობ, დასავლეთს არ უნდა ხელისუფლებას თავისი გაუფრთხილებელი რეაქციებით კიდევ უფრო უბიძგოს ავტორიტარულ სისტემად ჩამოყალიბებისკენ.

ხელისუფლებას უკან დასახევი გზა არ აქვს, ისინი პერიოდულად აშანტაჟებენ დასავლეთს და ეუბნებიან, რომ თქვენი მხარდაჭერით თუ უამისოდ, ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლებთ, ამიტომ, სჯობს რაღაცეებზე თვალი დახუჭოთ. გარკვეულწილად შესაძლოა, დასავლეთი დაბნეულიცაა და არჩეული არ აქვს ის ტონი, რა ტონითაც უნდა ესაუბროს ჩვენს ხელისუფლებას. გაგახსენებთ ცოტა ხნის წინ ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ დასავლეთი არ აინტერესებს, არჩევანი ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს. ეს არის მათი ცინიკური სტილი მაგრამ, ამ ცინიზმშიც არის ერთი დამაფიქრებელი რამ, რომ  ეს დასავლეთის მიმართულებით უფრო იყო გაშვებული - რამე რომ იყოს, თქვენც არ შეგეპუებით. დასავლეთი როგორც ჩანს, ჯერ არ არის მზად, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას და არ არის კარგად ჩამოყალიბებული თავის პოლიტიკაში და ასე ვთქვათ, გარდამავალ პირობებში ვიმყოფებით რომელიც, იმედი მაქვს, დიდხანს არ გაგრძელდება“.