„კარგად იციან, რომ უკვე კადაფის ბედი ელოდებათ“

„კარგად იციან, რომ უკვე კადაფის ბედი ელოდებათ“

ხელისუფლების ქმედებები ყველანაირ ლოგიკურ ზღვარს სცილდება. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო იზრდება აბსოლუტურად ყველა სფეროს მაქსიმალური კონტროლი და ოპოზიციაზე ზეწოლის ბერკეტები.

განსაკუთრებით მძაფრი რეაქციით მიხეილ სააკშვილი გამოირჩევა და თავის სანაქებო სასამართლოს ისე ათამაშებს, როგორც ფეხბურთელი ბურთს, იმ განსხვავებით, რომ ფეხბურთის მოედანზე თამაშის წესები არსებობს, სააკაშვილი კი წესების გარეშე ცდილობს სასურველი შედეგი მოიპოვოს. სასურველი შედეგი კი მოწინააღმდეგის არჩევნებამდე განადგურებაა. ამ სიჩქარეში სააკაშვილის საამაყო პოლიცია ისე დაერია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიის ქონებას, მოსამართლეს განაჩენზე ხელის მოწერა დაავიწყდა (შემდეგ ასე ახსნეს, საჭირო აღარ არისო). ამის მიუხედავად „გლობალ TV-ს“ ანტენები მაინც დააპატიმრეს.

მსგავსი საქციელი ხელისუფლებისთვის უცხო არ არის, დემოკრატიაზე მხოლოდ ლაპარაკობს და თუ დასჭირდა შეუძლია, საკუთარი თანამებრძოლებიც კი გაწიროს თუკი აზრი და განწყობა შეეცვალათ ისე, როგორც ერთ დროს პრივილეგირებულ „რუსთავი 2-ის“ ყოფილ მფლობელსა და თანამებრძოლს,  ქიბარ ხალვაშს გადაუწვა საწყობები.

„ქართული აკადემიის“ წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ დღეს ხელისუფლების გააფთრება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, მას სურს, მოწინააღმდეგე მოთმინებიდან გამოიყვანოს, პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს და ოქტომბრის არჩევნებს  წინასწარ გამარჯვებული შეხვდეს.

ნუკრი ქანთარია: ისინი რწმუნდებიან, რომ ფაქტობრივად, მშვიდობიანი მეთოდებით აგებენ, ხალხი მათ აღარ უჯერებთ, თბილისი ისედაც არ უჯერებდა, მაგრამ რეგიონებშიც კი მათ მიმართ არის არა თუ უნდობლობა, არამედ აგრესია და ისინი გადმოვიდნენ ასეთ შემხვედრ ნაბიჯებზე. ფიქრობენ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თეფშების დამსახურება. სინამდვილეში ეს მათი დამსახურებაა, როგორც ისინი ირჯებოდნენ ამ წლების განმავლობაში.

ახლა ფაქტობრივად, თითიდან გამოწოვილი მიზეზი რაც არის და „გლობალ TV-ს“ რისთვისაც ერჩიან, სააკაშვილმა თვითონ გააკეთა იგივე, როდესაც „სოკარს“ დაავალა ფაქტობრივად, უსასყიდლოდ შეიყვანონ გაზი, რაღაც 30 ლარად, მაშინ, როდესაც მოსახლეობისთვის გაზის შეყვანა „სოკარს“ 700 ლარი უღირდა. ამით თვითონ არის სააკაშვილი ამომრჩეველთა მოსყიდვის მთავარი მონაწილე. მაშინ ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისა და „სოკარის“ წინააღმდეგაც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე - რამდენად კომერციული და სამართლიანია მათი დღევანდელი ქმედება.

გლობალ TVაცხადებს, რომ მან გაითვალისწინა კონტროლის პალატის შენიშვნა, თუმცა სასამართლომ და პროკურატურამ ეს არა თუ არ გაითვალისწინა, არამედ განჩინებას მოსამართლის ხელმოწერაც კი არ აქვს, ისე დაიწყო საქმის აღსრულება, როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი რაზე მეტყველებს?

- ფარატინა ქაღალდია, ხელმოწერა კი არა, ბეჭედიც არ არის, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ძალიან მალე დასრულდება. რაც უფრო ბევრ ასეთ ქმედებას ჩაიდენენ, ხალხის დამოკიდებულება იქნება უფრო და უფრო აქტიური.

