„Must carry-ს შემოთავაზებული ვარიანტი უბრალოდ მასხარაობაა“

„Must carry-ს შემოთავაზებული ვარიანტი უბრალოდ მასხარაობაა“

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო პერიოდში სატელევიზიო არხების სავალდებულო ტრანზიტთან, ე.წ. Must Carry-ის პრინციპის ამოქმედებასთან დაკავშირებული ინიციატივა უკვე დარეგისტრირდა.

კანონპროექტით, ცვლილება „საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლში შედის, რომელსაც ახალი, მე-17 პუნქტი ემატება. ამ პუნქტის თანახმად, „საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში მაუწყებლობს.

პროექტის თანახმად, აღნიშნული პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს ქვეყნის მთელი ტერიტორია წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, მაუწყებელს ტრანზიტული გავრცელებისთვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოეშვება.

კანონპროექტის ავტორები პავლე კუბლაშვილი, კახა ანჯაფარიძე და ნუგზარ წიკლაური არიან, მისი განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება და თვის ბოლოსთვის კანონპროექტი უკვე მიღებული იქნება. თუმცა მასში არის ერთი ნორმა, რომელიც ადგენს, რომ თუ საკაბელო ოპერატორს ტელევიზიის თავის პაკეტში ჩართვისათვის საჭირო მოწყობილობები არ გააჩნია, მაშინ იგი ვალდებული არ არის ამ ტელევიზიის ტრანსლირება მოახდინოს. ეს ნორმა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეშფოთებას იწვევს, რადგან იგი გარკვეულ შავ ხვრელს ტოვებს კანონში იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ნორმა სათავისოდ გამოიყენოს.

ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი must carry-ს შემოთავაზებულ ვარიანტს მასხარაობას უწოდებს.

„თუ ჩვენ ვალდებულებაზე ვსაუბრობთ, ვალდებულება ნიშნავს იმას, რომ იგი ყოველგვარი მიზეზის გარეშე უნდა აღსრულდეს. გინახავთ ბანკი, რომელთანაც ვალდებული ხართ კრედიტი დაფაროთ და თუ ეტყვით, რომ ფული არ გაქვთ და კრედიტს ვერ იხდით, ბანკმა თავი დაგანებოთ? გაგიგიათ ასეთი რამ? კანონში ვალდებულების ჩაწერა და შემდეგ ამ ვალდებულების ისე განმარტება, რომ თუ არ აქვს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ვალდებული არ არის ვინმე ჩართოს, ეს არის მასხარაობა და ასეთ მასხარაობებს დღეს ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრს ვხედავთ“, - ამბობს მამუკა ღლონტი for.ge-სთან საუბარში.

მამუკა ღლონტი დარწმუნებულია, რომ კანონის ამ ნორმაზე დაყრდნობით საკაბელო ტელევიზიები იტყვიან, რომ არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა და თავიანთ პაკეტში „მაესტროს“ არ ჩართავენ.

„ხელისუფლება ამბობს, რომ კერძო ბიზნესში ჩარევა არ უნდა, მაგრამ მინდა გითხრათ, ის ფაქტი, რომ არც ერთი საკაბელო „მაესტროსა“ და „მეცხრე არხს“ არ რთავს, სწორედ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მათ ბიზნესში ერევა და საკაბელოები დაშინებულები ჰყავთ. ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარული რეჟიმის ქცევა“, - აღნიშნავს ღლონტი.

ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, რომ must carry-ს იმ ფორმით მიღება, როგორც ის არის წარმოდგენილი, არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და მეტი არაფერი. ბექაურის თქმით, „გლობალ TV“-ს თეფშების დაყადაღება პრაქტიკულად იმ სატელევიზიო სიგნალის დაპატიმრებას ნიშნავს, რომელსაც მოსახლეობამდე ინფორმაცია მიაქვს. ამიტომ ბექაურს მიაჩნია, რომ ამის ფონზე შემოთავაზებული ინიციატივა მხოლოდ თვალის ახვევაა, თითქოს ხელისუფლება ინფორმაციას კი არ ზღუდავს, არამედ must carry-საც კი ღებულობს.

„განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ამ ფორმით must carry-ს მიღება, რა ფორმითაც ხელისუფლება გვთავაზობს, მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის კეთდება. ისინი ცდილობენ, საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს ინფორმაციის გავრცელებაზე ზრუნავენ. სინამდვილეში ამ კანონპროექტში ძალიან ბევრი ხარვეზია. მაგალითად ის, რომ თუ საკაბელო კომპანიას შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვს, ვალდებული არ არის ყველა ტელევიზია ჩართოს. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საარჩევნო პერიოდი არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე პერიოდს კი არ გულისხმობს, არამედ მხოლოდ არჩევნების დღის ჩათვლით პერიოდს. გარდა ამისა, კანონი კი თითქოს ადგენს ვალდებულებას, მაგრამ პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს, ანუ თუ საკაბელომ რომელიმე ტელეკომპანია არ ჩართო, მაშინ რა მოხდება?

კანონი, რომელშიც რაღაც ვალდებულება წერია, მაგრამ არ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობა, არასოდეს იმუშავებს. თუ კანონში წერია, რომ კაცი არ უნდა მოკლა, მაშინ მასში წერია ისიც, რა სასჯელი გეკუთვნის, თუკი მაინც ჩაიდენ ამ დანაშაულს. შემოთავაზებულ კანონპროექტში კი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის“, - აცხადებს კახა ბექაური for.ge-სთან საუბარში.

მისი თქმით, ამ კანონის ფონზე თუ საკაბელო რომელიმე ტელევიზიას არ ჩართავს, მას პასუხისმგებლობა არ აქვს, ან შეიძლება მინიმალური თანხით დაჯარიმდეს, გადაიხდის ამ ჯარიმას, გავა ეს ორთვიანი პერიოდიც და ყველაფერი ამით დასრულდება. კახა ბექაურის აზრით, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ თუ საკაბელო რომელიმე ტელევიზიას არ ჩართვას, მას ავტორიზაცია უნდა ჩამოერთვას, ხოლო თუ სანქცია არ ჩაიდო, ეს კანონი არასოდეს იმუშავებს.  

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თავისთავად must carry-ს პრინციპის დანერგვა მისასალმებელია, მაგრამ იგი არა მხოლოდ წინასაარჩევნო, არამედ არჩევნების შედეგების გამოცხადების პერიოდსაც უნდა მოიცავდეს, ანუ არჩევნების ჩატარების დღიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პერიოდს.

„ეს ის პერიოდია, რომელიც საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მეტ ინფორმირებულობას მოითხოვს. ამ ინიციატივის წარმომდგენი სწორედ აქ ქმნის ვაკუუმს. როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხი მათ არ აქვთ იქიდან გამომდინარე, რომ ეს წმინდა პოლიტიკური საკითხია.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ must offer პრინციპი საერთოდ არ არის გათვალისწინებული. ეს პრინციპი ლიცენზირებული მაუწყებლების მხრიდან მაუწყებლობის ტანზიტზე ავტორიზებული პირებისთვის მიწოდების ვალდებულებას გულისხმობს“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

მაგალითად მას მოჰყავს ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ მიერ „გლობალ TV“-ს ქსელიდან თვითნებური გამორთვა, რაც დეპუტატისთვის კომერციული თვალსაზრისით სრულიად გაუგებარია. Must offer-ის პრინციპის მიღების შემთხვევაში ტელეკომპანიებს სიგნალის გამავრცელებელი ნებისმიერი კომპანიისთვის თავისი პროდუქტის მიწოდების ვალდებულება ექნებოდათ. ეს კი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფდა.

რაც შეეხება იმ ნორმას, რომლის თანახმადაც საკაბელო ტელევიზიები გარკვეულ შემთხვევაში must carry-ს ვალდებულებისგან თავისუფლდებიან, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ  ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები დეტალია, მაგრამ დეპუტატს არ უნდა იფიქროს, რომ ტექნიკური მომიზეზებით რომელიმე საკაბელო რომელიმე ტელევიზიას თავის პაკეტში არ ჩართავს.