„გლობალ tv

„გლობალ tv"-ს დირექტორმა სასამართლოში სიმართლე კი არა, მოსამართლეც ვერ იპოვა

საქალაქო სასამართლომ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს“ 5 ათას ლარიანი ჯარიმა ისე დააკისრა, რომ განაჩენის წასაკითხად მოსამართლე თამარ ონიანმა ვერ მოიცალა და ერთ პატარა ოთახში, სადაც რვა დამსწრე თუ დაეტეოდა, განაჩენი მისმა თანაშემწემ ელვის უსწრაფესად გამოაცხადა. ჟურნალისტებისა და საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, სასამართლო დარბაზში შესვლა გართულებული იყო და ორმაგი ბარიერის გადალახვას საჭიროებდა. პირველ ჯერზე, სასამართლოს შესასვლელში, სპეციალური აპარატურის საშუალებით განსაკუთრებული გულმოდგინებით ეძებდნენ დიქტოფონებსა და კამერებს, ხოლო ზედა სართულზე, მობილურების კონფისკაციას ახდენდნენ და სასამართლო დარბაზის მიმდებარედ ატოვებინებდნენ. მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო, როცა განაჩენი მათ მისვლამდე წამებით ადრე გამოცხადდა, თანაც _ ერთ პატარა ოთახში, სადაც სიმართლის ერთადერთ მაუწყებლად თვალებახვეული თემიდას მომცრო ქანდაკება იდგა.

გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესს მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლები არ დასწრებიან. არადა, სწორედ მათი გადაწყვეტილება „გლობალ tv"-ს 5 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ „გლობალ tv“-ს სიხშირულ ზოლში გადაცდენას ედავებოდნენ, მაშინ, როცა გასულ კვირას ჩატარებულ სასამართლო პროცესზე „გლობალ tv"-ს წარმომადგენელთა შუამდგომლობა ექსპერტიზის მოწვევისა და სიხშირეების თავიდან გადამოწმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. 

„გლობალ tv"-ს მარკეტინგისა და განვითარების დირექტორი ზურაბ ბაზლიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დიპლომატიურ კორპუსს მიაწვდის ინფორმაციას მისი კომპანიის დევნის შესახებ, ხოლო ქართული სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს.      

„გლობალ tv"-ს 5 ათასი ლარით დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლის ნაცვლად თანაშემწემ გამოგიცხადათ, თანაც ერთ პატარა ოთახში, სადაც საზოგადოებისა და ჟურნალისტების დატევა ვერ მოხერხდა და მხოლოდ ერთეული ადამიანებისთვის იყო გამიზნული. გადაწყვეტილების მოსმენისას არც მეორე მხარე გამოცხადებულა.   