საზოგადოებაში არსებობდა შიშის სინდრომი, მაგრამ სხვადასხვა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 27 მასისის აქციის შემდეგ შიშის ფაქტორი საგრძნობლად შემცირებულია, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების ასეთი ქმედებებით ამ შიშის უკან შემობრუნება სურს?

- როგორც ჩანს, მათ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ობიექტური ინფორმაციის ბრალია, რაკი ამ თეფშებს მიადგნენ, შემდეგ შეეცდებიან, ინფორმაციის სხვა გზები გადაკეტონ.

ერთი კვირა გურიაში გახლდით, მოსახლეობას ვხვდებოდით და იყო ადგილები, სადაც არც თეფში ჰქონდათ, არც იმისი საშუალება, რომ ობიექტური ინფორმაცია მიეღოთ, მაგრამ ყველაფერი იცოდნენ. ასე რომ, სიმართლე არ დაიმალება, სიმართლე უკვე გადავიდა და მოედო მთელ საქართველოს. ამის გაჩერება აბსოლუტურად შეუძლებელია.

ბუნებრივია, რომ ესენი ერთის მხრივ ცდილობენ ამის შეჩერებას, მაგრამ მეორე მხრივ, სურთ, რომ როგორმე წყობიდან გამოიყვანონ ბიძინა ივანიშვილიც, ხალხიც და კულმინაცია არა არჩევნებზე, არამედ არჩევნებამდე გადმოიტანონ ივლის-აგვისტოში - ესეც არ გამოუვათ.

ისე მიდის საქმე, რომ კულმინაციური პერიოდი სწორედ არჩევნების დროს იქნება, მაგრამ ამათ უნდათ, ეს მანამდე მოხდეს, რომ მერე უკვე შეძლონ თავიანთი ძალადობრივი მეთოდებით ამისი ჩახშობა და არჩევნებზე ისევ მიიღონ დადუმებული და „დაჩმორებული“ საზოგადოება, რასაც ვერ ეღირსებიან.

ანუ ოპოზიციის ქუჩაში გამოყვანა სურთ?

- ერთია, ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობიდან გამოყვანა და ყველანაირი ფინანსური რესურსის გადაკეტვა, ხოლო მეორე, საზოგადოებაში შექმნან ისეთი მდგომარეობა, რომ ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, მოკლედ, ყველანაირად ცდილობენ ხალხი გამოიწვიონ არამშვიდობიან მეთოდებზე.

ერთი მხრივ, საზოგადოებაზე, ხოლო მეორე მხრივ, ოპოზიციაზე ზეწოლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით იზრდება და როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი სადამდე შეიძლება მივიდეს?

- ეს ზეწოლები ალბათ, მათ აღსასრულამდე გასტანს. ოქტომბრამდე ისინი შეეცდებიან, რომ არ დანებდნენ სიტუაციას. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ამას ცდილობენ, მაგრამ ეს უკვე არის ხელების ტყუილი ქნევა. იციან, რომ გარდატეხას ვეღარ მოახდეენენ და ამიტომ ცდილობენ, არ დანებდნენ ვითარებას, მაგრამ ვითარება უკვე თავისით მიიწევს წინ და ეს არის აბსოლუტურად, რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა.

ხალხში განსხვავებული განწყობაა, მათ სურთ ამ განწყობის შემობრუნება, მაგრამ ეს უკვე ნამდვილად დაგვიანებულია.

ბოლო დროს კანონმდებლობაში შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც მსუბუქი დანაშაულისთვის ჯარიმისა და საპროცესო შეთანხმების ნაცვლად სასჯელის ფორმა პატიმრობა იქნება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების ან მათი მომხრეების მასობრივი დაპატიმრებები იგეგმება?

- ეს აბსოლუტურად ერთი ჯაჭვი და ერთი მთლიანობაა, ცდილობენ ეგებ როგორმე სიტუაცია შემოატრიალონ და ამაში შედის ყველა ძალადობრივი მეთოდი. ფაქტობრივად, თავდასხმა „ელიტა ბურჯზე“, „ციცინათელაზე“, სადაც დღეს ანტენებს ითვლიან, ხვალ კიდევ ხალხის დაჭერაზე გადავლენ და ამით უნდათ შემოაბრუნონ სიტუაცია, რომ ხალხს აგრძნობინონ, „ჩვენ ისევ ვართ“, და „ჩვენ ისევ შეგვიძლია“, მაგრამ აღარ შეუძლიათ. ეს ყველაფერი უკვე პირიქით მოქმედებს ხალხზე. ის განწყობა, რაც გურიაში ვნახე, და იმედი მაქვს სხვა რეგიონებშიც ასე იქნებნა,  ნიშნავს მათ დამთავრებას.

