რა გზით შეეცდება საქართველოს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას

რა გზით შეეცდება საქართველოს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას

 

ექსპერტები ეჭვობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას ყველანაირი გზით შეეცდება. სწორედ ამ კონტექსტში გაისმა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას განცხადება, რომ ოფიციალური თბილისი აფხაზეთში დესტაბილიზაციის შექმნით ოქტომბრის არჩევნების ჩაშლას შეეცდება.
ლაკობას განმარტებით, თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში ხალხმრავალმა აქციებმა და ძალაუფლების დაკარგვის პერსპექტივამ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებით შეაშინა. ამიტომ, ლაკობას აზრით, გამორიცხული არ არის, სააკაშვილი და მისი გარემოცვა სიტუაციის დაძაბვას შეეცადონ და აფხაზი თუ რუსი ჯარისკაცების პროვოცირება მოახდინონ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხით კი საქართველოს მთავრობა ყურადღების გადატანას მოახერხებს, რაც მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ოპოზიციონრების მიმართ რეპრესიებისა და, საბოლოოდ, არჩევნების ჩაშლის საშუალებას მისცემს.

„ეს ყველაფერი მიმართული იქნება არა უშუალოდ აფხაზეთის, არამედ - პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“, – აცხადებს ლაკობა.

რამდენად შედის საქართველოს ხელისუფლების ინტერესებში მაინცდამაინც აფხაზეთში დესტაბილიზაციის მოწყობა, ძნელი სათქმელია, თუმცა For. ge-სთან საუბარში პოლიტიკური ექსპერტები ოქტომბრის არჩევნების ჩასაშლელად სხვა ვერსიებს არ გამორიცხავენ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აფხაზეთში არა, მაგრამ შიდა ქართლში სიტუაციის შესაძლო დაძაბვაზე ამახვილებს ყურადღებას.

მისი თქმით, შესაძლოა, მოპირდაპირე მხარის პროვიცირება ყველაზე უფრო მომგებიანი იყოს ქართული მხარისთვის, მაგრამ გამორიცხული არაა, მოგვიანებით უკონტროლო სიტუაცია შეიქმნას და საქართველოს ხელისუფლებამ სიტუაცია საერთოდ ვერ გააკონტროლოს. ამის დასტურად კი ექსპერტს 2008 წელი მოჰყავს.

„ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღების გადატანა მოინდომოს სხვა თემაზე და, მეორე მხრივ, პატარა პროვოკაცია მოაწყოს ამ მიზნით. ერთ მშვენიერ დღეს საქართველოს ხელისუფლების ამოცანა შეიძლება უცბად გახდეს არჩევნების ჩაშლა ან გადაწევა. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო მომგებიანია შიდა ქართლში აქტივობა. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის გეგმებში ისედაც შედის გარკვეული სამხედრო ქმედებები სამხრეთ კავკასიაში ირანის კრიზისის გართულების კონტექსტში. ამიტომ შეიძლება, სულაც არ იყოს საჭირო საქართველოს ხელისუფლების აქტივობა“.

დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციები საქართველოს ტერიტორიაზე დაძაბულობის პროვოცირების კუთხით, ამის შესახებ მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით რაღაცაზე ფიქრობს და დაძაბულობა გამოსარიცხი არაა.

„სააკაშვილის ნათქვამი რიგაში იმის თაობაზე, რომ ოქტომბერში რუსეთიდან საქართველოზე შეტევას ელოდება, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით ფიქრობს. თუმცა საინტერესოა, როგორ ახსნას უძებნის ხელისუფლება მაინცდამაინც ოქტომბერში რუსეთიდან დაგეგმილ პროვოკაციას. კერძოდ, სამთავრობო ჯგუფის წარმომადგენლები ლაპარაკობენ, რომ ოქტომბერში შეტევა მოსალოდნელია იმიტომ, რომ ზუსტად სექტებერში იწყება  მანევრები და ერთ თვეს გრძელდება, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ოქტომბერში საქართველოში შემოჭრა“.

თუმცა მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ პირადად მან სულ სხვაგვარად გაიგო პრეზიდენტის ნათქვამი. კერძოდ, რომ საქართველოში ოქტომბერში ჩატარდება არჩევნები, რომელიც გაყალბდება, ხალხი ქუჩაში გამოვა, დაიწყება რეპრესიები და  ვითომ ამ ხალხის დასახმარებლად საქართველოში შემოვა რუსის ჯარი.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, როგორც რუსეთის ინტერესებსა და გეგმებში შედის სერიოზული მიზეზის შექმნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში (არა მხოლოდ საქართველოში) ლაშქრობა წამოიწყონ, ისე საქართველოს ხელისულების ინტერესებში შედის, რომ, გარკვეულწილად, პატარა პროვოკაცია მოაწყონ, რომელიც  კონტროლირებადი იქნება იმისთვის, რომ არჩევნები ან ჩაშალონ, ან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ.

