ოფიციალური თბილისის აზრით, რუსეთიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებ პანიკის დათესვის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა გამორიცხული არაფერია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას შეფასებით, „სამხედრო წვრთნები „კავკასია 2012“ საეჭვოდ და „შემთხვევით“ ემთხვევა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ იყო ჩვენთვის დამაიმედებელი და მუდმივად ვსაუბრობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ ვთხოვთ სიფხიზლეს და რუსეთის გენერალიტეტის მიერ დაგეგმილი ღონისძიების ადეკვატურ შეფასებას, რომელიც ძალიან წააგავს 2008 წლის რუსული აგრესიის წინა პერიოდს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, ნამდვილად არ გვმატებს ოპტიმიზმის საფუძველს ის რიტორიკა, რომელიც რუსეთს პრეზიდენტის, მათი ოფიციალური პირებისა და გენერალიტეტის მხრიდან ისმის.
უფრო მეტიც - მინისტრის მოადგილემ არ იცის ის საბაბი და მიზეზი, თუ რის გამო შეიძლება რუსეთის აგრესია საქართველოსთვის სახიფათო გახდეს. ასევე, არ იცის, იქნება ეს ლოკალური მიზეზი თუ რაიმე რეგიონალური მასშტაბის კონფლიქტი.
„ამას პრინციპული მნიშვნელობა იმდენად არ ექნება, რამდენადაც რუსეთი ჩვეულია ხანდახან ხელოვნურად მოყვანილი საბაბით გაამართლოს თავისი აგრესია. ეს დასაფიქრებელი საკითხია“, - აცხადებს ჯალაღანია.
მისივე ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე ღიად საუბრობს პარტნიორებთან, მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან და ამ ეტაპზე ამის დიპლომატიური და პოლიტიკური პრევენციის გზით მივდივართ.
„არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. დღეს არ გვაქვს საბაბი იმისა, რომ პანიკა დავთესოთ და ვთქვათ, რომ რუსეთი მორიგ აგრესიას განახორციელებს, მით უმეტეს, დრო ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ის რიტორიკა და გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ამ თემის ირგვლივ იქმნება, გულხელდაკრეფილად ჯდომის საბაბს არ იძლევა“, - აცხადებს ჯალაღანია.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ამ კონტექსტშია განსახილველი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებები ქართული სპეცსამსახურების მიერ გალში ტერორისტული ჯგუფების მომზადების თაობაზე.
რამდენად სერიოზულია ომის განახლების საფრთხე, შეიძლება თუ არა ეს უკავშირდებოდეს ქართულ არჩევნებს და რას ნიშნავს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ომის წინაპირობა არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია, ამის გარკვევას for.ge პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესთან შეეცადა.
ბატონო სოსო, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე გადავიდოდეთ, ეგებ მიმოვიხილოთ, შეიძლება თუ არა რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესია ქართულ არჩევნებს დავუკავშიროთ?
- ამ შემთხვევაში ქართული არჩევნები მეორად საბაბად შეიძლება იქცეს. პირველადი ჩემი აზრით, იქნება მაინც ირანის მოვლენები, ვინაიდან მოსკოვში წარმოებული ეს ორდღიანი მოლაპარაკება ჩაიშალა.
ახლა პუტინი მიდის ისრაელში მხოლოდ ერთადერთი მისიით, რომ როგორმე ისრაელს გადააფიქრებინოს დარტყმა ირანზე. თუ ესეც ჩაიშალა და შემდგომი მოლაპარაკებებიც, რომლებიც უნდა გაიმართოს სტამბულში ან ბაღდადში, რისი იმედიც პრაქტიკულად არავის აქვს, მაშინ სექტემბერში ისრაელი ნამდვილად დაიწყებს ომს ირანის წინააღმდეგ და ამას შეიძლება მოჰყვეს ასე ვთქვათ, „დომინოს პრინციპი“.