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობაასე ადვილად დანებებას არ აპირებს და რეგიონებში იმ ადამიანებს, ვინც სამხედრო წვრთნა გაიარა, უკვე ცივი იარაღი დაურიგეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მიწოდებას უახლოესი მომავლისთვის დაპირდნენ. ამის შესახებ ჩანაწერი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით გავრცელდა. ეს რას ნიშნავს, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავთ საზოგადოება?

- იმდენად დანაშულებრივად ჰქონდათ თავიანთი თანამდებობები დაკავებული, წლების განმავლობაში იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ბუნებრივია, ასე ადვილად ვერ დათმობენ და ამ ყველაფრიდანაც ჩანს, რომ სურთ, როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება, თუნდაც სამოქალაქო ომის ფასად.

ეს ყველაფერი უკვე უშედეგოა, რადგან ხალხის განწყობა არის რადიკალურად განსხვავებული და თუ აქამდე სახლში ლაპარაკობდნენ, ახლა უკვე ღიად შეუძლიათ გამოხატონ და ამ ძალას ვეღარც პატარა ბიჭ-ბუჭების ფორმირებები შეცვლიან, ვითომ სენაკში ალასანიას რომ დახვდნენ სააკშვილის მომხრეები და რაღაცეებს ეძახდნენ.

ეს დაქირავებული ხალხი უკვე ვეღარ შექმნის ამინდს, იმიტომ, რომ ამინდი უკვე დადგა. ძალიან ცოტაღა აკლია იმ მომენტს, რომ სინათლემ ბოლომდე გამოანათოს.

ხელისუფლებას ხელთ აქვს უამრავი ბერკეტი, რომლითაც შეძლებს  არჩევნების გაყალბებას, ასეთ შემთხვევაში რა მოხდება?

- არჩევნების გაყალბების იმედი რომ ჰქონდეთ და ფიქრობდნენ, არჩევნების გაყალბების გზით შეცვლიან სიტუაციას, იმედი რომ ჰქონდეთ, იმდენი გააყალბონ, რამდენიც მოესურვებათ, მაშინ ასეთ წვრილმან ხულიგნობებს აღარ მიმართავდნენ.

როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერია, ამას ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ და ეს ძალიან კარგად იციან.

მათ კვლევები ჩატარებული აქვთ, ძალიან კარგად იციან რა სიტუაციაც არის და ამისი შიში აქვთ, სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ ეგებ არჩევნებამდე რაღაც მოახდინონ, თორემ არჩევნებზე თუ მივიდა ხალხი, უკვე ვეღარ შეძლებენ ისეთი სურათი შექმნან, რომ მერე შედეგებს ქაღალდზე რამდენიმე ნული მიუწერონ. თუ ამას იზამენ, ისიც კარგად იციან, რომ უკვე კადაფის ბედი ელოდებათ.

სააკაშვილი არ არის უჭკუო პოლიტიკოსი და მშვენივრად იცის, რას რა მოჰყვება, ალბათ, შედარებით დემოკრატიული საქციელი მის პარტიას გაცილებით მეტ შანსებს მისცემდა, როგორ ფიქრობთ, რადიკალური გზა რატომ აირჩია?

- ძალიან მაღალი წარმოდგენა გქონიათ სააკაშვილსა და მის ჭკუაზე, რასაც აკეთებს, მგონია, რომ სწორედ მას შეეფერება, რომ გააკეთოს. ჭკვიანი და ზნეობრივი პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, სულ სხვაგვარად მოიქცეოდა და ამისი მაგალითები ისტორიაშიც არის და დღევანდელობაშიც, ამის მაგალითად ცოტა ხნის წინ ევროპაში ჩატარებული არჩევნებიც გამოდგება.

მგონია, რომ რასაც აკეთებს, სწორედ ეს უნდა გააკეთოს მისი ბუნების და მისი ფსიქიკის მქონე ადამიანმა.

