ხელისუფლება ივანიშვილის ქუჩაში გაყვანას ცდილობს

ხელისუფლება ივანიშვილის ქუჩაში გაყვანას ცდილობს

ბიძინა ივანიშვილის გარშემო სამართლებრივი წრე ვიწროვდება. კონტროლის პალატამ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ამჯერად უკვე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიები სცნო სამართალდამრღვევად. ამასთან დაკავშირებით მოგელაძის სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476 614, 51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები: „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „თავისუფალი დემოკრატები”, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ სარგებლობენ. „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვინაიდან „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად, უკანონო შემოწირულობის მიღებისთვის მისი მიმღები ამ თანხის ხუთმაგი ოდენობით ჯარიმდება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ 2 383 000 ლარით დაჯარიმდება. გადაიხდის თუ არა კოალიცია ამ თანხას, ალბათ ადვილი მისახვედრია, რადგან შეგახსენებთ, რომ მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მასზე დაკისრებულ 74 მილიონიან ჯარიმას პრინციპულად არ იხდის. სავარაუდოდ არც თავად კოალიცია გადაიხდის ამ ჯარიმას. „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ურთიერთობა ერთგვარ პინგ-პონკის თამაშს დაემსგავსა. ხელისუფლებამ ჩააწოდა, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ საუკეთესო პასით უპასუხა და ახლა ჯერი ისევ სააკაშვილის გუნდზეა. ნერვების თამაში გრძელდება და ჯერჯერობით, მასში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით იმარჯვებს მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ფინანსურად ძალიან ძვირი უჯდება.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, იურისტი არჩილ კბილაშვილი for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ კოალიციამ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების ამ პროვოკაციაზე წამოგებას არ აპირებს. კბილაშვილი ასევე იმ იურიდიულ პროცედურებზე გვესაუბრება, რაც „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების სამართალდამრღვევად ცნობას მოჰყვება.

არჩილ კბილაშვილი: „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს 476 ათასი ლარი თავის დროზე შპს „მენეჯმენტ სერვისს“ კონტროლის პალატამ უკანონო შემოწირულობად ჩაუთვალა, რის შემდეგად სასამართლომ ეს თანხა ხუთზე გაუმრავლა და დღეის მდგომარეობით „მენეჯმენტ სერვისს“ 2.5 მილიონიანი ჯარიმა უკვე დაკისრებული აქვს, რომელიც არ გადაუხდია. თუ კონტროლის პალატამ ჩათვალა, რომ კომპანიამ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ ამ ოდენობის უკანონო შემოწირულობა გაიღო, ახლა კონტროლის პალატა, ასევ ვთქვათ, ტოლობის მეორე მხარეს გადავიდა, ოქმი შეადგინა,  და გაუგზავნა სასამართლოს. სასამართლო 48 საათში ამ თანხას ხუთზე გაამრავლებს და კოალიციას დააკისრებს. შემდეგ ეს გადაწყვეტილება 48 საათში გასაჩივრდება, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მას ძალაში დატოვებს. ეს ყველაფერი ექვს დღეში მოხდება. ეს ისე არის გარანტირებული, როგორც ხვალ ახალი დღე გათენდება.

მეორეც, პროცედურა იგივეა, რაც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში იყო, ანუ აღმასრულებელი კოალიციაში შემავალ სუბიექტებს ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად ერთკვირიან ვადას მისცემს, მაგრამ პარტიები ამას არ გააკეთებენ. ამის შემდეგ აღმასრულებელს უფლება აქვს, პარტიების ანგარიშები დააყადაღოს და თუ მათ რაიმე ქონება აქვთ, უძრავი ან მოძრავი, შეაფასოს და აუქციონზე გაიტანოს, ხოლო თუ აუქციონზე არ გაიყიდება, სახელმწიფო საკუთრებაში მიექცეს. ასევე თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, აღმასრულებელს იმის უფლებაც აქვს, რომ თუკი ამ პარტიებს უძრავი ქონება აქვთ, ამ ქონებიდან გამოასახლოს.

გასაგებია, რასაც ემსახურება ეს ყველაფერი, რომ წარმოჩინდეს ხელისუფლების შეუვალობა და ამ გზით რაღაცნაირად კოალიციის ქმედებების ჩახშობა მოხდეს.

თქვენ თქვით, რომ პარტიები ამ თანხას არ გადაიხდიან. როგორც ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, ესეც კოალიციაში შემავალი პარტიების პრინციპული პოზიციაა?

- ამ შემთხვევაში მე ჩემი აზრი გამოთქვი და კონტროლის პალატის განცხადებაშიც მითითებულია, რომ სანამ სასამართლოს მიმართავდა, კონტროლის პალატამ მოუწოდა პარტიებს ეს თანხა ნებაყოფლობით გადაეხადათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთესო. თუკი პარტიებმა 476 000 ლარი არ გადაიხადეს, დიდი ალბათობით ისინი ხუთჯერ ამაზე მეტს უფრო არ გადაიხდიან. მე ამ ლოგიკიდან გამომდინარე ვაკეთებ ამგავრ დასკვნას, თორემ ამ თემაზე ჯერ კოალიციასთან არ მისაუბრია და მათი პოზიცია არ ვიცი.

თქვენ საუბრობთ იმ ქმედებებზე, რასაც აღსრულებამ შეიძლება კოალიციის წინააღმდეგ მიმართოს, მაგრამ თავად ეს ქმედებები ხომ არ გახდება იმის საფუძველი, რომქართულ ოცნებასსაპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვას?

