ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებას ყველაფრის დაყადაღება შეუძლია

ბიძინა ივანიშვილი: ხელისუფლებას ყველაფრის დაყადაღება შეუძლია

 

„ხელისუფლებას ყველაფრის დაყადაღება შეუძლია, რამდენადაც კანონს აღარ იცავს და გადასულია სხვა სივრცეში, წითელ ხაზს იქით“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების საპასუხოდ, რომლებიც დაინტერესდნენ, კონკრეტულად მის რომელ ქონებას ემუქრებოდა დაყადაღება.

მართლაც, ბიძინა ივანიშვილის მოლოდინი ახდა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო აქციების 100%-ს „ქართუ ჯგუფში“, აქციების 100%-ს სს „ქართუ ბანკში“,  ხოლო აქციების 21.7%-ს „პროგრეს ბანკში“.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები „ქართული ოცნების“ ლიდერის მიერ აქციების ფლობას მხოლოდ „პროგრესბანკში“ ადასტურებენ, თუმცა ამის მიუხედავად, აღმასრულებლებმა აქციები ყველგან დააყადაღეს.

For.ge-სთან საუბარში ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „პროგრესბანკში“ მართლაც ფლობდა აქციების გარკვეულ რაოდენობას, რის გამოც, კანონის გადასახედიდან, იქ მისი წილების დაყადაღება გასაგები იქნებოდა. თუმცა „ქართუ ბანკში“ ივანიშვილის სახელზე აქციები არ ირიცხება და ბანკის აქციათა 100% სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელსაც რამდენიმე უცხოური კომპანია ფლობს.

ამდენად, ადვოკატს აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილების შესაჩერებლად სამართლებრივ გზად ესახება, რომ უკანონო დაყადაღებების გამო სასამართლოს  მიმართონ იმ  პირებმა, რომლებიც ბანკ „ქართუსა“ და „ქართუ ჯგუფის“ მესაკუთრეები არიან და არა - ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ ამ ადამიანებმა უნდა მოითხოვონ საკუთარი ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს უწყება აგრძელებს სააღსრულებო საქმის წარმოებას ბიძინა ივანიშვილის საქმესთან დაკავშირებით და სწორედ ამ სააღსრულებო  წარმოების პროცესში განხორციელდა ბიძინა ივანიშვილის სახელზე რიცხული ქონების მოძიება.

მეტიც, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თურმე წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ბანკი ქართუსა“ და სს „პროგრეს ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ს ფლობს სს „ქართუ ჯგუფი“, რომლის აქციების 100%-ის და აგრეთვე სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის მესაკუთრეა ბიძინა ივანიშვილი.

შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიუროს განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ისა და სს „პროგრეს ბანკის“ აქციების 21.7%-ის ბენეფიციარ მესაკუთრეს. ვინაიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში არ ყოფილა წარმოდგენილი დეკლარაცია სს „ბანკი ქართუს“ ბენეფიციარი მესაკუთრის ცვლილების მიზნით, სს „ბანკი ქართუს“ აქციების 100%-ის ბენეფიციარ მესაკუთრედ კვლავაც რჩება ბიძინა ივანიშვილი.

აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ აქციათა დაყადაღება არ აბრკოლებს ზემოთ აღნიშნული ბანკების ჩვეულ საქმიანობას და მოვალის მიერ თანხის ნებაყოფლობით გადახდის შემთხვევაში, აქციებზე დადებული ყადაღა ავტომატურად უქმდება.

ცნობისთვის, კონტროლის პალატის ორი ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილი ჯამში 148 650 131 ლარით დაჯარიმდა. ეს გადაწყვეტილებები ივანიშვილის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელმაც ჯარიმები შეამცირა და მათი რაოდენობა 74 325 065 ლარით განისაზღვრა.

რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ დაყადაღებული ქონება ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობას ხუთმაგად, ათმაგად და შესაძლოა, უფრო მეტადაც აღემატება და რაციონალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეტიც, ხიდაშელის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არც „ქართუ ჯგუფის“ და არც „ქართუ ბანკის“ ანგარიშები არ შედიოდა.