_ მართალია, ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გადაწყვეტილების მოსასმენად არ შეწუხდა არც მოსამართლე და არც მეორე მხარე, მაგრამ მთავარია, რომ კომერციულ კომპანიას ხელი ეშლება საქმიანობის წარმართვაში. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს კომპანიას საქმიანობა შეეზღუდოს, უსამართლოდ დაჯარიმდეს. აბსოლუტურად უდანაშაულოდ დაგვაჯარიმეს. აღნიშნული საკითხი წამოიჭრა ე.წ. „ბლექსისატის“ კომპანია „რეალკომის“  წერილის საფუძველზე, რომელიც ითხოვდა, რომ მას თურმე 2004 წელს მიღებული ჰქონდა სიხშირეები და მხოლოდ 2012 წელს გაახსენდა, რომ ამ სიხშირეებით უნდა დაეწყო მაუწყებლობა, ე.ი წლების განმავლობაში სახელმწიფო რესურსი მას გამოყენებული არ ჰქონია და ეს პრობლემა ახლახანს გაახსენდა. ამ წერილის საფუძველზე მარეგულირებელმა კომისიამ, ჩვენგან დამოუკიდებლად, დაიწყო ჩვენი სამაუწყებლო სიხშირეების გაზომვა დაბა ტაბახმელაში. საკითხის მთელი სიმწვავე ისაა, რომ მართლაც იყო რამდენიმე პირი ამოსული ტაბახმელაში, მათ შორის, _ მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლები, მაგრამ იქვე იყვნენ უცხო პირები, რომლებიც დაკავშირებულნი გახლდნენ „რეალკომთან“. აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ უცხო პირების აპარატურით მოხდა ამ ყველაფრის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, არ დავეთანხმეთ მათ გადაწყვეტილებას. ოქმზე ხელი არ მოვაწერეთ და პროტესტი გამოვთქვით. ორი დღის შემდეგ  ჩაგვბარდა გადაწყვეტილება, რომ თურმე აღძრულია ადმინისტაციული სამართალწარმოება და გვედავებიან, რომ თურმე დარღვევით ვმაუწყებლობთ. ორ დღეში საჩქაროდ დაინიშნა სხდომა, სადაც ჩვენი სიმართლის შესახებ განვაცხადეთ და მაშინვე წასვლა და დამოუკიდებელ ექსპერტთა მიერ სიხშირეების გაზომვა შევთავაზეთ. გვინდოდა, გაზომვა მოეხდინა არა დაინტერესებულ პირებს, არამედ  თუნდაც ორივე კომპანიის წარმომადგენლებს. ამაზე უარი გვითხრეს, ჩვენ უკვე ვიყავით და გადავიღეთ, მერე რა, რომ სხვისი აპარატით გადავიღეთო.

 თქვენ არ ენდობით იმ პირებს, რომელთა აპარატურითაც მოხდა სიხშირეების გაზომვა?

_ თავისთავად, არ ვენდობით. შემოწმება უნდა მოხდეს ერთობლივად, სპეციალური ექსპერტიზით ჩატარებული ერთობლივი აქტით და, თუ მართლაც გადაცთომა მოხდა, უნდა გვქონდეს იმის საშუალება, გადაცთომა გამოსწორდეს. თუ არ გამოვასწორებთ, მაშინ შეიძლება, დაგვაჯარიმონ. დღესაც რომ გამომიგზავნონ წერილი, რომ თურმე რაღაც გადაცთომა მაქვს, სად ვამტკიცო ჩემი სიმართლე?! რა გზას მივმართო?! მეუბნებიან, ჩვენი ძალებით გავზომეთ და, თუ არ გჯერა, წადი სასამართლოში, იჩივლეო, მაგრამ დღესაც წავედით სასამართლოში და სიმართლე კი არა, მოსამართლეც ვერ ვიპოვეთ. ვეძებეთ მოსამართლე და არ დაგვხვდა, ოთახიდან გამოძახილით კი თანაშემწემ დაგვიძახა, თქვენი სარჩელი არ დაკმაყოფილდაო. ეს არის გულდასაწყვეტი, რომ „გლობალ-ტივის“ ხელშეშლა ხდება. ხმამაღლა იძახის „ბლექსისატის“ ხელმძღვანელობა, რომ ჩვენ „გლობალ-tv"-ს ჩავძირავთო. ზუსტად ეს არის ამის შედეგი. უზარმაზარი პრობლემები შეგვიქმნეს, თეფშები დაგვიყადაღეს, რათა „ბლექსისატისთვს“ სასათბურე პირობები შეიქმნას. ის ჩანაფიქრი, რომ მაქსიმალურად დაგვებევებინა ყველა მომხმარებელი და ისინი ჩვენი მომხმარბლები გამხდარიყვნენ, შეწყდა. ამ დროს კი „ბლექსისატი“ ჩვენს პოტენციურ მომხმარებელს მშვიდად აიყვანს.

მაგრამ ეს ორ კომპანიას შორის კომერციულ დავას სცილდება და პოლიტიკურ ჭრილში გადადის. რამდენად არის „ბლექსისატი“ პოლიტიკურად მოტივირებული, როდესაც თქვენს წინააღმდეგ მაინცდამაინც ახლა გააქტიურდა?