ირანში 18 მილიონი თუ მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, ისინი შეიძლება გადმოვიდნენ საზღვარზე და ამას მოჰყვება ლტოლვილთა ნაკადი. შეიძლება, აზერბაიჯანმა ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და ყარაბაღის პრობლემის გადაჭრა მოინდომოს. რუსეთი ამას არ დაუშვებს... რუსეთი მოითხოვს, რომ საქართველომ თავის ტერიტორიაზე ჯარი გაატაროს გიუმრის მეორე ბაზის გასაძლიერებლად, საქართველო ბუნებრივია უარს იტყვის ამაზე.
და ამ დროს იქნება ეს ფართომასტაბიანი წვრთნა. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ასეთი ფართომასტაბიანი და უნივერსალური წვრთნები რუსეთს არ ჩაუტარებია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 30-ზე მეტი სამხედრო ხომალდი მარტო კასპიის ზღვაში იქნება, ეს მოიცავს მთელ სამხრეთ კავკასიას, ჩაერთვება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში განლაგებული ჯარები. სწორედ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს ე.წ „დომინოს პრინციპი“.
თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, როდესაც ომის საფრთხეს არ გამორიცხავს, სხვა არგუმენტებს იშველიებს და არა იმას, რაზეც ახლა ვსაუბრობთ...
- რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ვერ ვიტყოდი, რომ ეს განცხადება რაიმე სიცხადის მატარებელია, ვერც იმას ვიტყოდი, რომ ამ განცხადების უკან დგას რაღაც კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც გაჩნია ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს, იმიტომ, რომ თვითონ ეს ფორმულა, „გამორიცხული არაფერია“, პირდაპირ ვიტყოდი, რომ არაფრისმთქმელია. ზოგადად, გამორიცხული მართლა არაფერი არ არის. ვინმემ რომ თქვას, შეიძლება საქართველოში 9-ბალიანი მიწისძვრა მოხდესო, მეორე იტყვის, გამორიცხული არაფერი არ არისო.
ამ პრინციპით რომ მივუდგეთ, თუ გახსოვთ, ჩვენს პროვინციულ საზოგადოებაში მოდაში იყო (ჩვენთან ხომ საზოგადოება ძირითადად პროვინციულია), ლელა კაკულია, რომელიც რას არ გვპირდებოდა 2010, 2011, 2012 წლებისთვის – აფხაზეთის დაბრუნებას, რუსეთის დაქცევას და, მაშინაც ამბობდნენ, რომ „გამორიცხული არაფერიაო“.
ეს ჩემი პროფესიაა და ვიცი, რომ ასეთი განცხადებებისაგან თავს იკავებს ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „გამორიცხული არაფერი არ არის“ – ეს ნიშნავს, რომ სამინისტრო ჩვენ არაფერს გვეუბნება.
თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მართალია, საბაბი არ არსებობს, პანიკისთვის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რუსეთის რიტორიკას და გარკვეულ ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც ამ თემის ირგლივ იქმნება, მაშინ შეიძლება, საფრთხეზეც ვილაპარაკოთ...
- რუსეთის რიტორიკას, ასე თუ ისე, მეც ვადევნებ თვალს, არა მარტო ქალბატონი კალანდაძე, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვარსკვლავი რომ არის. სწორედ რუსეთის რიტორიკაში არსად არ შემხვედრია, რომ საქართველოს ემუქრებოდეს. პირიქით – აცხადებს, რომ ეს წვრთნები ტარდება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე და არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
მაგრამ ზუსტად ასეთი განცხადებები კეთდებოდა 2008 წელს სამხრეთ რუსეთში წარმოებული წვრთნების დროსაც და საერთოდ, არც ერთი სახელმწიფო არ აკეთებს განცხადებას, რომ იცით, ახლა მე წვრთნას ვიწყებ და შემდეგ დავესხმები ამ ქვეყანას.