- საერთოდ, ამ ტიპის დარღვევა არ ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის უფლების გაუქმებას, ან უკვე რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციიდან მოხსნას, ასევე არ ითვალისწინებს პარტიის ლიკვიდაციას. პირდაპირ არა, მაგრამ შეიძლება სხვაგვარი გზით მოხდეს პარტიების საქმიანობის შეზღუდვა.

თავად პარტიების ანგარიშების დაყადაღება ხომ იმას ნიშნავს, რომ ეს პარტიები პოლიტიკურ აქტივობას ვეღარ გააგრძელებენ?

 - დიახ, სწორედ ამაზეა საუბარი, ანუ შეიძლება ითქვას, რომ დახვრეტის უფლება არ აქვთ, მაგრამ შეუძლიათ ჟანგბადი გადაუკეტონ. რა თქმა უნდა, ამას პარტიების საქმიანობის პარალიზება მოჰყვება, მაგრამ ამას როგორი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვება, ამასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება არ შემიძლია.

თავად კოალიციაში შემავალ პარტიებს რის დაპირისპირება შეუძლიათ კონტროლის პალატის ამ ქმედებებისთვის?

- ამასთან დაკავშირებით ჩემს აზრს გეტყვით. ამას უნდა დაუპირისპირდეს მხილება, როგორც თქვენთან, ანუ მედია-საშუალებებთან, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან პოლიტიკური რეპრესიების თემის გატანით. ჩემი აზრით, ეს არის ერთადერთი ეფექტური მექანიზმი, რომელიც აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა ივანიშვილის გარშემო რაღაც წრე ვიწროვდება. ყველა მხრიდან მიდის შეტევა კოალიციაზე და არის მცდელობა, რომ მისი საქმიანობის პარალიზება მოხდეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ხელისუფლება იქითკენ მიდის, რომ საბოლოო ჯამში ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს?

- პირველ რიგში დაგეთანხმებით, რომ წრე ვიწროვდება, რადგან ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის გადახდის ვადა იწურება. ახლა უკვე ორ კვირაში კოალიციაში შემავალი ჯარიმების გადახდის ვადაც ამოიწურება. ამიტომ, თითქოს რაღაც კვანძის გახსნისკენ მივდივართ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, როგორ და რა ვითარებაში მოხდება ამ კვანძის გახსნა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას, ძალიან გამიკვირდება, ასე რომ მოხდეს, რადგან ჯერ ერთი, სამართლებრივად ეს პროცედურები, ანუ ამ თანხების დაკისრება და არც მათი გადაუხდელობა სისხლის სამართლებრივად დასჯადი არ არის. მართალია, ჩვენს შემთხვევაში კანონი ხშირად გვერდზე არის ხოლმე გადადებული, მაგრამ ასე რომ მოხდეს, გამიკვირდება არა ის, რომ კანონი გვერდზე გადადონ, არამედ ეს აშკარად წამგებიანი იქნება იმ ხელისუფლისათვის, რომელიც ამ საფუძვლით სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებს.

აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობ, რომ ასე გააკეთებენ.

ამ დავიწროვებულ წრეში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაირკვევა, როგორ მოხდება აღსრულება და საერთოდ რა რეაქციები ექნება ხელისუფლებას, რადგან ამჟამად ბურთი მათ მოედანზეა. როდესაც ივანიშვილი და კოალიციაში შემავალი პარტიები აცხადებენ, რომ ჯარიმებს არ გადაიხდიან, პრაქტიკულად ამ მხარემ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ახლა უკვე ხელისუფლების ჯერია, რას მოიმოქმედებს და რა ფარგლებში. ამიტომ, ბურთი მათ მხარეს არის. ვნახოთ, რამდენად ეყოფათ გონებრივი განსჯა და რამდენად კანონშესაბამისი და ადექვატურები იქნებიან.

აქამდე სამართლებრივ ასპექტებზე ვსაუბრობით, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით რომ ვიმსჯელოთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ ხელისუფლება ასე ვთქვათ ვა-ბანკზე მიდის იმისთვის, რომ კოალიცია აიძულოს, ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს და არაპროგნოზირებადი პროცესები გამოიწვიოს?

- ნამდვილად ასე ვფიქრობ და ამაში დასამალიც არაფერია. ხელისუფლება ცდილობს იმის პროვოცირება მოახდინოს, რომ ივანიშვილი, მისი გუნდი და მათი მომხრეები ქუჩაში გავიდნენ. ეს ის მოედანია, რომელზეც ხელისუფლება უახლოესი წარსულის განმავლობაში წარმატებით თამაშობდა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომაც მუდმივად ვაფიქსირებთ, რომ ქუჩაში გასვლას არ ვაპირებთ და ეს ძალიან წარმატებული რეაქციაა. თვითონ ის ფაქტი, რომ ხელისუფლება წნეხს აძლიერებს, იმაზე მიუთითებს, რომ ის ტაქტიკა, რომელიც ჩვენს მიერ არის არჩეული (მშვიდი, თანმიმდევრული და არა ექსცენტრიული) ძალიან წარმატებულია.

ამიტომაც ვთვლი, რომ ეს მშვიდი ტაქტიკა უნდა გავაგრძელოთ, მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, თავისი ექსტრავაგანტურობა და ეგზოტიურობა ბოლომდე აჩვენოს, ასევე სამართლებრივი სივრციდან გასვლის საშუალება მივცეთ. ამ ყველაფერს ხედავს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ასე უნდა გაგრძელდეს. ეს არის ჩემი, როგორც დამწყები პოლიტიკოსის შეფასება.