_ იცით, რა არის? ქართული ტელეკომპანიები არც მალავენ, პირდაპირ წერილიც მოგვეწერეს, რომ იმიტომ ვწყვეტთ თქვენთან ხელშეკრულებას და იმიტომ ვხსნით თქვენს აბონენტებს, რომ გვყავს პარტნიორი კომპანია „ბლექსისატი“ და მას უყურონ. ახლა განსაჯეთ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა თუ ეკონომიკური. ამის საფუძველზე დავკარგე ხუთი არხი. მეორე პრობლემაა, რომ ტელეკომპანია „მე-9 არხი“ და „მაესტრო“ თურქული კომპანია თურქსატისგან“ იღებენ წერილს, რომლითაც „თურქსატი“ სთავაზობს, რომ, ხელშეკრულების შეჩერების შემთხვევაში, არ გადაახდევინებს პირგასამტეხლოს, ხოლო „მე-9 არხს“ პირიქით სთავაზობდა, რომ იმ თანხებს უკან დაუბრუნებდა, რაც ჩაურიცხა, ოღონდ მაუწყებლობა გაეგრძელებინათ „ბლექსისატის“ საშუალებით. ე.ი. ეს ნიშნავს, რომ „ბლექსისატმა“ საქართველოში ჩაანაცვლა „თურქსარტი“, იგი გახდა მისი წარმომადგენელი და, თუ ვინმე მოინდომებს თანამგზავრზე მაუწყებლობას, „თურქსატთან“ კი არ უნდა  დაამყაროს ურთიერთობა, არამედ „ბლექსისატთან“. ფაქტობრივად, 6-7 თვის კომპოანია ხდება მონოპოლისტი საკაბელო ბაზარზე და ხელში იგდებს როგორც ქართული არხების დისტრიბუციის უფლებას, ისე თანამგზავრზე მაუწყებლობას და თავად წყვეტს, თანამგზავრზე რომელი არხი ავიდეს. თავად განსაჯეთ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ კომერციული გადაწყვეტილება?! მე ვფიქრობ, რომ ორივე.

დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და საქართველოში არ საჩივრდება, სიმართლის პოვნას სად აპირებთ?

_ საერთაშორისო სასამართლოში_სტრასბურგში მივდივართ, უკვე მერამდენე საქმე გვაქვს სტრასბურგში, შევეცდებით, მაქსიმალურად ვიმუშაოთ ადგილობრივ საერაშორისო ორგანიზაციებთან, დიპკორპუსთანაც გვგეგმავთ შეხვედრას და შევეცდებთ ჩვენი კომპანიის ინტერესის დაცვას,რომლის ბაზრიდან გაყვანასაც აპირებენ. გვაქვს ფინანსური და ორგანიზაციული სირთულეები. დღესდღეობით კომპანიას ჰყავს 800-900-1000 დაუსაქმებელი თანამშრომელი, რომლებიც დაყადაღებული ანტენების გამო ხელფასს ვერ იღებენ.

„გლობალ ტივის“ ანტენების დამონტაჟების გამო მოსახლეობას კვლავაც ემუქრებიან?

_ ამა თუ იმ რეგიონში მოსახლეობასთან მუშაობას ჩვენს შესვლამდე იწყებდნენ, ემუქრებოდნენ, ანტენების დამონტაჟების შემთხვევაში, სოციალურ დახმარებებს ჩამოგართმევთ, რომ ეს ძალიან ძვირიანია, 432 ლარი ჯდება და არ გეგონოთ, უფასოდ მოგცემენო.

შეძლეს მოსახლეობის გატეხვა და „გლობალ ტივის“ ანტენებზე უარის თქმა?

_ დაშინების მიუხედავად, მოსახლეობა იბრძოდა და მათი მხრიდან ამხელა ინტერესი რომ დაინახეს, ამიტომაც გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ „გლობალ ტივი“ და მიეშვათ ის კომპანია, რომელიც მათ ინტერესს გაატარებს.

სასამართლოში მობილურების შეტანა 19 ივნისიდან აიკრძალა. რამდენად უკავშირებთ ამას „გლობალ ტივისა“ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესებს?