რაც ხდება, მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის შემოქმედებაა თუ მისი გუნდისა დანაცმოძრაობის“?

- ყველაფერი მისგან არის მართული, „წაართვით თეფშები“, ეს მისი ისტერიული განცხადებებია, „ეს წაართვით“, „ამდენით დააჯარიმეთ“, „არა უფრო მეტით“, მერე ეტყობა, უთხრეს, 150 მილიონი ძალიან ბევრიაო და მერე - „გაუნახევრეთ“. ეს ყველაფერი რასაც შორიდან ვუყურებთ, მგონია, რომ მისი უკიდურესად გამწვავებული მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

დღეს კიდევ რაღაც მაისური გადაიცვა, რომელსაც ეწერა, „მე მიყვარს ხაშური“, ყველანაირ პოზაში დგება, ოღონდ როგორმე, ძალადობასთან ერთად, რაღაც ისევ უკან დააბრუნოს, მაგრამ როდესაც ერთხელ უკვე კალაპოტს იპოვის და გამოვა გარეთ, სიმართლე და ის გულისწყრომა, რომელიც ამდენი ხანი ხალხს ჰქონდა, ამის შებრუნება უკვე ძალიან ძნელია. ახლა სწორედ ამასათან გვაქვს საქმე..

სხვათა შორის, მაშინ როდესაც სააკაშვილის ძირითადი მოწინააღმდეგე და ოპონენტი შალვა ნათელაშვილი იყო, სააკშვილმა შესანიშნავად გამოიყენა პიარტექნოლოგიები და სწორედ ლეიბორისტებისავე ლოზუნგებით დაამარცხა ისინი, ეს ისტორია გამახსენდა როდესაც თქვა, ოცნებების ასრულება ჩემი პროფესიააო. ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის გეგმებიდანაც დაპირდა რაღაცას ხალხს, მაგალითად საყოველთაო დაზღვევას, როგორ აღიქვამთ ამ ყველაფერს?

- ეს გადარჩენის ძალზე უსუსური მცდელობებია, რომელსაც არავითარი შედეგი არ უჩანს, ერთადერთი გზა დარჩა, ძალადობა და რაც უფრო მეტი იქნება ძალადობა, უფრო მალე იქნება მისი აღსასრული.

ეს არ არის ბოლო, მისი მხრიდან, ალბათ, უფრო მწვავე ხულიგნობებსაც უნდა ველოდეთ. მეეჭვება ესენი მშვიდობიან რელსებზე გადავიდნენ და მშვიდობიანი საარჩევნო გარემო შექმნან.

კიდევ ვნახავთ რეგიონებში რამდენი ხალხი გამოვა და ამას უკვე წინ ვეღარ დაუდგება, ამისი იმედი მაქვს. თუ არ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი შეცდომების დაშვება თვითონ კოალიციის მხრიდან.

რა შეცდომებს გულისხმობთ?

- ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა, ვიტყვი მხოლოდ იმას, ყველაფერი კარგად იქნება, თუ არ მოხდა რაიმე სტრატეგიული შეცდომის დაშვება ამ საარჩევნო გზაზე. თუ ასეთივე თანმიმდევრობით გაგრძელდა ყველაფერი, როგორც დღეს არის, ბუნებრივია, წარმატებას წინ არაფერი დაუდგება. თუმცა, მგონია, რომ საბედისწერო შეცდომა არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.

ფიქრობთ, რომ შესაძლოა, რაიმე შემაფერხებელი გამოჩნდეს თუ კოალიცია თანმიმდევრულობას ბოლომდე შეინარჩუნებს და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს?

- პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა თანმიმდევრულად მატულობს, ეს არ ხდება უცბად, რომ გადმოვიდეს და მაშინვე ჩაქრეს და ეს არის ძალიან კარგი. ცხელდება ზომიერად და აქტიურად, ამიტომ იქნება მყარი და ძნელია, ამ სიმყარეს შემდეგ რამე დაუპირისპირო. მთავარია, რომ მივიდეთ არჩევნებამდე და იქამდე არ დავკარგოთ წონასწორობა, ვგულისხმობ საზოგადოებას. იმიტომ, რომ ესენი გააკეთებენ ყველაფერს რომ როგორმე პროვოკაციაზე წამოგვაგონ.