გაყვება თუ არა ქართული ჯარი ნდობის მანდატდაკარგულ საქართველოს ხელისუფლებას საომარი პროვოკაციის შემთხვევაში, ამის თქმა მამუკა არეშიძეს უჭირს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ტიპის პროვოკაციები ყოველთვის საფრთხილოა, რათა სიტუაცია უკონტროლო არ გახდეს.

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ადასტურებს, რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი ოცნება არშემდგარი არჩევნებია. თუმცა, ეს მარტივად მისაღწევი მიზანი არ არის.

„ცალკე პუტინს ვაბრალებთ, რომ ზუსტად ჩვენი არჩევნების წინ წვრთვნებს იწყებს კავკასიონის ჩრდილოეთ მხარეს, რითაც ისარგებლებს ჩვენი ხელისუფლება, რომ დაძაბოს სიტუაცია და გადადოს არჩევნები. ახლა ბატონი ლაკობაც დამფრთახალა და ამავე თემაზე საუბრობს. ჩვენს ხელისუფლებას ვერავინ ვერ დაუდგება გარანტად. მათი ავადმყოფური ფანტაზია იმდენად მძვინვარებს, არჩევნების დაწყებამდე სამი-ოთხი დღით ადრე რა მოუვათ თავში, ანალიზს არ ექვემდებარება და მხოლოდ გულთმისნის დონეზეა“.

შეძლებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ხალხის მობილიზებას, ამის შესახებ სოსო ცისკარიშვილი გვპასუხობს: „ვის უნდა გაყვეს ხალხი, გასაყოლი არაფერია. თუ სროლის ატეხვა მოინდომეს, არავინ არსად არ წაყვება, ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს სახელმწიფო ძალები და, ცხადია, ისინი მობილიზებულნი იქნებიან. გაყოლა-გამოყოლასა და რეალურ ომზე საუბარი არც არის, საუბარია მხოლოდ მიზეზზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღების მიზნით. ასეთ პირობებში კი არჩევნები უკვე აღარ იმართება“.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ცნობიერებასა და საკუთარ პოლიტიკურ კარიერას აირჩევს სამიზნედ და არა მაინცდამაინც აფხაზეთს ან შიდა ქართლს.

 ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეხედულებით, სტანისლავ ლაკობასეული მოდელი საქართველოს სამზარეულოებში ნაჩურჩულებ ვერსიას უფრო წააგავს და, შესაძლოა, ლაკობას განცხადება პრევენციის მიზნით გაკეთდა.

ამასთან, ექსპერტი საყურადღებოდ მიიჩნევს ერთ გარემოებას, რომ ამგვარი განცხადებები გარკვეულ საყრდენს პოულობს არა მარტო ჩვენი ოპოზიციის, არამედ ჩვენი ხელისუფლების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებშიც.

„გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტი ოქტომბრისთვის რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შესახებ აკეთებდა პროგნოზს. ასეთ საომარ მოქმედებებს საბაბი სჭირდება და, შესაძლოა, აფხაზეთმა საკუთარი თავი ჩათვალოს ასეთ საბაბად. ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის ეს პოზიცია უფრო წააგავს რუსულ-ქართულ პოლიტიკურ წრეებში მოარულ იმ ტიპის მოდელს, როგორიც ჩვენ ტელევიზიითაც გვაქვს ნანახი, „ქრონიკის“ სახით, და ჯერჯერობით, აქ რაიმე სერიოზულ პროგნოზზე საუბარი არ შეიძლება. ანუ, ლაკობა არც სამხედრო გადაადგილების მოძრაობაზე მოუთითებს, არც სხვა მოტივზე, გარდა ვერსიისა, ვერსიები კი უამრავი შეიძლება იყოს“.

რამდენად უნდა აწყობდეს ჩვენს ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა ოქტომბრის არჩევნების ჩაშლის მიზნით, ამის შესახებ რამაზ საყვარელიძეს ასეთი მოსაზრება აქვს, რომ ხელისუფლებისთვის საომარი მოქმედების დაწყება სახიფათოა. მეტიც, ექსპერტის აზრით, ხელისუფლება საღი აზრის დონეზე თუ იმსჯელებს, თავადვე  დარწმუნდება, რომ საკმაოდ სუსტი მხარდაჭერა აქვს, რაც ბოლოდროინდელმა მიტინგებმაც დაადასტურა.

„ამდენად, ჩვენს ხელისუფლებას ასეთი იდეა რომც გაუჩნდეს, ეს მათთვის სახიფათოა. ომის მოშველიებით ძალიან ბევრი ხელისუფალი ცდილობდა შიდა პრობლემების მოგვარებას, მაგრამ, თუ მმართველ გუნდს ქვეყნის შიგნით დაბალი ავტორიტეტი აქვს, მაშინ მათ გარშემო ხალხის მობილიზება კი არ მოხდება (რაც წესისამებრ, ომის დროს ყოველთვის ხდება), არამედ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და შიდა პროცესებში საპროტესტო მუხტი გაძლიერდეს“, - განმარტა რამაზ საყვარელიძემ.