პოზიციების ტრასფორმაცია

პოზიციების ტრასფორმაცია

 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ „როდესაც „მასთ ქერის“ პრინციპზე იყო საუბარი, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა ყოფილიყო და, თუ გახსოვთ, რაიმე საწინააღმდეგო განცხადება მაშინაც არ გამიკეთებია“.

რამ განაპირონა წიკლაურის ეს პოზიცია და რას ითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ინიციატივა მხოლოდ საარჩევნოდ „მასთ ქერის“ პრინციპის დამკვიდრება, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა. უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებს კი ამ თემაზე ჯერჯერობით საუბარი არ სურთ.  

ნუგზარ წიკლაური: პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ფუძემდებლური პრინციპი არის კანონის უზენაესობა. უკანასკნელ პერიოდში კი ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ვიხილეთ ამომრჩევლის მრავალჯერადად მოსყიდვის ფაქტები, რაზეც ყურადღებას ამახვილებდა კონტროლის პალატა და რაზეc გაიმართა სასამართლო განხილვები. ამის შემდეგ კი ამ ჯგუფის ლიდერის მხრიდან ქედმაღლური განცხადებები, რომ ის საერთოდ არ შეასრულებს მასზე კანონით დაკისრებულ მოვალეობებს. 

მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები ასუსტებდა ქართულ სახელმწიფოს და ქართული სახელმწიფოს გენერალურ ოდეას, რომ კანონი არის ყველასთვის ერთი, მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა და მიუხედავად მათი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე წარმომავლობისა. ამიტომ იქნა აღკვეთილი ამ ანტენების დარიგება.

მეორე მხრივ კი, თავად სახელმწიფოს მაღალი ინტერესი არის ის, რომ ჩვენს ამომრჩევლებს ჰქონდეთ გაცნობიერებული არჩევანის შესაძლებლობა საარჩევნო პროცესში და სწორედ ამიტომ, ყველა საკაბელო მაუწყებელს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუჩნდება ვალდებულება, რომ კანონით დაშვებული ყველა ტელევიზიის ტრანსლირება განახორციელოს.

ეს ეხება ყველა ტელევიზიას, მიუხედავად იმისა თუ რა სიხშირით მაუწყებლობს?  

- დიახ, ყველა იმ მოქმედი ტელევიზიის ტრანსლირება მოხდება, რაც კი საქართველოს სივრცეში მოქმედებს და ამ შემთხვევაში მთავარი არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ მოისმინოს განსხვავებული პოზიციები, განხვავებული პოლიტიკური პლატფორმები, მათი პროგრამები და საბოლოოდ ოქტომბერში გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება მის პოლიტიკურ გემოვნებას.

როდესაც კამპანია ეს შენ გეხება სთავაზობდა ხელისუფლებას ამის გაკეთებას, ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა და ასეთი კომენტარები კეთდებოდა ორი დღის წინაც. ახლა პოზიციის შეცვლა რამ განაპირობა

- ჯერ ერთი, აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში იქნება და კერძო ბიზნესში ჩარევა პირადად მეც არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. მაგრამ ახლა არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესები, რომ არავის არ დარჩეს იმის განცდა, რომ, თითქოს, მოქალაქეებს არ ჰქონდათ სხვადასხვა პოზიციის მოსმენის შესაძლებლობა და ვერ გააკეთეს ისეთი არჩევანი, რომელიც გასაკეთებელი იყო. ამიტომაც, ახლა ამის განცდა აღარ იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამის შემდეგ კი, რაც არჩევნები დასრულდება, ვთვლი, რომ კერძო ბიზნესის ასეთი დავალდებულება, არ იქნება მართებული და ეს არის ჩემი პოლიტიკური მრწამსი.

როდიდან ამოქმედდება ეს ნორმა?

- პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მუშავდება სათანადო კანონპროექტი და ინიცირებული იქნება ძალიან მალე. როგორც კი მოხდება მისი განხილვა და მიღება, მაშინვე შევა ძალაში და მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

სხვათა შორის, როდესაც „მასთ ქერის“ პრინციპზე იყო საუბარი, მე ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა ყოფილიყო და, თუ გახსოვთ, რაიმე საწინააღმდეგო განცხადება მაშინაც არ გამიკეთებია. ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ ეს შესაძლებლობა ყოფილიყო.

რატომ?

- იმიტომ, რომ ეს იწვვს შემდეგ ადამიანების გაუცხოვებას და იწვევს იმის განცდას, რომ რაღაც მოხდა ინფორმაციული ძალადობით და ა.შ. ამის შემდეგ კი აღარავის არ შეეძლება, რომ ეს თქვას და ეს არის ყველაზე მთავარი. რადგან ეს იწვევს იმის განცდას, რომ არჩევნების შედეგი არის ისეთი, როგორიც სურდა ხალხს და რაც მათ გამოხატეს.

როდესაც ეს არის, ეს ნიშნავს უფრო მყარ და მტკიცე სახელმწიფოს და ასეთი სახელმწიფო უფრო მტკიცეა გარე ზემოქმედებისგან, ვიდრე ისეთი სახელმწიფო, სადაც მოქალაქეებს აქვთ იმის განცდა, რომ მათი პოზიცია არ არის ჯეროვნად გათვალისწინებული.

მარტო არჩევნები ხომ არ არის? ასეთი სახელმწიფოს არსებობისთვის არჩევნების შემდგომ საზოგადოების ინფორმირებულობა არ არის მნიშვნელოვანი?

- რა თქმა უნდა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. მაგრამ კერძო კომპანიებისთვის ასეთი ვალდებულებების აკიდება, რომ შენ უნდა გადასაცე ის, რისი გადაცემაც არ გინდა, ეს არის ძალიან არასწორი. ეს არის მათი საქმე. მაგალითად, თავის დროზე ჩემი გამომცემლობისთვის რომ ვიღაცას ეთქვა, რომ შენ მაინცდამაინც ესა და ეს წიგნი უნდა გამოსცე, მე ამის წინააღმდეგი ვიქნებოდი. მე ჩემი საგამომცემლო ტაქტიკა მქონდა და ვიცოდი, საით უნდა წავსულიყავი. ვიღაცას რომ ეთქვა, მარქსის „კაპიტალი“ გამოეციო, მე ამის გაკეთება არ მომინდებოდა. 

მაგრამ ახლა არის ძალიან მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, რომ ეს არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდეს და არ დარჩეს არანაირი კითხვები. სინამდვილეში ეს არჩევნები განსაზღვრავს იმას, თუ შემდეგი 4-5 წლის განმავლობაში ქვეყანა რა მიმართულებით განვითარდება.

რადგან ასეთი დიდია ინტერესი, რადგან ამდენად არის ეს გადაჯაჭვული ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციასთან, ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან, თავად ჩვენი ქვეყნის მიმართ კიდევ უფრო მეტი ნდობის გამოცხადებასთან, არავის არა აქვს უფლება, რომ ეს გაცილებით დიდი სიკეთე არ დააყენოს უფრო წინ, ვიდრე სხვა სიკეთეები და მათ შორის ის, რომ ადამიანს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, როგორ წარმართოს თავისი ბიზნესი. 

ამ გადაწყვეტილების მიღებისას საერთაშორისო ზეწოლა იყო?

- რა ზეწოლა უნდა ყოფილიყო? როდესაც განხორციელდა ანტენების დარიგების აღკვეთა, შესაძლოა, გაჩნდა გარკვეული შესაძლობლებები იმისთვის, რომ პოლიტიკური ქვეტექსტები ეძებნათ და ასეთი განცხადებებიც იყო. ეს, რა თქმა უნდა, ამასთან არ არის დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ არის დიდი სახელმწიფო ინტერესი, რომ ყველანაირი პოლიტიკური აზრი ისმოდეს მთელ ქვეყანაში და შეუფერხებლად მიეწოდებოდეს ჩვენს მოსახლეობას.