„საარჩევნო კოდექსში” რამდენიმე ცვლილება შედის იმ არგუმენტით, რომ მოხდეს საარჩევნო პროცესის უფრო მეტი გამჭვირვალობა. თუმცა, ცვლილებებიდან რამდენიმე არათუ ვერ გახდის გამჭვირვალეს, არამედ გაყალბებისთვის დამატებით საშუალებასაც იძლევა.
ერთ-ერთი ასეთი საკითხია გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტინები.
საქმე ის არის, რომ საარჩევნო უბანზე მყოფ პარტიის წარმომადგენელს აქამდე შეეძლო, საარჩევნო უბანზე ბიულეტინების დათვლის პროცესს დაკვირვებოდა და სურვილის შემთხვევაში პირადად გადაეთვალა როგორც ბათილი, ასევე გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტინები. ახალი კანონის თანახმად კი, ახლა კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოავლენს დამკირვებლებიდან ერთ ან ორ ადამიანს, რომლებიც დააკვირდებიან დათვლის პროცესს და სურვილის შემთხვევაში უფლება ექნებათ, პირადად ერთხელ გადათვალონ ნამდვილი ან ბათილი ბიულეტინები.
ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას საია საკმაოდ შემაშფოთებლად მიიჩნევს.
„გამოუყენებელი და გაფუჭებული ბიულეტინები არსად არ ფიქსირდება და აქამდე მხოლოდ დამკირვებლებს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ეს ბიულეტინები დაეთვალათ და თავისთვის მაინც ჰქონოდათ ინფორმაცია. დღეს კი ამის საშუალებაც აღარ იქნება“, - ამბობს თათული თოდუა.
აღსანიშნავია, რომ კამპანია „ეს შენ გეხებას“ მოთხოვნა იყო, რომ გაფუჭებული და გამოუყენებლი ბიულეტინების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ინფორმაცია ამაზეც ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა.
თუ გავითვალისწინებთ ბოლო პერიოდში არსებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პედაგოგებს დახურულ შეხვედრებზე ვანო მერაბიშვილის თანდასწრებით მისცეს მითითება, რომ საარჩევნო კაბინაში არამარტო ხუთი ნომერი უნდა შემოხაზოს, არამედ შემოხაზვის პროცესი გადაიღოს და შემდეგ გარეთ მყოფ ნაციონალების აქტივისტს აჩვენოს ეს ვიდეო, „საარჩევნო კოდექსში“ ჩაწერილი ეს ახალი ნორმა დამატებით საშიშროებას იძენს.
საქმე ის არის, რომ ამ მითითებების გაცემის შემდეგ ამ დავალების არშესრულების მეთოდებიც გავრცელდა და ყველაზე მარტივია, რომ ადამიანმა გადაღების დასრულების შემდეგ შემოხაზული გადახაზონ და ყუთში ისე ჩააგდონ. ამით ეს ბიულეტინი გაუქმებულად ჩაითვლება და ნაციონალების ხმებს დააკლდება. ნაციონალებისთვის ხმის იძულებით მიცემის ამ პრევენციულ მექანიზმზე უკვე ბევრს საუბრობენ და, სხვათა შორის, ეს იდეა ისევ ნაციონალებისგან გაჟღერდა, როდესაც პედაგოგების მხრიდან მათთვის ბიულეტინის შემოხაზვის დავალების მიცემის შესახებ გახდა ცნობილი. მაშინ ნაციონალები ამბობდნენ, რა პრობლემაა, თუ არ უნდა ხმის მიცემა, რომ შემოხაზავს, მერე გადახაზოს და ეს ბიულეტინი გაუქმდებაო.
ცხადია, რომ მათ ამ მეთოდზე ნაფიქრი ჰქონდათ და ამის პრევენციული მეთოდებიც მოძებნეს. უბრალოდ, ახლა დამკვირვებლებს უფლება არ ექნებათ, საჭიროების შემთხვევაში გაუქმებული ბიულეტინები გადაითვალონ. ეს კი კომისიას საშუალებას მისცემს, რომ ეს ხმები ისევ ნაციონალებს მიათვალონ. მით უმეტეს, რომ კომისიაში ნაციონალები ისედაც უმრავლესობაში არიან და მათ ემატებათ „ქრისტიან-დემოკრატების“ ორ-ორი წევრი კომისიაში. ამიტომაც, ადვილი წარმოსადგენია, ამას კომისიები როგორ გამოყენებენ. მით უმეტეს, რომ დამკვირვებლებს მათი ამ მხრივ გაკონტროლების საშუალება არ ექნებათ.
ძნელი სათქმელია, ამ მეთოდით რამდენი ხმის მოგროვება იქნება შესაძლებელი, მაგრამ ფაქტია, რომ, გადამწყვეტი ერთი ხმაც შეიძლება გახდეს და, ამასთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეს არც თუ მცირე რიცხვი იქნება. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად პრინციპი, რომ კანონში იდება გაყალბებისთვის ხელისშემწყობი პრინციპები.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქამდე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, რომ გაფუჭებული და გამოუყენებლი ბიულეტინების ოფიციალური დათვლაც მომხდარიყო და ინფორმაცია ამაზეც ყოფილიყო საჯარო. მაგრამ ეს ინიციატივა არათუ არ იქნა გათვალისწინებული, არამედ უფრო გაუარესდა მდგომარეობა.