საერთაშორისო ორგანიზაციის თვალით დანახული წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები

საერთაშორისო ორგანიზაციის თვალით დანახული წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები

 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემო დამძიმებულია.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარისა და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს”, - ნათქვამია ანგარიშში.

აქვე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლების კონკრეტული შემთხვევებია აღწერილი. კერძოდ, 2012 წლის 8 მაისს სიღნაღის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნინო ჩუთლაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ნინო ჩუთლაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, მან სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის ნელი დალაქიშვილის ზეწოლის შედეგად დაწერა.

ნინო ჩუთლაშვილი მისი სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის აღდგენას უჭერს მხარს.

2012 წლის 14 მაისს თელავში, სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ჩატარებული შეხვედრის დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის რეგიონალური ოფისის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ამავე დროს „გლობალ TV“-ის კახეთის რეგიონის იმჟამინდელმა მენეჯერმა, ზაზა დევიძემ კომპანიის თანამშრომლის, თამარ იაკაშვილის მეუღლის ზაზა მამალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ფაქტი გაახმაურა, რომელიც 2012 წლის 2 მაისს მოხდა.

ზაზა დევიძის განცხადებით, ზაზა მამალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ თამარ იაკაშვილი დასაქმებულია „გლობალ TV“-ის ოფისში ოპერატორის პოზიციაზე.

ზაზა მამალაშვილი „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს საქმის დეტალების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგი კალანდარიშვილმა ზაზა მამალაშვილს პირდაპირ უთხრა, რომ სამსახურიდან მისი გაშვება დავალებული ჰქონდა, ხოლო მიზეზი მისი მეუღლის საქმიანობას უკავშირდებოდა.

2012 წლის 18 მაისს სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს პედიატრი, პედიატრიული განყოფილების გამგე - მალხაზ წერეთელი, რომელიც ამავე დროს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია ჭიათურაში.

2012 წლის 29 მაისს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხონის სერვის-ცენტრის შემოსავლების განყოფილების წყალმომარაგების აგენტმა, ლაშა შვანგირაძემ მიიღო ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დათარიღებულია 2012 წლის 01 ივნისით, რომელიც ადრესატმა 29 მაისს მიიღო.

2012 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს აგრარული ბაზრის დაცვის თანამშრომელი გიგლა მორგოშია მისმა ხელმძღვანელმა - ოლეგ ჩალიგავამ დაიბარა და განუცხადა, რომ უშიშროების თანამშრომლებისაგან მორგოშიას სამსახურიდან გაშვების დავალება მიიღო.

ხელმძღვანელმა გიგლა მორგოშიას სთხოვა, ნუ შეუქმნიდა პრობლემებს და თავად დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.

გიგლა მორგოშიას თქმით, იგი შიშობდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე შესაძლოა მას ფიზიკურად გასწორებოდნენ, ამიტომ მართლაც დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით.

2012 წლის 07 მარტს სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლდა. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.

როგორც პედაგოგები აცხადებენ, 2011 წლის 4 დეკემბერს სამტრედიის საჯარო სკოლის ოთხმა პედაგოგმა - ვენერა ივანიშვილმა, ნანა ივანიშვილმა, მარინა ნადირაძემ და ლელა ხურცილავამ ხელი მოაწერეს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნას. ამის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში სამტრედიის საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, მარინა გეგენიძეს პედაგოგების სამსახურიდან გაშვება დაავალეს, რაზეც მან უარი განაცხადა, რის შედეგადაც, 6 თებერვალს სკოლის დირექტორი მარინა გეგენიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. იმავე დღეს, 6 თებერვალს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნანა ჩომახიძე დაინიშნა. 2012 წლის 2 მარტს მან პედაგოგები გააფრთხილა, რომ მათთან შრომითი კონტრაქტი უნდა შემწყდარიყო. 2012 წლის 7 მარტს ზემოხენებულ პედაგოგებთან ერთად სამსახურიდან გათავისუფლდა კიდევ ერთი პედაგოგი - ლელა ხურცილავა.

ეს ანგარიშში მოყვანილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლების შემთხვევების არასრული ჩამონათვალია. გარდა ამისა, დოკუმენტში ოპოზიციის წარმომადგენლებზე, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწირების და ჟურნალისტებისთის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც აისახა. ვინაიდან ეს ფაქტები არაერთხელ გაშუქდა, ახლა მათ აღარ შევეხებით.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ანგარიშში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მათ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებიც არის მოყვანილი. ორი შემთხვევა თავად აღნიშნულ ორგანიზაციას უკავშირდება.

გარდა ამისა, ანგარიშში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებიც არის აღწერილი. მაგალითად, საარჩევნო სიების გადამოწმების „კარდაკარის“ მონიტორინგის დროს ქალაქ ოზურგეთის რამოდენიმე უბნის მოსახლეობამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათთან იმყოფებოდნენ გამგეობის თანამშრომლები და ეკითხებოდნენ, აპირებენ თუ არა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას. ამავდროულად, ისინი აგროვებდნენ ამომრჩევლების პირად მონაცემებს. ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, პირად საუბარში დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ თითოეულ საჯარო მოსამსახურეს დავალებული აქვს 5-5 მხარდამჭერის პირადი მონაცემის შეგროვება.

კიდევ ერთი შემთხვევა ახმეტას უკავშირდება. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ირმა პეტრიაშვილი, რომელიც სამი შვილის დედაა, ახმეტაში ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების განყოფილებამ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნების“ საქმიანობაში ჩაერთო.

ანგარიში ასევე მოიცავს მონაცემებს კონტროლის პალატის საქმიანობაზე, ასევე პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ საჯარო შეხვედრებსა და მოქალაქეთათვის პარტიების მიერ დაპირებების შესახებ.

ზემოთმოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე "სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის უფრო მეტად აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი, მათ შორის კონკრეტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის სახითაც. ანგარიშში მოყვანილი დარღვევებიდან გამომდინარე ორგანიზაცია უწყებათაშორის კომისიასაც მიმართავს რეკომენდაციით და ურჩევს რომ უფრო აქტიური გახდეს. “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აღნიშნულ ანგარიშს უწყებათაშორის კომისისას გადაუგზავნის და იმედს გამოთქვამს, რომ იგი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ანგარიში 4 მაისიდან 4 ივნისის პერიოდს მოიცავს, მაგრამ მონიტორინგი გრძელდება და ივნისის ანგარიშს ორგანიზაცია საზოგადოებას ივლისის შუა რუცხვებში წარუდგენს.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთშორისო საზოგადოების“ ანგარიშთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილიმა გააკეთა კომენტარი. მინაშვილი ანგარიშს არ ეთანხმება, რადგან მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

„არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიში თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ანგარიშს არ ვეთანხმები. საქართველომ ძალიან ბევრჯერ წარმატებით და დემოკრატიულად ჩაატარა არჩევნები, მათ შორის 2008 და 2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია სკეპტიკურად იყო განწყობილი, ეუთომ ძალიან ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ეს იყო არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა ნება გამოიხატა", - განაცხადა მინაშვილმა საანეტო „ივერონთან“ საუბარში.