ეს არ ხდება, კალანდაძე გუშინ გახდა დიპლომატი, ისიც თუ გახდა, მაგრამ ადამიანისთვის, ვინც ათეული წლების მანძილზე სწავლობს დიპლომატიას და პოლიტიკას, უბრალოდ, სასაცილოა. ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიო პოლიტიკაში, ისიც – ძველ რუსეთში, როდესაც წინასწარ აცხადებდნენ, მოვდივართ თქვენს დასაპყრობადო, და მონღოლებს ჰქონდათ კიდევ შუა საუკუნეებში. მეჩვიდმეტე საუკუნის შემდეგ მსგავსი რამ არსად არ ყოფილა, არც ერთი ქვეყანა წინასწარ არ აცხადებს, ომს ვიწყებო. გერმანია აცხადებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, რომ ომს ვიწყებო? ან პირველი მსოფლიო ომის წინ რა, რომელიმე ქვეყანა აცხადებდა ომს ვიწყებო? ეს სასაცილოა.
ამჯერად, ეს განცხადება არ ეკუთვნის ნინო კალანდაძეს. საუბარია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიაზე, თუმცა...
- სიმართლე გითხრათ, არც ჯალაღანიასგან გამიგონია ტალეირანის და ბისმარკის დონის განცხადებები, „გამორიცხული არ არის“ ეს არის არადიპლომატიური კი არა, არ ვიცი, როგორ გითხრათ, ოპერაში სტანისლავსკიმ შემოიღო, როდესაც ხმაური იყო საჭირო, ყველას უნდა ეთქვა, „რა ვთქვათ, როცა არაფერია სათქმელი“ და 15 კაცი რომ ამას იმეორებს, დიდი ხმაური იქმნება.
როცა არაფერი აქვს სათქმელი, ან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არ ფლობს ინფორმაციას, რაც ძალიან ცუდია, ან ფლობს ინფორმაციას და არ უნდა ეს უთხრას ღიად ჩვენს ხალხს, რაც ასევე ცუდია. იმიტომ რომ, რას ნიშნავს, „არაფერი არ არის გამორიცხული“?
დღეს ჩვენ ისეთ ტურბულენტურ სამყაროში და თანამედროვეობაში ვცხოვრობთ, რომ გამორიცხული მართლაც არაფერი არ არის... ვინ იფიქრებდა სამი წლის წინ, რომ საბერძნეთი ასეთ დღეში ჩავარდებოდა და ევროზონაში ასეთი კატასტროფული კრიზისი იქნებოდა, ვინმე იფიქრებდა, რომ ამერიკას იპოთეკური კრიზისი წალეკავდა? ასე რომ ვთქვათ, ეს არც მეცნიერული და არც ინფორმაციის მატარებელი განცხადება არ არის.
ერთ-ერთ არგუმენტად საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდებებსაც ქართული სპეცსამსახურების მიერ გალში ტერორისტული ჯგუფების მომზადების თაობაზე. ეს რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ომის დაწყების საფრთხედ?
- ამაზე მკაცრი განცხადებები 2000 წლის დასაწყისში, პანკისის ხეობასთან დაკავშირებითაც კეთდებოდა, როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში. მაშინ რუსეთი გაცილებით შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებდა და დოქტრინაც კი მიიღეს, ლაპარაკია 2001 წელს მიღებულ რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე, სადაც პირდაპირ იყო ჩაწერილი, რომ რუსეთს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელოს დარტყმა, თუ იქ მზადდება ტრორისტული ჯგუფები რუსეთში შესაჭრელად.
ამაზე ყველა ხმამაღლა ლაპარაკობდა პანკისის ხეობასთან დაკავშირებით და მაშინ არა მხოლოდ რუსეთი ლაპარაკობდა - თუ გახსოვთ, „რუსთავი 2“ პირდაპირ უჩვენებდა ეთერში თეთრ კამუფლაჟებში ჩაცმულ ჩეჩენ ბოევიკებს პანკისის ხეობაში, რომ ოღონდ კი შევარდნაძის წინააღმდეგ რაღაც გაეკეთებინათ. „რუსთავი 2“ და ესენი, თანახმანი იყვნენ, რუსეთს დაერტყა, ოღონდ კი შევარდნაძისთვის ზიანი მიეყენებინათ, მაგრამ გააკეთა რუსეთმა ეს? არ გააკეთა.
დღეს რას ემსახურება მსგავსი განცხადებები აფხაზეთისა და რუსეთის მხრიდან?