_ კონტროლის პალატასთან დაკავშირებული საკითხის დროს, თუნდაც ჩვენს პროცესებზე საზოგადოებისა და ჟურნალისტების ინტერესი დიდია. ამიტომაც გამოყვეს კაბინეტის ხელა, პატარა სასამართლო  ოთახი, სადაც შეუძლებელი იყო ყველას დასწრება, ამიტომ დაინტერესებული პირების 80 % დარბაზს გარეთ დარჩა.

„გლობალ tv"-სთან მიმართებით 2004 წელსაც მსგავსი შემთხვევა მოხდა. მაშინ საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე დაგეხმარათ. იმ დროს რას გედავებოდნენ?

_ ჩვენ ის კომპანია ვიყავით, რომელიც, კანონმდებლობაში არ არსებობის მიუხედავად, „Must Carry“-ს პრინციპს მივდევდით და ვცდილობდით, ჩვენს ქსელში ყოფილიყო ყველა საინტერესო ქართული არხი, რომელიც მაყურებელს აინტერესებდა. ერთ-ერთი ასეთი არხი იყო „მაესტრო“. როდესაც „მაესტრომ“ დაიწყო პოლიტიკური მაუწყებლობა და ოპოზიციური აზრის დაფიქსირება, მაშინვე პრობლემა გაჩნდა. მაგრამ მაშინ „მაესტრო“ საკაბელო მაუწყებელი იყო და მხოლოდ „გლობალ-tv"-ს მეშვეობით ვრცელდებოდა. ასე თუ ისე, „მაესტროს“ იმუნიტეტი ჰქონდა და საერთაშორისო დიპკორპუსი იცავდა, იგი ხელშეუხებლად ითვლებოდა, მაგრამ, თუ აღარ იქნებოდა „გლობალ tv“, აღარ იქნებოდა „მაესტროს“ გავრცელების არეალი. ამის გამო დაიწყო „გლობალ ტივის“ წინააღმდეგ ბრძოლა. კომპანიის გაჩერებას აპირებდნენ, ჩვენც იძულებული გავხდით, დიპკორპუსი ჩაგვეყენებინა საქმეში, რასაც ახლაც ვაპირებთ, და, რომ არა ერიკ ფურნიეს პრინციპული განცხადებები, „გლობალ tv“ გაჩერდებოდა. ჩვენ სუფთა კომერციული ორგანიზაცია ვართ, რომელიც ბაზრის შესანარჩუნებლად საკუთარი კომერციული ინტერესისთვის იბრძვის და ამ დროს მას პოლიტიკურ სარჩულს უდებენ. ამავე დროს, ამით ნახულობენ ეკონომიკურ სარგებელს და მათთვის სასურველი კომპანია შემოჰყავთ_ „სილქნეტი“, „კავკასუსი“, ხოლო მიუდგომელ ადგილებში, რეგიონებსა და მთებში _ „ბლექსისატი“.

საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ For.ge ჟურნალისტებსა და იურისტებს ესაუბრა. „ალიას“ რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის, როცა საზოგადოებას მედიის დასაცავად ბრძოლა უწევს. მისი თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარიც ზედმეტია, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით მიიღება. მეტიც, დიმიტრი ტიკარაძეს უამრავი მსგავსი შემთხვევა ახსენდება, როცა პოლიტიკური მოტივის გამო, სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილებები გამოჰქონდა. ჟურნალისტის გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებისას სპეციალურად გამოყოფილ მცირე დარბაზში მოსამართლე არ გამოჩნდა.

„გლობალ tv"-სთვის სოლიდარობის ნიშნად საქალაქო სასამართლოსთან მედიაგაერთიანება „სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის“ წევრებიც შეიკრიბნენ. მედიაგაერთიანების იურისტი ზვიად გელაშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას იუმორით უყურებს და მიიჩნევს, რომ ეტყობა, მოსამართლე იმდენად „სინდისიერი“ იყო, რომ მოერიდა, თავად გამოეცხადებინა განაჩენი და უსამართლობის ეს მძიმე ტვირთი თავის თანაშემწეს დააკისრა.