მას შემდეგ, რაც შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველომ „გლობალტივის“ ანტენების დათვლა-დასაწყობებისა და დალუქვა-დაყადაღების საქმე „წარმატებით“ დაასრულა, სხვა საზრუნავი გაუჩნდა და იმ ადამიანების აღრიცხვა-დაკითხვები დაიწყო, ვინც მოასწრო და სახლებში ანტენები აკრძალვამდე დაამონტაჟა.
მოსახლეობის თქმით, პოლიციის პიკაპები ოზურგეთის ქუჩებში ხშირად გადადგილდება და იმ ოჯახების ნუსხას ადგენს, ვის ეზოშიც „გლობალტივის“ ანტენები დგას. მოსახლეობა შიშობს, რომ ხელისუფლება მათ ამის გამო გაუსწორდება, თუმცა, ამის მიუხედავად ანტენების დემონტაჟს ისინი არ აპირებენ.
ოზურგეთში მცხოვრები ზაირა ჭედია პოლიციამ დილის საათებში წაიყვანა, მთელი დღის განმავლობაში კითხავდნენ და სახლში გვიან საღამოს ისევ პოლიციამ დააბრუნა სახლში. ჭედიას თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს აინტერესებდათ, თუ ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც მის ოჯახში ანტენების მონტაჟი განახორციელა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველმა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“ გაავრცელა.
ჭედია ამბობს, რომ პოლიციელებს მათი გარეგნობაც კი აინტერესებდათ. დაკითხვაზე ნამყოფი ქალბატონი სახლში დბრუნების შემდეგ ყვებოდა, რომ გამომძიებელი მას მხოლოდ ერთ შეკითხვას უსვამდა.
for.ge-სთან საუბარში მან განმარტა, რომ დანარჩენი დეტალები, დაბნეულობის გამო, უბრალოდ არ ახსოვს.
ზაირა ჭედიას მეუღლის თენგიზ ბერძენიშვილის თქმით, მისმა ოჯახმა ანტენების მონტაჟის თხოვნით „გლობალტივის“ წარმომადგენლებს სამი დღის წინ მიმართა, ანუ მას შემდეგ, რაც კომპანიამ მისი საცხოვრებელი ქუჩაზე დაიწყო ანტენების მონტაჟი. კომპანიასთან ხელშეკრულება მისმა მეუღლემ, ზაირა ჭედიამ თავის სახელზე გააფორმა. მიუხედავად ამისა, 7 საათიანი დაკითხვიდან დაბრუნებული ზაირა ჭედიას თქმით, დოკუმენტს ხელი ისე მოაწერა, რომ „მასში არც ჩაუხედავს“.
დაკითხული ქალბატონის განმარტებით, პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლა არ ყოფილა და დილიდან საღამომდე პოლიციაში ყოფნა იმის გამო მოუწია, რომ გამომძიებელი ადგილზე არ იმყოფებოდა. მისივე თქმით, პოლიციაში ანტენებთან დაკავშირებით, მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ 4 ადამიანი დაკითხეს.
ჭედიას დაკითხვა, ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა. ბერძენიშვილების ოჯახს სამართლებრივი დახმარების მიზნით უკვე სტუმრობდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ასოციაციის ოზურგეთის ფილიალის იურისტი, ჯაბა ზერეკიძე, ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებდა, თუმცა მისივე განმარტებით, ორგანიზაციისთვის სამართლებრივი დახმარების მიზნით არავის მიუმართავს, შესაბამისად, კონკრეტულ ინფორმაციას აღნიშნულზე არ ფლობს.
სამართალდამცავები დილიდან სტუმრობდნენ, ოზურგეთში ქუთაისის ქუჩასაც, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას „გლობალტივის“ ანტენები აქვს დამონტაჟებული. მათი თქმით, პოლიციელებს აინტერესებთ, ხომ არ მოხდა ანტენების მონტაჟი, არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის დაპირების სანაცვლოდ.
მოსახლეობის განცხადებით, კომპანია „გლობალტივის“ წარმომადგენლები ყველა მათგანს წინასწარ აცნობდა ხელშეკრულების პირობებს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ანტენების მონტაჟი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, გურიაში, ანტენებთან გამოცხადებული ბრძოლა გრძელდება. ანტენის მფლობელები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, დასაკითხად პოლიციამ ისინიც დაიბაროს.
„ამათგან, აფერი არ უნდა გაგიკვირდეს“, - ამბობენ გურულები.