- რაც შეეხება ამ განცხადებებს, უკვე რიტუალური ხასიათისაა. აფხაზეთის ხელისუფლებას საკმაოდ დელიკატური პოზიცია აქვს არჩეული ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკებთან მიმართებაში, იმიტომ, რომ აფხაზებმა არ იციან კიდევ ეს ბოევიკები ხვალ და ზეგ სად დასჭირდებათ, როგორ დასჭირდებათ, ამიტომ სოხუმი ხიდებს საბოლოოდ არ წვავს. ცდილობს, რომ დარტყმა ააცილოს ჩეჩენ, დაღესტნელ, ინგუშ ბოევიკებს და ყველა ერთად ცდილობს, „მკვდარი კატა“ საქართველოს ჩამოჰკიდოს კისერზე, თორემ რუსულმა სპეცსამსახურებმა, ფეესბემაც და აფხაზებმაც, მერაბიშვილის უწყებამ, ყველამ მშვენივრად იცის, ვინ აწყობს იქ ტერაქტებს. ამერიკელებმა და აფრიკის ნებისმიერი სახელმწიფომაც კი კარგად იცის, ვინ აწყობს იქ ტერაქტებს, მაგრამ სოხუმი ამას არასდროს არ იტყვის, რომ ამ ტერაქტის ავტორები ჩეჩნები, ყაბარდო-ბალყარელები თუ ჩერქეზები არიან.
ისე მოკვდა ბასაევიც და უდუგოვიც, რომ აფხაზებს ერთი სიტყვა არ დასცდენიათ ცუდი. ხომ არ იტყვის ანქვაბი, რომ თავის კრიმინალებს ვერ ერევა? იქ მიდის ქონების დანაწილება–გადანაწილება, ხელახალი გადანაწილებები. „ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო“, მაგრამ არის იქ თხილის ბიზნესი, არის რაღაც სეზონური ბიზნესები, რაც აფხაზებისთვის დიდი ბიზნესია. მართალია, რუსეთის მასშტაბებისთვის სათამაშოც კი არ არის, მაგრამ აფხაზებისთვის ეს დიდი ფულია.
მგონი 35-მდე ტერაქტი მოუწყეს ანქვაბს და ისიც ვერ აღმოუჩენია, ვინ გააკეთა, მაგრამ ხომ არ იტყვის, ყველგან ბარდაგი მაქვსო?! ამიტომ აწყობს, რომ ეს ყველაფერი ქართულ სპეცსამსახურებს დააბრალოს. ამიტომ, ამას სერიოზულად არავინ არ ღებულობს.
სანამ ირანი, სპარსეთის ყურე არ „აფეთქდება“, ვიდრე არ გაირკვევა სირიის მოვლენები, რუსეთმა რომ ცარიელ ადგილზე რამე დაიწყოს, ეს გამორიცხულია.
რაც შეეხება სირიას, სადაც სერიოზულად არის დაძაბული სიტუაცია, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ის ჯაჭვური მოვლენები, რისი საფრთხეც არსებობს, სწორედ აქედან დაიწყოს...
- უკანასკნელი მონაცემებით რუსეთის სამხედრო გემები ემზადებიან თუ უკვე დაიძრნენ სირიისაკენ. იმიტომ, რომ რუსეთს აღმოსავლეთში ერთადერთი საზღვაო პორტიღა აქვს - სირიაში.
მოკვდა ის დრო, როდესაც ალექსანდრიიდან დაწყებული, ეთიოპიის სანაპიროებით და სომალით დამთავრებული, საბჭოთა კავშირს საზღვაო ბაზები ჰქონდა. ამიტომაც რუსეთი კბილებით იცავს ახლა ასადსაც. თუ იქაც აფეთქდა სიტუაცია, ანუ ერთდროულად ირანსა და სირიაში, მაშინ კიდევ შეიძლება, დიდი ალბათობით ვიფიქროთ, რომ საფრთხე კავკასიასაც ემუქრება.
ნუ ვიფიქრებთ, რომ კრემლი დეგენერატებით არის გავსებული, თვითონ რუსეთშიც მშვენივრად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ამას, თანაც არც რუსეთის მდგომარეობაა ძლიერი.
