საქართველოსთან დიალოგისთვის აფხაზებს პრაგმატული თანამოსაუბრეები - ივანიშვილი და ალასანია სჭირდებათ

საქართველოსთან დიალოგისთვის აფხაზებს პრაგმატული თანამოსაუბრეები - ივანიშვილი და ალასანია სჭირდებათ

 

„საქართველოსთან დიალოგისთვის ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები გვჭირდება, როგორებიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია არიან,“ - ასეთია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ ჩირიკბას პოზიცია, რომელიც მან იტალიურ ჟურნალ Limes-სთან ინტერვიუში გაახმოვანა. ჩირიკბას შეხედულება უკვე რუსულ მედიაშიც გავრცელდა.    

ჩირიკბა არ მალავს, რომ აფხაზები ღია დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა არა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში.
„დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის გარდა, სხვა პრეზიდენტის შემთხვევაში, ყველანაირი შესაძლებლობა იქნებოდა, მიგვეღწია შეთანხმებისთვის.
ჩვენ გვჭირდება უფრო პრაგმატული თანამოსაუბრეები, როგორებიც არიან „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ან ოლიგარქი, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ ახლახან მოვიდა პოლიტიკაში და, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას 2012 დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებში. ივანიშვილი საქმიანი ადამიანია და შესაძლოა, საკმაოდ პრაგმატულიც, რომელიც გაიგებს, როგორი გამოსავალია მომგებიანი ყველასთვის“, - განმარტავს ჩირიკბა.

ამ განცხადებას „ქართულ ოცნების“ მხრიდან უმალვე მოჰყვა რეაქცია.

პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული გეგმა აქვს, თუ როგორ უნდა აწარმოონ კონფლიქტურ მხარეებთან პირდაპირი დიალოგი. მეტიც, აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებლად შედგება, თუმცა, ეს დიალოგი საბოლოო მიზნად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას გაითვალისწინებს.

რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, მაია ფანჯიკიძეც იზიარებს აზრს, რომ არსებულ რეჟიმს აფხაზეთთან და ოსეთთან ნდობის აღდგენისთვის ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, განსხვავებით, ახალი ხელისუფლებისგან, რომელსაც  კონფლიქტური სიტუაციის უკეთეს ეტაპზე გადასაყვანად ყველანაირი რესურსი ექნება.

„საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას, ეს არის ერთმნიშვნელოვანი და ჩვენი პოლიტიკური ძალის ამოსავალი წერტილი. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, რა მოლოდინი აქვს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, მაგრამ საუბარი, რომელიც აფხაზ და ოს ძმებთან აუცილებლად შედგება, საბოლოო მიზნად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სუვერენიტეტის შენარჩუნებას გაითვალისწინებს“, - ასეთია „ქართული ოცნების“ გზავნილი აფხაზეთში.

აქვე მაია ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ვერავინ ვერავის შეჰპირდება, რომ პრობლემები უმალვე გადაიჭრება, მაგრამ პირდაპირი დიალოგის გამართვის გეგმა არსებობს და „ქართული ოცნება“ საამისოდ ყველანაირი რესურსის გამოყენებას ოქტომბრიდან შეუდგება.
როგორ უნდა გაიგოს აფხაზების წინადადება ქართულმა მხარემ? რატომ გამოარჩიეს აფხაზებმა მაინცდამაინც ივანიშვილი და ალასანია? რა შეიცვალა აფხაზების მენტალობაში საქართველოსთან მიმართებით? ხომ არ ფიქრობს ჩირიკბა, ალასანიას დახმარებით, უშუალოდ ივანიშვილზე გასვლას?! ამ შეკითხვებთან დაკავშირებით For.ge პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა.  

ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ ფაქტია, აფხაზებთან დიალოგი, ყველა შემთხვევაში, აუცილებელია და ქართულმა საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილიც და ალასანიაც ჩირიკბასა და აფხაზეთის ნებისმიერ წარმომადგენელს მხოლოდ ერთიანი საქართველოს კონცენფციის ფარგლებში დაელაპარაკებიან.

