„შესაძლოა ლაზიკის რომელიმე სამშენებლო ტრესტი აღმონდეს ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში“

„შესაძლოა ლაზიკის რომელიმე სამშენებლო ტრესტი აღმონდეს ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში“

 

„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის დევნას აგრძელებს, ეძებენ კომპანიებსა და ქონებას, სადაც ბიძინა ივანიშვილის სახელი ფიგურირებს. ამავდროულად, რამდენიმე დღეა, კოალიცია „ქართული ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტების, რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების დაპირისპირებაზე სხვადასხვა მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია. თუმცა კითხვებს, რაც ხელისუფლებისა თუ მედიის მსჯელობის საგანი გახდა, თავად კოალიციის ლიდერმა უპასუხა. ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ.

ბატონო სოსო, „რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს შორის შესაძლო დაპირისპირებაზე თავად ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა კომენტარი და როგორც მან აღნიშნა, პარტიები ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი. მათ შორის არის ჯანსაღი კონკურენცია და რაკი პარლამენტში დიდი ხნით აპირებენ შესვლას, ის მაქსიმალურად ცდილობ, მათ შორის კონკურენცია დარჩეს, რადგან პარლამენტი არ იყოს ერთპარტიული როგორც ახლაა. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს ამ თემის წამოტივტივება?

- ჩემთვის უცნობია რაიმე დეტალი „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის რაიმე დაპირისპირებისა. თუმცა ცხადია, ეს ორი პოლიტიკური ძალა ვერ შეთანხმდა ერთიან პლატფორმაზე ჯერ კიდევ ადგილობრივი არჩევნების მზადების პერიოდში და ერთ ალიანსში ყოფნისასაც კრიტიკულნი იყვნენ ერთმანეთის მიმართ. ამდენად, გასაკვირი ალბათ არც ის ვითარებაა, რაც დღეს არის შექმნილი.

ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს თავად ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, როდესაც ის კი არ ჩქმალავს ასეთ კონკურენციას, არამედ მას წარმოაჩენს საღ პოლიტიკურ პროცესად. დარწმუნებული ვარ, ორივე პარტიის პოლიტიკურ ლიდერებს შორის არიან მხოლოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება იმისთვის, რომ თეთრი და შავი განასხვავონ ერთმანეთისგან და არ გადადგან რაიმე ნაბიჯი, ზოგადად კოალიციის დისკრედიტაციის საფრთხის შემცველი.

ბოლო დროს ხშირად ისმის შეფასებები, რომ ძალიან კარგად და თანმიმდევრულად მუშაობს კოალიცია, რაც მათი წარმატების გარანტია იქნება, მთავარია, მათ არ დაუშვან რაიმე საბედისწერო შეცდომა. რა შეცდომაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, ხომ არ იგულისხმება შერსაძლო განხეთქილება კოალიციაში შემავალ სუბიექტებს შორის, ეს იქნებოდა საბედისწერო შეცდომა?

- რაიმე ტიპის ქმედება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს კოალიციის რღვევას, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი რამ ჰორიზონტზეც კი არ ჩანს, იქნებოდა სერიოზული დარტყმის ტოლფასი კოალიციის პერსპექტივისთვის. ეს შესაძლოა, მხოლოდ თეორიულ ვერსიად განიხილებოდეს, ამაში სიახლე არაფერია და ძალა რომ ერთობაშია, ეს პატარა ბავშვმაც კი კარგად იცის.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, „სახალხო კრებიდანლუკა კურტანიძესა და სოსო ჯაჭვლიანთან კოალიციის სახელით მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენის შეთანხმება თითქმის მიღწეულია. თქვენი შეფასებით, რამდენად ეფექტური ნაბიჯია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისაგან საკმაოდ დიდი იყო მოთხოვნა „სახალხო კრებისა“ და კოალიციის თანამშრომლობის შესახებ?

- როდესაც ორ ღირსეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა საკუთარი ავტორიტეტი და გამოცდილება შემატოს იმ სახელს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, მხოლოდ დადებით მოვლენად შეიძლება აღვიქვათ. ამავე დროს, პრინციპული იქნება წარმომადგენლობის საკითხი. არ მგონია, რომ „სახალხო კრება“ რამენაირად უნდა იყოს სუბიექტი სააჩევნო პროცესების, ხოლო ინდივიდუალურად, რამდენადაც ვიცი, ბატონი ლუკა კურტანიძე არის „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი და თუ ამ პარტიის სახელით იქნა ის შეყვანილი სიაში, მაშინ თავად ამ პარტიის მხარდაჭერაც უზრუნველყოფილი იქნება, ყოველგვარი გაერთიანების გარეშე კოალიციაში და იქნება რეალური შესაძლებლობა, მისი ხილვისა კვალიფიცირებულ სუბიექტად მომავალ არჩევნებში.