ახლახან გამოქვეყნდა ფინანსთა სამინისტროს მონაცემები, სადაც ლაპარაკი იყო, რომ დეფიციტმა მშპ-ს 1,5% მიაღწია. სარეზერვო ფონდის შევსება, რასაც 2012 წლისთვის ვარაუდობდნენ, ვერ მოხერხდა. ეს ის ფონდია, რომელმაც კრიზისის პერიოდში იხსნა რუსეთი.
თანაც მსოფლიოში ნავთობის ფასები ეცემა. საქართველოში თუ საწვავის ფასი მხოლოდ 5 თეთრით იაფდება და 10 თეთრით თუ გაიაფდა, ლამისაა სიხარულით ჭაღებს ჩამოვეკიდოთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მსოფლიოშიც ასეა. მსოფლიოში ნავთობზე ფასები კატასტროფულად ეცემა, რუსეთისთვის ეს არის განგაშზე უარესი რამ და არ არის სწორი, რომ ვიძახოთ „გამორიცხული არაფერია“. ეს არ არის განცხადება, რომელზეც მერე ვინმეს პასუხს მოსთხოვ, ეს პროგნოზიც არ არის, ეს არის არასერიოზული განცხადება მინისტრის მოადგილისათვის.
რაში შეიძლება სჭირდებოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს, როგორც თქვენ ამბობთ, არაფრისმთქმელი განცხადებები?
- ელემენტარულად, თავის დასაზღვევად, 2008 წელს ჩვენმა დაზვერვამაც და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც რა ქნა? სანამ რუსის არმია გვირაბში არ შემოვიდა, ყურს არავინ არ იბერტყავდა.
ახლა თავს იზღვევენ, მერე რამე რომ მოხდეს, იტყვიან – ჩვენ ხომ ვამბობდით, „გამორიცხული არაფერი არ არისო“. ასე ყველას შეუძლია კისინჯერად მოგვევლინოს, დაწყებული თავხელიძიდან, დათო აქუბარდიას სტუდიის სტუმარი ექსპერტებით დასრულებული. ყველა იტყვის, „გამორიცხული არაფერიაო“ და მერე ყველა კისინჯერი გამოვა, რამე რომ მოხდეს.
თუ არ მოხდა არაფერი, ვერაფერს ვერ ეტყვი, იმიტომ, რომ ხომ არ უთქვამთ, მოხდებაო, მოკლედ „ტანკში სხედან“.
ასეთი განცხადებები სჯობს, საერთოდ არ გაკეთდეს, ვიდრე ამას მინისტრის მოადგილე აკეთებდეს, თანაც ადამიანი, რომელსაც ალბათ, თავი პროფესიონალ დიპლომატად მოაქვს.
მაგათი დიპლომატობა არც ერთის არ გამიგია, ჩემთვის დიპლომატი პირველ რიგში მეცნიერია და ასეთი ალექსანდრე ჩიკვაიძე იყო.
ასეთი განცხადებებით იმისი გამართლება და გადაფარვა ხომ არ უნდათ, რეგიონებში რეზერვისტებს იარაღს რომ ურიგებენ?
- მაგანაც ხომ გადაიარა. კამპანიასავით იყო და მერე მორჩა, ერთი კვირა იყო ეგ თემა აქტუალური, როგორც მახსოვს და როგორც ვიცი, უკვე არანაირი იარაღი აღარ რიგდება.
მოვიკითხე სადაც ხელი მიმიწვდებოდა და ვერავინ ვერ ვნახე, ვის ურიგებენ იარაღს შეიძლება, იქ სადღაც, საზღვრისპირა რაიონებში მსგავსი მართლაც მოხდა, იმიტომ, რომ თითქოს ისრაელის მაგალითი იყო გამოტანილი, სადაც რეზერვისტებს ავტომატური იარაღი სახლებში აქვთ. მე მგონი ასეთი რამ საერთოდ შეწყდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთის რეზერვისტებს დანები დაურიგეს...