„ახლა ვიღაც ცდილობს, ჩირიკბას განცხადება ნეგატიურად წარმოაჩინოს, მაგრამ ხელისუფლების შავი პიარის მიუხედავად, ჩირიკბას პოზიციას პოზიტიურად ვაფასებ. საინტერესო განცხადებაა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ლიდერი - ივანიშვილიც და ალასანიაც აფხაზებს  მხოლოდ ერთიანი საქართველოს იდეის გარშემო დაელაპარაკებიან. რა არის ამაში ცუდი?! აბა, როგორ წარმოგვიდგენია, საუბრის გარეშე შეიძლება, აფხაზეთის დაბრუნება?! ამ ხელისუფლებას აფხაზები არ ელაპარაკებიან. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან თუნდაც სხვა ტერმინით რომ ვთქვათ - საქართველოს გამთლიანება მხოლოდ ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან დიალოგის ფარგლებში მოხდება“.

გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ალასანიას მართლაც შეუძლიათ ქვეყნის გაერთიანება და აფხაზებთან მოლაპარაკებების გამართვის დრო არც თუ ისე შორსაა.

წამოვლენ თუ არა აფხაზები საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაზე, ამასთან დაკავშირებით გია ხუხაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მისი აზრით, აფხაზებისთვის, როგორც ქართველების ძმებისთვის, ძლიერი, ერთიანი კეთილდღეობაზე აწყობილი ქართული სახელმწიფო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობები გაძლიერებული იქნება, საინტერესო უნდა იყოს. მათაც კარგად ესმით, რომ სტატუს-ქვო, რომელშიც დღეს უწევთ ცხოვრება, მუდმივი რისკის შეცველია.

ამდენად, ექსპერტის აზრით, თუ აფხაზებს ქართული მხარისგან ცივილიზებული მიდგომა ექნებათ, ისინი გააცნობიერებენ, რომ რუსეთიდან უფრო მეტი საფრთხე ელით, ვიდრე - საქართველოდან.

„დღეს ისინი იმიტომ კი არ არიან რუსეთზე ორიენტირებულნი, რომ რუსები უყვართ, არამედ იმიტომ, რომ მუდმივად აკეთებენ არჩევანს ცუდსა და უარესს შორის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მათ, რომ ცუდსა და უარესს შორის არჩევანი საქართველოს მხარესაა და არა რუსეთის მხარეს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აფხაზებს აძლევს უარეს არჩევანს, ჩვენ კი, შესაძლოა, მათ არა იდეალურ, მაგრამ უკეთეს არჩევანს მივცემთ, ვიდრე რუსებისგან იღებენ“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.        

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი პირადად იცნობს ვიაჩესლავ ჩირიკბას და, იქაური სიტუაციიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ ჩირიკბა ამ განცხადებას ირაკლი ალასანიასთან კარგი დამოკიდებულების გამო აკეთებს.

გოგი ხუციშვილის თქმით, ჯერ კიდევ წინა წლებში, როდესაც ალასანია პრეზიდენტის წარმომადგენელი გახლდათ რეგიონში და, ამავე დროს, იყო საქართველოს ელჩი გაეროში, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ჩირიკბასთან, რომელიც მაშინ პრეზიდენტ ბაღაფშის უახლოესი მრჩეველი გახლდათ. მართალია, ძნელია თქმა, ეს ურთიერთობა რამდენად იყო მეგობრული, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, კოლეგიალური იყო და ხშირი ურთიერთობით ხასიათდებოდა.