ბანკ „ქართუს“ პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილისთვისაც ბანკის აქციების დაყადაღების გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ ფლობს არც ერთ პროცენტ აქციას ბანკ „ქართუში“.

For.ge-სთან საუბარში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი სანდრო ბარამიძე ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართლაც ფლობს აქციების 21, 7 %-ს „პროგრეს ბანკში“, ხოლო არ ფლობს არცერთ წილს „ქართუ ბანკში“, ასევე, აქციების არცერთ პროცენტს არ ფლობს „ქართუ ჯგუფში“, იგი, ასევე, არ არის ბენეფიციარი მესაკუთრე და, ამდენად, მისთვის გაუგებარია, რა დააყადაღა სააღსრულებო ბიურომ?!

სანდრო ბარამიძის თქმით, „ქართუ ჯფგუფი“ და „ქართუ ჯგუფის“ მფლობელი კომპანიები, ალბათ, იჩივლებენ ამასთან დაკავშირებით, თუკი სააღსრულებო ბიურო რეალურად დაიწყებს მოქმედებას ამ აქციებთან დაკავშირებით.

„აღნიშნული კომპანიები, რომლებიც ფლობენ აქციებს, ალბათ, მიმართავენ სამართლებრივ ზომებს და შესაბამის სარჩელებს შეიტანენ. ივანიშვილს არ აქვს ეს აქციები და იგი ხომ ვერ იჩივლებს?! გარდა ამისა, მომხდართან დაკავშირებით, ვაპირებთ საქმის კურსში ჩავაყენოთ უცხოელი დიპლომატები“, - გვითხრა სანდრო ბარამიძემ.      

როგორც ადვოკატი არჩილ კბილაშვილი For.ge-სთან კომენტირებისას განმარტავს, ბანკ „ქართუს“ აქციების დაყადაღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სამართალთან კავშირი არ აქვს. ამდენად, ადვოკატის, აზრით, გადაწყვეტილება რეალურად მიღებულია არა აღსრულების სამსახურის, არამედ ხელისუფლების მიერ. ასევეა, „ქართუ ჯგუფის“ შემთხვევაშიც, რომელთა მესაკუთრეებიც უცხოური კომპანიები არიან.

„ეს ადამიანები სასამართლოს მიმართავენ, მაგრამ ამას არანაირი შედეგი არ მოჰყვება და სასამართლო მაინც იმას გადაწყვეტს, რაც ხელისუფლების ნება-სურვილი იქნება. ამიტომ, სამართლებრივად ისევ სტრასბურგის გზა დარჩება, ხოლო პოლიტიკურად ეს არის დისკრიმინაციის მცდელობა“, - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

აქვე ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, თუ როგორ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი აქციების დაყადაღებას, რადგან ამჟამად თბილისში არ იმყოფება და არც ბიძინა ივანიშვილთან  უსაუბრია, მაგრამ პირადად მისთვის, როგორც ადვოკატისთვის, ხელისუფლების ეს უკანონობა სიურპრიზი არ ყოფილა.

ადვოკატი შალვა თადუმაძე კი განმარტავს, რომ ეროვნულმა ბანკმა აღსრულების ბიურო შეცდომაში შეიყვანა, რადგან „კომერციული ბანკების შესახებ კანონი“ ბიძინა ივანიშვილზე არ უნდა გავრცელებულიყო, რადგან იგი „ქართუ ბანკის“ ბენეფიციარი მესაკუთრე იყო და არა - წილის მყიდველი. ამდენად, „კომერციული ბანკების შესახებ კანონის“ რეგულაცია წილის შემძენ პირზე ვრცელდება. ადვოკატის თქმით, ის, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რადგან შეცდომაში შეიყვანა სააღსრულებო ბიურო და მესამე პირის ქონებაზე მოახდინა აღსრულება.

შალვა თადუმაძის თქმით, 2012 წლის ბენეფიციარი მესაკუთრე უტა ივანიშვილია, რადგან მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა გადაწყვიტა, აღნიშნული მესაკუთრეობის უფლება საკუთარ შვილს გადააბარა.