- ეს სასაცილოა. ჩვენთან ყოფით ნიადაგზე ამდენი მკვლელობები ხდება. ჩემი ახალგაზრდობის დროს ერთი „კაკაბეთის ზარები“ იყო, როდესაც რაღაც საშინელება მოხდა კახეთის სოფელ კაკაბეთში. ახლა ყოველდღე - „დედამ შვილი მოკლა“, „მამამ ძმა მოკლა“, „ძმამ ძმა მოკლა“, „შვილმა დედა მოკლა“, „მამა მოკლა“, თითქმის ყოველდღე მესმის ეს და ამათ კიდევ იარაღი უნდა დაურიგონ? როგორ შეიძლება ეს?! მე მგონია, მაინც, რომ იყო ასეთი პროექტი, ისრაელის მაგალითის გადმოღების, მაგრამ რამდენადაც ინფორმირებული ვარ, უკვე შეწყდა.
საერთოდაც, დანების დარიგება რად გინდა, ისედაც თავისუფლად იყიდება „მონკავშირში“, ნებართვა არ სჭირდება და არაფერი, ისე შეგიძლია იყიდო მონადირის დანა.
ეს ვერ გადაფარავს ამას, ვფიქრობ, რომ უბრალოდ, თავის დაზღვევაა. რუსეთი ჩვენი მტერია, საქართველოსთვის რომ კარგი არ უნდა, არც ეს არის სადავო და კიდევ ერთი – პირველად საქართველოში, გაჩნდა პოლიტიკური პარტია, რომელიც ღიად გამოდის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ.
„თავისუფალ საქართველოს“ გულისხმობთ?
- ყოველდღე არ არის რეკლამაში – ნატო არ გვინდაო? ახლა ეს ელიზბარ ჯაველიძე პოლიტოლოგიც რომ გამიხდა, ახლახან იმას ამტკიცებდა, ნატო ამერიკის პოლიციელიაო. შეიძლება ასეთი განცხადებები ამითაც იყოს გამოწვეული, რომ თუ საფრთხე არ არსებობს, მაშინ ნატო რად გვინდა? რაღაც ლოგიკა არის ამაში.
იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ პერსპექტიული ლიდერი ჰყავს, არ არის ეს პარტია იმდენად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ხელისუფლებისათვის. ყოველ შემთხვევაში – ამ ეტაპზე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთი განცხადებები აკეთოს... როგორ ფიქრობთ, ვისთვის არის ასეთი განცხადებები განკუთვნილი?
- აქ სიძლიერეზე ლაპარაკი არ არის, ლაპარაკია ტენდენციაზე, რადგან პრეცედენტი შეიქმნა. იყო დრო, როდესდაც „ნაციონალური მოძრაობაც“ არ იყო ძლერი პარტია.
ძლიერი რომ არ არის, ამიტომაც ხელისუფლება თავს არ უყადრის და ისეთ ღია დუისკუსიაში არ შედის ამ პარტიასთან, როგორც, მაგალითად, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ ის, რომ საფრთხე არსებობს, არადამაჯერებელია - თურმე, რუსეთი კი არ აპირებს თავდასხმას, მაგრამ შეიძლება დაგვესხას თავს - თუ არ აპირებს, მაშინ როგორ შეიძლება დაგვესხას.
ალბათ, ჩვენს სპეცსამსახურებს აქვთ უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე –„გამორიცხული არაფერია“... ეს უფრო იმ ადამიანებისთვის გაკეთებული განცხადება მგონია, რომლებიც, ღმერთმა ნუ ქნას და მართლა კუკავას პარტიის ჭკუაზე წავიდეს და გადაწყვიტოს, რომ ნატო ჩვენ არ გვჭირდება.
თურმე საქართველო არის შვეიცარიის მსგავსი ქვეყანა, რომელსაც აქვს ფუფუნება, რომ თქვას – არც რუსეთი, არც ამერიკა და ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ძლიერი. ასე სჯობს, რასაკვირველია, უკეთესია იყო ჯანმრთელი და მდიდარი, ვიდრე ავადმყოფი და ღარიბი, მაგრამ სად არის ასე?! ბევრი ღარიბი ჯანმრთელია და ბევრი მდიდარი ავადმყოფი, ერთად ეს იშვიათია. ხომ ხედავთ, შვარცენეგერსაც კი კიბო აღმოაჩნდა.