„სწორედ ამას ვუკავშირებ, რომ ჩირიკბასა და აფხაზეთის ხელმძღვანელობის იმ წრეებისთვის, რომლებიც მოლაპარაკებებზე მუშაობენ, ალასანია მისაღები პიროვნებაა, რადგან პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში, რევოლუციის შემდგომ, ძალიან ხშირი და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. თუმცა, მაშინ არ მოხერხდა მოლაპარაკება, რადგან ქართული მხარის მხრიდან პოლიტიკა შეიცვალა და ამ პოლიტიკაში ირაკლი ალასანია უკვე აღარ ჯდებოდა. ეს პოლიტიკა დიალოგზე აღარ იყო ორიენტირებული. მოგვიანებით სიტუაცია გაიყინა და ამ თაობის პირობებში, უკვე სხვა ჩანაფიქრი იყო, სადაც ალასანიას გეგმები არ ჯდებოდა. ამიტომაც მოუხდა მას წასვლა და ყველაფერი შეიცვალა. თუმცა ახლა, ვინაიდან ალასანია ბიძინა ივანიშვილის კოალიციაშია და არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას, აფხაზების მხრიდან ასეთი განცხადება კოალიციისადმი გარკვეული ნდობის გამოვლინებაა. მათ შორის, ეს არის ნდობის გამოცხადება ალასანიასადმი, რომელსაც ისინი კარგად იცნობენ,“ - გვითხრა გოგი ხუციშვილმა.

შეკითხვაზე, აფხაზებს ხომ არ სურთ, ალასანიას მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილამდე გავიდნენ, გოგი ხუციშვილი გვპასუხობს: მათ პრობლემა არ ექნებოდათ, პირდაპირ ივანიშვილამდე გასულიყვნენ, მაგრამ ხაზს უსვამენ, რომ იმ გზას, რომელიც ჰქონდა მთავრობას და, რომელსაც ალასანია ახორციელებდა, უფრო დაუჭერენ მხარს, ვიდრე იმ ხაზს, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც, პრაქტიკულად, გაყინულ ურთიერთობას ნიშნავს.

რაც შეეხება მაია ფანჯიკიძის განცხადებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, გოგი ხუციშვილი აცხადებს, რომ, რა თქმა უნდა, აფხაზები ამისთვის არ იბრძვიან და ეს ვარიანტი მათთვის მიუღებელია, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ვინაიდან მოლაპარაკებები მაინც მოსალოდნელია, ურჩევნიათ, საქმე დაიჭირონ ისეთ პიროვნებასთან, როგორიც ალასანიაა, ვიდრე - დღევანდელ ხელისუფლებასთან.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ჩირიკბას წინადადებას დადებითად აფასებს. მისი თქმით, აშკარაა, აფხაზებს უფრო ესმით ივანიშვილის პოზიციების, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებას.

„ივანიშვილისა და კოალიციის მხრიდან არაერთგზის ცალსახად ითქვა, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარება საჭიროა თავად აფხაზებთან და არა - რუსებთან. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსებთან ურთიერთობაზე და პირდაპირი კონტაქტებით გავიდეთ აფხაზებთან და ოსებთან. ჩირიკბას განცხადებაც არის მშვენიერი რეაქცია აფხაზური მხრიდან. ჩვენი ამომრჩეველი ახლა მაინც უნდა მიხვდეს, რამდენად დამღუპველ პოლიტიკას აწარმოებს სააკაშვილი, ძალით შეჰყავს რა საქართველო რუსეთში და, ამავდროულად, მუდმივად რუსეთან დიალოგზე აქვს გართულება. სინამდვილეში, მას რუსული პროექტის განხორციელება უნდა. აქედან აშკარად ჩანს, რომ აფხაზებს არ მოსწონთ რუსეთი და პირდაპირი კონტაქტები უნდათ ქართველებთან. ალასანიასა და ივანიშვილის პირობებში კი მათ იზიდავთ ის, რომ მუდმივად აღიარებულია, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი უნდა მოგვარდეს ქართველებსა და აფხაზებს შორის და არა ქართველებსა და რუსებს შორის“.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აფხაზებთან მოლაპარაკებები თავიდან  პოლიტიკით არ უნდა დაიწყოს, არამედ - ეკონომიკური, ჰუმანიტარული, სოციალური პროექტებით და პოლიტიკური საკითხები თავისთვად წამოვა.