წამგებიანი ეს არც ერთი მხარისთვის არ უნდა იყოს და თუკი ვინმეს გული სწყდებოდა „სახალხო კრების“ ან ბურჯანაძის პარტიის გარიყვის გამო, ასეთი გულდაწყვეტის საფუძველიც აღარ იარსებებს. ხოლო თუ ვინმეს რაიმე პრეტენზიები ჰქონდა ამ გაერთიანებასთან და ამ პოლიტიკური სუბიექტის კოალიციის წევრად ხილვასთან, ისინიც შეიძლება მშვიდად იყვნენ, რადგან ასეთი რამ არ ხდება.

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დიპოლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის შეხვედრაც კი გაიმართა ამ ფაქტთან დაკავშირებით. თუ დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, რას ნიშნავს ხელისუფლების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება პოლიტიკური ოპონენტის მიმართ?

- სატელევიზიო თეფშების დაპატიმრება არის ყველაზე სახელოვანი ფურცელი ჩვენი სახელოვანი მთავარსარდლის სამხედრო ბიოგრაფიაში, ხოლო თავად ეს ფაქტი გვარწმუნებს, რომ აღარავინ გვყავს გარანტორი ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნებისა, რადგან ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პრეტენზია, ყოფილიყო ასეთი გარანტორი, მოქმედებს ყოველგვარი კანონის ფარგლებს მიღმა და თუ ის თუ თავს კვლავ აღიარებს რაიმე ტიპის გარანტორად სამართთლიანი არჩევნების, მაშინ შეგიძლიათ აღიაროთ, რომ მე იაპონიის იმპერატორი გახლავართ.

როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახსნა თავისი ქმედება ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ დანაშაულთან კი არ გვქონდა საქმე, არამედ თავი აარიდეს შესაძლო დანაშაულს, ანუ ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვას, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ ეს მოსყიდვა იყო. რამდენად ნორმალურია შესაძლო დანაშაულის პრევენციითვის ასეთი ღონისძიების ჩარატება?

- ნათვამია ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო, ეს ჩვენი ხელისიფლება კი ჯერ ისვრის და შემდეგ იწყებს დამიზნებას. რაც არ უნდა ილაპარაკონ საკუთარ უგვანო საქციელზე, ვერც გაამართლებენ და ვერც დაავიწყებენ ვინმეს არჩევნებამდე. შოკში იქნება ყველა ის უცხოელი პარტნიორი და პოლიტიკოსი, რომელიც ელოდებოდა, რომ დანაპირებს შეასრულებდა ხელისუფლება და გაავრცელებდა სატელევიზიო ტრანსლაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ტელეკომპანიებისა, რომლებიც იყვნენ ლიცენზირებულნი და რომლებიც არ იმართებიან მიხეილ სააკაშვილისა და მისი კაჭკაჭების მიერ.

სინამდვილეში მივიღეთ სრულიად საწინააღმდეგო ეფექტი და ეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელიც ამბობს, რომ ვერ ჩაერევიან კერძო ბიზნესში და ვერ აიძულებენ, რომ გაავრცელონ სატელევიზიო სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ავიწყდებათ, რომ  ამერიკელებს კანონში მარტო ის კი არ უწერიათ, რომ დამნაშავეს პატიმრობის წლები მიუმატო და მიუმატო, ისე, რომ სასიხოცხლო ფარგლებს გასცდეს განაჩენში მოყვანილი რიცხვი, არამედ ისიც უწერიათ, რომ ისეთ სიტუაციაში, როგორიც დღეს საქართველოშია, საკომუნიკაციო საშუალებები ვალდებულნი არიან, გაავრცელონ ყველა სატელევიზიო არხის მიერ შემოთავაზებული ინფორმაცია.

თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოდგილემ, ეკა ზღულაძემ სპეციალური განმარტება გააკეთა, რომ „გლობალ ტვ“-სთან დაკავშირებული მოვლენები მართალია, ისე აღიქვეს, როგორც ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მაგრამ სინამდვილეში მათ შესაძლო დანაშაული აღკვეთეს...

- მიჭირს ქალბატონის ნათქვამის კომენტირება, რადგან დღემდე გაოგნებული ვარ მისი მოლოცვით 2008 წლის აგვისტოს ერთ-ერთ დილას, როცა დილის გადაცემაში მან გვაუწყა, რომ ეს იყო პირველი მშვიდობიანი ღამე ომის დაწყების შემდეგ და ორიოდე საათში აღმოჩნდა, რომ ეს იყო ღამე, როდესაც სქართველოს მოქალაქეებისგან დაიცალა კოდორის ხეობა. ასეთი სიმართლით მოღაღადე ადამიანის მიმართ ნდობა ჰქონდეს მის უშუალო უფროსს. მოსახლეობის ნდობას ის ვეღარასდოდეს მოიპოვებს და ვერც ის განმარტებებია დამაჯერებელი, რომლითაც ის ახლაც ცდილობს, გამოვიდეს საზოგადოების წინაშე.

თუნდაც უკანასაკნელი საჯარო ტყუილი მის მიერ გაჟღერებული, იმის თაობაზე, რომ არავინ იქნას სამსახურიდან გათავისუფლებული პოლიტიკური ნიშნით, იმავე დღეს თავდაყირა დააყენა მისმა საყვარელმა, მშობლიურმა უწყებამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და დღემდე გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გაძევება.

ამის გარდა, ხელისუფლება კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი საქმითაც არის დაკავებული. ეძებს ბიძინა ივანიშვილის წილებს საქართველოში, რომ ის ჯარიმა, რომელიც მას დააკისრა და რომლის გადახდასაც ივანიშვილი არ აპირებს, აღსრულების ბიუროს ამოაღებინოს, თუმცა ივანიშვილმა მათ საქმე გაუმარტივა და საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართუ ბანკში“ წილი მაისის დასაწყისში მის შვილს, უტას გადაუფორმა, ხოლო საქართველოში მის სახელზე რეგისტრირებულია სახლები საჩხერეში ბაკურიანსა და ურეკში. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება წავა იმაზე, რომ ივანიშვილს სახლები დაუყადაღოს და გაუყიდოს?

- დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს ხელისუფლებას სხვისი ქონების მიმართ ლტოლვისა და გამოყენების, ამაში რაიმე სათაკილო მომენტს ვერ ხედავენ. ვიცით, სად ისვენებს ფავორიტი სააკაშვილისა, ვის სახლში და რა პირობებში წართმეულ სახლში.

ეგებ დავაკონკრეტოთ, ვის გულისხმობთ?

- ცოტა ინტრიგა დავუტოვოთ მკითხველს, ხოლო ჩემი კომენტარის გმირები ყველანი ერთ სისტემაში მუშაობენ, ამიტომ დიდი ალბათობით, შესაძლოა ლაზიკის რომელიმე სამშენებლო ტრესტი აღმონდეს ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში და დადგება დრო, როდესაც ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას ვერც ერთი ჩინოვნიკი, რომელზეც დღეს შეიძლება ვიღაცამ თქვას, აბა, რა ექნაო. (საუბარია, სს „მადნეულის“დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ლობჟანიძის კვარიათის სახლზე, რომელსაც შვეიცარიამ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. თავის დროზე მას აგარაკის გადაფორმებას სთხოვდნენ. გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ტვ-25“-ის ინფორმაციით ამ სახლში მესამე წელია, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მისი ოჯახი ისვენებს, ლობჟანიძის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და წითელი ცირკულარით იძებნება. for.ge)

ეს ყველაფერი სადამდე შეიძლება მივიდეს, იმიტომ, რომ ეს დევნა ყოველდღე ახალ-ახალი ინტერპრეტაციებით გრძელდება, როგორ ფიქრობთ, ფინალი რა იქნება?

- გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჯანმრთელობა ამ მზაკვრული ჩანაფიქრების ავტორისა იქნება შორს არსებული სტანდარტებიდან. არც თუ დიდხანს, დარწმუნებული ვარ, რომ ჯანმრთელობის საკითხი მოგვარებადია და დარწმუნებული ვარ, ეს მთელი ქართული სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

ყველაფერს აქვს თავისი წესი და რიგი, ამიტომ დატყვევებული თეფშები თავად ღაღადებენ იმ უსამართლობაზე, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ, ინფორმაციის წყურვილი გაათმაგდება მოსახლეობის მხრიდან, რაც საბოლოოდ დაკმაყოფილებული იქნება.